საზოგადოება პირველად ქართულ ენაზე - რიდიან ბრუკის "ომის შედეგები" ჟურნალ "გზასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი 2020, 25 ნოემბერი, 11:48 ომი მნიშვნელოვან კვალს ტოვებს არა მარტო ადამიანთა ცხოვრებასა და ხასიათზე, არამედ ლიტერატურასა და კინოზე. სერია "ომებსა და ადამიანებზე", რომლის გამოცემაც "პალიტრა L-მა" სულ ახალახან დაიწყო, აერთიანებს ომის თემატიკაზე შექმნილ ლიტერატურას. 26 ნოემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი სერიის ახალ წიგნს მიიღებს. ეს არის რიდიან ბრუკის ბესტსელერი "ომის შედეგები", რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. წიგნი მოგვითხრობს 1946 წლის პერიოდის ადამიანებზე. რიდიან ბრუკი გვიამბობს დანგრეული ჰამბურგის შესახებ, სადაც ბრიტანელები „წესრიგის“ დასამყარებლად ჩადიან. ჰამბურგის დროებით მერად ბრიტანელი სამხედრო ინიშნება, რომელსაც ომის დროს 11 წლის შვილი დაეღუპა. ის ქალაქის აღსადგენად იწყებს მუშაობას. ბრიტანელი სამხედრო გერმანიაში ცოლთან ერთად ჩადის. მასპინძლები გერმანელი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ომში ასევე უმძიმესი დანაკარგი განიცადეს. ზიზღით, შურისძიების წყურვილითა და მტრობით დაწყებული ურთიერთობები იცვლება, ორივე მხარე თავის დანაკარგს გლოვობს, ორივე თავიდან დაწყებას ცდილობს... ეს არის რომანი სიძულვილის სიყვარულად ქცევის შესახებ. წიგნის მთარგმნელი ლევან ინასარიძე აღნიშნავს, რომ ავტორს ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, მხატვრული ოსტატობით აქვს ასახული ომის უმძიმესი შედეგები და მის მიერ ადამიანებზე დასმული დაღი. „ავტორის გზავნილი საკმაოდ მკაფიოა: არა ომს! ხოლო თუ რატომ არა, ეს ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ბედით, რომელიც ამ ომმა განსაზღვრა“, - აღნიშნავს ის. წიგნის მიხედვით, გადაღებულია ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ. წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00. იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. გამოწერის შემთხვევაში, მიმართეთ elva.ge-ს ქოლ-ცენტრს: 0322 38 26 73; 0322 38 26 74 4 1-ს მოსწონს
|