საზოგადოება მეგის ქარდავა: „აუცილებლად დავრუნდები! უგულავა კი ყოველთვის ბიუჯეტის ვირთხად დარჩება“ 2020, 15 ოქტომბერი, 1:13 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით მეგის ქარდავა საქართველოში არ დაბრუნდება და წარსული აღარ უნდა დაბრუნდეს. . მეგის ქარდავა უგულავას განცხადებას საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. აღნიშნულ პოსტში ქარდავამ გიგი უგულავას ბიუჯეტის ვირთხა უწოდა. . „მინდა გამოვეხმაურო ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას: „არავითარი მეგისი არსად აღარ დაბრუნდება, წერტილი უნდა დავუსვათ ამას, წარსული აღარ დაბრუნდება“. - არ ვიცი რა იგულისხმა უგულავამ, მაგრამ თუ ის გულისხმობს რაიმე თანამდებობაზე ჩემს დაბრუნებას, მინდა დავამშვიდო იგი და სხვებიც, რომ არანაირ თანამდებობაზე დაბრუნებას არ ვაპირებ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები:„მუდამ საქართველოს ქომაგი!!!“ . რა „საქმეებიც“ არუნდა „შეკერონ“ ჩემს მიმართ, ყველას მოტივი იქნება ერთი: „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", ვინაიდან სხვა მოტივი არც არასოდეს მქონია და არც მექნება. უგულავა კი, ყოველთვის „ბიუჯეტის ვირთხა" -დ დარჩება, რომელიც მზადაა ყველა გაწიროს საკუთარი „ტყავი"-ს გადასარჩენად“, - წერს ქარდავა. . მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში განცხადებებით ან რაიმე აქტივობებით სულაც არ გამოირჩევა. სოციალური ქსელ ფეისბუქის მის ამ აქაუნთზე არც ფოტოსურათებია განთავსებული და მხოლოდ ორი განცხადებაა გამოქვეყნებული. ერთი ზემოთხსენებული სტატუსი. მეორე კი რურუასთან და მთავარი არხის რეპორტაჟთან დაკავშირებული კრიტიკული სტატუსი, რომელიც ქარდავამ რამდენიმე თვის წინ დაწერა. . „მინდა გამოვეხმაურო მთავარ არხზე დღის 3 საათზე გასულ სიუჟეტს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
მე, მეგის ქარდავა, მოვუწოდებ დაცვის მხარეს და მთავარი არხის ჟურნალისტებს დაინტერესდნენ და გამოიძიონ, თუ რა იყო წინაპირობა დღეს დაკითხული მოწმეების მიერ პოლიტპატიმარ გიორგი რურუასათვის იარაღის ჩადებისა. რატომ სწორედ ეს პირები და არა სხვა, აირჩია დღევანდელმა ხელისუფლებამ გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადების საქმეში საქმის შემსრულებლებად!
.
რაც შეეხება აღნიშნული დამნაშავე პირების ჩემი დისკრედიტაციის ფონზე ჩემთან დაკავშირების მცდელობას - ისინი მე, მეგის ქარდავამ გავანთავისუფლე სამსახურიდან არაერთი გადაცდომის გამო, ხოლო მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღადგინა და დააწინაურა!
.
ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მთავარი არხის ინფორმაცია იყო არაობიექტური. ადვოკატ ლევან სამუშიას მხრიდან ჩემი დისკრედიტაცია კი ემსახურება მისი პარტიული უფროსის ირაკლი ალასანიას მხრიდან ჯერ კიდევ 2012 წლის რუსული კონტრ-რევოლუციის პერიოდიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნის გაგრძელებას და მსგავსი ბინძური ფორმებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას.
.
წარმატებებს და მალე თავისუფლებაზე ყოფნას ვუსურვებ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას, ისევე როგორც პუტინის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სხვა პოლიტპატიმრებს!“ - წერდა ქარდავა.
1051 შეფასება არ არის
|