x
image
თუთიკო ბერძენა
კორონა ვირუსთან დაკავშირებული 9 კონსპიროლოგიური თეორია! რამ შეაშინა და დააბნია მოსახლეობა?!


image

21-ე საუკუნეში, როცა მეცნიერებას განსაკუთრებული მიღწევები აქვს სხვადასხვა მიმართულებით, ადამიანების ნდობა მეცნიერების მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით მწვერვალზე ვდგავართ: ილონ მასკის ავტომობილი Tesla Roadster კოსმოსში მოგზაურობს; NASA-მ შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნა პირველად კაცობრიობის ისტორიაში ; მეზობელი ვარსკვლავის ორბიტაზე აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელზეც მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა სიცოცხლის არსებობა . ანუ ადამიანი გასცდა დედამიწას და იპყრობს კოსმოსს.
დედამიწაზე კი ამის პარალელურად ნანოტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მიმდინარეობს, ბიოლოგიასა და მედიცინაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები კეთდება და ნდობას გვიმყარდება: ებოლას სამკურნალო წამალი შეიქმნა ; გენომების რედაქტირების მეთოდი (CRISPR/Cas9) ყველაზე ხმაურიანი თემა გახდა. ; შესაძლებელი გახდა უჯრედების რეპროგრამირება - კანის უჯრედების ღეროვანი უჯრედებად გარდაქმნა და ა.შ..



სწორედ იმ დროს, როცა მეცნიერებას თავისი მიღწევებით უდიდესი ნდობა აქვს მოპოვებული კაცობრიობის თვალში, მსოფლიოს საკუთარ თავს წარუდგენს სრულიად უცნობი სახის SARS-CoV-2 ვირუსი, რომლის ამოცნობა მსოფლიოს წამყვან ვირუსოლოგიურ ლაბორატორიებს, მიკრობიოლოგებს და მედიკოსებსაც კი უჭირთ.




სოციალურ მედიასა თუ სოც. ქსელებში, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების - „დარჩი სახლში“- გამო ადამიანთა ინტერაქციის საშუალებად იქცა, ვირუსთან დაკავშირებით ვრცელდება უამრავი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რამდენადაც მისი მსგავსი აქამდე არ შეხვედრია არც ვირუსოლოგებს და არც საერთოდ ადამიანთა პოპულაციას. ამავდროულად, ადამიანებისთვის ცნობილია, რომ მსოფლიო პოლიტიკის ისტორია ომებისა და შეთქმულებების ისტორიაა. ადამიანთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ თანამედროვე, უდიდესი მეცნიერული მიღწევების ფონზე, პანდემიის უკან დგას რაღაც გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე თვით პანდემიაა. ანუ ნდობა, რომელიც ადამიანებს მეცნიერული მიღწევების მიმართ პანდემიამდე ჩამოუყალიბდათ, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან პანდემიის დროს მეცნიერთა კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენა. ადამიანთა გარკვეულმა კატეგორიამ მიიჩნია, რომ მეცნიერება ნამდვილად მწვერვალზეა, მაგრამ ემსახურება გარკვეული ელიტური ჯგუფის მიზნების განხორციელებას. ანუ იასპერსის სასაზღვრო სიტუაციაში ადამიანების მხრიდან მეცნიერების მიმართ ერთდროულად ნდობა და უნდობალობა, ამბივალენტობა გამოვლინდა.



მეცნიერება და კონსპიროლოგია პანდემიის პროცესში.

