x
image
მადამ ფისუნია
უღმერთოთა ქვეყანაში
image

გუშინდელი დღესავით მახსოვს იქ რომ მიმიყვანეს და დამტოვეს. მახსოვს ჩემში შემოსული ყველა ნაძირალა გრძნობა როგორ აფუთფუთდა მძორზე დახვეული მატლებივით. იქ მისვლამდე მეგონა, რომ ბედნიერი ადამიანი ვიყავი, რომ სამყაროში ბევრი ლამაზი ფერი არსებობდა და ყოველი მათგანი ჩემს ირგვლივ დატრიალებული ცისფერ ცისარტყელას ქმნიდა.

დიახ, ცისფერ ცისარტყელას. არაა სასაცილო!

ლურჯ ფერს მრავალი სხვა ტონი გააჩნია და მათი ერთობლიობა თავისუფლად შექმნის ბანალური შვიდფეროვანი ცისარტყელის ზუსტ ასლს. ეს ხომ მარტივი კონსტრუქციაა? ეს ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც ასლი ორიგინალს აჯობებს. მე მჯერა რომ აჯობებს. როგორც წესი, ვერ ჯობნის ხოლმე, მაგრამ ამჯერად აჯობებს! ეჭვიც არ მეპარება… არც მაშინ შემპარვია ეჭვი. სწორედ იმიტომაც მიმიყვანეს იქ და სწორედ იმიტომაც დამტოვეს. იმიტომ, რომ მჯეროდა და მწამდა ისეთი რაღაცების, რაც მათთვის წარმოუდგენელი, უტპოიური იყო. ჩემთვის არასოდეს არაფერი ყოფილა უტოპიური. არც წარმოუდგენელი. სამყაროს ცენტრი ყოველთვის მე ვიყავი და ყველაფერი დანარჩენი ჩემს გარშემო მოძრაობდა. მე უკვდავი ვიყავი და დანარჩენი მოკვდავები ჩემთვის ჭიანჭველასავით უსუსური, საწყალი და მარტივი არსებები იყვნენ… ჰმმ.. ჭიანჭველა მათთან რა მოსატანია? უფრო ალბათ – ამება, დიახ, სწორედაც რომ ერთ უჯრედიანი ამება და არაფერი სხვა. ჩემს სამყაროში ღმერთი მე ვიყავი და მე ვმართავდი ყოველივეს ჩემს გარშემო… არ ვაზვიადებ! სწორედაც რომ ღმერთი ვიყავი და მე მეთაყვანებოდა ყოველი უბადრუკი ამება! ფუ, ბრბო… გაერთიანდნენ და ურწმუნოთა მთელმა ჯოგმა უზარმაზარი გემი ჩაძირა.


ჩამძირა!

ჯერ უარმყვეს, რელიგია შეიცვალეს, მერე დამაბეს და დამატყვევეს და იქ გამამწესეს სადაც მათ ჯოჯოხეთი ეგულებოდათ, მე კი ედემის ბაღი დამხვდა. ან რაღაც მისი მსგავსი მაინც, დედამიწისეული ვერსია სამოთხისა, რაღაც ბევრად წმინდა ვიდრე ტაძარი და უფრო უწმინდური ვიდრე საღორე… არავითარი ოქროს შუალედი! უბრალოდ ორი ერთში!

მოკლედ რომ ვთქვა საგიჟეთში ჩამკეტეს.

თეთრი, უფითქინესი, ზედმეტად გრძელ სახელოებიანი ქალღმერთის პენუარი ჩამაცვეს და უფუმფულეს ტახტრევანზე მიმაჯაჭვეს…

აი, მერე რა?

რა შეცვალეს?

ვერაფერიც…

იმიტომ რომ ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს შეცვლის შენს სამყაროში! შენს სამყაროში შენ ხარ ღმერთი და ვერავითარი ურწმუნო მოკვდავი, საცოდავი ამება ვერ შეძლებს ჩამოგაქვეითოს! ღმერთი ხომ დილეგში გამომწყვდეულიც ღმერთად რჩება?

ის მარტივი არსებები ჩემს სიწმინდეს არ აღიარებდნენ და რატომღაც უღმერთო დანაშაულებებს მაბრალებდნენ.

თემიდააააააააააა!

