ანეკდოტები პოლიტიკოსების ხუმრობები და "მარგალიტი"ფრაზები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია! 2021, 17 თებერვალი, 23:32 ყველა ადამიანს აქვს სასაცილო თავგადასავლები და მით უფრო პოლიტიკოსებს, რადგან ისინი არც თუ იშვიათად ხვდებიან არაორდინალურ სიტუაციებში. საკმარისია, გავიხსენოთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ვიზიტი ახალ ზელანდიაში, სადაც შუბებით შეიარაღებული ტიტლიკანა ჯარისკაცების საზეიმო ცეკვით დახვდნენ, ტრადიციის შესაბამისად, ცხვირით ცხვირზე გარტყმა-გამორტყმით მიესალმნენ. ნიკა გილაურის დაბნეული და ცოტაოდენ შეშინებული სახის დავიწყება წარმოუდგენელია, ვინც ამ ვიზიტის კადრები ნახა. პოლიტიკოსებს განსაკუთრებულად სჭირდებათ, განივითარონ იუმორის გრძნობა, რადგან ეს მათ ხშირად ეხმარება გადაირჩინონ რეპუტაცია განსაკუთრებულ სიტუაციებში, თუმცა იუმორი არ უნდა გასცდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა შეიცავდეს ქუჩის ჟარგონებსა და სლენგებს. გადასარჩენად ძალიან კარგი საშუალებაა თვითირონია. ფრანკლინ რუზველტის იუმორი იყო გამორჩეული და განსაკუთრებული. კვირა დილით შეერთებული შტატების 32-ე პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის ცოლი ელეონორა რუზველტი საქველმოქმედო ვიზიტით წავიდა ციხეში. ქმარმა გაიღვიძა და ვერ იპოვა სახლში ცოლი. ბოლოს და ბოლოს ჰკითხა მორიგე მდივანს, სად იყო პირველი ლედი. -ციხეში, - უპასუხა მდივანმა. -არ მიკვირს. მაგრამ კონკრეტულად რა დანაშაულისთვის ჩასვეს? - იკითხა პრეზიდენტმა. როდესაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა, მან რამდენჯერმე თავი ვერ შეიკავა კარიკატურებსა და სატირიკოსების იუმორზე მის მიმართ, რადგან არ იყო მიჩვეული. პროფესიონალები დაიბნენ და ჟანრის კრიზისზე დაიწყეს საუბარი. თანდათანობით, ობამას გამოუმუშავდა იმუნიტეტი იუმორისტების მიმართ. ბოლოს პრესისთვის გამართულ სპეციალურ ვახშამზე, მან ხუმრობები ისე "დაყარა", რომ თვით ჯიმი კიმელიც კი დააბნია, რომელიც პრეზიდენტის შემდეგ თავისი მახვილი იუმორით უნდა გამოსულიყო. ბარაკ ობამა: "პრეზიდენტის თანამდებობა 2009 წელს დავიკავე და მაშინვე დიდი გამოწვევების წინაშე დავდექი. ზოგი ამბობს, რომ ამ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ჩემს წინამორბედს ვაკისრებ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პრაქტიკა ჯორჯ ბუშმა შემოიღო. მას შემდეგ კონგრესთან დაპირისპირება ნამდვილად ხდება. თუმცა ვცდილობ, თავაზიანი ვიყო, წვრილმანებზე არ გავბრაზდე. ამიტომ, განსაკუთრებით მადლიერი ვარ კონგრესის ყველა წევრის, რომლებმაც შეწყვიტეს შრომა, არ მიიღეს კანონები და დღეს ჩამოვიდნენ აქ". ამერიკის ყველა პრეზიდენტიდან, ჯორჯ ვაშინგტონი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და თავშეკავებული იყო. იშვიათად იღიმებოდა - მას არ სურდა სხვებისთვის ეჩვენებინა თავისი ჩასმული ყბები. მას არ ჰყავდა კონკურენტები პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში, ამიტომ არ სჭირდებოდა აუდიტორიის გართობა. ის მხიარული ადამიანი იყო, მაგრამ მას ცნობილი ხუმრობები არ დაუტოვებია. სამაგიეროდ, აბრაამ ლინკოლნს შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მას ჰქონდა ასევე გარდასახვის არაჩვეულებრივი უნარი. მას ყველგან შეეძლო მხიარულების მიზეზი ეპოვა და იყო შეუდარებელი მთხრობელი. მტრები მას ბარდის მასხარას ეძახდნენ. მის მეგობრებს კი ესმოდათ, რომ იუმორი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური დაცვა იყო. ლინკოლნს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კავშირის არმიის მეთაურთან გენერალ მაკკლელანთან, რომელიც ხშირად უგულებელყოფდა მის ბრძანებებს. ლინკოლნმა მისგან დეტალური მოხსენება მოითხოვა და ერთ დღეს მაკკლელანმა მას დამცინავი დეპეშა გაუგზავნა: ”ჩვენ მხოლოდ ექვსი ძროხა დავიჭირეთ. რას გვიბრძანებ მათთან? ” -მოწველეთ!