x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ინტელექტი და გენდერი
„ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება არის ის, რის შესახებაც ყველამ იცის და ამავდროულად არავინ არ იცის“.

John Money (1987, p. 13).

განსხვავდებიან თუ არა ქალები და კაცები? არის რომელიმე უფრო ჭკვიანი? აქვთ კი გოგონებს ნაკლები მათემატიკური უნარები, ვიდრე ბიჭებს? ეს არის კითხვები, რომლებიც წლების განმავლობაში აწუხებდათ მეცნიერებს, რაც, ბუნებრივია, ხსნის კვლევათა იმ აურაცხელ რაოდენობას, რომლებიც ამ თემის ირგვლივაა ჩატარებული. საკითხზე მსჯელობისას, აუცილებელია, ფოკუსი კითხვიდან „რომელი უკეთესია?“ გადავიტანოთ კითხვებზე „სად და როდის ვლინდება მნიშვნელოვანი სხვაობა?“ და „როგორც შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს გააუმჯობესონ თავიანთი მიღწევები?“.

სანამ უშუალოდ ამ თემის გარშემო არსებულ კვლევათა მიმოხილვაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ რა არის ინტელექტი და რა მოიაზრება აღნიშნული ცნების ფარგლებში. ინტელექტი არის ადამიანის უნარი გამოიტანოს დასკვნები, ადაპტირდეს გარემოსთან, გადაჭრას პრობლემა, დაგეგმოს, იაზროვნოს ლოგიკურად, ისწავლოს გამოცდილებიდან და გაიგოს კომპლექსური იდეები. განსხვავება ამ უნარის ქონა-არ ქონასა კი არა, არამედ იმაშია თუ რამდენადაა განვითარებული ის თითოეულ ინდივიდში.


ნებისმიერ ჩვენგანს აინტერესებს რას გვეუბნება სქესთა შორის განსხვავებების დასადგენად ჩატარებული კვლევები, შედეგები გვეუბნება რომ განსხვავება ვლინდება სხვადასხვა დავალებების ამოხსნისას, მაგრამ არავის აინტერესებს, თუ რას არ გვეუბნება ეს მონაცემები. მონაცემები არ გვეუბნება რომ რომელიმე სქესი მეორეზე უფრო ჭკვიანია, არც იმას, რომ განსხვავება ნიშნავს უუნარობას ან მის ნაკლებობას. ხალხი ისე ჭრის პრობლემებს რომ არ იკვეთება მათ შორის ვინ არის „გამარჯვებული“ ან ვინ „დამარცხებული“.

Hyde & Linn-მა 1988 წელს ჩაატარეს 165 კვლევის მეტა-ანალიზი, რაც მოიცავდა მილიონზე მეტ კვლევის მონაწილეს. შედეგების მიხედვით, ვერბალური უნარების მხრივ ქალები ლიდერობდნენ. თუმცა როდესაც მათ გამოითვალეს შეწონილი საშუალო, რომელშიც მნიშვნელოვანი განსხვავება თითოეული შერჩევის მიხედვით იყო დაანგარიშებული, ეფექტი შესამჩნევად შემცირდა, ანუ არანაირი განსხვავება აღარ გამოვლინდა. Ramist & Arbeiter 1986 წელს დაადგინეს რომ მამაკაცები უკეთ ასრულებდნენ SAT-ის ვერბალურ ტესტს კოლეჯში მისაღები გამოცდებისთვის. როდესაც Hyde & Linn-მა მეტა-ანალიზიდან ეს შედეგები ამოიღეს, აღმოჩნდა რომ ქალები ოდნავ უფრო უკეთესად აკეთებდნენ ვერბალური უნარების ტესტს, ვიდრე კაცები.

Linn & Petersen-მა (1985) ასევე მეტა-ანალიზის საფუძველზე იკვლიეს სივრცითი უნარები. მათი ანალიზი დაფუძნებული იყო 172 შერჩევაზე. მკვლევრებმა გამოყვეს სამი განსხვავებული სივრცითი უნარი: სივრცითი აღქმა, უნარი რომ განსაზღვრო სივრცითი ურთიერთმიმართებები საგნებს შორის, მენტალური როტაცია, სიჩქარე და სიზუსტე უნარისა, რომელიც მოიცავს 2D და 3D ფიგურების ამოტრიალებასა და სივრცითი ვიზუალუზაცია, კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი მანიპულაციების განხორციელება. აღნიშნულ სქემაზე დაყრდნობით შედეგები გამოიყურება შემდეგნაირად (მამაკაცების საშუალოს მინუს ქალების საშუალო)- სივრცითი აღქმა- .44, სივრცითი როტაცია .73 და სივრცითი ვიზუალიზაცია .13. ანუ კაცები უკეთ ასრულებდნენ სივრცითი როტაციის დავალებებს, აღქმისასაც მეტ-ნაკლებად, მაგრამ ვიზუალიზაციაში განსხვავება საკმაოდ მცირეა.

