საზოგადოება "ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს." - თუში ბიჭი, რომელსაც კულინარია, ცხენით ჯირითი და ხელსაქმე იტაცებს 2020, 26 ნოემბერი, 12:28 "კულინარიაში ვმუშაობ, არ ვჩერდები, ვსწავლობ, ვკითხულობ, თვითგანვითარებას ვცდილობ, გასტრონომიაში საინტერესო ვიდეოებს ვუყურებ, ახალ-ახალ კერძებს ვეძებ, ცნობილი შეფმზარეულების გამოცდილებას ვეცნობი", - გვეუბნება მირიან სულაკაური, რომელიც პოპულარული შოუს "მასტერშეფის“ ფინალისტია. მისთვის ფინალის საგზურად იქცა აღმოსავლეთ მთიანეთის ტური, როდესაც მან დამბალ ხაჭოს შილაფლავი მოამზადა, თუშურ ერბოყვას (ქუმელი) თაღთან ერთად, თეფშად კი გამოიყენა ძველებური, დაჭყლეტილი ქვაბი, რომელიც, როგორ თვითონ თქვა, მის თუშ დიდი ბებოს ეკუთვნოდა.. ის კულინარიით ჯერ კიდევ მეცხრეკლასელი დაინტერესდა, მაშინ, როდესაც თავის მომავალზე დაფიქრდა, - თუ რა უნდოდა ეკეთებინა - ხელობას დაუფლებოდა, თუ სკოლაში რასაც ასწავლიდნენ, იმას მიჰყოლოდა, რაც დიდად არ აინტერსებდა. "ამაში იქ სამი წელი უნდა დამეკარგა, მერე უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა, რაღაც განათლება მიმეღო და მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დამეწყო. არადა, იმ პერიოდისთვის უკვე საკმაოდ დიდი ვიქნებოდი და გამოცდილება კი მცირე მექნებოდა... 15 წლისას, რაც ყველაზე მეტად მომწონდა, კულინარია იყო, ამიტომ მისი შესწავლა დავიწყე", - გვიყვება მირიანი. - გახსოვს პირველი კერძი, რომელიც მოამზადე, გამოგივიდა, მოგიწონეს? - ვიდრე კულინარიული მიმართულებით დავიწყებდი სწავლას, შინ თხელ ბლინებს ვაცხობდი, რომელსაც კარაქს გადავუსვამდი, შაქარს მოვაყრიდი, გადავახვევდი და მზად იყო, - მარტივად გამომდიოდა, ჩემებსაც ძალიან მომსწონდათ. სხვათა შორის, დღემდე მიყვარს... - სულაკაურების დიდი შემოქმედებითი ოჯახის წარმომადგენელი ხარ. შენც ხატავ? - ხატვის ნიჭი მეც მაქვს, როცა მუზა მომდის, ვხატავ, მაგრამ გარეგნულადაც და ხასიათებითაც დედას ვგავარ, დედა რაჭველია. ბებიაჩემის ძმები მზარეულები იყვნენ. მოკლედ, უფრო მათ მიმართულებას გავყევი, კულინარი გავხდი... - რაჭა ახსენე, მაგრამ გვარით და წარმომავლობით თუში ხარ... - ბავშვობაში ჩემებს არ მივყავდი თუშეთში, ძალიან ანცი ბავშვი ვიყავი და ეშინოდათ, იმ მთებში რაღაც არ მომეწია, როცა უკვე 16 წლის გავხდი, იქ პირველად მაშინ მოვხვდი. სასწაული შეგრძნება იყო და ჩემთვის დღემდე ასეა თუშეთში ყოფნა. გამორჩეული ბუნება, საოცარი მთები, ჰაერი და საჭმელსაც სხვანაირი გემო აქვს იქ... - ვიდრე იქ მოხვდებოდი, ვალიკო პაპა რას გიყვებოდა თავის კუთხეზე... - ის თუშეთში დაიბადა, სოფელ ფარსმაში, ალბათ 14 წლის იყო, თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვიდა... ხშირად მიყვებოდა ხოლმე თავისი ბავშვობის ამბებს, როცა ცხვარშიც უწევდა ყოფნა, - მოკლედ, იქური და იმდროინდელი ამბავი ბევრი მომისმენია. თბილისში განათლების მიღების შემდეგ იმას მიაღწია, რაც უნდოდა. მეც მასავით