- უპასუხა ლინკოლნმა. 1862 წლის სექტემბერში ლინკოლნმა გახსნა კაბინეტის სხდომა იუმორისტული სკეტჩის კითხვით და როდესაც დაინახა, როგორი გაქვავებული სახეებით უსმენდნენ მინისტრები, წამოიძახა: "ჯენტლმენებო, რატომ არ იცინით? იმ საშინელი დაძაბულობით, რომელსაც დღე და ღამე ვგრძნობ, თუ არ გავიცინე, მოვკვდები. თქვენც გირჩევთ იგივე წამალს! '' შემდეგ მან წაიკითხა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი - მონების გათავისუფლების პროკლამაცია.. ამერიკის 30-ე პრეზიდენტი კალვინ კულიჯი თითქმის არასდროს იღიმებოდა და გამოსვლებისას ძალიან ლაკონურიც იყო. მაგრამ ამავე დროს, ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მახვილგონიერ პრეზიდენტად. ერთ დღეს სადილის წვეულებაზე, მის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა უთხრა: -ბატონო პრეზიდენტო, სანაძლეო დავდე, რომ ორ სიტყვაზე მეტს გათქმევინებდით. -თქვენ წააგეთ, - მიუგო კულიჯმა და გაჩუმდა. კულიჯი და მისი ცოლი გრეისი ერთ დღეს ქათმების ფერმას სტუმრობდნენ. პირველმა ლედიმ ფერმერს ჰკითხა: როგორ ახერხებენ მეპატრონეები ამდენი რაოდენობის განაყოფიერებული კვერცხის მიღებას ასე ცოტა რაოდენობის მამლისგან? - ქალბატონო, - უპასუხა ამაყმა ფერმერმა, - თითოეული ჩვენი მამალი თავის ოჯახურ მოვალეობას დღეში ათჯერ ასრულებს. -იქნებ ამის შესახებ პრეზიდენტსაც უთხრათ?! - სთხოვა პირველმა ლედიმ. პრეზიდენტმა ამის გაგონებაზე ფერმერს ჰკითხა: - მამალი თავის მოვალეობას ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ქათამთან ასრულებს?" - ო, არა, ბატონო, - მიუგო ფერმერმა. - მამლის სამსახურში მთელი საქათმეა. -ამის შესახებ ქალბატონ კულიჯს უთხარით, - ფერმერისთვის ნათქვამი გააგონა ცოლს პრეზიდენტმა. მას შემდეგ ზოოფსიქოლოგიაში გამოჩნდა ტერმინი "კულიჯის" ეფექტი. ამერიკაში ეს ანეკდოტი ახსენდებათ ყოველ ჯერზე, როდესაც სხვა ცნობილ მამაკაცს დაადანაშაულებენ მრუშობაში. რონალდ რეიგანი იუმორის ამოუწურავი საწყობია. ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატოს დროს, მან გაიგო, რომ მისი კონკურენტი პრეზიდენტი კარტერი ისაუბრებდა საკუთარ მიღწევებზე სატელევიზიო პროგრამა "60 წუთში". - დანარჩენი 59 წუტი რაზე უნდა ილაპარაკონ?- იკითხა რეიგანმა. რონალდ რეიგანი: პრეზიდენტმა ვაშინგტონმა 1790 წელს თქვა, რომ ”თავისუფლების წმინდა ცეცხლის შენარჩუნება და მმართველი რესპუბლიკური მოდელის ბედი საბოლოოდ დამოკიდებულია ამერიკელი ხალხის ექსპერიმენტზე”. ჩვენი ჟურნალისტი მეგობრებისთვის, რომლებიც უპირველეს ყოვლისა აფასებენ სიზუსტეს, ნება მიბოძეთ განვმარტო: მე თვითონ ეს არ გამიგია ჯორჯ ვაშინგტონისგან. ალბათ, არცერთ პრეზიდენტზე არ უცინიათ ამერიკელებს იმდენი, რამდენიც ჯორჯ ბუშ უმცროსზე. ფაქტიურად ყოველ საღამოს სატირული გადაცემები მასხრად იგდებდნენ მას. ერთ დღეს, პრესის ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოვიდა პირველი ლედი ლორა ბუში. ლორა ბუში: ჯორჯი ყოველთვის ამბობს, რომ ბედნიერია ჟურნალისტების სადილზე ყოფნის დროს. ტყუის! სინამდვილეში, დღის ამ მონაკვეთში ის უკვე საწოლშია. არ ვხუმრობ! ერთხელ მას ვუთხარი: ჯორჯ, თუ ნამდვილად გინდა ამ სამყაროში ტირანიის დასრულება, გვიან