x
image
თუთიკო ბერძენა
ყველაზე ღირებული მემკვიდრეობა, რასაც დედა მიტოვებს! ყველა შვილისთვის წასაკითხი
image

შენ უკვე გაზრდილხარ და პირველ ნაბიჯებს დგამ ცხოვრების ასპარეზზე, რომელიც ცირკის არენისგან არაფრით განსხვავდება. ამ არენაზე არავინ გელოდება, არავის სჭირდები და მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევ ამქვეყნად შენი არსებობის ფაქტით. როგორი ასკეტიც არ უნდა იყო, უნებურად მაინც შეეხები ან გადაკვეთ ვისიმე სასიცოცხლო სივრცეს.

თუ რიგითი მოკვდავივით უნდა იცხოვრო, იყავი ის, ვინც ხარ, , მოთმინებით აიტანე სხვების სისუსტეები, საკუთარი კი უმოწყალოდ ამოძირკვე. არ ეძებო ადამინური გაგება, მით უფრო - ობიექტური... ნუ გექნება იმედი, რომობიექტურადშეგაფასებენ! დაიმახსოვრე:სიცრუე ეს არის სხვების სიმართლე, სხვების სიმართლე კი - მათთვის ხელსაყრელი და სასურველი ტყუილი! ის, რაც შენ ობიექტური შეფასება გგონია, მხოლოდ შენი შინაგანი სურვილია, ანუ ისეთი, როგოგორადაც გინდა გთვლიდნენ ირგვლივმყოფები.რაც ერთისთვის სიკეთეა, სხვისთვის მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს. შენ ყოველთვის შეგაფასებენ საკუთარი თვალთახედვით, უფრო ხშირად ბანალურად, სიკეთის სქემის საკუთარი ვერსიით. თუ მაინცა და მაინც კარიერისტულმა მიზნებმა გაგიტაცონ, მაშინარასდროს დაენახო ადამიანებს ისეთი, როგორიც ხარ. "ცხოვრება თაღლითობაა" და იერარქიის მაღალ საფეხურებს სწორედ ის აღწევს, ვინც უკეთ თამაშობს, ვინც თვითპრეზენტაციას ოსტატურად მორგებული ნიღბებით ახდენს და არა ის, ვისაც ტვინის ღარებსა და ხვეულებში მეტი კულტურული კაპიტალი (ცოდნა) აქვს და ტაკიმასხარაობას ვერ კადრულობს.


ნუ გაბრაზდები იმათზე, ვინც სათანადოდ არ დაგაფასებს. ეს არასრულფასოვანი სამყარო არაფერშია ვალდებული შენ წინაშე. არც არავინ დაგპირებია, რომ სამყარო სამართლიანი იქნებოდა. სამყაროში არსებობს გარკვეული ბალანსი, პლუსი და მინუსი, წონასწორობა. ადამიანებთან მიმართებაში ეს მეტწილად დარღვეულია. ამიტომ ხანდახან მგონია, რომ ჩვენ ყველა ამ გაწელილი ექსპრომტით ვიღაცის წარუმატებელი ექსპერიმენტები ვართ...


ყველას დამსახურებისამებრ მოექეცი, ნუ განადიდებ არარაობას, მაშინაც კი, თუ ეს შენი წინსვლისა და წარმატებისთვის აუცილებელია. ნუ დაარიგებ კომპლიმენტებს, თუ კი ღირსეულად არ არიგებ! ნურავის დაუკოცნი ხელებს, თუ ამ ხელების დაკბენა გინდა. შენს მოფერებასაც და საყვედურსაც ფასი უნდა ჰქონდეს, ფასი!



საკუთარი გზით იარე, რაც გულმა და ინტუიციამ გიკარნახოს. თუ თავს დაგემსხვრა უსიამოვნებები, სასწრაფოდ შეცვალე კურსი. თუ ბრბო დაგესია ამ გზაზე, სასწრაფოდ შეცვალე კურსი. ან თუ გჯერა, რომ ეს გზა სწორია, განაგრძე სვლა, მაგრამ დაიმახსოვრე: ჭეშმარიტებას მხოლოდ მარტოობისას აღმოაჩენ...


