კახეთი ირაკლი შიოლაშვილის მიმართვა დედოფლისწყაროელებს 2020, 27 ოქტომბერი, 19:52 სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ირაკლი შიოლაშვილი მოსახლეობას მიმართავს და მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. „არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვეტყვი დედოფლისწყაროელებს ამ განვლილი 4 წლისთვის. მადლობას ვეტყვი იმ ნდობისთვის, რაც მე გამომიცხადეს. ზოგადად, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაზე ნაკლებ მადლობას ეუბნებიან ადამიანები ერთმანეთს. უფრო ცუდს საუბრობენ ერთმანეთზე. ეპოქამ მოიტანა, ალბათ, ეს განწყობა. მე მინდა, რომ ეს განწყობა შევცვალოთ და ეს დაიწყოს დედოფლისწყაროდან. გულწრფელად ვეუბნები მადლობას დედოფლისწყაროელებს იმ გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის და საერთო საქმის კეთებისთვის, შრომისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებისთვის. ვისურვებდი, რომ თითოეულ ოჯახში იყოს მეტი ეკონომიკური წინსვლა, უკეთესი განწყობა. ერთი თვით ადრე ვეტყვი მხოლოდ მადლობას, რადგან ჩვენ ყველამ აქ უნდა ვიცხოვროთ, ერთმანეთს უნდა ვუყუროთ ყოველდღიურად და შეხვედრისას პირნათელნი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის თავაწეული ვივლი ჩემს რაიონში, იმიტომ, რომ რასაც დავპირდი ჩემს ხალხს, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემესრულებინა ჩემი დაპირებები. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მთელ გუნდს, მაგრამ გამორჩეული მადლობა ეკუთვნის ჩვენს თანარაიონელს ირაკლი ღარიბაშვილს. რომ არა მისი თანადგომა ყველა საკითხში, დედოფლისწყაროში ამ-დენი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელდებოდა“. კითხვაზე, რჩება თუ არა ის გუნდში, გვიპასუხა, რომ `ქართული ოცნებიდან~ წასვლას არ გეგმავს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკაში დარჩენასა და მის უშუალო სამომავლო გეგმებს, უპასუხოდ დატოვა და თქვა, რომ მომავალზე არჩევნების შემდეგ ისაუბრებს. `ვნახოთ, არ მინდა წინასწარ ჩემს მომავალ გეგმებზე საუბარი. მე ერთს ვიტყვი, რომ სადაც არ უნდა ვიყო და რა სფეროში, ეს მაინც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გზა იქნება“ - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა. სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი ხელისუფლება ისეთ შედეგს აჩვენებს, რომ ხელისუფლება დააკომპლექტოს და მმართველი გუნდი უმრავლესობაში მესამე ვადით დარჩეს. ამის შესახებ შიოლაშვილმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ოთხწლიანი მუშაობის შეჯამებისას გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ შიოლაშვილი ერთერთი იმ დეპუტატთაგანი იყო, რომელიც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებისთვის აქტიურად იბრძოდა, ოლქების გამსხვილების შემდეგ ის კენჭს აღარ იყრის. ქართული ოცნების სიის პრეზენტაციისთვის მთაწმინდაზე გამართულ ცერემონიაზე დასასწრებად მისული შიოლაშვილი ჟურნალისტებთან აღნიშნავდა, რომ არც პარტიულ სიაში იქნება. მას არ დაუკონკრეტებია, პარლამენტის დატოვების შემდეგ რა საქმიანობას გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ რჩება ქართული ოცნების გულშემატკივრად. - „მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში რა მოცემულობაც დღეს საქართველოშია, „ქართულ ოცნებას“ სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. ვფიქრობ, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას. ცუდია, რომ დღეს ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს, რადგან ძლიერი ოპოზიცია ყოველთვის ქმნის მაღალ კონკურენტულ გარემოს. ვისურვებ, რომ სტაბილურობა იყოს ქვეყანაში, ეს იქნება როგორც ინვესტიციების, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიც. ამის გარეშე ვერანაირ მომავალზე ვერ ისაუბრებს ვერავინ. ვიმედოვნებ, რომ ამ სტაბილურობას შეინარჩუნებს დღევანდელი ხელისუფლება. ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, შენი გადასაწყვეტი იყოს, დავუშვათ, ვინ იქნება ნებისმიერ თანამდებობაზე, თუ სხვისი, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ - მე მინდა ჩემი გადასაწყვეტი იყოსო. ასე რომ, დემოკრატიის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ადამიანები თავად ირჩევენ. ახლა, რა სისტემით ირჩევენ, ეს არის მეორე საკითხი. ჩვენ არ გვყავს ძლიერი თვითმმართველობები, რომ ადამიანი მივიდეს თავისი პრობლემით და თვითმმართველობამ ნებისმიერი საკითხი მოუგვაროს. ჩვენ თვითმმართველობებს შეუძლიათ გაუწიონ ლობირება მთავრობაში ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მაგალითად წყლის პრობლემა, გაზიფიცირება და ა.შ. არა მგონია! ამიტომ, ვიდრე ავაშენებთ ძლიერ თვითმმართველობებს, აუცილებელია მაჟორიტარების სისტემის რაღაც ფორმით არსებობა, იმისათვის, რომ კომუნიკაციის ზღვარი იყოს მარტივი. თუმცა, როდესაც გვეყოლება ძლიერი თვითმმართველობა, შეგვიძლია გადავიდეთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, რომელიც შეიძლება უფრო მეტად ასახავდეს ადამიანების განწყობას., “ - აღნიშნავს პარლამენტის მოქმედი წევრი ირაკლი შიოლაშვილი. . ირაკლი შიოლაშვილის ინტერვიუ შეგიძლიათ სრულად იხილოთ აქ . ამავე თემაზე: რას ამბობენ გეოლოგები დედოფლისწყაროში „ქოჩების ტბის“ დაშრობასთან დაკავშირებით . 66 შეფასება არ არის
|