საზოგადოება 1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად 2021, 28 იანვარი, 13:25 „მთვარის მოტაცება“ კ. გამსახურდიას რიგით მეორე რომანია, რომლის დაწერითა და გამოქვეყნებით ავტორმა ბეწვის ხიდზე გაიარა. კლასიკოსი მწერლის ეს რომანი 21-ე საუკუნეშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქართველი მკითხველი კ. გამსახურდიას შემოქმედების ახალ გამოცემას დიდი ხანია ელოდება. კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებებს მონატრებული მკითხველისთვის გამომცემლობა „პალიტრა L“ კ. გამსახურდიას 7-ტომეულს გამოსცემს, რომლის პირველი ტომი სწორედ „მთვარის მოტაცება“ იქნება. მისი შეძენა 1-ლი თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგეძლებათ. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი. 7-ტომეული მოიცავს კ. გამსახურდიას 5 რომანს, რომლებიც 6 ტომში გაერთიანდება, ხოლო მე-7 ტომში მწერლის ნოველები და მოთხრობები მოიყრის თავს. როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშნავს, ამ კრებულს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან; მას კ. გამსახურდიას შემოქმედების მკვლევარი, ლიტერატორი სოსო სიგუა შეადგენს: „ობიექტური მიზეზების გამო 10 წლის განმავლობაში კ. გამსახურდიას ნაწარმოებები არ გამოიცემოდა. ჩვენთვის ცნობილია ქართველი მკითხველის უმრავლესობის დამოკიდებულების შესახებ კ. გამსახურდიას შემოქმედების მიმართ, ამიტომ დიდხნიანი დუმილის შემდეგ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ შეძლო და ჩვენს მკითხველს 7-ტომეულს უმზადებს“, - აღნიშნავს მაია ალუდაური. როგორც თავში ითქვა, 7-ტომეულის პირველი ტომი „მთვარის მოტაცებაა“. რომანი ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდებოდა. მკითხველი დიდი ინტერესით ელოდებოდა ყოველ ახალ თავს. სხვანაირად არც შეიძლებოდა - თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა - ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი, თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი, თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია, თუ ისტორიული საქართველო? – ავტორს ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც რომანის ახალი გამოცემის რედაქტორი მანანა ჯანელიძე აღნიშნავს, „მთვარის მოტაცება“ სტალინს რომ წაუკითხავს, მწერლის სამუდამოდ ლანძღვის ბრძანება გაუცია: „კონსტანტინე გამსახურდიას რჩეული რომანის „მთვარის მოტაცება“ არაერთი გამოცემა არსებობს. რომანი გამოსვლისთანავე (1936 წ) ცხარე დისკუსიისა და მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ნაწარმოებში ასახულია XX საუკუნის ოცდაათიანი წლების დიდი სიმართლე, ძველისა და ახლის ჭიდილი. ბუნებრივია, რომანი ვერ გადაურჩებოდა საბჭოურ ცენზურას. ცეკას დადგენილებით, ამოღებულ იქნა 2 ეპიზოდი, რომლებიც შემდგომ აღადგინეს. დღევანდელი თვალით დანახული ეს დიდებული ძეგლი ქართული მწერლობისა, ახალი წახნაგებისა თუ ფასეულობების ჭრილში, კიდევ უფრო მრავლისმეტყველი ჩანს, “ - აღნიშნავს მანანა ჯანელიძე. მართლაც, დამაინტრიგებელი სასიყვარულო სამკუთხედი და მწვავე სოციალური ჭიდილი, ძველისა და ახლის დაპირისპირების მუდმივი პრობლემა, რომანს 21-ე საუკუნის მკითხველისთვისაც სასურველსა და საინტერესოს ხდის. აღსანიშნავია, რომ კ. გამსახურდიას სპეციალური გამოცემა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით არის შესრულებული. ყდების ილუსტრაციები მხატვარმა ლევან სილაგაძემ შეასრულა. ამიტომ, თუკი კ. გამსახურდიას, როგორც კლასიკოს მწერალს იცნობთ (მით უმეტეს, თუ ჯერ არა), გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის 7-ტომეული განსაკუთრებულად ძვირფასი შენაძენი იქნება თქვენი ბიბლიოთეკისთვის. შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყება და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სერიის პირველი ტომი სწორედ 1-ლ თებერვალს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი. მოიკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით. 8 შეფასება არ არის
|