x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
დაკვირვებადი სიზმრები - ფსიქოლოგიური პერსპექტივა
Lucid Dreams - Framed Art Print by TRASH RIOT - Vector Black

ადამიანები საკუთარი ცხოვრების საშუალოდ ერთ მესამედს მძინარე მდგომარეობაში ატარებენ. აქედან, დაახლოებით ექვსი წელიწადი სიზმრებს ეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ სიზმრები თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მეცნიერებისათვის მისი ზოგიერთი ასპექტი კვლავ დიდ გამოცანად რჩება. ერთ-ერთი საკითხი კი, რომელიც ფსიქოლოგებისთვის უკვე რამდენიმე დეკადის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, დაკვირვებადი სიზმრებია.


ადამიანების უმეტესობა სიზმრების ხილვისას, საკუთარი ქვეცნობიერის ''სტუმარია'', რომელსაც არაფერი ევალება, გარდა მის წინ გათამაშებული სცენარით ტკბობისა. თუმცა ადამიანების ნაწილი სიზმარში სრულად ინარჩუნებს საკუთარ ცნობიერებას და აქვს უნარი, უბრალო მაყურებლის მაგივრად, სპექტაკლის ''თანაავტორის'' როლი მოირგოს. ამ ყოველივეს პროდუქტს კი დაკვირვებადი, ე.წ ლუციდური სიზმრები წარმოადგენს. ამრიგად, დაკვირვებადი სიზმრები ეწოდება ცნობიერის შეცვლილ მდგომარეობას, რომლის დროსაც, ინდივიდი, რომელსაც სძინავს და სიზმარს ნახულობს, აცნობიერებს ამ მდგომარეობას და შეუძლია სიზმრის შინაარსის მანიპულაცია, კონტროლი და მიმართულების მიცემა.



ფსიქოლოგების ნაწილი წლების განმავლობაში ცდილობდა ზემოაღნიშნული განმარტების ბუნდოვანების აღმოფხვრას. საბოლოოდ, კი მათ გამოყვეს 7 თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს სიზმარს, რათა მიჩნეულ იყოს ''ლუციდურად'':
⦁ ინდივიდი აცნობიერებს, რომ სიზმარში იმყოფება
⦁ ინდივიდი ფლობს ცნობიერად გადაწყვეტილების მიღების უნარს
⦁ ინდივიდს აქვს წვდომა საკუთარ მეხსიერებაზე
⦁ ინდივიდს გააჩნია იდენტობის შეგრძნება
⦁ ინდივიდს აქვს სიზმარში არსებული გარემოს წვდომა
⦁ ინდივიდს გააჩნია სიზმრის მნიშვნელობის წვდომა
⦁ ინდივიდი ფლობს კონცენტრაციისა და სიტუაციაზე ფოკუსირების უნარს, რაც სიზმარში არსებულ სიტუაციას მეტ მკაფიოებას სძენს (Tholey, 1980).
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო დასკვნებისა, ადამიანების ნაწილი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი დაკვირვებადი სიზმრების მიმართ. ფსიქოლოგები ლუციდური სიზმრების ''კრიტიკოსებს'' სთავაზობენ თავად სცადონ დაკვირვებადი სიზმრების გამოწვევა და დასკვნები საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გააკეთონ. ზემოაღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია დაკვირვებადი სიზმრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლით: ის არა თანდაყოლილი ნიჭი, არამედ გავარჯიშებადი უნარია. ამაში დაგარწმუნებთ 1995 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა შეძლეს დაკვირვებადი სიზმრების ხელოვნურად გამოწვევა. ცდის დაწყებამდე მათ მონაწილეების გონებაში დაამყარეს მჭიდრო ასოციაციური კავშირი წითელ განათებასა და დაკვირვებად სიზმრებს შორის, რის შედეგადაც, REM (Rapid Eye Movement) ძილში გადასული ცდის პირისათვის წითელი განათება წარმოადგენდა ერთგვარ სტიმულს, რომლის საშუალებითაც ის აცნობიერებდა, რომ სიზმარს ხედავდა (LaBerge & Levitan, 1995).


სანამ გადაწყვეტთ დაკვირვებადი სიზმრების საკუთარ თავზე გამოცდას, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. კერძოდ, ის მრავალმხრივი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა, რომელიც შესაძლოა დაკვირვებადმა სიზმარმა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე.
⦁ დადებით ასპექტზე საუბრისას ყურადსაღებია, გაითვალისწინოთ: ზოგიერთი მკვლევარი, როგორიცაა სტეფან ლაბერგი, მიიჩნევს, რომ ლუციდურმა სიზმრებმა შესაძლოა, ადამიანის თავდაჯერებულობის ხარისხი გააუმჯობესოს. ამავდროულად, ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ დაკვირვებადი სიზმრები ზრდის კრეატიულობას ინდივიდში და ამცირებს შფოთვის დონეებს. შესაძლოა, ისინი ისეთი პრობლემების გადაჭრაშიც კი გვეხმარებოდნენ, რომლებიც უკავშირდება ადამიანის ცხოვრების სოციალურ სფეროებს.
⦁ უარყოფით ასპექტებზე საუბრისას ყურადსაღებია, გაითვალისწინოთ: მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაკვირვებადი სიზმრები აქვეითებს ძილის ხარისხს ადამიანებში და, ამავდროულად, რისკს წარმოადგენს ისეთი პიროვნებებებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ზოგიერთი სახის მენტალური აშლილობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შესაძლოა, ინდივიდს გაუჭირდეს ზღვარის დადგენა რეალობასა და სიზმარს შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ფსიქოთერაპევტი კატეგორიული წინააღმდეგია დაკვირვებადი სიზმრების ხელოვნურად გამოწვევისა, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს პროცესი არღვევს სიზმრის ბუნებრივ მიმდინარეობას და ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.


მიუხედავად იმისა, რომ დაკვირვებადი სიზმრები იმაზე აქტუალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მკვლევრებისთვის იგი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ზრდასრული ადამიანების 55%-ს ერთხელ მაინც განუცდია დაკვირვებადი სიზმარი. მის მიერ გამოწვეული ემოციები კი პიროვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გაჰყვეს. დაკვირვებადი სიზმრების მისტიკის ამოსახსნელად კი ერთი რამ დაგვრჩენია - მეცნიერებისადმი ნდობისა და მოთმინების გამოჩენა.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ხუზმიაშვილი
ანა ხუზმიაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0