მეცნიერთა დაბნეულობა და ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობები, რომელიც მედიით და ინტერნეტით გავრცელდა, გახდა უამრავი შინაარსის მასობრივი მითქმა-მოთქმის საფუძველი. პროფესიონალი ვირუსოლოგების ჩიხში შესვლამ, რაც თვალნათელი გახდა მსოფლიო მოსახლეობისთვის, ადამიანების ნდობა შეარყია. ფრუსტრირებულმა, შეშინებულმა ინდივიდებმა, რომლებსაც თვითგადარჩენის ინსტიქტი გაუმძლავრდათ, თვითონ დაიწყეს ფიქრი, ძიება და ჰიპოთეზების ჩამოყალიბება. მალე ყველა „ვირუსოლოგად“ გადაიქცა, საჯარო სივრცე გადაავსო სამედიცინო ტერმინებმა, დაიწყეს გაიდლაინების გავრცელება, შედეგების დადება, სტატისტიკის გადაზიარება. სხვადასხვა მიმართულებების მეცნიერები უცებ გადაიქცენ ვირუსოლოგებად და ეპიდემიოლოგებად. ეს ყველაფერი კონიუნქტურიზმია. როცა ადამიანი ამა თუ იმ მიმართულების, კონკრეტული მომენტისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მეცნიერებაში თვითონ ღრმად ვერ ერკვევა, ბუნებრივია, იწყებს ავტორიტეტულ მეცნიერთა მოსაზრებების გაცნობას.



მეცნიერთა შორის დაბნეულობამ და მოსაზრებების წინააღმდეგობრიობამ კი რიგით ადამიანებს ფანტაზია გაუძლიერა - ასე წარმოიქმნენ ე. წ. ინფლუენსერები, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებების გავრცელება დაიწყეს. კითხვისნიშნებგაჩენილ ადამიანთა გარვეული ნაწილი მისი შემეცნებისთვის ყველაზე ადვილად აღქმადი ვერსიის მიმღებად შეიძლება იქცეს. როგორც არონსონი „სოციალურ ცხოველში“აღნიშნავს აღნიშნავს, როცა რეალობა გაურკვეველია, სხვა ადამიანები ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენენ. იასპერსის სასაზღვრო სიტუაციაში აღმოჩენილმა ადამიანებმა დაიწყეს ინფლუენსერების მიერ გავრცელებული მოსაზრებების დაჯერება, რადგან მათთვის პასუხგაუცემელ კითხვებს ინფლუენსერებმა ამხსნელი პასუხები მიუყენეს. ადამიანს კმაყოფილების განცდას ჰგვრის, რომ კითხვებს, რომელიც მას აწუხებს, პასუხი მოეძებნა. თვითონ ინფლუენსერებმა საკუთარ ვერსიებზე, რა თქმა უნდა, ბევრი იფიქრეს, დაუკავშირეს ფაქტები და მოვლენები ერთმანეთს, ზოგს მდიდარი ფანტაზია და წარმოსახვაც აღმოაჩნდა, და მიიჩნიეს, რომ მათი ვერსიები ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოსაა.



ზოგადად, ყველა დიდი მეცნიერული აღმოჩენა თუ მიგნება წარმოსახვით, ფანტაზიით იწყება, ამიტომაც ადამიანებს ვერ ვუსაყვედურებთ იმის გამო, რომ პასუხგაუცემელ კითხვებზე იფიქრეს და საკუთარი ვერსიები შემოგვთავაზეს. ადამიანის ფანტაზია თუ უდიდესი მეცნიერული აღმოჩენის და მეცნიერული თეორიის საფუძველი გამხდარა, ხშირად არაკორექტული, რეალობას აცდენილი თეორიის წარმოქმნისთვისაც დაუდია საფუძველი. თუმცა დროის კონკრეტულ მონაკვეთისთვის ამ გაგებით „კონსპიროლოგიური“, გარკვეული დროის შემდეგ რეალურ თეორიად წარმოჩენილა. თავიდან მრავალი მეცნიერული თეორია იყო ამ გაგებით „კონსპიროლოგიური“. მრავალი თეორია დამდგარა თავდაპირველად ეჭვქვეშ, რომელიც შემდეგში მეცნიერულად დასაბუთებულა და ფაქტებით განმტკიცებულა. ზოგჯერ მკვლევარის ბევრი დრო მიაქვს იმაზე ფიქრს, რომ კონსპიროლოგის იარლიყი არ მიაკრან.



