x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მოტივაციის ჰუმანისტური მიდგომები საკლასო ოთახში

ზოგადად, ჰუმანისტური თეორია მიმართულია ადამიანის პირადი პოტენციალის გამოყენებაზე და ფოკუსირებულია პიროვნებაზე, როგოც მთელზე, მის ყოველ ასპექტს ითვალისწინებს - ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ პოტენციალს და „თვითაქტუალიზაციაზეა“ კონცენტრირებული.

აბრაჰამ მასლოუ ჰუმანისტური მიდგომის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია და მან შექმნა მოთხოვნილებათა იერარქიული მოდელი. მასლოუმ ადამიანური მოთხოვნილებები ჩამოაყალიბა ორ ჯგუფად: დეფიციტისა და ზრდის მოთხოვნილებებად. თუკი დეფიციტის მოთხოვნილება არ არის მიღწეული, ადამიანი ყოველთვის მისი დაკმაყოფილებისკენ მიილტვის. ამგვარი მოთხოვნილებები იერარქიის ქვედა საფეხურებს იკავებს. მასლოუს აზრით, თუკი ადამიანს არ ექნებოდა დაკმაყოფილებული პირველადი, დეფიციტის მოთხოვნილებები - გადარჩენის, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და თვითპატივიცსემის მოთხოვნილებები, იგი ვერ გადავიდოდა შემდეგ, უფრო მაღალ საფეხურებზე. იმის შემდგომ, რაც პირველადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, შესაძლებელია ზრდის მოთხოვნილებებზე გადასვლა. დეფიციტის მოთხოვნილებებისგან განსხვავებით, ზრდის მოთხოვნილებები ბოლომდე არასდროს კმაყოფილდება. მაგალითად, თუ ადამიანი დაიწყებს მისთვის საინტერესო თემის შესწავლას, მისი ინტერესი სულ უფრო და უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ აქვს ადამიანს მუდმივი სწავლის სურვილი და არასდროს იღლება ხელოვნებისა და მუსიკის შესწავლით. აქედან გამომდინარე, სანამ ადამიანი თავის ფიზიკურ მოთხოვნილებებს არ დაიკმაყოფილებდა (საკვები, წყალი, თავშესაფარი), იგი ვერ გადავიდოდა შემდეგი საფეხურის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, როგორიცაა მაგალითად, ინტელექტუალური წარმატება (ცოდნის მიღება და გააზრება).

image

ამ თეორიის მიხედვით, შეგვიძლია მასწავლებლებს ვურჩიოთ, რომ არ დაუშალონ ბავშვებს საჭირო ოთახში გასვლა გაკვეთილის მსვლელობისას, ან წყლის დალევა. ასევე დაასრულებინონ მოსწავლეებს საჭმლის ჭამა, თუნდაც 5 წუთით დააგვიანონ გაკვეთილზე, რადგან მასლოუს იერარქიულ მოთხოვნილებათა თეორიის მიხედვით, ისინი ვერ შეძლებენ ცოდნის საფუძვლიანად გააზრებას, მანამ სანამ ამ ბაზისურ მოთხოვნილებებს არ დაიკმაყოფფილებენ.

ჰუმანისტური მიდგომის მეორე წარმომადგენელი კარლ როჯერსი, რომელმაც დააფუძნა „პიროვნებაზე ორიენტირებული“ თერაპია, აქცენტს აკეთებდა ადამიანის მცდელობაზე, რომ გახდეს თვითაქტუალიზებული. როჯერსის მიხედვით, აქტუალიზაციის პროცესი ადამიანის ზრდაზე, ავტონომიასა და გარე ძალებისგან თავისუფლებაზეა ორიენტირებული. ამისათვის კი ძალზე მნიშვნელოვანია უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება.

როჯერსი გვირჩევს, რომ ყოველ ბავშვს მოვეპყრათ როგორც განვითარებად ინდივიდს დიდი პოტენციალით. ბოლოდროინდელი ნაშრომებიც ადასტურებს როჯერსის ამ მოსაზრებას. მოსწავლე, რომელიც გრძნობს მასწავლებლისგან უპირობოდ პოზიტიურ დამოკიდებულებას, უფრო მეტად მოტივირებულია და მოწადინებულია, რომ ისწავლოს და ხალისით ხვდება ყველა გამოწვევას.


სწავლების პროცესის წარმატებით გასამართად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მოსწავლისა და მასწავლებელს შორის კარგი ურთიერთობა (რაც თავის მხრივ საჭიროებს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისადმი უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას) და ასევე მყუდრო და უსაფრთხო სასწავლო გარემო. ამ მოსაზრებას მასლოუს იერარქიული მოთხოვნილებების კუთხიდანაც რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ უსაფრთხოება, სიყვარულისა და მზრუნველობის მოთხოვნა ინტელექტუალურ მოთხოვნილებაზე უფრო ადრე დგას და, შესაბამისად, მხოლოდ მათი დაკმაყოფილების შემდეგ შეგვიძლია, გადავიდეთ ცოდნის მიღებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ყურადღებით მოუსმინოს ბავშვის კლასგარეშე თემებზე საუბარსაც, გაკვეთილების შემდეგ დაელაპარაკოს, თუ ამის საჭიროებას ხედავს, ყურადღება გამოიჩინოს მოსწავლეთა მიმართ და მათი გრძნობები გაიზიაროს და ყველაზე მთავარია, რომ მათ მოექცეს, პირველ რიგში, როგორც სრულფასოვან პიროვნებებს და მხოლოდ ამის შემდგომ, როგორც მოსწავლეებს.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ნინი ცანავა
ნინი ცანავა
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0