x
image
მაია 24
"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში
image


ასტროლოგი ქეთი ვაწაძე გვესაუბრება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში უახლოესი 20 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს:


  • იუპიტერი-სატურნის შეერთება

დედამიწის მე-5 განზომილებაში გადასვლა


2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა არამარტო ამ წლის მანძილზე, არამედ მას შეიძლება ითქვას, ეპოქალური მნიშვნელობა ენიჭება სამყაროში, რატომ? - ამას ქვემოთ მოგახსენებთ. შევეცდები ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ასტრო-ეზოთერულ ჭრილში განვიხილო და მოკლე მიმოხილვა შემოგთავაზოთ ზედმეტად რთული ტერმინებისა და ამ ეტაპზე ძნელად აღსაქმელი ინფორმაციის გარეშე.



ის, რომ 21 დეკემბერი ისედაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გვაქვს ე.წ. ზამთრის ბუნიაობა - მზე თავისი უკიდურესად დაბალი წერტილიდან აღმავალ ფაზაში გადადის, ანუ ასრულებს თავის ერთწლიან ასტროლოგიურ ციკლს და "კვდება", რათა შემდეგ კვლავ დაიბადოს და მომდევნო წრეზე წავიდეს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ წელს, ამას ემატება ისიც, რომ 21.12.2020 ცაზე, მერწყულის ნიშანში ერთმანეთს უერთდდება ორი გიგანტი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი, რომელიც განსაზღვრავს უახლოესი 20 წლის ტენდენციებს.


ეს მოვლენა ასტროლოგიაში აგრეთვე, დიდი მუტაციის სახელწოდებითაა ცნობილი. შეერთება ხდება 22:21 წუთზე თბილისის დროით, მერწყულის ნულ გრადუსზე.


რატომ არის ახლა ეს შეერთება ასეთი მნიშვნელოვანი:


ასტროლოგიაში სატურნს და იუპიტერს "დროის გამგებლის", "დიდი ქრონოკრატორების" სახელწოდება აქვთ მინიჭებული და სწორედ იუპიტერისა და სატურნის ციკლების საფუძველზე აკეთებდნენ ძველი ასტროლოგები ახალი იმპერიებისა და მეფეების დაბადების, ან გარდაცვალების, იმპერიის დაცემის წინასწარმეტყველებებს. ასე მაგალითად, ქრისტეს დაბადებამდე ბევრად ადრე, მოგვებს უკვე ჰქონდათ ცოდნა კაცობრიობის სულიერების განვითარებაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ეპოქის დაწყებაზე, რომ ე.წ. ბეთლემის ვარსკვლავი, რომელსაც სამყაროსთვის უნდა ემცნო კაცობრიობის მხსნელის, უდიდესი მისიის ღმერთ-კაცის დაბადება, სავარაუდოდ, მარტო იუპიტერისა და სატურნის შეერთებისას მოხდებოდა და ეს შეერთება, მართლაც, ჩვ.წ.აღ.-მდე 7 წელს მოხდა თევზების ნიშანში, თევზები, კი სწორედ სულიერ სფეროს, უპირობო, სამყაროსეულ სიყვარულს განაგებს. სხვა დროს, ასეთი სამყაროსეულად მნიშვნელოვანი მოვლენა კოსმოსთან შესაბამისობის გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა.


ამჟამად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სატურნი და იუპიტერი, რომლებიც აქამდე, ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მიწის სტიქიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს (1802 წლიდან), მომდევნო შეერთებებს მხოლოდ ჰაერის სტიქიის ნიშნებში განახორციელებენ. ზოგადად, სატურნისა და იუპიტერის ურთიერთქმედების ყველა ციკლი იყოფა 3 ტიპად: მცირე, საშუალო და დიდი.


მოდით განვიხილოთ კონკრეტულად ამჟამინდელი სიტუაცია: მცირე ციკლი გრძელდება 20 წელი. ეს დრო იქნება საჭირო, რათა ეს ორი გიგანტი კვლავ ჰაერის ნიშანში შეხვდეს ერთმანეთს. ეს, ასე ვთქვათ, რეპეტიციაა, საწყისი ეტაპი მერწყულის ეპოქაში შესასვლელად. მცირე ციკლის დროს შესაძლებელია პოლიტიკური რეჟიმების, ეკონომიკური მდგომარეობის, მსოფლმხედველობის თანდათანობითი ცვლა. სამყაროში მზადდება ნიადაგი, იქმნება წინაპირობა საშუალო ციკლის წარმატებული განხორციელებისთვის.