თუ შენი იდეალები ბრბომ დაიზუთხა, ხოლო შენი იდეები მოდური გახდა, ეს ნიშნავს, რომ ბრბოსთვის კომფორტული და ხელსაყრელი სიცრუეა მათში. ბრბო არ შეცვლილა ძველთაგან, ის დღემდე გაურბის მკაცრ სინამდვილეს და დღემდე სჯერა ლამაზი ტყუილის.


არასდროს არავის არაფერი სთხოვო. რამდენიც არ უნდა სთხოვო, მაინც ვერ მიიღებ იმას, რაც გჭირდება. და თუ მიიღებ, შემდეგ გაირკვევა, რომ რაც მიიღე, იმაზე გაცილებით მეტი დაკარგე! ამ ქვეყანაში მონაწილეობა არ მიიღო არანაირ კონკურსში, ნუ დაკარგავ დროს. ყველა პრიზი კონკურსამდე დარიგებულია!


სჯობს, სათანადოდ ვერ შეგაფასოს და დაგაფასოს ოდითგანვე გაფუჭებულმა და ინფანტილურმა საზოგადოებამ ჩვენმა, ვიდრე შეგაქოს! ინდიფერენტულად შეხვდი ე.წ. წარმატებებს, რადგან ადრეული მიღწევები ამრუდებს, ზოგჯერ კი საერთოდ ამსხვრევს ცხოვრებას.



კომფორტის გეშინოდეს!ნუ მისცემ მას უფლებას, რომ მოგეჩვიოს! იქ, სადაც მთავრდება კომფორტი, იწყება ნამდვილი ცხოვრება! შეზღუდე ფუფუნება და მაშინ ცხოვრების აზრს დაინახავ თვითონ ცხოვრებაში. დანარჩენი ყველაფერი არის დაუკმაყოფილებელი, უსუსური და ავადმყოფი ჭკუის მქონე ადამიანის ცხოვრების არსი. ბედნიერება ხშირად ქოხში ცხოვრობს და არა სასახლეში. გახსოვდეს, რომ უზარმაზარი სასახლეც კი პოტენციურად ერთი აქანდაზი ფერფლია. მაღაზიების ვიტრაჟებთან დიდხანს არ შეჩერდე. მანდ უამრავი თვალისმომჭრელი ნივთია, რითაც შეიძლება მისმა შემქმნელებმა არსებითიდან ყურადღება წვრილმანისკენ გადაგატანინონ! ასეთ ვიტრაჟებთან სარკაზმს მოუხმე : "რამდენი სულელური ნივთი არსებობს ამქვეყნად, რომელიც მე არაფერში მჭირდება"!


არასდროს თქვა "არ შემიძლია" !ყველაფერში სცადე საკუთარი თავი და მერწმუნე, ბევრ მიმალულ უნარს აღმოაჩენ საკუთარ თავში, რომელმაც შეიძლება ყველაზე რთულ პერიოდში შიმშილს გადაგარჩინოს...


გამყიდველ მეგობარს ადვილად და საბოლოოდ ჩამოშორდი. სჯობს მის სანაცვლოდ ახალი მოიძიო. ერთხელ შენგან წასული, მეორედ ახლოს არ გაიკარო, მთლად რომ ხოხვით და ფორთხვით მოვიდეს! ადამიანებს ძველი წყენები უფრო ამახსოვრდებათ, ვიდრე სიკეთე და პატივისცემა. და თუ ვინმე ასეთი ადამიანთაგანი სანაგვისთვის ვერ გაიმეტო, მუდამ მზადყოფნაში იყავი, რომ ზურგში ოდესმე მაინც ჩაგცხებს!


თუ ვინმეს რაიმეს დაჰპირდი, მტერი იქნება თუ მოყვარე, შეუსრულე!


ნუ მოიხედავ უკან, იარე მხოლოდ წინ. დაცემულთან არ შეჩერდე დიდხანს, თუ მისი დახმარება შენს ძალებს აღემატება. სხვა უფრო ძლიერი გამოივლის და შეცდომაში შეიყვან. იფიქრებს, რომ დაცემულს შენ ეხმარები და გვერდს აუვლის. ჰო, ამაზე გამახსენდა, დაცემა და სიკვდილი ვინმესი ძალიან არ განიცადო. დაიმახსოვრე, რომ მწვერვალი დაშვების -, ხოლო ერთის სიკვდილი მეორის სიცოცხლის დასაწყისია.


