x
image
თუთიკო ბერძენა
ოთარიას ყველაისტი ბუცეფალა

image

ადამიანებს ვინ დაგვეძებს, ცხოველებიც პოლიტიზებული არიან საქართველოში.
ბაღდათის ერთ-ერთ სოფელში ცხენი გავიცანი, სახელად ბუცეფალა. ვმაკედონელობთ, მაგრამ ქართულად....
რის აჩუ, რა აჩუ?! რაღა დროს ბრრრ და აჩუა ოცდამეერთე საუკუნეში?! შესძახებ - "ხუთი" და მოძრაობას იწყებს, შესძახებ - "ორმოცდაერთი" და ჩერდება.
გამიკვირდა. რაღაცნაირ "გოურკეველსიფათიან" პატრონს - ოთარიას ვკითხე, რა ხდება, როგორ გაწვრთენი პოლიტრიცხვებზე ცხენი-მეთქი.
ამხედა, ჩამხედა. საკუთრივ მისი ოცნების დულცინეას ნამდვილად არ ვგავარ, მაგრამ ეტყობა თვალები მაქვს რომანტიკოსის და დაასკვნა, რომ მეოცნებე ვარ. თან ლურჯი კაბა მაცვია და ლურჯი შლაპა მახურავს, რომელსაც დაეჭვებული მითვალიერებს.
- ცხენმაც იცის ავის და კაის გარჩევა, აპაა?! ხუთის დაძახებაზე ნაცებივით ტ...ზე ფეეხების რტყმევით გარბის, 41-ზე კი სტაბილურ მდგომარეობაში გადადის, წყნარდება, მშვიდდება, ძალას იკრებს... ოცნებობს... ცხენსაც კი შოუძლია ოცნება, რავა?! - იმერული დამაჯერებლობით აათამაშა წარბები.
დავძაბე ტვინის ღარხვეულოვანი რელიეფი და ჩავთვალე, რომ ეს ჩვენი კრეატიული ოთარიც "ქართული ოცნების" გულშემატკივარია.
მაგრამ მთავარი აწი იწყება:
ნაც. ნათესავს გადავეყარე იმავე სოფელში. ბოგირთან იჯდა და დომინოს აჩხაკუნებდა. წამოხტა, მომიკითხა, შინ შემიპატიჟა. ჩემი ლურჯი მორთულ-მოკაზმულობა არ მოეწონა, შევატყვე. წინასწარ გამაფრთხილა, ახლა პოლიტიკაზე ლაპარაკობს ყველა და პოლიტიკისთვის ნუ დავხოცავთ ერთმანეთსო, არ ვთქვათ არაფერიო, შემითანხმდა. კეთილი-მეთქი და გავიხსენეთ ბავშვობა, თევზაობა, ნადირობა, დიდი ბაბუის "ნავაჟკაცევი" დათვის დაჩრჩილული ბეწვებით და ირმის რქებით მორთული ოთახის ბავშვობისდროინდელი მისტიკა და ღამის კოშმარები. ცხენებზე ჯირითის მოგონებას რომ მივადექით, ვერ მოვითმინე და სიამაყით მოვყევი ბუცეფალას ამბავს.
-უყურე შენ მაგ ოხერ ოთარიას... მე კიდე მითხრა, ხუთს რომ დოუძახებ, ბუცეფალა ნაცებივით მიაგელვებს, წინ მიქრის და წინ მიყავხარ, 41-ზე კი ქოცებივით ჩერდება და შტერდებაო!- თვალებიდან რისხვის ჩინჩხლები გადმოყარა და პირიდან სიბრაზის დორბლები ნათესავმა.
უკან წამოსული, მთელი გზა ვბრაზობდი, მერე კი გავიფიქრე: რას ვერჩი ოთარიას!მაკედონელობა ვერა, მარა "ქართველობა" უსწავლია და მოკალი და დააღრჩვე ახლა...
მთავარია, ოთარიაც არ ვნახოთ სადმე კიდევ რომელიმე თანამდებობაზე და... ბუცეფალაზე, ხან ინავარდოს და ხან დაასტოპოს, ნებაც და ცხენიც მისია!



0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0