საშუალო ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 240 წელია, რომლის დროსაც ყოველი იუპიტერისა და სატურნის შეერთება მოხდება იმავე სტიქიაში, რაც მანამდე იყო, ანუ ჰაერში. აქ მოსალოდნელია მერწყულისეული თემების უფრო მეტად გაძლიერება - წინა პლანზე წამოვა როგორც ტექნოლოგიები და ინოვაციები, ასევე შესაძლოა მოხდეს ბევრი მოულოდნელობა, არსებული სისტემის შეცვლა, რეფორმები, კულტურული და ეკონომიკური რევოლუცია, რელიგიური პარადიგმის ცვლა და სხვ.


ხოლო, რაც ეხება იუპიტერისა და სატურნის დიდ ციკლს - ის დაახლოებით 960 წელში ერთხელ ხდება. ამ პერიოდის მანძილზე ეს პლანეტები ოთხივე სტიქიას გაივლიან. ზოგადად, გლობალური ცვლილებები უეცრად, ერთ დღეში, ან ერთ წელიწადში არ ხდება. და ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია და მომავალში კვლავაც გაგრძელდება ერთი სტიქიიდან მეორე სტიქიაში მონაცვლეობა, როგორც წესი, გლობალურ კრიზისს იწვევს, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდად აღიქმება, რადგან მას მოსდევს ცვლილებები ფასეულობების, პრიორიტეტების, საზოგადოების ორიენტაციის, ასევე, ცივილიზაციისა და მთლიანად, სამყაროს სამომავლო განვითარების კუთხით.


მიწის სტიქია - ესაა მატერიალური ღირებულებები, სტაბილურობა, მძიმე შრომა, პრაქტიკულობა, პრაგმატიზმი. ასე ცხოვრობდა სამყარო ბოლო 200 წელი. მაგრამ, ამიერიდან, თანდათანობით ყველაფერი შეიცვლება და იქნება სხვაგვარად. აღარ იქნება სამყარო ისეთი, როგორიც აქამდე იყო! რადგან მერწყული, სადაც ხდება ეს შეერთება, ჰაერის სტიქიას წარმოადგენს, წინა პლანზე გამოვა ახალი ტექნოლოგიები, ინტელექტი, ურთიერთობები, თავისუფლების მოთხოვნილება, რეფორმატორულობა, შემოქმედებითი და კოლექტიური საქმიანობა.


ჰაერის სტიქია - ესაა ძალიან რაციონალური, მენტალური, ცივი სტიქია, ხოლო თვითონ მერწყული - ყველაზე არაემოციური ჰაერის ნიშნად მოიაზრება მთელს ზოდიაქოში, მისი მმართველი ურანი კი - ყველაფერი ახლის, თანამედროვეს, რადიკალურის, რევოლუციურის მმართველია. ის ასახიერებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სიახლეს, ინდივიდუალობას, მმართველობაში დიდი და ნიჭიერი ადამიანების მოსვლას. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მოსალოდნელია საზოგადოებაში თანდათან მოხდეს მასშტაბური ტრანსფორმაცია, მაგ.: მომავალში ჩვენთვის უფრო ფასეული გახდება ინფორმაციული და ინტელექტუალური შრომა და მისი პრაქტიკული გამოყენება, ვიდრე მატერიალური საგნები, წარსულს ჩაბარდება დიქტატურა და ტოტალიტარული რეჟიმები, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გახდება მომავალი და მასზე ზრუნვა, წინა პლანზე წამოიწევს ეკოლოგიის საკითხები, მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის განათლების სისტემა, თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა განვითარდეს როგორც ინტელექტუალურად, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისით. ახლა, ცხოვრების ყველა სფეროში, თანდათან ხდება ახალ ვიბრაციებზე გადასვლა. გაჩნდება თანასწორობის და სამართლიანობის, ერთიანობის, თანამოაზრეობის, გუნდურობის მოთხოვნილება, სამყარო რაღაც წილ გადადის უფრო ვირტუალურ სფეროში, იხვეწება ტექნოლოგიები, შემოტანილი იქნება უამრავი ინოვაციური მიდგომა, ახალი ხედვა და ეს შეეხება განურჩევლად ყველა სფეროს - მედიცინიდან, განათლების სისტემიდან დაწყებული ყოფით სფეროებამდე, მოკლედ, წინ - საინტერესო ეტაპი გველის.