ვარ, რასაც მინდა, რომ მივაღწიო, იმისთვის არ ვჩერდები - სულ საქმეში ვარ... რაც შეეხება ჩემს თუშურ გენებს - როცა იქ ავდივარ, იქაურ ხალხს ვხვდები და როცა დალევაც მიწევს, თუშური სისხლის ყივილს განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, რადგანაც ცხენზე დაჯდომა და ჯირითი მიყვარს... - სულაკაურების გვარის წარმომაგენელი რომ ხარ და ამ ოჯახში დაიბადე - ეს რას ნიშნავს შენთვის? - განდიდების მანია არ მაქვს, პატარა გვარია... ყველანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. ბიძაშვილებიც ძალიან ვმეგობრობთ, თითქმის თანატოლები ვართ - რამდენიმე წელია ჩვენს შორის განსხვავება. ჩემი გვარი ჩემთვის სიყვარულს, ერთ დიდ ოჯახს ნიშნავს და ეს ყველაფერში მეხმარება. სიყვარულს ერთმანეთს და სხვებსაც ვუზიარებთ... ჭირშიც და ლხინშიც ერთად გვიყვარს ყოფნა... - ცხენზე ჯირითი გყვარებია, ეტყობა, "რკინის ცხენიც" სკუტერი ამიტომ გაქვს და ქალაქში იმით "დაქრიხარ“... - კი, "რკინის ცხენებს“, მოპედებს, მოტოებს ვატარებ... თითქმის ყველანაირი ხელსაქმეც ძალიან მიყვარს - ქსოვა, კერვა, კულინარიაც ხელსაქმეა... მოკლედ, როდესაც ხელით რაღაცას ვქმნი, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. უფრო პატარა ასაკში გობელენსაც ვქსოვდი... სკუტერზე მკითხეთ და, მისი ყიდვა რომ გადავწყვიტე, ისე გვაკეთე, რომ სკუტერის ხელოსნობაც თვითონვე შევისწავლე... ინერნეტში ვუყურებდი ვიდეოებს დაშლა-აწყობაზე, ასევე ეს ტრანსპორტი როგორ უნდა მეტარებინა, რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და მისი მართვაც ასე ვისწავლე. დღემდე მშვენივრად ვმართავ... - კულინარი ხარ, ე.ი. გურმანიც... კულინარია შენთვის რის გამოხატვის საშუალებაა, რას ამბობ ყოველი კერძით ან რისი თქმა გინდა? - კერძებს დიდი სიყვარულით ვამზადებ. ჩემი ემოციები, ხედვა მინდა, მასში ჩავდო. ვინც მათ მიირთმევს, მინდა, კარგი გემო შეიგრძნოს. ეს ერთი ნეტარებაა და მეორე კიდევ ის, როცა გასინჯვის შემდეგ, ნახელავს გიქებენ. - ბიძა და მამა - ტყუპი ძმა - ზალიკო და ზურიკო რას გეუბნებიან? - მოსწონთ ჩემი ნახელავი, უხარიათ. ბიძაჩემ ზალიკოს უყვარს ჩემი მომზადებული კერძები... თვითონ მომზადებით ნაკლებად ამზადებენ, მხოლოდ მწვადს წვავენ. საერთოდ, მათგან აბსოლუტური თავისუფლება მაქვს. უხარიათ ჩემი წარმატებები, ხელს მიწყობენ მაქსიმალურად და ბოლომდე გვერდში მიდგანან. - "მასტერშეფისგან" რას ელი? - ეს შოუ არის ჩემთვის გამოხატვის საშუალება... ქართული კულინარია, ყველა თავისი დეტალით, ძალიან საინტერესოა. ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს... ამ შოუთი სწორედ ის მინდოდა, მენახებინა, რომ ჩვენი ბევრი კარგი კერძი არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნებისას... ფინალის წინ კი ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან ძლიერი კონკურენცია იქნება, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაზე ძლიერი გაიმარჯვებს. 16 4-ს მოსწონს
|