მოვუხმობდი ჩემს სულიერ დას გაეხილა თვალები და შეეწყვიტა ეს აბსურდის თეატრი, მაგრამ ამაოდ… ჩემი ძვირფასი დაიკო უკვე კარგად მოექრთამათ ურწმუნო მოკვდავებს და მანაც ურცხვად ბოლო მოდელის საცობებით დაიხშო სმენა…

ჩემი ძახილი არავის ესმოდა. ბოლოს იმაზეც კი დავფიქრდი, განა ვიხმობდი კი ვინმეს საერთოდ?…

ჩემი გონების მძორიჭამია მატლები ხომ საერთოდ მოსვენებას მიკარგავდნენ… მილიონობით იყვნენ. ვხედავდი როგორ დაცოცავდნენ ჩემს ტვინის ნაოჭებზე და ხმაურს ქმნიდნენ. თავდაპირველად, ვფიქრობდი რომ ეს ხმაური ჭკუიდან შემშლიდა, მაგრამ შემდეგ მათი მოსმენა დავიწყე… ყოველი მათგანი სულ სხვა რაღაცას გაჰკიოდა და რომ ვაკვირდებოდი, ყოველი მათგანი ჩემსავე ფიქრებს ახმოვანებდა. ეს მატლებიც მე ვიყავი! მარტივი, საწყალი დაკლაკნილი არსებები, მილიონობით არსებები მე ვიყავი. ყველა მე.

რა მაგარია არაა?

სანამ იქ მიმიყვანდნენ გადავწყვიტე ჩემი მატლებისა და საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა ჩემი ქალღმერთობა და სიცოცხლე შემექმნა… აღარცკი მახსოვს იმ მარტივი ამების სახე ვისი წყალობითაც ჩემმა მუცელმა გამობერვა დაიწყო…

მახინჯი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ეს ვის ადარდებს კაცები ხომ ამ საწყალი დედამიწელების ყველაზე მარტივი და ადვილად სამართავი სახეობაა? ისინი ხომ საკუთარი სხეულის ყველა ორგანოს დამორჩილებასაც კი ვერ ახერხებენ?/ხარხარებს/ რა გასაკვირია, სულ რომ არ გამრთულებია პირველივე გამვლელის დათანხმება დედამიწურ სხეულთა შერწყმაზე? მისთვის იმ წამს მე ციდან მოვლენილი ანგელოზი და მშვენება ვიყავი… თუმცა მათ არაფერი დაეჯერებათ, მათთვის ხომ ხშირად საკუთარი მარჯვენა ხელიც ისეთივე წმინდა ანგელოზია, როგორც მე ან ნებისმიერი სხვა ქალი, რომელიც კაბის ბოლოს ოდნავ ზემოთ აქაჩავს? /იცინის/

ეს არ არის ფემინისტური განცხადება! რადგან მდედრობითი სქესი არანაკლებ საცოდავია ჩემთვის, მათ ხომ სწორედ ასეთი მარტივი არსებები უყვარდებათ? /იცინის/

ხანდახან ყველა მძულს და მწადია მათი დახოცვა რაიმე ადამიანური ბასრი იარაღით. არა ტყვიებით, არამედ მაჩეტეთი… ანდაც კატანით…

ოოომმმ… კატანა… კატანა იაპონიას მახსენებს… კიოტოს და..

… და კიდევ საკურას ყვავილობას…

საკურა სიწმინდემდე მიგვიყვანს… ისტორიამდე, სადაც ბავშვების სისხლი ხეებს ღებავს, ეს კი მასევდიანებს… მახსენებს იმ უღმრთო ბრალდებებს, მე რომ შემითითხნეს მოკვდავებმა და“..

… და დაიკო თემიდამაც მათთან ერთად…

ფუ, ეგ ბოზი! როგორ დაუშვა ასეთი უსამარლობა?/ზიზღიანად იფურთხება/

თუმცა რა მაოცებს? პირველი ვარ თუ ბოლო, მის სიბრმავეს შეწირული ზვარაკად?

