x
image
ეკა ლაცკა
ერნესტო კარდენალი - ლოცვა მერლინ მონროსათვის
image



"ლოცვა მერლინ მონროსთვის", რომელის წაკითხვასაც, თუკი ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს, მსახიობის, მომღერალისა და მოდელის ცხოვრების შესახებ რაიმე გსმენია, უემოციოდ ნამდვილად ვერ შეძლებ, გათავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენელს, მღვდელს, პოეტსა და მწერალს ერნესტო კარდენალს ეკუთვნის.

აი, ისიც:



ლოცვა მერლინ მონროსათვის

უფალო,


მიიღე ეს გოგონა,

ვისაც მთელი მსოფლიო იცნობდა როგორც მერილინ მონროს, თუმცა ეს მისი ნამდვილი სახელი არ იყო. (მაგრამ შენ ხომ იცი მისი სახელი, სახელი ობოლი ბავშვისა, 9 წლისა რომ გააუპატიურეს. პატარა, გამყიდველი გოგონას სახელი, 16 წლისათავის მოკვლას რომ შეეცადა).

ეს გოგონა, რომელიც ახლა შენს წინაშე დგას, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, თავისი მენეჯერების გარეშე, ფოტოგრაფების გარეშე, და ავტოგრაფებს აღარ არიგებს, მარტოდმარტო ასტრონავტივით კოსმოსური ღამის წინაშე.

image

პატარაობისას იგი ოცნებობდა, ეკლესიაში შიშველი მდგარიყო (როგორც ტაიმი იტყობინებოდა) მუხლმოყრილი ხალხის წინაშე, თავები მიწამდე რომ დაეხარათ, და მას თითის წვერებზე უნდა გაევლო, რომ მათ თავებს არ შესდგომოდა.

შენ ფსიქიატრზე უკეთ იცი ჩვენი სიზმრები და ოცნებები: ეკლესია, სახლი, გამოქვაბული - ეს ხომ დედური საშოს თავშესაფრებია, მაგრამ უფრო მეტიც... ის თავები კი თაყვანისმცემლებს ნიშნავს, ხომ ნათელია, თავების მასა დარბაზის ბნელში, განათებული სინათლის ჩქერით.

მაგრამ ტაძარი არ არის 20th Century-Fox, ტაძარი - სიწმინდე ოქროსა და მარმარილოსგან მისი სხეულია და მასში დგას ძე კაცისა ხელში მათრახით და გარეთ ერეკება სტუდიის მოვაჭრეებს, შენი სამლოცველო ყაჩაღების ბუდედ რომ აქციეს.

უფალო, უფალო, ამ სამყაროში, ცოდვებითა და რადიოაქტივობებით რომ დაცხავებულა, შენ არ შერაცხავ პატარა გამყიდველ გოგონას ცოდვილად, რომელიც ყველა პატარა გამყიდველი გოგონას მსგავსად ოცნებობდა ვარსკვლავობაზე, და მისი ოცნება სინამდვილედ იქცა.

(მაგრამ სინამდვილედ ტექნიკოლორში, შავ-თეთრ ფილმს ფერადად რომ გადააქცევს) იგი მოქმედებდა ჩვენეული სცენარის მიხედვით, სცენარით, რომელიც ხელში ჩავუდეთ, - ჩვენი საკუთარი ცხოვრების სცენარი - და ეს აბსურდული მანუსკრიპტი იყო.

image

შეუნდე უფალო,

და შეგვინდე ყველას ჩვენი 20th Century, ეს კოლოსალური სუპერპროდუქცია, რომელშიც ყველანი ვმონაწილეობთ, მას სიყვარული შიოდა - და ჩვენ დამამშვიდებელ წამლებს ვაწვდიდით; გასაქარვებლად ნაღველისა იმის გამო, რომ წმინდა არ იყო, ფსიქოანალიზს განვუდიდებდით...


გაიხსენე, უფალო,

როგორ იზრდებოდა მისი შიში კამერის წინაშე, გაიხსენე, უფალო, სახის შეღებვა რომ ეჯავრებოდა და რომ უნდა შეეღება ყოველი სცენის წინ, გაიხსენე, როგორ იზრდებოდა მისი ძრწოლა, მისი თავზარი, სტუდიაში სულ უფრო და უფრო რომ იგვიანებდა.

image

როგორც ყველა პატარა გამყიდველი გოგონა, იგი ოცნებობდა გამხდარიყო ვარსკვლავი...

და გაირბინა მისმა ცხოვრებამ ოცნებასავით, სიზმარივით ირეალურად, რომელსაც ახლა ფსიქიატრი აანალიზებს და აქტებს დაურთავს.

მისი სიყვარულის თავგადასავლები იყო კოცნები დახუჭული თვალებით და როდესაც თვალებს ახელდა, ხედავდა რომ ეს იყო კოცნა მხოლოდ ფილმში, სხვა არაფერი.

image

ამის შემდეგ კი აქრობენ პროჟექტორებს!

და ჩნდება ორად-ორი კედელი ფილმის ოთახისა (კინემატოგრაფიული კაიფის შემდეგ)

და რეჟისორი შორდება მას ხელში სცენარით, რადგან სცენა უკვე შებრუნდა.

ან როგორც იახტით მოგზაურობა - ერთი კოცნა სინგაპურში, ერთი ცეკვა რიოში, მიღება ვინძორის ჰერცოგის სახლში, და ყველაფერ ამას უბადრუკი ავეჯით გაწყობილ ოთახში ნახავ.

დასრულდა ფილმი, მაგრამ ჰეპი ენდის გარეშე.

image

ის მკვდარი იპოვეს ყურმილით ხელში.

და დეტექტივებმა ვერ გაიგეს, ვისთან სურდა ბოლოს ლაპარაკი.

ანდა ეგებ თვითონ მას დაურეკეს ერთადერთი მეგობრული ხმის გასაგონად, და ისმის ხმა მაგნიტოფონიდან, რომელიც ხრიალებს: Wrong Number, ანდა როდესაც განგსტერის ტყვია გაივლის უცებ და ხელს გაიწვდენ ტელეფონისკენ, რომელიც თურმე გამორთულია.

უფალო,

სულ ერთია, ვინ არის იგი, ვისთვისაც მას სურდა დაერეკა და ვერ დაურეკა, ეგებ არც არავინ იყო ან ვიღაცა ისეთს ეძებდა, რომლის ნომერიც საერთოდ არ წერია ლოს-ანჟელესის ტელეფონების წიგნში.

სულ ერთია: შენ აიღე, უფალო, ყურმილი!


ერნესტო კარდენალი

მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0