x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
სოლომონ ეშის კონფორმულობის ექსპერიმენტი

სამიზნე და შესადარებელი მონაკვეთები
ფსიქოლოგიის მეცნიერებაში არაერთი ხმაურიანი ექსპერიმენტის მომსწრენი გავმხდარვართ - დაწყებული ცნობილი სტენფორდის ციხის ექსპერიმენტიდან, დამთავრებული ჰარი ჰარლოუს შემაძრწუნებელი კვლევით. მსგავსი ''ხმაურიანი'' ექსპერიმენტების რიგში დგას სოლომონ ეშის ცნობილი კვლევაც, რომელიც პოპულარული არა თავისი არაეთიკურობით, არამედ შედეგით გახდა. როგორ ექცევა ინდივიდი ჯგუფის ზეწოლის ქვეშ? რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა პიროვნების რაციონალურად აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებზე? არის თუ არა ადამიანი ბუნებრივად კონფორმისტი არსება? ყოველივე ამ კითხვაზე პასუხს სწორედ სოლომონ ეშის ექსპერიმენტი გვთავაზობს.


1951 წელს ფსიქოლოგმა სოლომონ ელიოტ ეშმა პენსილვანიის შტატში, სუორთმორის კოლეჯში (Swarthmore College), ექსპერიმენტების სერია ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობდა ორმოცდაათი მამრობითი სქესის სტუდენტი. პროცედურა შემდეგში მდგომარეობდა: ცდის პირთათვის მთლიანი კვლევა მხედველობის ტესტს წარმოადგენდა, რეალურად, კი ექსპერიმენტატორი მათი კონფორმულობის ხარისხს იკვლევდა. ცდის პირთან ერთად ''მხედველობის ტესტში'' მონაწილეობდა შვიდი მსახიობი. ისინი ერთმანეთის თანდასწრებით აფასებდნენ წარმოდგენილ ხაზებს და ადარებდნენ მათ ''სამიზნე'' მონაკვეთის სიგრძეს. მსახიობების მთავარ მისიას და კვლევის მთლიან არსს წარმოადგენდა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მსახიობებს ექსპერიმენტის თვრამეტი სერიიდან თორმეტში არასწორად უნდა შეეფასებინათ ხაზის სიგრძე და ამით მოეხდინათ გავლენა ცდის პირის გადაწყვეტილებაზე. თუ კვლევის მონაწილე თვლიდა, რომ ხაზების სერიიდან ყველაზე მეტად ''სამიზნე'' მონაკვეთს შეეფერებოდა, პირობითად, B ხაზი, ხოლო, მსახიობები სწორ პასუხად დაასახელებდნენ სხვა მონაკვეთს, დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ჯგუფის დანარჩენი წევრების გადაწყვეტილება გავლენას იქონიებდა კვლევის მონაწილის საბოლოო არჩევანზე.


ექსპერიმენტის შედეგები, მართლაც, გამაოგნებელია: ცდის პირთა 36.8%-მა, სწორი პასუხის თვალსაჩინოების მიუხედავად, გამოავლინა კონფორმულობა მსახიობების მიმართ, ე.ი გაიზიარა უმრავლესობის არასწორი მოსაზრება. საბოლოოდ კი კვლევის თორმეტი სერიის განმავლობაში ცდის პირთა 75%-მა მინიმუმ ერთი არასწორი არჩევანი მაინც გააკეთა, ხოლო დანარჩენმა 25%-მა ბოლომდე შეინარჩუნა საკუთარი მოსაზრება და არ დაჰყვა უმრავლესობის ნებას.


ეშის სოციალური ექსპერიმენტი ხაზს უსვამს კონფორმიზმის რეალურ ბუნებას და წარმოაჩენს შოკისმომგვრელ რეალობას: თუ სოციალურ ჯგუფებს აქვთ იმხელა გავლენა, რომ ადამიანებს ეჭვქვეშ დააყენებინონ საკუთარი პერცეპტული უნარებიც კი, აქვს თუ არა ჯგუფური ზეწოლის ''ძალაუფლებას'' ლიმიტები? არსებობს თუ არა ზღვარი, სადაც ნორმატიული სოციალური გავლენა წყვეტს მოქმედებას? ალბათ, ფსიქოლოგიის მეცნიერება ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხს სულ მალე შემოგვთავაზებს.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ხუზმიაშვილი
ანა ხუზმიაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0