/ნერვულად იწყებს მთელ სცენაზე სიარულს, ბოლოს ჩამოჯდება და იღიმის/

ბავშვობაში პიანინოზე ვუკრავდი… არასოდეს არავის უსწავლებია მაგრამ ვუკრავდი, ისე ჩემთვის… ყველა მოკვდავი ფიქრობდა რომ ხმაურს ვქმნიდი. /იღიმის/ მაგრამ რა გასაკვირია, მათ ხომ არ ესმოდათ ჩემი შექმნილი ღვთაებრივი ჰანგების სიამე და ისე აუბრალოებდნენ რომ ხმაურსაც კი უწოდებდნენ… მხოლოდ ჩემი კატა მისმენდა ყურადღებით, წამოწვებოდა ხოლმე ფორტეპიანოს თავზე, ხელს პატარა პანტერასავით წინ ჩამოაგდებდა და იყო ასე განაბული. ყოველთვის მჯეროდა, რომ ცხოველებს ღმერთების ენაზე საუბარი შეეძლოთ… ჩემი კატა ამას ყველა ახალი მელოდიის შექმნისას მიმტკიცებდა… ის ტკბებოდა ჩემი მუსიკით ჩემთან ერთად და გრუხუნებდა ასე თავისთვის…. თვალებს მოხუჭავდა ხოლმე და ტკბებოდა. როდესაც დაკვრას ვწყვეტდი მაშინვე დააჭეტდა თავის ყვითელ თვალებს და ჰიპნოზურად მაიძულებდა კვლავ დამეკრა იქამდე, სანამ ჩემი მუსიკით დატანჯული მოკვდავი მშობლები ძალით არ წამათრევდნენ ხოლმე სადმე პიანინოსგან შორს…

მაშინაც კი მიყვარდა მარტოობა. ალბათ, 7 წლისაც არ ვიქნებოდი, სოფელში ყოფნისას ტყეში რომ წავედი სასეირნოდ. მივდიოდი და ვღიღინებდი, მაგრამ არ მახსოვს რას. ჩემი სოფლის ტყე მთლიანად თხილის იყო. მეც გზადაგზა ქვა მომარჯვებული თხილებს შევექცეოდი. კიდევ, ტყის მარწყვს, თუ სადმე წავაწყდებოდი… ერთი ციცქნები იყო, განსხვავებით ჩემი ეზოს უზარმაზარი მარწყვებისაგან, თუმცა სულ სხვა გემო ჰქონდა. ტყის გემო. ზოგჯერ ზღმარტლისა და ფშატის ბუჩქებზეც სიამოვნებით ვიტყავებდი პაწაწინა კიდურებს.
ამ ტყეში წყარო იყო. სოფლელები დედოფლის წაროს უწოდებდნენ. მიყვარდა ის წყარო. სწორედ იმ წყაროსთან აღმოვაჩინე პირველად ყვითელი შინდის ხე. პაწაწინა მუშტში მოვაგროვე და ბებიასთან გავიქეცი ახალი აღმოჩენის საჩვენებლად. ახლაც იქ მივდიოდი. ყინულივით ცივი წყლის დასალევად… ღმერთების სასმელი /იღიმის/
…და კიდევ შინდისთვის. ყვითელი.
როდესაც დავიხარე და წყალს დავეწაფე, ჩიტის განწირული ხმა მომესმა. გაფართოებული თვალებით მივიხედ-მოვიხედე. პატარა ბარტყი დავინახე. ბუდიდან გადმოვარდნილიყო.
“მგონი მკვდარია…”
გავიფიქრე და შემეცოდა.
ერთი ციცქნა, უსიცოცხლო ჩიტის მახლობლად, უფრო დიდი ჩიტი დაფრინავდა წრეზე. ეს ის ჩიტი იყო, რომლის განწირულმა ხმამაც მაპოვნინა ბუდიდან ჩამოვარდნილი პაწია და უსუსური არსება…
“დედამისი ტირის…”
დასტრიალლებდა თავზე და სასოწარკვეთილი არაამქვეყნიურ ხმებს გამოსცემდა…