და როგორც ბოლო თვეებმა დაგვანახა, ცვლილებები უკვე დაწყებულია. ახლა ჯერ გაუგებრობაში, კრიზისში ვართ, მაგრამ ნებისმიერი კრიზისი - ეს რაღაც ახლის დასაწყისია. არ არსებობს სრულიად ნეგატიური, ან სრულიად პოზიტიური მოვლენა. ყველგან უნდა შევძლოთ რესურსის მოძიება, იქაც, სადაც გვგონია, რომ არ შეიძლება იყოს.


ახლა, რაც ეხება დედამიწის მე-5 განზომილებაში გადასვლას და ამასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და ღელავს 21 დეკემბერთან დაკავშირებით. ვრცელდება უამრავი ცრუ, შემაშფოთებელი, დამამძიმებელი, თუმცა ბევრიც - ძალიან სასიკეთო და სასარგებლო ინფორმაცია და მადლობა იმ ადამიანებს, ავტორებს, ვინც ასე ზრუნავენ ადამიანების გამოღვიძებაზე, ცდილობენ გაანათლონ და დაეხმარონ მათ ამ უმნიშვნელოვანეს გარდამავალ პერიოდში. ესენი არიან სამყაროს მისიონერები, გამოღვიძებული ნათელი სულები, რომლებიც ერთგვარად სამყაროსეულ დავალებას ასრულებენ და თუ დააკვირდებით, ძალიან იმატა მათმა რაოდენობამ, რაც ძალიან, ძალიან კარგის მანიშნებელია, ბევრი გამოღვიძებული და ნათელი სულის ადამიანია ჩვენს გარშემო, ყველანაირად ცდილობენ ხალხის დახმარებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანებში, მაინც გარკვეული უიმედობა, მომავლის შიშია. მინდა დაგამშვიდოთ, - არაფერი ცუდი არ ხდება!


საერთოდ, ადამიანებს გვჩვევია გვეშინოდეს იმის, რაც არ ვიცით და ჯეროვნად ვერ ვერკვევით. ალბათ ყველას გვახსოვს ის ვნებათაღელვა, რაც 2012 წლის 21 დეკემბერს ხდებოდა საზოგადოებაში, - იყო ბევრი შიში, გაურკვევლობა, პანიკაც კი! ბევრის მტკიცებით (მათ შორის ეზოთერიკოსების, მაიას ტომის კალენდრის მკვლევარების, მედიუმების და სხვ.) აპოკალიფსი, მეორედ მოსვლა და მსგავს ნეგატიურ მოვლენებს ექნებოდა ადგილი 2012 წლის 21 დეკემბერს, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა! გახსოვთ, ხომ?! აბსოლუტურად ჩვეულებრივი დღე გათენდა მოხდა შემდეგი - საუკუნეების მანძილზე დედამიწის ვიბრაციის სიხშირე შუმანის შკალის მიხედვით იყო 7, 6 - 7, 8 ჰერცი. 80-იანი წლებიდან დედამიწის მაგნიტური ბადე შეიცვალა და დაიწყო თანდათანობით ზრდა და 2012 წლის 21 დეკემბერს კვანტური ნახტომით დაგვირგვინდა.


