ფსიქონევროლოგია "არანორმალურები" ქმნიან შედევრებს, "ნორმალურები" კი ამ შედევრებით კეთილშობილდებიან 2021, 10 იანვარი, 23:07
ამქვეყნად არაფერი დიადი პირადი მსხვერპლგაღების გარეშე არ შექმნილა. კაცობრიობისთვის არაფერი ღირებული არ დაუტოვებია ადამიანს, რომელიც ყველასნაირი, გაწერილი ნაბიჯებით დადის და ფსიქიკით ვიღაც ჩიჩიკოვისმაგვართა დადგენილ ნორმებში ჯდება.
თანაც რა საოცარია, არა? ადამიანები, რომლებმაც უამრავი სიბრძნე დაგვიტოვეს, თვითონ ბედნიერები არ ყოფილან. თუ დააკვირდებით, ისინი სწორედ იმაზე აკეთებდნენ აქცენტებს, რაც თვითონ აწუხებდათ. პარადოქსია, აბა, რა არის, რომ დეილ კარნეგი, რომელიც ავტორია წიგნის “როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“, სრულ მარტოობაში გარდაიცვალა.
პარადოქსებზე გამახსენდა და - ოჯახური ჰარმონიის შესახებ წიგნის “როგორ შევინარჩუნოთ ქორწინება“ ავტორმა დერეკ მედინამ ცოტახნის წინ ცოლი მოკლა და ფბ-ზე მისი გვამის ფოტო გამოაქვეყნა.
უცნაურია სპოკის ამბავიც. ბენჟამინ სპოკის წიგნი ბევრ მშობელს გექნებათ ოჯახში - „ბავშვი და მისი მოვლა“, სადაც ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზეცაა ყურადღება გამახვილებული. არადა, შვილებმა ბენჟამინ სპოკი სიბერეში იძულებული გახადეს მოხუცთა თავშესაფარში გაქცეულიყო. კიდევ უფრო უცნაურია, რომ მარია მონსეროტმა, ცნობილმა პედაგოგმა თავისი მცირეწლოვანი ბიჭი გააშვილა. მიაჩნდა, რომ მისი დანიშნულება დედამიწაზე სხვისი შვილებისთვის თავის მიძღვნა იყო. კორეელმა მწერალმა, რომელმაც შექმნა და წიგნად გამოსცა საკმაოდ რაციონალური რჩევები სხვებისთვის, სათაურით „როგორ გახდე ბედნიერი“, თვითონ დეპრესიისგან თავი ჩამოიხრჩო. შიზოფრენიით დაავადებულმა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ნეშმა „ნეშის წონასწორობა“ შემოიტანა ეკონომიკაში. ედგარ პოზე რომ ვგიჟდები, ამნეზიის პრობლემები ჰქონდა-ხოლმე სერიოზული, მაგრამ უფრო მეტი უბედურებაც სჭირდა - დევნის მანია, ჰალუცინაციები და სიბნელის საოცარი შიში. ბერძენი ემპედოკლე, რომლის აღმოჩენებმაც (სინათლის სიჩქარე, ცენტრიდანული ძალა და ბევრი-ბევრი სხვაც) კაცობრიობის ცხოვრება შეცვალა, თავს ღმერთად მიიჩნევდადა. უკვდავების დასამტკიცებლად ვულკან ეტნაში ჩახტა. ჰოდა, როგორს ამოიყვანდნენ, მიხვედრა არც ისე ძნელია. სწორედ ემპედოკლემ დაადგინა, რომ ჰაერი სხვა არაფერია, თუ არა სუბსტანცია. სანამ ამ სუბსტანციას საკუთარი ორთქლი არ შეუერთა, მანამ არ მოისვენა! სად მიძვრებოდა, რომ მიძვრებოდა, თორემ კიდევ რამდენ რაიმეს აღმოაჩენდა. ნიცშეს ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია სჭირდა. ფრიდრიხი წარუმატებელი იყო სიყვარულშიც.... და არამარტო ის. ფროიდიც! ორივეს ერთი ქალი უყვარდა - თვითონაც უბედური ფსიქოლოგი ლუ სალომე და ვერცერთმა ვერ მოინადირა ასეთი უბედური ქალის გული. სხვათა შორის, ნიცშეს განდიდების მანიის სიმპტომებიც უვლინდებოდა - დედამიწაზე საკუთარ გაღმერთებას აანონსებდა ფურცლებით, რომელთაც ქუჩაში ყრიდა აივნიდან. ფსიქიკური მოშლილობის კიდევ ათასი გამოვლინებაა აღწერილი მისი ჯანმრთელობის წიგნაკში, მაგრამ რა გინდათ? სწორედ მან აჩუქა საზოგადოებას ზეადამიანის იდეა! კარლ გუსტავ იუნგის ფსიქიატრიული პაციენტი საბინა შპილრეინი ექიმის სიყვარულით შემდეგში დიდი ფსიქოანალიტიკოსი გახდა. მას რიგი ფსიქოანალიტიკოსები "ფსიქოანალიზის მივიწყებულ პიონერსაც" უწოდებენ. დევნის მანია ჰემინგუეისაც აწუხებდა, ფობიებიც... ელექტროშოკის 20-მდე სეანსი ჩაიტარა, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა. არადა "დაკარგული თაობის" სენით ხომ დაგვაინფიცირა მისი მკითხველი? "აისბერგის მეთოდიც" ლიტერატურაში ხომ მისი შემოტანილია?!. კიდევ ვინ და ... ჟან-ჟაკ რუსო. მის ლიტერატურულ შედევრებს რომ თავი გავანებო, პედაგოგიკის რეფორმატორია! რუსო - პათოლოგიური