რაც შეეხება მათემატიკურ უნარებს, რომელიც იკვლიეს Hyde, Fennema, & Lamon-მა (1990). მათი მეტა-ანალიზი მოიცავდა 259 სხვადასხვა შერჩევას, დაახლოებით 4 მილიონი კვლევის მონაწილით. შეწონილი საშუალო, ეფექტის ზომისა, ამ შემთხვევაშიც კაცების საშუალოს მინუს ქალებისა, წარმოადგენდა .20-ს, რაც გულისხმობს იმას რომ კაცებმა ერთი მეხუთედით უკეთ გაართვეს თავი მათემატიკურ ტესტებს, ვიდრე ქალებმა. იმ კვლევების შერჩევის საფუძველზე, რომელთაც საშუალოზე მაღალი მათემატიკური შესრულება ჰქონდათ, ეფექტის ზომა ვარირებდა .33-სა და .54-ს შორის. შეიძლება ითქვას, რომ არის მცირე ან საერთოდ არარსებული განსხვავება პოპულაციაში საშუალო შესრულებისას, ტიპურ ქალებსა და კაცებს შორის, თუმცა რაც შეეხება საშუალოზე მაღალ შესრულებას, აქ კაცები აშკარა უპირატესობით გამოირჩევიან.

რა შეიძლება ვთქვათ, აკადემიურ მოსწრებაზე, არის კი ამ მხრივ განსხვავება? მრავალრიცხოვანი კვლევები მკაფიოდ ადასტურებენ ქალების უპირატესობას ყველა საგანში, თუმცა განსხვავება არც ისე დიდია. ამერიკის National Center for Educational Statistics-მა დაადგინა რომ დაწყებით და საშუალო კლასებში გოგონებს უფრო მაღალი ნიშნები აქვთ (Snyder, Dillow, & Hoffman, 2009). სხვა კვლევებიც ადასტურებენ ამ შედეგებს. მაგ: 9-12 კლასების ნიშნების ანალიზის საფუძველზე, საშუალო GPA ბიჭებისთვის იყო 2.83, ხოლო გოგონებისთვის 3.05. სტუდენტობის წლებში კი, გოგონები კვლავ აგრძელებდნენ უფრო კარგად სწავლას, ვიდრე ბიჭები. გოგონათა 61% და ბიჭების 49%-ს ჰქონდათ 3.0-ზე მაღალი GPA. პარადოქსულია მაგრამ გოგონები უკეთეს ქულებს იღებდნენ იმ საგნებში, რომლებიც „ტრადიციულად მამაკაცური“ სფეროები იყო, მაგ: მათემატიკა და ფიზიკა, თუმცა განსხვავება აქაც საკმაოდ მცირეა და შეადგენს 0.23-ს.

როდესაც ყურადღება კოგნიტურ უნარებზეა მიპყრობილი, მკვლევრები ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) აღნიშნავენ რომ მამაკაცები უფრო ვარიაბელურები არიან ვიდრე ქალები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მეტი კაცია, ვიდრე ქალი, რომლებიც მრავალ ტესტში ძალიან მაღალ ან ძალიან დაბალ ქულებს იღებს, შესაბამისად საშუალო დონეზე მათი რაოდენობა მცირეა. რაც ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოდან აღებული შერჩევების საფუძველზეც დადასტურდა. მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ განსხვავება შესრულების სხვადასხვა დონეს შორის. საშუალო დონეზე სქესობრივი განსხვავებები საკმაოდ მცირეა, რასაც ვერ ვიტყვით ძალიან კარგ ან ძალიან ცუდ შესრულებაზე.

Reynolds, Scheiber, Hajovsky, Schwartz & Kaufman- ის მიერ ჩატარებულ კვლევაში (2015), მეცნიერები დაეყრდნენ გენდერული მსგავსების ჰიპოთეზას (Hyde, 2005), რომლის მიხედვითაც ბიჭები და გოგონები უფრო მსგავსები არიან, ვიდრე განსხვავებულები (სხვადასხვა უნარებში, მათ შორის კითხვასა და მათემატიკაში). მკვლევრებს აინტერესებდათ იყო თუ არა წერის უნარი გამონაკლისი. შერჩევა იყო 2 027 ადამიანი, 7-19 ასაკის შუალედში. შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ გოგონებს ჰქონდათ უფრო მაღალი, დაფარული კითხვის უნარი და ასევე მაღალი ქულები მათემატიკურ ტესტებში. გენდერული მსგავსების ჰიპოთეზასთან შედარებისას მონაცემები კონსისტენტური იყო. თუმცა ეს არ ეხება მართლწერისა და წერის უნარებს. გოგონები დავალებას აშკარად უფრო კარგად ართმევდნენ თავს, ვიდრე ბიჭები.


დასკვნის სახით რა შეგვიძლია ვთქვათ? განსხვავებები აღმოჩენილია სხვადასხვა კვლევებში, სხვადასხვა დროს. მაგრამ რას ცვლის ეს ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებაში? ბევრს არაფერს. ურიცხვი რაოდენობაა ურთიერთგადამფარავი უნარებისა, რომლებიც ქალებსა და კაცებს გააჩნიათ. ცოდნა იმის რომ რაღაც განსხვავებულია, ვერ დაგვეხმარება გავიგოთ თითოეული პიროვნება, ინდივიდუალურად. შესაძლებელია, დაგვეხმაროს იმ შემთხვევაში, თუ გვყავს ვაჟი, რომელიც დაწყებით კლასში კარგად ვერ კითხულობს და ჩვენ მშვიდად ვიქნებით, რადგან გვეცოდინება რომ ეს განვითარების საკმაოდ ნორმალური ტემპია, თუმცა საინტერესო ისაა რომ იგივე მსჯელობა სრულიად მართალი იქნებოდა გოგონას ყოლის შემთხვევაშიც. მთავარი მხოლოდ ისაა, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში, როგორ ვიბრძოლებთ სტერეოტიპის წინააღმდეგ და შევწყვეტთ ბავშვების დაყოფას სქესის მიხედვით.

image

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან ქორეულაშვილი
ქეთევან ქორეულაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0