21 დეკემბრის შემდეგ დედამიწის მაგნიტურმა სიხშირემ კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით დაიწყო მატება. სიხშირის ზრდა მანამდეც ხდებოდა, თუმცა მკვეთრი ზრდა, სწორედ 2012 წლის 21 დეკემბრიდან დაფიქსირდა, დედამიწა უფრო მაღალ ვიბრაციაზე გადავიდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმატებს. ამჟამადაც, 2020 წლის 21 დეკემბერს ანალოგიურ მოვლენასთან გვექნება საქმე: დედამიწის მაგნიტური სიხშირე კვლავ გაიზრდება და 21 დან 40 ჰერცს ასცდება (შუმანის შკალის მიხედვით, რითიც იზომება დედამიწის მაგნიტური ველი), ამიტომ, თუ ადამიანის ორგანიზმის უჯრედული ვიბრაცია დედამიწისაზე დაბალი იქნება, ის შეუსაბამო იქნება დედამიწის ახალ ვიბრაციებთან და ძალიან გაუჭირდება ახალ რეალობასთან ადაპტირება. სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ სამყაროს ნათელი ადამიანები ამ პერიოდში, ამიტომ არის ამდენი მოწოდება პოზიტივზე, ერთიანობაზე, უპირობო სიყვარულზე, მიტევებაზე, ვინაიდან, როგორც იცით ყველა ადამიანს, ყველა ემოციას თავისი მაგნიტურ რეზონანსული სიხშირე გააჩნია და მაგნიტური შკალით იზომება, ასე მაგალითად: შიში, სასოწარკვეთა, დეპრესია, შური, მტრობა, სიძულვილი, აგრესია - ეს ძალიან დაბალი ვიბრაციებია, მათი სიხშირე სადღაც 0, 3-3, 9 შორის მერყეობს, მაშინ, როდესაც მიტევება, სიკეთე, სიყვარული, დახმარება, სათნოება, პოზიტივი, რწმენა, მადლიერება - 40-დან 250 ჰერცსს აღწევს! ამიტომ არის აუცილებელი ჩვენი აზროვნების, ფიქრების, ქმედებების შეცვლა და ეს უნდა მოხდეს სასწრაფოდ!



ხშირად მიფიქრია ერთ საკითხზე: ამ კოვიდ 19-ის დროს, მეტ წილად ზრდასრული და ასაკიანი ადამიანები ავადდებიან და ბავშვებში, ეს დაავადება (მადლობა ღმერთს), ბევრად ნაკლებად გვხვდება. რატომ? რადგან ბავშვებს, თავისთავად, მაღალი ვიბრაცია აქვთ! ალალები არიან! ტყუილად არ ეძახიან ღვთის შვილებს! მათ გულით უხარიათ, გულით უყვართ, ადვილად პატიობენ, უყვართ და იღებენ საკუთარ თავს ნებისმიერს, პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ ბედნიერად იგრძნონ თავი, შეჰხარიან ყველანაირ უმნიშვნელო წვრილმანს, ყოველ გათენებულ დღეს! მათ მიტევება, უპირობო სიყვარული შეუძლიათ! მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რას ნიშნავდა იესოს სიტყვები - იყავით პატარა ბავშვებივით, რადგან მათია, ცათა სასუფეველი...


ისევ შუმანის რეზონანსის თემას რომ დავუბრუნდეთ, ბირთვული ფიზიკოსების მიერ კოვიდის ვიბრაციაც არის შესწავლილი და როგორც აღმოჩნდა, ის მხოლოდ 15 ჰერცია! უფრო მაღალ ვიბრაციებთან შეხებისას, ის უბრალოდ უძლურია, კვდება! დასკვნები, თავად გამოიტანეთ ვიბრაციების ასაწევად შეეცადეთ ბუნებასთან გქონდეთ კონტაქტი, მოუსმინეთ ამაღლებულ მუსიკას, იმღერეთ, იცეკვეთ, დაუკარით, ილოცეთ, ვისაც სურს, შეუძლია თვითშემეცნებას, მედიტაციას დაუთმოს დრო, ყველაზე აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი კი - მიტევება-მონანიებაა, მათ შორის და უპირველესად საკუთარი თავის, პატიება, მიღება, კეთილგანწყობა ყველას მიმართ, უპირობო სიყვარულის სწავლა. აუცილებელია ჩვენში ნამდვილმა ადამიანურმა ბუნებამ გამოიღვიძოს, ანუ ისეთმა, როგორიც იყო ჩაფიქრებული ადამიანი შემოქმედის მიერ და რაც საუკუნეების მანძილზე დავკარგეთ, ახლა აუცილებელია სწორედ ეს გამოღვიძება, საკუთარი არსის გაცნობიერება, რათა უმტკინვეულოდ შევძლოთ ახალ რეალობაში ახალ სამყაროსთან ადაპტირება, ახალი ხედვის უნარი, სამყაროსთან ერთიანობის განცდა.


