საქართველოში ექიმებს პაციენტების მართვაში შესაძლოა "ექიმი რობოტი" დაეხმაროს. კომპანია MYDOC-ის თანადამფუძნებელი ირაკლი სასანია BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ პირველი ასეთი რობოტი გამოსაცდელად უკვე ჩამოტანილია საქართველოში და ის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროშიც უკვე გამოსცადეს. როგორც სასანია გვიხსნის, ამ ეტაპზე სახელწმიფოსთან მიმდინარეობს კომუნიკაცია თუ როგორ შეიძლება არსებულ რეალობაში აღნიშნული რობოტის ეფექტურად გამოყენება. “ექიმ რობოტს” შეუძლია პაციენტებთან პალატაში შესვლა, წამლების მიწოდება და გასაუბრება სპეციალისტის დახმარებით.
“ამ ეტაპზე საცდელად ჩამოვიტანეთ სამედიცინო რობოტის მხოლოდ ერთი პროტოტიპი, რომელიც ემსახურება პაციენტების დისტანციურად მართვას. იმისთვის, რათა ექიმმა შეძლოს დისტანციურად პაციენტების შეფასება. რობოტს შეუძლია შევიდეს პალატებში პაციენტებთან, მისი საშუალებით კი ექიმს შეუძლია შორიდან გაესაუბროს პაციენტებს, რჩევები მისცეს, დანიშნულება შეუცვალოს და ვიზუალურადაც დაათვალიეროს.
სატელეფონო კომუნიკაციისგან განსხვავებით ვიდეო კომუნიკაციას ექიმებისთვის დიდი პლუსი აქვს, იმიტომ რომ ვიზუალურად შეფასების საშუალებას იძლევა. ეს არ არის პეპერი სხვა ტიპის რობოტია, რომელსაც შეუძლია პაციენტებთან კომუნიკაცია, მათთვის წამლების მიტანა. კოვიდ სასტუმროში ცოტა ხნით გამოვცადეთ და ჯერ კიდევ საჭიროა დამატებითი ტესტირება, რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს. სახელწმიფოს მხრიდან არის დაინტერესება და ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ თუ როგორ შეიძლება მისი დანერგვა.”-ამბობს კომპანია “MYDOC”-ის დამფუძნებელი ირაკლი სასანია.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ზაფხულში სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოებას კოვიდ 19-თან ბრძოლაში თავისი დამხმარე რობოტი “პეპერი” წარუდგინა, რომელიც ქვეყანას კოვიდ 19-ის მართვაში და დამარცხებაში უნდა დახმარებოდა. როგორც მაშინ მინისტრი ამბობდა, ეს იქნებოდა ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელე მედიცინაში. SoftBank Robotics-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი მაღალტექნოლოგიური რობოტი მას შემდეგ არ გამოჩენილა.