უნდა დაიძინო!. ძალიან სარისკო იყო ლორა ბუშის ხუმრობა დედამთილზე - ბარბარა ბუშზე. ლორა ბუში: ახლა ბევრი დედა არ იღებს მონაწილეობას შვილების ცხოვრებაში. ბარბარა ბუშზე ამას ვერ გეტყვით. ადამიანებს ხშირად აინტერესებთ, როგორია ჩემი დედამთილი. ხალხს ჰგონია, რომ ის ისეთი ნაზი, მზრუნველი ბებიაა. სინამდვილეში, ის უფრო ჰგავს დონ კარლეონეს. სხვათა შორის, ბარბარა ბუშიც არ იყოფს ჯიბეში ხელს სასაცილო გამოთქმების მოსაძებნად. როდესაც მისი ვაჟი გახდა პრეზიდენტი, მან თქვა: "ახლა მაინც ვიცი, რას აკეთებს ბავშვი". ლორა ბუში ტეხასის საოჯახო რანჩოზე: როდესაც ეს ადგილი ვიყიდეთ, ჯორჯს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, რა იყო რანჩო. კერძო სკოლა და იელის უნივერსიტეტი არ ასწავლიან ამის შესახებ. მაგრამ მე ვამაყობ ჯორჯით. მან ბევრი რამ ისწავლა და ბევრი რამ გაიგო მას შემდეგ, რაც ცხენის მოწველა სცალა. . მერე გაიგო, რომ ეს იყო ცხენი და არა ძროხა. ახლა ის ასუფთავებს ბუჩქებს, ჩეხავს მორებს, ხერხავს ხეებს. ჩვენი გოგონები ამას ტეხასის ხოცვა-ჟლეტას უწოდებენ. რა პრობლემაც არ უნდა იყოს რანჩოში, ჯორჯს ერთი პასუხი აქვს - მოიხერხოს. ამერიკული პოლიტიკური იუმორის თარგმნა ძნელია, რადგან უნდა ახსნა გარემოებები, რომელთა შესახებაც ხუმრობენ. ხუმრობა კი, რომელსაც ახსნა სჭირდება, სასაცილო აღარ არის. ყველამ იცის საიდუმლო სამსახურის აგენტებთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ, რომლებსაც კოლუმბიაში მეძავთან ურთიერთობა ჰქონდათ. ამასთან დაკავშირებით - ბარაკ ობამას გამოსვლის დასკვნითი ფრაზა ჟურნალისტებისთვის გამართულ სადილზე ბარაკ ობამა: მე დიდი სიამოვნება მაქვს ასეთი სადილების დროს. მე კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ამიტომ დროა საიდუმლო სამსახური წავიდეს სახლში - მათთვის კომენდანტის საათი დავაწესეთ. ბილ კლინტონის ხუმრობა: ”პრეზიდენტად ყოფნა ჰგავს სასაფლაოს დირექტორად მუშაობას: ბევრი ადამიანი შენს დაქვემდებარებაშია, მაგრამ არავინ გისმენს”. რაც შეეხება ქართველ პოლიტიკოსებს, მათ უფრო ქართული გემრიელი ხუმრობები აქვთ, ზოგი სულ არ ხუმრობს, მაგრამ ისეთ მეტაფორებსა და შედარებებს აკეთებს, რომ შეუძლებელია, არ გაგეცინოს. მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთში პოლიციელებს "გენაცვალეებს" ეძახიან"; (ანაკლიაზე): "ესეც თქვენი სენ ტროპე და ნიცა, როგორც ეს მე წარმომიდგენია და ცოტა უკეთესიც კი"; (კლინიკაში სტუმრობისას მელოგინე ქალს): "დიდი მადლობა, რომ დროზე გააჩინე ბავშვი". სალომე ზურაბიშვილი: "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო"; "პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს"; "ეს ის კითხვებია, სარაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა სვამდნენ"; "მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად" პრეზიდენტები იქით იყონ და თუ საქმე იუმორზე მიდგება, იუმორის პრეზიდენტი საქართველოში შალვა ნათელაშვილია. შალვა ნათელაშვილი: "ნახალოვკაში ისეთი ორმოებია, რომ ყველაზე ჯანმრთელი კანგურუც კი ფეხს მოიტეხავს"; "სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს" ; "წავიდა ნატო და მივდევთ ყვირილით: "დეიდა ნატო, დეიდა ნატო!" (თეთრი სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მისი ლოზუნგი): "დაუნ ვი დიკტეიტე"; "მთლიანობაში ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას 2011 წელშიც შეიძლება ეწოდოს შექსპირის სიტყვები "ყოფნა-არყოფნა"; იქვე ამ სიტყვების ინგლისური თარგმანი): "თუ ბი, თუ ბი". 520 1-ს მოსწონს
|