არაჩიტურს. არაადამიანურს. არაამქვეყნიურს.
შემეცოდა. ფეხები ჩემდაუნებურად ამოძრავდნენ და მივუახლოვდი. მუხლებზე დავემხე, ბარტყი ხელში ავიყვანე და გულზე მივიხუტე. ჯერ ისევ ფეთქავდა.
“ჯერ ცოცხალია!”
გავიფიქრე აღტაცებულმა და გამახსენდა ბებიას მოყოლილი ზღაპრები. ზღაპრებში მკვდარს კოცნით აცოცხლებდნენ ხოლმე პრინცები. სწრაფად დავუწყე ბარტყს კოცნა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გადავარჩენდი. მყავდა პატარა ხელებში მომწყვდეული ბარტყი და ვკოცნიდი განუწყვეტლივ. ჯერ კიდევ ბოლომდე შეუმოსავი, ტიტლიკანა ფრთა გაამოძრავა. წყაროსთან მივირბინე, თითი წყალს შევუშვირე და სახეზე მივასხურე.ნისკარტი გავუხსენი და ძალით ჩავასხი დედოფლის წყალი.
“თვალები გაახილა!”
სიკვდილს კლანჭებიდან გამოვაცალე. აფართხალდა. ალბათ ვაშინებდი. უნდოდა ჩემგან თავის დახსნა, მაგრამ მე ვერ ველეოდი და გაუთავებლად ვკოცნიდი. ის ხომ ჩემმა კოცნამ გააცოცხლა?
“ბევრს თუ ვაკოცებ დიდხანს იცოცხლებს!”
დედამისი იქვე ახლოს დაფრინავდა და სიხარულისგან ჩიტურ ხმებს გამოსცემდა. წინა ხმისგან განსხვავებულს. ვიცოდი ბარტყის დაბლა დატოვება არ შეიძლებოდა. სახლშიც ვერ წავიყვანდი, დედამისი ალბათ დარდით მოკვდებოდა.
“მე რომ ვინმემ წამიყვანოს დედას ხომ არ მოეწონება?”
“დედის ბუდეში ვერ მიფრინდება, ჯერ პატარაა არ იცის ფრენა.”
“ცოტახნით რომ წავიყვანო სანამ ფრენას ისწავლის?”
“არა, დედამისი ცოდოა…”
“დედამისიც ვერ აიყვანს ხელში, რა ვქნა?”
“მე რომ ავიყვანო?”
“არა ძალიან მაღლაა. ვერ ახვალ.”
“ვითომ რატომ ვერ ავალ?”
“მაღლაა… ძალიან მაღლა!”
“ავალ!”
ვებრძოდი ჩემს გონებაში შემოსახლებულ ვიღაც კეთილის მსურველს, ის კი თავისას გაიძახოდა და ცოტა არ იყოს მართლაც მაშინებდა. მემგონი ის მეორეც მე ვიყავი, თუმცა ზუსტად არ ვიცი. არ მახსოვს…
ბუდე მართლა ძალიან მაღლა იყო. მაინც გავრისკე. ის მახინჯი ჩემი თავი გონებიდან გავაგდე. ბარტყი კაბის უბეში ჩავისვი, უბე კბილებს შორის მოვაქციე და მაგრად მოვუჭირე. ხელებით კი ხეზე ცოცვა დავიწყე.
“რატომ ნერვიულობ, პირველად ხომ არ ადიხარ ხეზე?”
“ეს სხვანაირი ხეა… დიდი. ტყის. სახლის კი ნუ გგონია, სახლის ხე სხვანაირია. აი, როგორც ძაღლი. ძაღლი ხომ იგივე სახლის მგელია?”
“ხე ხეა, რა მნიშვნელობა აქვს სად დგას?”
“ეგრე წყალიც წყალია, მაგრამ ამ წყლის დასალევად მაინც ყოველდღე მოდიხარ…”
“ეს სხვანაირი წყალია. დედოფლისაა…”
“ეს ხეც სხვანაირია, ტყისაა!”
“გაჩუმდი, ხელს მიშლი!”
ისევ გავაძევე ჩემი სხეულიდან და ცოცვა გავაგრძელე.
“ამ ტყეში რამდენი დაბალი ხეა, ამ ჩიტმა კი მაინცადამაინც ეს ხე რატომ აირჩია?”
“რომ დაიცვას შვილები.” გამომეპასუხა ჩემი თავი. ისევ შემოპარულა ჩემს სხეულში. ამჯერად აღარ მიცდია მისი გაგდება, რადგან უკვე ბუდესთან ვიყავი და არ მეცალა.
ბარტყი ნაზად ჩავსვი და უკან დავიწყე ჩამოცოცება. გამეცინა, როდესაც დავინახე, როგორ გადმოყო პაწიამ თავი ბუდიდან და დაჭყეტილი თვალები მომაშტერა. ზედმეტად გავერთე მისი ლამაზი თვალების ცქერით, ჰოდა, უცებ ფეხი დამიცდა და მიწაზე დავენარცხე. დროული იყო. სხვაგვარად არც მიფიქრია. ზურგით დავეცი, პირდაპირ ქვაზე. თუმცა, მერე რა?
ეს ვის ადარდებდა?
მაინც ბედნიერი ვიყავი. ასე გაშოტილი პირდაპირ ვუმზერდი თვალებდაჭყეტილ ბარტყს, რომლის დედაც გამალებით თავს დამტრიალებდა.
“ალბათ, მადლობას მიხდის…”
ბედნიერება იმდენად დიდი იყო, მიწიდან ადგომა არ მინდოდა. ან იქნებ არც შემეძლო? ჩემს სხეულში ხომ ტკივილი იყო?
“მტკივა…”
მე ისევ მეჩვენებოდა, რომ წრეზე მფრინავი დედა ჩიტი ჩემთვის თავის დაკვრას ცდილობდა მადლობის ნიშნად.
-არაფერს…-ვუპასუხე ტკივილნარევი ხმით. თითქოს, ისიც ამას ელოდაო, აფრინდა თავის სახლში და ჩემი კოცნით გაცოცხლებული თავისი შვილის ფერება დაიწყო.
მე კი სახეგაბადრული, კიდევ დიდხანს ვიწექი მიწაზე…