ფსიქოლოგიური საფუძვლები, რომელსაც ადამიანები არც თუ იშვიათად კონსპიროლოგიამდე მიჰყავს, შეიძლება იყოს აკვიატების ნევროზი (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა), სწრაფვები, ოცნებები, სასურველის რეალობად გასაღების მცდელობა, სწრაფვა განზოგადებისკენ, ცნობიერების პროექცია გამოწვეული მოთხოვნილებებით და რეალობის შესახებ ცოდნაში ადამიანის ქრონიკული და მუდმივი უმწიფრობა, რაც მუდამ იქნება მიზეზი იმისა, რომ ადამიანის ნებისმიერ მსჯელობაში იყოს კონსპიროლოგიის მცირე ან დიდი წილი. ჩემი აზრით, ნებისმიერი ავტორისთვის სუბიექტური კომპონენტი, განსაკუთრებით, ჰუმანიტარულ სფეროში, ძნელი გამოსარიცხია. ფილოსოფოსებს, როგორც სიღრმისეული აზრის მხატვრებს, ყოველთვის აქვთ მცირე წილი კონსპიროლოგიაში. ღრმა ლოგიკოსმა ყოველთვის იცის, რომ მისი ლოგიკა შეუზღუდავი არ არის და მას აქვს გარკვეული პირობითობა. რა თქმა უნდა, არსებობს მეცნიერული ცოდნა, რომელშიც კონსპიროლოგია მინიმალურია, მაგრამ ღრმა ფილოსოფოსი და ლოგიკოსი, ყოველთვის მიუთითებს დაშვებაზე, რომელზეც დგას რაეალური მეცნიერული ფაქტიც და უზუსტობებიც. მაგალითად, გადაიქცა რა რელატივისტურად, ნიუტონის კლასიკურმა მექანიკამ სახეცვლილება განიცადა. ნებისმიერი მეცნიერული მოდელი ადრე თუ გვიან ეჯახება წინააღმდეგობას და საწყისი მოდელი იწყებს რაღაც ისეთად გადაქცევას, რომელშიც უკვე აწმყოს გადასახედიდან ჩნდება, რომ მასში თურმე შეთქმულების კომპონენტი იყო, გამოწვეული მოდელის ავტორის გარკვეული შემოსაზღვრულობით და სუბიექტური სურვილებით. თუმცა არსებობენ, რა თქმა უნდა, კონსპიროლოგიის აშკარა და არაადეკვატური წარმომადგენლები, რაც დაკავშირებულია ავტორთა ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან, ეგოცენტრიზმთან, ნევროტიზმთან, შოზოიდურ აქცენტუაციასთან, ილუზიებთან, თუმცა მათი განსაზღვრა და დიფერენცირება არც ისე ძნელია. ამასთან, ნებისმიერ მეცნიერს შეიძლება ვუსაყვედუროთ შემოსაზღვრულობა, რომელიც გამოწვეულია გარკვეულწილობრივი სუბიქტივიზმით. ამიტომ ადეკვატურ და მინიმალურ კონსპიროლოგიად შეიძლება მივიჩნიოთ პოსტმოდერნული ფილოსოფია, რომელიც უარს აცხადებს არსისა და აზრის ძიებაზე, კვაზიარსებითისა და კვაზომოსაზრების სასარგებლოდ. ჩემი აზრით, არ ღირს სამყაროს კონსერვირება უცვლელ მოდელებსა და არსებში. ასეთი მიდგომისას ადგილი ექნება შედარებით მინიმალურ ფილოსოფიურ და მეცნიერულ კონსპიროლოგიას, რამდენადაც მეცნიერება ცოცხალი და ცვალებადია და არ არსებობს უცვლელობის მყარი საყრდენი. თუმცა ეს პირობა ნებას არ რთავს სხვადასხვა დონის კონსპიროლოგებს, ბოროტად გამოიყენონ იგი, ასეთი პოსტმოდერნისტული პირობები ყოველთვის სწრაფად გამოამჟღავნებს უზუსტობებს, მათ შორის, კონსპიროლოგიურს.

image

პანდემიის პანიკით გამოწვეული იასპერსის სასაზღვრო სიტუაციამ მრავალ კონსპიროლოგიურ თეორიას დაუდო საფუძველი, რადგან მეცნიერების სამყაროში არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი ურთიერთდაპირისპირებულობა და ურთიერთგამომრიცხველი მსჯელობები, როგორც ეს მოხდა SARS-CoV-2 ვირუსის გარშემო.