დამეთანხმებით, როგორც არასდროს გასაგები გახდა ყველასთვის ერთ-ერთი გაცვეთილი და თითქოს და არაფრის მთქმელი ფრაზა "დედამიწა - ჩემი სახლია!" ბევრ ადამიანში ხდება გაცნობიერება - აღარ არსებობს საზღვრები, ისევე გტკივა ვიღაც უცხო ტომელი მეზობელ კონტინენტზე, როგორც საკუთარი, ისევე გაღელვებს ამაზონის ტყის დაწვა, როგორიც შენი ბუნების გაჩანაგება. დიახ, ეს გლობალური თანაგანცდა უკვე დაწყებულია და სამომავლოდ, უფრო მეტად გაიზრდება. ადამიანები იღვიძებენ, თავისთავად ხდება მათი ვიბრაციების ამაღლება და სწორედ ესაა წინაპირობა თავის მაცხოვრებლებთან ერთად მთლიანად დედამიწის უფრო მაღალ ვიბრაციაზე გადასასვლელად, სხვაგვარად არ გამოვა!


და ზუსტად ამისთვის, რათა მთლიანად დედამიწამ შეძლოს ახალ ვიბრაციაზე მსუბუქად გადასვლა, ამაღლება, უკვე მე-20 საუკუნის 80-ანი წლებიდან ნელ-ნელა დაიწყო შემოსვლა ახალი რასის წარმომადგენლებმა, ე.წ. ინდიგო რასამ, მოგვიანებით, 2008 წლიდან მათ მოყვნენ ე.წ. "ცისარტყელები" და ბოლოს შემოვიდნენ უკვე "კრისტალები". სწორედ მათ ევალებათ დედამიწის ვიბრაციის აწევა, გასუფთავება თავიანთი ნატიფი ვიბრაციებით და სწორი სამყაროსეული მსოფლმხედველობით. დააკვირდით ჩვენს ბავშვებს, შვილებს, შვილიშვილებს - ისინი ბევრად ნიჭიერი, სუფთა, ბევრად ადამიანურები, ბევრად ჰუმანურები არიან. ნახეთ როგორ ფაქიზად ეპყრობიან ბუნებას, ცხოველებს, როგორ ზრუნავენ მათზე და მაგალითს გვაძლევენ უფროს თაობებს, როგორ გულით ეხმარებიან უმწეოებს, - უამრავი დახმარების ჯგუფი შეიქმნა ამ ბოლო დროს და ეს გოგო-ბიჭები სრულიად უსასყიდლოდ, მთელი გულით ცდილობენ უცნობი ადამიანების გვერდში ამოდგომას, გამხნევებას, მათი სიცოცხლის გადარჩენას როგორც შეუძლიათ - სწორედ ეს არის ჩვენი, დედამიწის მომავალი!


მოკლედ, რომ შევაჯამო და ძალიან ბევრი რომ არ ვწერო, თუმცა სათქმელი კიდევ ბევრია, თავდაპირველად, ეს იქნება მეხუთე განზომილების ყველაზე დაბალი, 40 ჰერცი სიხშირე, რომელიც სამომავლოდ თანდათანობით გაიზრდება, პარალელურად მოხდება გამა გამოსხივების ზრდაც და გაცნობიერების ამაღლება ავა მეხუთე განზომილების სიხშირეებამდე, სადაც მეხუთე განზომილების ვიბრაციები 40-100 ჰერცამდეა მოაზრებული. თუ ადამიანი უკვე 100 ჰერცამდე ზრდის ვიბრაციას, (არიან ასეთი მწიფე სულებიც), მასში იღვიძებს ზე-შესაძლებლობები (დნმ-ის 12 ძაფის აქტივაციის და მეხსიერების გამოთავისუფლების ხარჯზე), რომელიც თავიდანვე იყო ჩადებული ჩვენში შემოქმედის მიერ.