იცხოვრე დღევანდელი დღით, მომავლით მხოლოდ გიჟებმა იცხოვრონ, ხოლო ბრიყვებმა - წარსულს მისტირონ. მხოლოდ მიმდინარე წამიერი გაელვება არის ცხოვრება. ასე ცხოვრობს მთლიანად სამყარო, მთელი ბუნება! არ დაფიქრდე ხვალინდელ დღეზე და 24 სთ-ის იქით არაფერი დაგეგმო! როგორც ადამიანების წარმატებებზე დაკვირვებისას დავრწმუნდი, თურმე ყოველგვარი საქმე ორ კატეგორიად იყოფა: საქმე, რომელიც შეგიძლია არც კი გააკეთო, და საქმე, რომელიც თავისით კეთდება! ;)


გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ტვინი ღარებით და ხვეულებით ასეთი დაკუჭული იმიტომ არის, რომ საკუთარი აზრები მასში კარგად და საიმედოდ გადამალო. ნუ განაწყობ შურით და ღვარძლით ადამიანებს, ნურავის დაანახებ შენს ნიჭიერებას და მახვილგონიერებას. თუ ენაზე კბილის დაჭერა მაინც გაგიჭირდება, მაშინ ილაპარაკე ზოგადი ფრაზებით და არასდროს დაკონკრეტდე. ამის მიღმა კი შენი საქმე წყნარად აკეთე. სჯობს სულელი ითამაშო, ვიდრე სინამდვილეში იყო! ნურავის მისცემ შენი მოხიბვლის საშუალებას და ნურც ნურავის მოხიბვლას შეეცდები. ადამიანები უფრო იოლად გაპატიებენ ღალატს, მაგრამ არასდროს - განხიბვლას...


მტრებს ნუ მოუსმენ. ნუ დაინტერესდები, რას ამბობენ ან რას წერენ შენზე, ამისთვის რესურსებს ნუ დახარჯავ. არასდროს შეიყვარო მტერი და არასდროს დაიჯერო, რომ მან გაპატია, არც შენ აპატიო შეურაცხყოფა, ყოველთვის გადაუხადე, მაგრამ თანაზომადად. თუ მეორე ლოყა მიუშვირე, მეორეშიც ალიყურს მიიღებ. და უფრო მეტიც, ვისაც არ დაეზარება, ყველა შემოგცხებს ან უფრო უარესიც - ფეხს შეგაწმენდს. ზედმეტად კეთილ ადამიანებს ცხოვრებაში პატივს არ სცემენ!


ეცადე, ნაკლებად მიეჯაჭვო ან მონა გახდე რაიმე იდეის. იმედების და ოცნებების მსხვრევასაც ისევე უნდა შეხედო, როგორც მათს ასრულებას. ისე, თუ ილუზიებს თვითონ დაამსხვრევ, აღარ გექნება ყოველდღიური ტრაგედიები. ეგზალტირებული, მბრწყინავთვალება სუბიექტებისგან თავი შორს დაიჭირე. იყავი შენი ბედის მჭედელიც და მბრძანებელიც. საკუთარ თავსაც კი არ მისცე უფლება, გზიდან გადაგახვევინოს!!! არ დაუჯერო იდიოტ აგიტატორებს, რა ტკბილმჟღერ გუნდშიც არ უნდა მღეროდნენ ისინი. ყველა სახელოვანი იდეოლოგიც კი ისტორიული ბალასტია. ამქვეყნად არ არსებობს უდიადესი და უკეთილშობილესი იდეა, რომლისთვისაც ღირს სასწორზე დადო შენი ცხოვრება, სხვისი გადმოსახედით რაგინდ სრულ არარაობასაც უნდა ჰგავდეს იგი.


ეცადე არ იკამათო, მაგ პროცესში არანაირი ჭეშმარიტება არ იბადება. კამათით მხოლოდ საჭმლის მონელებას გაიუმჯობესებ.

შეძელი დიფერენცირება! ერთზე და თუნდაც მეტზეც განაწყენებულმა არასდროს გადაწყვიტო, რომ სიკეთე არავის უნდა გაუკეთო. ისწავლე ადამიანების და ღორების ერთმანეთისგან გარჩევა.