კონსპიროლოგიური თეორიები, რომლებიც პანდემიას უკავშორდება, ერთი შეხედვით სხვადასხვაა, მაგრამ საბლოო ჯამში, ყველა ერთმანეთთანაა გადაჭაჭვული. საქართველოში გავრცელდა შემდეგი :


1. „კოვიდის გამომწვევი ვირუსი არ არსებობს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპია“.

2. “ვირუსი შეიქმნა ხელოვნურად, სწრაფად მზარდი მოსახლეობის შემცირების მიზნით, “

3. “ვირუსის გავრცელება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებს ემსახურება”

4.”პანდემია მესამე მსოფლიო ომია”.

5. “პანდემიის სცენარი არის გლობალისტების იდეა, რომელიც გააძლიერებს გლობალურ კონტროლს პლანეტაზე.”

6. “პანდემია დაიგეგმა მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის შესანიღბად”.

7. “ბილ გეიტსმა კორონავირუსის შესახებ რამდენიმე წლით ადრე იცოდა.”

8. მოსაზრება, რომ კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის სტატისტიკას ხელოვნურად ზრდიან. გარდაცვალებისას სიკვდილის მიზეზად SARS-CoV-2 ვირუსსს უთითებენ.

9. “:ვირუსი ხელოვნურად გაჩნდა, რადგან ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის ჩიპიზაცია მოხდეს, რათა ანტიქრისტეს ბეჭდის დასმა მოხდება ვაქცინაციით. აპოკალიფსი ახლოვდება”.


image

სხვა ზემოგანხილული ვერსიებისგან განსხვავებით, ეს ის ვერსიაა, რომელიც არათუ არ ენდობა ან ენდობა, არამედ უპირისპირდება მეცნიერებას. ნიშანდობლივია, რომ აკრძალული ნაყოფის მირთმევით ადამმა და ევამ პირველად საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. საკუთარი სიშიშვლე დაინახეს ადამიანებმაც 21-ე საუკუნის დასაწყისში, როცა ამოუცნობმა ვირუსმა მეცნიერების ავტორიტეტი კიდევ უფრო შეელახა რელიგიურ ადამიანთა თვალში. მე-19 საუკუნეში ადამიანები იმედოვნებდნენ, რომ კარს უღებდა ღმერთების ეპოქას, მაგრამ ორი საუკუნე გავიდა ადამიანებმა დაინახეს, რომ შიშვლები არიან - ერთმა, შეუიარაღებელი თვალით უხილავმა ვირუსმა პირველცოდვის მთელი უგუნურების გააზრებასთან დააბრუნა ადამიანები. და რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ მეცნიერება უძლურია, ადამიანები ღმერთებად აქციოს. რა თქმა უნდა, ადამიანმა თვითონ დაძაბა ცხოვრება, ააჩქარა იგი, განავითარა უსწრაფესი კომუნიკაციის სისტემები, მანვე აქცია დედამიწა ტრანკვილიზატორებსა და ფსიქოტროპულ წამლებზე ჩამოკიდებულ და დერეალიზებულ ფობიურ აბერაციათა და ტრავმათა არენად, გააჩინა ანტიბიოტიკრეზისტენულ მიკრობთა შტამები, ტრილიონები დახარჯა შეიარაღებაზე (თუმცა ვირუსს ვერ გაუმკლავდა), ომი გამოუცხადა ბუნებას. იმის მაგივრად, რომ დინჯად და შინაარსიანად განვლოს ცხოვრება, ადამიანი დღეს შეშლილის სისწრაფით, ხელფასიდან ხელფასამდე შუალედებში, ფორსირებულ ტემპში გადის მას და ისე ჩადის საფლავში, რომ ვერ იგებს, რა იყო მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ფასეულობა. ვხედავთ, რომ მსოფლიო მიდის მორალური რელატივიზმისკენ, ღირებულებათა დევალვაციისკენ. სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავება თანდათან იშლება. პანთეისტური თვალსაზრისისისთვის ბოროტი და კეთილი, როგორც დაპირისპირებულნი, აღარ არსებობენ, განრისხებული ბუნება განურჩეველი ხდება მათდამი.


