საზოგადოება "ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა 2020, 9 ოქტომბერი, 11:29 ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელიც 4 წლის ასაკში, როცა სკოლაშიც არ დადიოდა, მუშაობა დაეწყო. ქეთა ორბელაძე ამ იშვიათთა შორისაა. გოგონას ჩვენში ყველა იცნობს და უყვართ, რადგანაც 10 წელია, პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟია, სახელად ტასო. ქეთა, შეიძლება ითქვას, რომ გადასაღებ მოედანზე გაიზარდა - უკვე 14 წლისაა. თინეიჯერს, 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მეცხრეკლასელს, აქვს მიზანი, რის მისაღწევადაც უკვე აქტიურად მუშაობს, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ყველა ჟურნალისტი მასთან ინტერვიუს მაინც ასე იწყებს - ახსოვს, თუ არა პირველი გადაღება და მაშინდელი ემოციები, - რაზეც ასე პასუხობს: - სერიალი რომ დაიწყო, 4 წლის ვიყავი, 5-ის ვხდებოდი, - ეს ძალიან პატარა ასაკია იმისთვის, რომ რაიმე კარგად მახსოვდეს... ჩემთვის რთული იყო პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა, მათი ჯგუფის წევრობა, ამის გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში მიჭირდა კიდეც. კითხვა არ ვიცოდი და ტექსტებს ისე ვიმახსოვრებდი, ამ ყველაფერზე დიდი დრო მჭირდებოდა და ასაკის გამო ბევრი დეტალი, თუ ეპიზოდი არ მახსოვს. ერთი ორი წელიწადი ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, გვერდით ოთახში გავდიოდი, თითქოს მრცხვენოდა და ვიმალებოდი, მაგრამ იმას ვხედავდი, რომ ჩვენს სერიალს ყველა უყურებდა, მოსწონდათ, ამით ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა, იმასაც ვგრძნობდი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი კარგი ამბები მელოდა. ეს უკვე ყველაზე სასიამოვნო განცდა იყო ჩემთვის, - იხსენებს ქეთა. – ახლა როგორ აფასებ შენს ნამუშვარს - კიდევ იმალები? - არა, მაგრამ არასდროს მომწონს ჩემი ნამუშევარი, თვითკრიტიკული ვარ და საკუთარ თავს სულ ვეუბნები - უკეთესად შეგიძლია და კიდევ კარგად უნდა სცადო... ყოველთვის ასე ვარ. - შენი პერსონაჟი როგორ მოგწონს? - ჩემი აზრით, ტასო ის გოგოა, რომელსაც შეუძლია ყველანაირი წინააღმდეგობა, რაც უნდა შეხვდეს, თავისი ხასიათით დაძლიოს, გადააგოროს, მაგალითად, კონფლიქტი მასწავლებელთან, მშობლებთან. ამ ყველაფერს თავისი ხასიათით აგვარებს. აქვს არაერთი უარყოფითი თვისებაც... - კი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველას არ ჰგავს, გამორჩეულია... - კი, ყველაფერს სხვანაირად უყურებს, ფიქრობს, აღიქვამს და მოქმედებს. ხანდახან კარგიც არის, რაღაც სირთულეებს წინ ისე აღუდგე, როგორც ტასო, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს. უფროს ადამიანებთან ზედმეტი მოსდის. ისე, ვისთვის როგორ, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია. - პანდემიის პერიოდში როგორ მიდის შენი სწავლის საქმეები? - მსოფლიოში რაც ხდება, ის სიტუაციაა ჩვენთანაც - ნორმალურად არც სკოლა და არც გადაღებებია. რაც მთავარი იყო, სწავლა და მუშაობა ჩემთვის, ჯერჯერობით შეწყდა. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეცხრეკლასელი ვარ. ონლაინგაკვეთილები მიტარდება. ამის გარდა, დავდივარ ინგლისურზე, მათემატიკაზე, ანუ იმ საგნებზე, რაც ჩემი აზრით, მჭირდება და მინდა. დანარჩენი, სხვა არაფრით ვარ დაკავებული, არც სიმღერით, არც სპორტით. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწავლა, თუმცა სიმღერაზე და ცეკვაზეც დავდიოდი, მაგრამ თავი დავანებე. მინდოდა, სწავლისთვის მეტი დრო დამეთმო. მოკლედ, არჩევანის გაკეთება მომიწია, რაც მშობლებთან შეთანხმებით გადავწყვიტე. კი მენატრება სუხიშვილების სტუდია და იქაური სიტუაცია, მაგრამ როგორც ვთქვი, ამ ეტაპისთვის უკეთესი იქნებოდა მეტი კონცენტრაცია სწავლაზე გამეკეთებინა.. - რა პროფესიის არჩევა გინდა? - ძალიან მიყვარს ბიოლოგია და ქიმია, უცხო ენებიდან - ინგლისური. ახლა რომ ვუფიქრდები, მხოლოდ რამდენიმე წელიწადი იყო ისეთი, როცა "თეატრალურზე" მინდოდა ჩაბარება, რათა მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ უკვე დიდი ხანია, სამედიცინოზე მინდა სწავლა... განაგრძეთ კითხვა <<< 724 3-ს მოსწონს
|