სალათები "საშობაო გვირგვინი" და "ნაძვის ხე" - საახალწლო სალათი 2020, 18 დეკემბერი, 20:01
ახლოვდება საახალწლო დღესასწაულები და მნიშვნელოვანია იდეები, რომელიც სუფრის გალამაზებაში დაგეხმარებათ. ნებისმიერი შემადგენლობის სალათი შეგიძლიათ, გააფორმოთ საშობაო გვირგვინის, ან ნაძვის ხის სახით და "ჩააცვათ ქურქი" კამას, ან ცერეცოს გამოყენებით.მაგალითად, შეგიძლიათ, აიღოთ კრაბის (კიბორჩხალას) ჩხირებით სალათი, ვაშლითა და პომიდვრით.
საჭირო ინგრედიენტები:
კრაბის ჩხირები - 200-250 გრამი; მოტკბო-მომჟავო ვაშლი - ნახევარი (0.5 ცალი); პომიდორი - 2 ცალი; დაკონსერვებული სიმინდი - 4 სუფრის კოვზი + მოსართავად; მოხარშული ბრინჯი - 4 სუფრის კოვზი; მაგარი ყველი - 50-70 გრამი; მაიონეზი, ან/და არაჟანი, ან იოგურტი - 100 გრამი; მარილი - გემოვნებით; დაფქული შავი წიწაკა (ე.წ. "ჩორნი პერეც") - გემოვნებით; ქორფა კამა - 1 დიდი შეკვრა; ბროწეულის მარცვლები - მოსართავად.
მომზადება:
ბრინჯი წინასწარ მოხარშეთ და გააცივეთ. კრაბის ჩხირები დაჭერით პატარა კუბებად. პომიდორიც დაჭერით პატარა კუბებად, ნაწილი დატოვეთ სალათის მოსართავად. ვაშლი დაჭერით წვრილ კუბიკებად. კამა წვრილად დაჭერით. ყველი გახეხეთ მსხვილნასვრეტებიანი სახეხით; დაჭრილი პომიდორი, ვაშლი, კამა და დახეხილი ყველი ჯამში აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ სიმინდი და ბრინჯი. კრაბის ჩხირების სალათი შეგიძლიათ, შეაზავოთ მაიონეზით, ან არაჟნით, ან სულაც იოგურტით.
კრაბის სალათს გვირგვინის ფორმა რომ მისცეთ, თეფშის, ან ლანგრის ცენტრში, შუაში ჩადეთ ნებისმიერი ქილა, ან შესაბამისი დიამეტრის ფუჟერი და მხოლოდ ამის მერე შემოვაწყოთ ჭურჭლის ირგვლივ.
სალათს ზემოდან შემოაწყვეთ ქორფა კამა, დაარჭვეთ კრაბის ჩხირები პომიდვრით, რათა საშობაო წითელი სანთლების იმიტაცია მიიღოთ.
სადღესასწაულო სალათი "საშობაო გვირგვინი" მზადაა.
ზუსტად ამავე პრინციპით იხელმძღვანელეთ კრაბის სალათისათვის ნაძვის ხის მისაცემად. ჯერ დადეთ კრაბის სალათი ნაძვის ხის ფორმით, შემდგომ ზემოდან მორთეთ ქორფა კამითა და პომიდვრისაგან გამოთლილი, გამოჭრილი "ვარსკვლავითა". ტინზელი (ნაძვის ხის ფორმა - თეთრი ხაზები) შეგიძლიათ, გააკეთოთ მაიონეზის, ან არაჟნისაგან, "ნაძვის ხის სათამაშოები" კი ყვითელი დაკონსერვებული სიმინდისა და ბროწეულის მარცვლებისაგან.
საახალწლო სალათი "ნაძვის ხე" მზადაა. მხიარულ დღესასწაულს და სასიამოვნო მადას გისურვებთ!
34 1-ს მოსწონს
|