ალექსანდრე მენი („მსოფლიო სულიერი კულტურის სათავეები“) აღნიშნავს, რომ თავისთავად მეცნიერება კარგი რამაა, მაგრამ „იგი უძლურია, კაცობრიობა ბედნიერი გახადოს, რადგანაც მეცნიერება ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთი მხარის გამომხატველია, ხოლო ადამიანური ყოფიერების ბირთვი არის ის, რაც მარადიულს უკავშირდება“. რა თქმა უნდა, სულიერება და მეცნიერება არ გამორიცხავს ურთიერთს, პირიქით, როგორც ცალკე ღმერთის იმედად ვერ გადავრჩებით ფიზიკურად, ისე მხოლოდ მეცნიერების იმედად ვერ გადავრჩებით სულიერად. კაცობრიობა დღესაც მაინც მეცნიერებს ელოდება, რომ ვაქცინა ან კორონავირუსთან მებრძოლი მედიკამენტი შექმნან. მეცნიერებმა შექმნეს თავის დროზე შავი ჭირის ვაქცინები. თუკი დღეს კეთრისგან არ ვიღუპებით და აღარც ებოლა გვაშინებს, ეს ბედნიერება ზუსტად მეცნიერების დამსახურებაა. როცა ამ ვირუსის სრულყოფილ ვაქცინას გამოიგონებენ, მაშინაც ბედნიერები ვიქნებით. დროის ფაქტორია მხოლოდ.

4
109
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
109
  
2021, 24 თებერვალი, 23:55
კონკრეტულად,არ ვიცი,ვირუსებზე ამბები,მაგრამ ფინანსურ სექტორზე გეტყვით. სხვადასხვა ფინანსური შუამავლები ახდენენ ფინანსური კრიზისის პროვოცირებას. ისინი მანიპულაციების საშუალებით აგდებენ ან უწევენ აქციებს ფასებს. ასეთი შემთხვევა იყო ბოლო ეკონომიკური კრიზისის დროს,როცა უძრავი ქონების აქციათა ფასებით მანიპულაცია მოხდა და მერე გაექცათ,რამაც კოლაფსი გამოიწვია და რამაც ბეწვის ხიდზე გაატარა მსოფლიო ეკონომიკა. კი,ეს ვირუსი ხელოვნურად შექმნილია და ამის მიზეზიც იქნება ალბათ,მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან,რომ მიზანმიმართულად მოხდა მისი გავრცელება. ეს შექმნილი იყო კონკრეტული მიზნისთვის. ამიტომაც გაუჭირდათ მეცნიერებს ვაქცინის შექმნა,რადგან ბუნებრივი არ არის. იმის თუ გჯერათ,რომ ადამიანები სხვის საზიანოდ არაფერს აკეთებენ,მაშინ დროა მორჩეთ გულუბყვილობას. ამ სამყაროში ქმნიან სხვადასხვა ქიმიურ და ბიულოგიურ იარაღებს,რომლებსაც ადამიანებზე ცდიან,უამრავ ფულს ხარჯავენ სხვადასხვა საბრძოლო მასალის შეძენაზე. ერთხელ ზელინსკიმ გაეროში ტყვია ამოიღო და თქვა,"ეს ტყვია 10$ ღირს და ეს არის ფასი ადამიანის სიცოცხლის". ვერაფრს შეცვლი,ასეთია მსოფლიო და ალბათ,არ დადგება დრო ეს შეიცვალოს,რადგან ადამიანის ბუნება ასეთია. ჩვენ ვამაყობთ,თურმე ახალი პლანეტები აღმოაჩინეს და სწორედ,ეს არის პასუხი კითხვებზე,ადამიანს აქვს მისწრაფება და ამიტომ აკეთებს. მოიგონებენ ალბათ კიბოს წამალს,მაგრამ მილიონობით ადამიანი შეეწირება ამას,მაგრამ ეს არის ფასი,რასაც ვიხდით სამწუხაროდ.
2021, 24 თებერვალი, 21:17
პური და სანახაობა სხვებმა მოაწყონ. შენ ხარისხზე აიღე სწორება და არა რაოდენობაზე. სჯობს ცოტა მკითხველი გყავდეს და ინტელექტუალი, ვიდრე მოსეული ჯოგი
2021, 24 თებერვალი, 21:16
აი, ეს ძალიან მომეწონა. ასე გააგრძელე!
0 1 4