შეეცადე იყო ძლიერი თუნდაც რაიმეში, სულერთია რაში, ოღონდ რაიმეში აუცილებლაააად! დაიმახსოვრე, რომ სუსტს არასდროს ჰყავს მეგობრები.ადამიანი მარტოსულია დასაბამიდან. მიიღე ეს როგორც მოცემულობა. მზად იყავი ამისთვის: ადამიანები მანამ გიღიმიან, სანამ სჭირდები!


არაფერი ინანო. შენი ყოველი საქციელი გაამართლე მდგომარეობით, რომელშიც მას სჩადიოდი!


ზომიერება ყველაფერში დაიცავი, სიყვარულშიც კი... ნუ შექმნი მამაკაცისგან ფეტიშს, ნუ იგულწრფელებ მასთან, მით უფრო ნუ იფილოსოფოსებ ;)


დაე, შენი მიზნები მეფური და უდიდებულესი იყოს, იყავი მდგრადი და მთლიანი, არასდროს დახურდავდე. არ გამოიყენო ციტატები! ციტატები მზა მატრიცებია ტვინებისთვის, ეცადე შენ თვითონ შექმნა და დატოვო შენი ციტატა! და კიდევ იცოდე, რომ ზომიერი ცინიზმი ძალიან ფასეულია!
იაზროვნე კრიტიკულად, გააანალიზე, ხშირად დასვი კითხვა: "რატომ?" . რატომ უნდა გავაკეთო ასე? რატომ არ უნდა გავაკეთო ასე? პასუხები სტერეოტიპებში არასდროს ეძებო! გაგლიჯე არტახები, ზღუდეები, ჩარჩოები! საზღვრებს იქითაც სამყაროა, რომელშიც შეიძლება გაცილებით სწორი პასუხი აღმოაჩინო! არ დაკარგო ინდივიდუალობა! არ დაემსგავსო ყველას! იყავი შედევრი! ამ საზოგადეობაში არსებობს ძალადობის ფორმა, რომელიც ირიბად ხორციელდება და, ძირითადად, კულტურის მექანიზმებით. ადამიანებზე სიმბოლური ძალადობის განმახორციელებელი ინსტიტუტი სწორედ განათლების სისტემაა! ისე გასწავლის და შთაგაგონებს, რომ სათავისოდ გმართოს და გაკონტროლოს ამ სისტემის შემქმნელმა... ამიტომ ყველაზე მაგრად გაპიარებულ და ხალხისგან ატაცებულ ნაწარმოებსაც კრიტიკის თვალით შეხედე!

ცხოვრებას აქვს მხოლოდ თეთრი ფურცლები
. ამიტომ ფრთხილად მიჰყევი გზას, წაშლა და გადათეთრება რომ არ მოგინდეს. (-კანფეტკუ ხოჩეშ?- ნეთუ!) თუმცა სიფრთხილე არ ნიშნავს, რომ მოკლე-მოკლე ნაბიჯები გადადგა, ცხოვრების გზაზე იარე თამამად და მხნედ, ფართო ნაბიჯებით და არ შეგეშინდეს, რომ კაბის კალთას წამოედები და გაიხევ. ჰო, მართლა, მოერიდე შარვლებს, რადგან ქალი ქალურობით ფასდება! ძლიერ მამაკაცს ქალში სინაზე და ქალურობა მოწონს. თანაც კაბა იმითაა კარგი, რომ მასში შეუმჩნევლად შესამჩნევი იქნები


ისწავლე კარგვა. მთელი ცხოვრება ერთი გადაბმული გრძელი ჯაჭვია დანაკარგების და რაც უფრო მოგემატება წლები, დანაკარგების ოდენობა ამ წლების პირდაპირპროპორციულად გაიზრდება, ხოლო დაცემები თანდათან უფრო მომაკვდინებელი გახდება. მიეჩვიე დარტყმების მოგერიებას, მაგრამ თუ დაგასწრეს - გაძლებასაც.

მიიღე და გაითავისე (როგორც მოვალეობა) შენი არსებობის ტრავიალობა. ნუ იდარდებ იმაზე, ასი წლის შემდეგ როგორ დაგასაფლავებენ, მდიდრულად თუ სახელდახელოდ შეჭედილით. შენ მაგივრად, ჩემო კარგო, ვერავინ მოკვდება, რაც არ უნდა დამსახურებული ადამიანი იყო...