ეჭვებით, პარანოიით დაავადებული. მასაც დევნის მანია ტანჯავდა. თუმცა საფრანგეთის დიდი რევოლუციის შთამაგონებელი სწორედ ეგ არ იყო?! ლიტერატურაში ფიზიოლოგიზმის და ნატურალიზმის შემომტანს, რომელიც საზოგადოების სულიერ დაცემას აკრიტიკებდა, თვითონ სუიციდისკენ მიდრეკილება, იპოქონდრია და ჰალუცინაცეიბი ჰქონდა. ესენინი ხომ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით იყო დაავადებული, ამსხვრევდა ჭურჭელს, სარკეებს, შეურაცხყოფდა ირგვლივმყოფებს, მაგრამ სწორედ მან აქცია ნორმად ბუნების სიყვარული! შიზოფრენიით დაავადებულმა გოგოლმა ფსიქოზის პერიოდული შემოტევებით საოცარი "როლური მოდელები" შექმნა ჩიჩიკოვისა და ბაშმაჩკინის სახით. ტოლსტოი დეპრესიამ ასკეტობამდე მიიყვანა. ჯონათან სვიფტს, ჩვენ რომ გულივერი შეგვაყვარა, 5 კაცი აკავებდა, საკუთარი თვალი რომ არ ამოეთხარა, ამ ფაქტის შემდეგ კი ჩაიკეტა და რამდენიმე წელი დადუმდა. ჰოვარდ ლაფკარტი ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი შემოქმედება იმდენად უნიკალურია, რომ ლავკრაფტის ნაწარმოებებს ცალკე ქვეჟანრად ყოფენ – „ლავკრაფტის საშინელებებად“. ლაფკარტს ძილის კოშმარები მოსვენებას არ აძლევდა. მას თითქმის ყოველ ღამით სტუმრობდა " ღამის მხეცები", რომელთაც თითქოს აჰყავდათ ზეცაში და ლენგის საშინელ პლატოზე სვამდნენ. ამის შემდეგ სრულ ჭკუაზე არ იღვიძებდა. ახმატოვას ლექსშია: "ხმა შემომესმა იდუმალი, მიხმობდა მისკენ, მოდიო ჩემთან". შუმანი თვლიდა, რომ მელოდიას ბეთჰოვენი და მენდელსონი კარნახობდნენ საფლავებიდან. გავჩერდები, რადგან ნიუტონის პათოლოგიურ გულმავიწყობაზე, ფსიქოზისას საკუთარი ხელით ყურმოჭრილ ვან გოგზე, და ვინჩის აკვიატებულ ჩვევაზე - ნებისმიერ ზედაპირზე ამოეჩხაპნა იდეა იქვე, სადაც თავში მოუვიდოდა, მიქელანჯელოს აუტიზმზე, მაიაკოვსკის შეფრენებზე, ბაირონის ცხოველებისადმი გადამეტებულ სიყვარულზე თუ სამხედრო ადმირალურ თამაშებზე, ბერნარდ შოუს ახირებებზე (უკაცრავად, არათანმიმდევრულად მახსენდებიან კაცობრიობის გამოჩენილი „არანორმალურები“), სალვადორ დალის არაადეკვატურობაზე, აინშტაინის დაულაგებელ საუბარზე, პითაგორას აბსურდულ რელიგიაზე, ნიუტონის აკვიატებებზე, ტესლას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით გამოწვეულ ზეუცნაურ ქცევებზე და მიკრობების მიმართ განსაკუთრებულად მომძლავრებულ ფობიებზე, კანტის ზღვარგადასულ პედანტობაზე საუბარი კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს. არადა შორს წასვლა არ გვინდა, რადგან ქართველებსაც გვყავს შეუდარებელი გალაკტიონი, უფაქიზესი ტერენტი გრანელი, რომელმაც საკუთარი ფსიქიკის შესაბამის რეალობას დაარქვა' ღარა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"... არაფერი დიადი არ იქმნება ტკივილის გარეშე, პირადი პრობლემების გარეშე, მწარე გამოცდილებების გარეშე, არაფერი გენიალური და ღირებული არ შეუქმნიათ ჩვეულებრივ, სტანდარტულ და ე. წ. „ნორმალურ“ ადამიანებს კაცობრიობისთვის. ასეთებმა თუ რაიმე დატოვეს, ისიც მხოლოდ საკუთარი ოჯახებისა და მემკვიდრეებისთვის. თუ თავისუფლება არ მიეცი აზროვნებას, თუ "იმან ეს არ თქვას, ამან ისე არ შემაფასოს" შიშის არტახებში მოამწყვდიე, იმათსავით უსახელგვაროდ მიგითვლის სიკვდილის ცელი, ვისი შეფასებისა თუ მოსაზრებისა შენ შესახებ ესოდენ გეშინია. და საერთოდაც, რატომ არის ნორმა ის, რაც სტანდარტული, კაცობრიობისთვის არაფრის მიმცემი უმრავლესობისთვის ნიშანდობლივი საერთო მახასიათებელია? რა საინტერესოა, ნახეთ?! განსხვავებულ, " არანორმალურ" ადამიანებს ჰქონდათ რწმენა და ქმნიდნენ შედევრებს! სტანდარული, "ნორმალური" ადამიანები - წამოგორებული ტახტებზე, კითხულობენ, აკვირდებიან, უსმენენ, სწავლობენ, "არანორმალურების" შედევრებს.... და მათ მიერ მოწოდებული ღირებულებითი პრინციპების შეთვისებით შედარებით კეთილშობილდებიან. 47 7-ს მოსწონს
|