x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
დედუქციური აზროვნება და მენტალური მოდელების თეორია

დედუქცია


დედუქციური აზროვნება არის ლოგიკური დასკვნების გაკეთების მენტალური პროცესი. იგი არის ცენტრალური კოგნიტური პროცესი და წამყვანი კომპონენტი ინტელექტში, სწორედ ამიტომ შეიცავს ინტელექტის ტესტები დედუქციურ ამოცანებს. მაღალი ინტელექტის მქონე ინდივიდები უფრო ზუსტ დედუქციურ დასკვნებს აკეთებენ (Stanovich, 1999). მაგალითად, ჩვენ ვიცით, პრინტერმა რომ იმუშავოს, მას უნდა ჰქონდეს მელანი კარტრიჯებში. ვთქვათ აღმოაჩინე, რომ კარტრიჯში მელანი არ არის. ჩვენ დავასკვნით, რომ პრინტერი არ იმუშავებს. ამ დასკვნას აქვს ლოგიკური ვალიდურობის მნიშვნელოვანი თვისება: თუ მისი წანამძღვარი არის ჭეშმარიტი, მაშინ დასკვნაც აუცილებლად ჭეშმარიტია. ლოგიკოსები ვალიდურ დედაქციას უწოდებენ ისეთ მსჯელობას, რომლის დასკვნაც ნებისმიერ შემთხვევაში ჭეშმარიტია, როცა წანამძღვრები არის ჭეშმარიტი (Jeffrey, 1981).

დედუქციური აზროვნება უდევს საფუძვლად ყველა ინტელექტუალური დისციპლინის განვითარებას და ამასთანავე, ჩვენს უნარს რომ გავუმკლავდეთ ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებს (Johnson-Laird, 2010).

ფსიქოლოგები თავიდან ცდილობდნენ, ამოეცნოთ რაიმე კონკრეტული ლოგიკა, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ გონებაში - იდეა, რომელსაც უძველესი დროის დოქტრინამდე მივყავართ. ამ დოქტრინის თანახმად, ლოგიკის კანონები არის აზროვნების კანონები. პრობლემა გახლდათ სხვადასხვა ლოგიკის ტიპების დიდი რაოდენობა და მათი ფორმალიზაციის მრავალგვარი ნაირსახეობები. ლოგიკოსებმა დაამტკიცეს, რომ არსებობს უსასრულოდ ბევრი სახის მოდალური ლოგიკა, რომლებიც ეხება შესაძლებლობასა და საჭიროებას (Johnson-Laird, 2010).

მენტალური მოდელების თეორია ხსნის, თუ როგორ ვიყენებთ ლოგიკურ აზროვნებას.

მენტალური მოდელების თეორია


მენტალური მოდელების თეორიის თანახმად, დედუქციური აზროვნება დამოკიდებულია არა ფორმალურ წესებზე, არამედ მნიშვნელობის, კავშირისა და ცოდნის გამოყენებაზე, რათა ჩამოვაყალიბოთ მენტალური მოდელები იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც წანამძღვრები მოიცავენ (Johnson-Laird, 2010).

ამ თეორიის მიხედვით, დედუქციური აზროვნება არაენობრივ, არადიაგრამულ რეპრეზენტაციებს გულისხმობს. დასკვნის გაკეთებისას, მოაზროვნეები აგებენ მოდელებს, რომლებიც წარმოადგენენ წანამძღვართან შესაბამის შესაძლო საგნობრივ მდგომარეობებს, შემდგომ ისინი ფორმულირებენ სავარაუდო დასკვნებს, რომლებიც ინფორმაციული და რელევანტურია. საბოლოოდ, ისინი ამოწმებენ ამ დასკვნას, რათა დარწმუნდნენ, რომ მოდელები თავიანთ თავში არ მოიცავენ წინააღმდეგობებს (Schechter, 2013).