ნუ შეგაშინებს სიკვდილი, ის წამიერია. სიცოცხლე დააფასე, მაგრამ ძალიან სერიოზულადაც ნუ შეხედავ. სულერთია, ამ თამაშიდან ცოცხალი ჯერ არავინ გამოსულა...


შენი ცხოვრება ბუნებისთვის შუმჩნეველი ეფემერული ეპიზოდია ამ უსასრულო ემპირიულ ვარიანტებს შორის. ეკლექტური შეერთება არაშეერთებადი სულისა და ხორცის, ქაოსური ემანაცია სულისა და ხორცის - აი, ეს არისადამიანის არსი. ჩვენ ყველანი მხოლოდ ეტიუდები ვართ რომელიღაც ეპოქალური სურათის, რომელსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ იხილავს და თუ იხილავს - ვერ გაიგებს!ამიტომ იყავი ეპიკურისტი - აიღე ცხოვრებისგან საუკეთესო და ნუ დაემსგავსები ზოგიერთ სახეგაყვითლებულ, ესთეტიკურად მოკოპწიავებულ, ელეგანტურ არსებას, რომლიც სხვის საუზმეზე ისე მიდის, რომ თან არაფერი მიაქვს - ჯანსაღი მადაც კი, რომელიც, სხვათა შორის, შეთანწყობილია ჯანსაღ ეგოიზმთან --- ყველა დიდებული ეპოქის ფუნდამენტთან!

ნებისმიერი სანერვიულო სიტუაციის განეიტრალები საუკეთესო ხერხს გასწავლი: დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ კოსმოსური ხომალდით მიფრინავ. გადმოიხედე ვარსკვლავთაშორის სივრცეში შინაგანი თვალებით, წარმოსახვით დაინახე დედამიწა, ქვეყანა, ქალაქი, პრობლემის ადგილი კოსმოსიდან. სატირლად გამზადებულს, გულიანად გაგეცინება! ვიღაცას ამ დროს შეიძლება არაადეკვატური მოეჩვენო, მაგრამ ეს ვერ გადაგიწონის სეროტონინისა და დოფამინის სიკეთეს, რომელიც გულიანი სიცილისას გამოგეყოფა.


იარე, იარე, ცხრმა მთა გადაიარე და სადაც შენი უნარებისა და ნიჭის რეალიზების ყველაზე ხელსაყრელი პირობები დაგხვდეს, იქ შეჩერდი, რადგან ღმერთს ნიჭი ჩემოდანში ჩასაკეცად და ნაფთალინის მოსაყრელად არ მოუცია. არასდროს იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც გენიოსები მხრებში მოხრილნი და უტვინოები - წელში გამართულნი დადიან. დაიმახსოვრე, რომ მშობლიური ქალაქის, მშობელი ქვეყნის გარდა კიდევ არსებობს სხვა, უფრო ფართო განმარტება სამშობლოსი - მშობლიური პლანეტა. წარმოიდგინე, რომ მოხვდი ანდრომედას რომელიმე დასახლებულ პლანეტაზე ან სულაც მარსზე ;) ( ამას შენ მოეწსრები). იქ რისი ნოსტალგია გექნება?
ამიტომ დედამიწა შენი სამშობლოა!
არ დაივიწროვო აზროვნების საზღვრები!
არ დაივიწროვო სიყვარული!


მე ამ მარტივ ჭეშმარიტებამდე საკუთარი გამოცდილების წყალობით მივედი და ყველაფერი საკუთარ ტყავზე ვიწვნიე. მინდა, რომ ოდნავ მაინც შეგიმსუბუქო ტვირთი, რომელიც გელოდება, ამიტომ გაძლევ ასეთ რჩევებს, თუმცა თვითონ ყოველთვის როდი მომიხერხებია მათი გამოყენება.


და კიდევ, არასდროს მოუსმინო სხვის რჩევებს ისე, როგორც მე ვისმენდი . ეს აქ ზემოთქმულსაც ეხება ...

3
260
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
260
  
2021, 17 მარტი, 20:14
ძალიან სწორი რჩევები
2021, 17 იანვარი, 3:03
რა თქმა უნდა
2021, 17 იანვარი, 3:02
ძალიან მომეწონა უნდა წავიღო. თანამოსახელემ ხომ შეიძლება იხელმძღვანელოს ამ სტატიით ? :)
0 1 3