x
image
intermedia.ge
Mediator image
გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა
image


„მიმაჩნია, რომ, რაც დავწერე, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. სხვაგვარად არაფერს დავწერდი“, – ეს სიტყვები ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერალს, გურამ გეგეშიძეს, ეკუთვნის. მისი შემოქმედება ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი და ძვირფასია; ხოლო მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს გურამ გეგეშიძის რომანები და მოთხრობები (ან ყველა ტომი ჯერ კიდევ არ აქვს), გამომცემლობა „პალიტრა L“ 11-თებერვლიდან კლასიკოსი მწერლის 6-ტომეულის გამოცემას იწყებს. ყოველი ტომი 2 კვირაში ერთხელ ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.


გურამ გეგეშიძე 1934 წლის 21 ივლისს დაიბადა. მისმა შემოქმედებამ კი პირველად 1957 წელს იხილა მზის სინათლე, როდესაც მწერლის მოთხრობა ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ იმავე ნომერში დაიბეჭდა პირველად გურამ გეგეშიძის ახლო მეგობრის, მწერალ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაც. ქართველმა მკითხველმა უმალ იგრძნო, რომ ლიტერატურულ ასპარეზზე ორმა დიდმა მწერალმა შეაბიჯა.


პირველმა რომანებმა – „ცოდვილი“ და „სტუმარი“ – იმთავითვე აღიარება მოუტანა მწერალს. როგორც გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშნავს, გურამ გეგეშიძის ექვსტომეული უკვე მეორედ გამოიცემა:



„ექვსტომეული რამდენიმე წლის წინ გამოვეცით და ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ამ ნამდვილად დიდ და თვალსაჩინო პროზაიკოსს სიცოცხლეშივე მივაგეთ პატივი, დავუდასტურეთ პატივისცემაც და აღტაცებაც. დღეს კი ამ აქციით - ჟურნალ „გზასთან“ ერთად ექვსტომეულის გავრცელებით - კიდევ ერთხელ შევახსენებთ მკითხველს, რამდენად მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა შექმნა და დატოვა თანამედროვე კლასიკოსმა, გურამ გეგეშიძემ“, – აღნიშნავს მაია ალუდაური.


გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი სწორედ პირველ რომანებს - „ცოდვილი“ და „სტუმარი“ – აერთიანებს. როგორც წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე აღნიშნავს, ორივე რომანი იმ თემების შესახებაა, რომლებიც არახალია და მთელი კაცობრიობის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:
„რომან „ცოდვილის“ მთავარ პერსონაჟს, ვამეხ გურამიშვილს, ბედისწერამ თუ შემთხვევითობამ ძმის უნებლიე მკვლელის ტრაგიკული ბედი არგუნა. ამის შემდეგ იწყება ვამეხის ცხოვრებაში საკუთარი თავის შეცნობის, ცხოვრების საზრისისა და დანაშაულის გამოსყიდვის საშუალების ძიება. რომანის ეთიკურ-ფსიქოლოგიური და მხატვრულ-ფილოსოფიური მოტივების ნაწილი სწორედ ამ ბიბლიური ცოდვის გარშემო ტრიალებს.


არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა გურამ გეგეშიძის მეორე რომანი - „სტუმარი“. აქ მწერალმა კიდევ ერთხელ დააფიქრა მკითხველი ცხოვრების საზრისზე, ადამიანური ფასეულობებსა და ღირებულებებზე. სტუმარი თავად რომანის მთავარი გმირი თარხუჯია, რომელიც ამ ქვეყნად თავს უცხოდ, სტუმრად გრძნობს; მისთვის რთული აღმოჩნდა ცხოვრების ის სტილი, რომელიც მისი ნაცნობ-მეგობრებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რადგან თარხუჯი ვერ ეგუება სინამდვილეს და საკუთარ თავს ვერ პოულობს, დედაქალაქს ტოვებს...“ – აღნიშნავს მანანა ჯანელიძე.


გურამ გეგეშიძის ექვსტომეულის მეორე ტომი ნოველებსა და მოთხრობებს ეთმობა, შემდეგ ტომებში კი მწერლის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პანო – ტეტრალოგია „ქართლის ჭირი“ – შევიდა. ამ ქუდქვეშ გაერთიანებული ოთხი რომანი – „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ცეცხლისქრობა“ – XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX-ის მიწურულამდე საქართველოს ისტორიის ამსახველი, უმნიშვნელოვანესი მხატვრული მატიანეა.
როგორც გურამ გეგეშიძის ახლო მეგობარი, მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი, ნუგზარ წერეთელი აღნიშნავს, გურამ გეგეშიძე წერს „წრფელი სისადავით“, ხალხს ხიბლავს, იზიდავს, აჯერებს და ყოველთვის აღწევს ჩანაფიქრის ადამიანურ რეალიზებას“. ამდენად მკითხველის წინაშეა თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, რომლის შემოქმედებას ყველა ქართველი უნდა იცნობდეს.
შეგახსენებთ, გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვალს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.


იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0