თუ ამ ყველაფერს კარგად გავაცნობიერებთ და დასაწყისისთვის თუნდაც მცირედით მაინც მოვახერხებთ ვიბრაციების აწევას, მოხდება ადამიანების მასობრივი გამოღვიძება, ე.წ. სულიერი ამაღლება! და სწორედ ამ გამოღვიძებისთვის მოევლინა კაცობრიობას ქრისტე თავისი სწავლებით სამყაროსთვის ყველაზე რთულ და ბნელ "კალი იუგას" პერიოდში მხსნელად, რათა ადამიანები უკვე ხვალინდელი, "სატია იუგასთვის" (ოქროს ხანა) მოემზადებინა, რომ ეს გადასვლა, გამოღვიძება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო შესაძლებელი, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაბრუნებულიყო საკუთარ თავთან, გაეხსენებინა და გაეცნობიერებინა თავისი ჭეშმარიტი დანიშნულება, ღვთაებრივი ბუნება.



აღსანიშნავია, რომ თითოეული გაღვიძებული ადამიანი, მისი ამაღლებული ვიბრაცია, მის გვერდით მყოფი ადამიანების ვიბრაციას თავისდაუნებურად ამაღლებს! აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი სულებისთვის ეს არ არის რაიმე წინაღობა, ან მოულოდნელობა. ჩვენ, ყველანი, ვინც ამ საინტერესო, გარდამავალ პერიოდში დედამიწაზე ამჟამად ვცხოვრობთ, ყველანი ნებაყოფილობით, საკუთარი სურვილით ვართ აქ. სწორედ ამ გამოცდილების მიღებაა, როგორც ჩანს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამიტომაც, ამ დროს, ასეთ ვითარებაში მოვინდომეთ გამოცდილების აღება და სულიერი განვითარების სხვა საფეხურზე გადასვლა. ძალით არავინ გვაკავებს აქ. ყველას აქვს თავისუფალი ნება, რაშიც სამყარო არ ერევა. სხვა საქმეა შევძლებთ კი ამოვხსნათ, რა გამოცდილების ასაღებად ვართ დღეს აქ?! ან რითი შეგვიძლია დავეხმაროთ სამყაროს? ეს უნდა იყოს ალბათ მთავარი კითხვა თითოეული ჩვენგანისთვის.


და ბოლოს, დიახ, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია მოხდეს მომავალში და შესაძლოა თავიდან ბევრმა ვერც შეძლოს დროული ადაპტირება, შესაძლოა ბევრი რამ სხვაგვარად ჩანდეს, გვაშინებდეს, მაგრამ ცვლილებები არ ნიშნავს მაინც და მაინც ცუდს! წინ გველის უჩვეულო და საოცარი პერიოდი - ახალი ასტროლოგიური ეპოქის დასაწყისი! ეს არის არაჩვეულებრივი შანსი შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და სამყარო უკეთესობისკენ! ახალი ეპოქა გვაძლევს უამრავ შესაძლებლობასა და პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე გვაწუხებდა, თუმცა დასაწყისში შესაძლოა არც თუ ისე სასიამოვნოდ მოგვეჩვენოს. თანდათანობით მთელი სამყარო დაიწყებს გლობალურად ცვლილებას, გარკვეული გადაწყობა, ახალი რეალობისთვის ფეხის აწყობა მოგვიწევს, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელთაა! ვისაც ბევრი სურს, არ უშინდება ცვლილებებს - ბევრსაც მიიღებს. ამიტომ, დავსახოთ მიზნები და გაბედულად ვიყუროთ მომავალში! ყველაფერი კარგად იქნება!სულ ცოტა დრო გვჭირდება, ამ ყველაფრის გაცნობიერება, ერთმანეთის სიყვარული და რწმენა...მეტი არაფერი. სიკეთე გქონოდეთ!


ასევე ნახეთ:


ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების პროგნოზი - როგორი იქნება მომდევნო 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის


2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში


2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ


წლის ბოლო მზის დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
4145
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
4145
  
2020, 16 დეკემბერი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1