x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
სოციალური გაცვლის თეორია

გასაკვირი არაა, რომ ურთიერთობის შენარჩუნებისთვის საჭიროა კმაყოფილება (Levinger, 1979), თანაგრძნობა (Levinger & Snoek 1972), პასუხისმგებლობა და სტაბილურობა (Sprecher, 2001), მაგრამ რა უზრუნველყოფს ამ ფაქტორებს? მრავალი მეცნიერული კვლევა საუბრობს დანაკარგისა და ჯილდოს შეფასების გავლენაზე ამ ფაქტორთა მიმართ.

რამდენადაც კომუნიკაცია, ურთიერთობა, ქორწინება და სიყვარული რეციპროკული პროცესია, იმდენად საჭიროებს იგი ადამიანებისგან ფსიქიკური და მატერიალური რესურსების მიღება-გაცემას. არ იქნება გასაკვირი, თუ ადამიანი ამ პროცესებს ცნობიერად თუ არაცნობიერად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

სოციალური გაცვლის თეორია ერთ-ერთი იმ თეორიათაგანია, რომელიც ცდილობს ახსნას სასიყვაროულო და ოჯახური ურთიერთობები. მისი პარადიგმა - რომელიც ეფუძნება ბიჰევიორალურ ფსიქოლოგიას, სოციოლოგიასა და ეკონომიკას - განმარტავს ურთიერთობის განვითარებას, შენარჩუნებასა და შესუსტებას ჯილდოსა და დანაკარგის ბალანსის ტერმინებით. ხარჯი ის ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორთა შორის ქცევის ხარისხს, ხოლო ჯილდო - კმაყოფილებასა და სიამოვნებას ურთიერთობაში (Thibaut & Kelley 1959).

სოციალური გაცვლის თეორია არ არის ექსკლუზიურად სასიყვარულო ურთიერთობების ასახსნელად. მსგავსი ტერმინებით სოციოლოგები ნებისმიერ ინტერპერსონალურ ურთიერთობას განსაზღვრავენ. „გაცვლა ადამიანთა შორის ყველანაირი ურთიერთობის საწინდარია და მასზეა დაშენებული საზოგადოება. ამასთანავე, სოციალური გაცვლა განიხილავს ნებისმიერ შესაძლო ტრანზაგქციას ადამიანთა შორის, დაწყებული ბიზნესისთვის დამახასიათებელი მატერიალური მიმოცვლით, დამთავრებული სიყვარულითა და თანაგრძნობით“ (Chavannes, 1901).

სოციალური გაცვლის თეორია ამტკიცებს, რომ ურთიერთობაში ინდივიდები მოტივირებულები არიან კარგი შედეგებით, რომლებსაც ისინი ამ ურთიერთობისგან მოელიან (Thibaut & Kelly 1959). პარტნიორები შედეგის ხარისხს განსაზღვრავენ ჯილდოსა და დანაკარგის საფუძველზე. ისინი ურთიერთობაში იყენებენ ერთგვარ საზომს, ე.წ „შედარების დონეს“, ურთიერთობისგან ჯილდოს მოლოდინს, რომელიც ეფუძნება წარსულ გამოცდილებაში მოგება-დანაკარგების ისტორიას. ამასთანავე, მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას და გაწეული ძალისხმევის თვალსაზრისით თანასწორობას. აქედან გამომდინარე, ცოლქმრული თუ სასიყვარულო მიმოცვლის შეფასება ემყარება წარსულ გამოცდილებას, რომელიც თავის მხრივ აყალიბებს პარტნიორის შეხედულებას შედეგის „სიკეთეზე“, ეს იგივე ჯილდოსა და დანაკარგის კოგნიტური შეფასებაა (Edwards & Saunders, 1981). აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ შეფასებაში დიდი როლი აქვს წარსულს, ვინაიდან ადამიანმა შეიძლება გარკვეული დანაკარგი გაიმეტოს პარტნიორის სასარგებლოდ, თუ აქამდე მას ძალიან ბევრი ჯილდო მიუღია მისგან.

კვლევებმა დაადგინა, რომ დაქორწინებულ წყვილებში კმაყოფილება უფრო მეტია, თუ მათ შორის ჯილდო-დანაკარგის განაწილება პროპორციულად მიმდინარეობდა (Homans, 1974). სოციალური გაცვლის თეორია ამტკიცებს, რომ როცა ქორწინებაში მოგება დამაკმაყოფილებელია, იზრდება მეუღლეებს შორის სოლიდარობა (Nakonezny & Denton). სოლიდარობა, ამასთანავე, დამოკიდებულია არა მხოლოდ წარსულ გამოცდილებაში შეფასებულ დანაკარგსა და ჯილდოზე, არამედ მომავალში მათ მოლოდინზე (Levinger & Snoek, 1972).

მაშასადამე, სოციალური გაცვლის თეორია განიხილავს ადამიანებს შორის ურთიერთობას, როგორც ფსიქიკური და ფიზიკური რესურსების გაცვლის პროცესებს, სადაც ყველაზე მდგრადი არის სამართლიანი და გულისხმიერი მიმოცვლა.

გამოყენებული ლიტერატურა:

Levinger, G. K., & Snoek, J. D. (1972). Attraction in relationship: A new look at interpersonal attraction. Morristown [N.J.: General Learning Press.

Levinger, G. (1979). A social exchange view on the dissolution of pair relationships. In R. L. Burgess & T. L. Huston (Eds.), Social exchange in developing relationships. New York: Academic Press.

Sprecher, S. (2001). Equity and Social Exchange in Dating Couples: Associations With Satisfaction, Commitment, and Stability. Journal of Marriage and Family, 63, 599-613.

Thibaut, J. W., & Kelley, H. H. (1959). The social psychology of groups. John Wiley.

Homans, G. C. (1974). Social behavior: Its elementary forms (Revised ed.). Harcourt Brace Jovanovich.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:ფრიდონ თეთრაძე
ფრიდონ თეთრაძე
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0