მაგალითად, პირობითი წანამძღვარი, თუ p, მაშინ q (Modus Ponens), შეიძლება ამომწურავად იყოს წარმოდგენილი შემდეგ მოდელებში, რომელთაგანაც თითოეულის საგნობრივი მდგომარეობა წანამძღვართან შესაბამისობაშია:

P q

არა-p q

არა-p არა-q

მენტალური მოდელების თეორია ამტკიცებს, რომ მუშა მეხსიერების დასაზოგად, მოაზროვნეები ძირითადად წანამძღვარიდან ამომწურავად არ იქმნიან ინფორმაციის რეპრეზენტაციებს. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უსასრულო ოდენობის ვალიდური რეპრეზენტაციების შექმნა, ეს მუშა მეხსიერებისთვის არის დამღლელი და არაეფექტური. პირობის პირველადი რეპრეზენტაცია შეიძლება იყოს:

[p] q

. . .

ფრჩხილები მიუთითებს იმას, რომ პირველი მოდელი არის ერთადერთი, სადაც p არის ჭეშმარიტი. წერტილები მიუთითებს იმას, რომ შეიძლება ექსპლიციტურად წარმოდგენილი მოდელის გარდა, სხვა მოდელებიც გვქონდეს.

Modus Ponens დასკვნის გაკეთებისას, პირველადი რეპრეზენტაცია წანამძღვრისა „თუ p, მაშინ q“, კომბინირებულია მხოლოდ “p” წანამძღვრის რეპრეზენტაციასთან. ანუ ერთად გვაქვს „თუ p, მაშინ q“ და „p” (რომელიც მოითხოვს თავისი თავიდან q -ს გამოტანას). ეს გაცხრილავს ყველა იმპლიციტურ არა-p მოდელებს, რომლებიც შეიძლება ამ სამი წერტილით გამოგვესახა. შედეგად ვიღებთ ერთ მოდელს:

p q

ვინაიდან ეს არის მოდელი, სადაც q ჭეშმარიტია, აღარსად არის მოდელი, რომელიც მოიცავს საპირისპირო ერთეულებს q-სთან მიმართებაში. ეს გვაძლევს ინფორმაციას, რომ q მოყვება წანამძღვარს.

მენტალური მოდელების თეორია იმის მეშვეობით ხსნის დედუქციური აზროვნებისას დაშვებულ შეცდომებს, რომ რთულ მსჯელობებს რამდენიმე მოდელი შეესაბამება. მაგალითად, ძალიან რთულია Modus Tollens-ის ვალიდურობის დადგენა (თუ p, მაშინ q. არა-p - არა-q), იმიტომ რომ Modus Tollens-ის ვალიდურობა ვერ დამტკიცდება პირობითი წანამძღვრის პირველადი რეპრეზენტაციებით. იგი საჭიროებს პირობითი წანამძღვრის პირველადი მენტალური რეპრეზენტაციის განვრცობას, ანუ ამომწურავი რეპრეზენტაციის შექმნას და მის კომბინაციას იმ ინფორმაციასთან, რომ არა-q. კომბინაცია გამორიცხავს პირველ ორ მოდელს და ტოვებს ერთადერთ მოდელს:

არა-p არა-q

ეს არის არა-p მოდელი, რომლისგანაც ინფორმაციას ვიღებთ, რომ არა-p გამომდინარეობს წანამძღვრიდან. ეს პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე Modus Ponens რაც ხსნის Modus Tollens-ის ვალიდურობის დადგენის სირთულეს (Schechter, 2013).

Modus Tollens იმიტომ არის რთული, რომ მრავალ მოდელს და მათ გამორიცხვას მოიცავს საკუთარ თავში, როცა Modus Ponens ბევრად უშუალოა.

მენტალური მოდელების თეორია ასევე ხსნის კონკრეტულ კონტენტ-ეფექტებს. მაგალითად, დამაჯერებელი დასკვნებისადმი მიკერძოება ახსნილია სუბიექტის მოტივაციის დეფიციტით, რომ მოძებნოს დამაჯერებელი დასკვნის საპირისპირო მოდეელბი. საერთო ჯამში, მენტალური მოდელების თეორია გვთავაზობს ადამიანის მსჯელობის ეკონომიურ მოდელს, სადაც ზედმეტი ფსიქიკური რესურსები არ იხარჯება არასაჭირო დამატებითი მოდელების შემუშავებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

Johnson‐Laird, P. (2010). Deductive reasoning. Wiley Interdisciplinary Reviews: Cognitive Science, 1(1), 8-17.

Schechter, J. (2013). Deductive reasoning. The Encyclopedia of the Mind, 226-230.

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ფრიდონ თეთრაძე
ფრიდონ თეთრაძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0