x
ჰიპოპლაზია
image
ჰიპოპლაზია განვითარების მანკია, რაც გამოიხატება კბილის ან მისი ქსოვილების არასრულფასოვან განვითარებაში .


მინანქრის ჰიპოპლაზიის ეტიოლოგიურ ფაქტორად ითვლება ოდონტობლასტების არასაკმარისი ან შენელებული ფუნქცია . ჰიპოპლაზია აღინიშნება როგორც დროებით, ისე მუდმივ კბილებში, თუმცა დროებით კბილებში იგი შედარებით იშვიათად გვხვდება, რაც კბილების ფორმირების ვადებთან არის დაკავშირებული .

დროებითი კბილების ჰიპოპლაზია ძირითადად განპირობებულია ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე დარღვევებით . ბავშვის დროებითი კბილების ქსოვილების მდგომარეობაზე შეიძლება იმოქმედოს ორსულობის ტოქსიკოზმა, დედის ქრონიკულმა დაავადებებმა, ორსულობის პერიოდში სამკურნალწამლო პრეპარატების მიღებამ და სხვ.


არჩევენ ჰიპოპლაზიის შემდეგ ფორმებს :



1. ლაქოვანი ფორმა - ამ დროს ჰიპოპლაზია გამოვლენილია თანამოსახელე კბილებზე, ხშირად თეთრი, იშვიათად მოყვითალო ფერის, პრიალა ზედაპირის და მკვეთრი საზღვრების მქონე ლაქის სახით, ლაქები სიმეტრიულად არიან განლაგებული, ერთი და იგივე ფორმისა და ზომის .


2.წერტილოვანი ფორმა - ხასიათდება შედარებით თხელი მინანქრის ფენის არსებობით კბილის გვირგვინის სხვადასხვა უბანში, რომელსაც ხშირად მომგვალებული ფორმა აქვს და თანამოსახელე კბილების ვესტიბულურ ან ენის ზედაპირებზე სიმეტრიულად არის განლაგებული .


3.დაღარული ფორმა - ვლინდება სხვადასხვა სიღრმისა და სიგანის მინანქრის განივი ჩაღრმავებების სახით, რომელიც განლაგებულია კბილის საჭრელი კიდის პარალელურად .


4. შერეული ფორმა - ვლინდება ცალკეულ კბილებზე თეთრი ლაქებისა და ეროზიების მონაცვლეობით ან ღარების და ლაქების ერთდროული არსებობით.



ჰიპოპლაზიის უკიდურეს გამოვლინებას უწოდებენ აპლაზია, რომელიც ჰიპოპლაზიის ყველაზე იშვიათი ფორმაა, რომლის დროსაც მინანქარი არ აღინიშნება კბილის გვირგვინის გარკვეულ უბანზე ან გვირგვინის ნაწილზე.


გავრცელების მიხედვით არსებობს : სისტემური ჰიპოპლაზია, კეროვანი ჰიპოპლაზია და ადგილობრივი ჰიპოპლაზია .


სისტემური ჰიპოპლაზია კბილების არაკარიესული დაზიანებების დაახლოებით 90% შეადგენს . ამ დროს მაგარ ქსოვილთა დარღვევები წარმოიშობა იმ კბილთა ჯგუფში, რომელიც ფორმირდება ერთსა და იმავე პერიოდში . დეფექტების ლოკალიზაცია სიმეტრიულია, განლაგებულია გვირგვინის ერთსა და იმავე უბანზე მსგავსი სიდიდის დაზიანებული კერების სახით . სისტემური ჰიპოპლაზიის ნაირსახეობას წარმოადგენს ჰეტჩინსონის, პფლუგერის და ფურნიეს კბილები, რომლებიც ხასიათდება გვირგვინის ფორმის თავისებურებებით.


კეროვანი ჰიპოპლაზია იშვიათი დაზიანებაა . იგი ვლინდება რომელიმე ყბის ერთ მხარეზე, ერთმანეთის გვერდით მდგომ კბილთა ჯგუფში . კბილთა ჯგუფური დაზიანება შეიძლება განპირობებული იყოს ყბების ქრონიკული ოსტეომიელიტით, სიმსივნეებით, დასხივებით, ყბა - სახის ტრავმით .


ადგილიბრივი ჰიპოპლაზია ხასიათდება ერთ ან ორ კბილზე ქსოვილთა განვითარების დარღვევით, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს მუდმივი კბილის ფოლიკულის ტრავმით ან ანთებითი პროცესის მუდმივი კბილის ფოლიკულაზე გავრცელებით . დროებით კბილებზე ადგილობრივი ჰიპოპლაზია არ აღინიშნება .


ჰიპოპლაზიის დროულ მკურნალობას აქვს არა მარტო ესთეტიკური, არამედ ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც . მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და დაზიანების სიმძიმეზე . მკურნალობის დასაწყისშივე საჭიროა ამბულატორიულ რუკაში დაზიანებული კერის ზომების დაფიქსირება, რათა შესაძლებელი იყოს ჩატარებული რემთერაპიის შედეგის კონტროლი . აპლაზიის შემთხვევაში ნაჩვენებია კბილების დაფარვა ხელოვნური გვირგვინებით.

0
306
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0