ბავშვობიდანვე ღმერთი ვიყავი, ეს მოკვდავები კი ყოველთვის დემონს ხედავდნენ ჩემში… არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს რომ საკუთარი ნებით შექმნილი სიცოცხლე ჩემსავე მუცელში მე მოვკალი და კინაღამ საკუთარი „ჭურჭელიც“ (ჩემი სხეულის სახით) თან მივაყოლე… სინამვილეში ხომ მე მათ ვიცავდი სარკის მიღმიდან გადმოსული ჩემი შებრუნებული თავისაგან? ჭეშმარიტი დემონისაგან, რომელმაც როგორღაც რაღაც მანქანებით და სულ ციცქნა, თითქმის შეუმჩნეველი ბზარიდან შეძლო გადმოპარვა ჩვენს სამყაროში. მას ხომ სურდა დავეხოცეთ და ჩავენაცვლებინეთ? მე მხოლოდ მისი მოკვლა ვცადე… თუმცა ვის სჯერა?

არავის!

ხალხს ხომ არასოდეს არაფრის სჯერა?

სასაცილოა…

მე მიყვარდა ჩემს ჭურჭელში მოთავსებული დაუბადებელი ბავშვი… არასოდეს მიჩვენებია ჩემი მუცელი დედამიწელი ექიმებისთვის, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ გოგონა იყო და ლილიტი ერქვა.

(აი, სარკისმიღმელი, ჩემი შებრუნებული ვერსიის მუცელში კი ევა იყო, ევა, რომელმაც ერთხელ უკვე დაღუპა ადამიანები… ახლაც იგივეს აპირებდა…)

არასოდეს!

ამას ვერ დავუშვებდით, ვერც მე და ვერც ჩემი გოგონა.

ჰოდა, სამზარეულოს ყველაზე დიდი, ყველაზე ბასრი და ყველაზე საიმედო დანა ავიღეთ. ხორცს ისე ჭრიდა როგორც ცხელი დანა კარაქს… სწორედ იმ დანით დავსერე ევა და დედამისი, ევა მოკვდა. დედამისი კი, ისევე როგორც მე სასწაულებრივად გადარჩა… არ ვიცი ახლა სადაა. ალბათ, შებრუნებული ხალხიც ისეთივე ხალხია როგორიც აქაური და ალბათ სწორედ შებრუნებულ საგიჟეთში ჩაკეტეს. დიდხანს მეშინოდა სარკეში ჩახედვის, სუსტად ვიყავი და ვერ შევძლებდი მასთან გამკლავებას თუ ის ისევ ეცდებოდა იქიდან გადმოსვლას. ბოლოს გავბედე, მაგრამ იქ არ დამხვდა. ვეძებდი. დიდხანს ვეძებდი მაგრამ დაიკარგა.

არასოდეს მოვიკლავდი თავს, ეს ცოდვაა… ჩვენთვის, ღმერთებისთვისაც კი… ჩემი ცუდი ვერსია კი ჩავტენე უკან სარკეში, მაგრამ საავადმყოფოში რომ გავიღვიძე, ჩვენ უკვე აღარ არსებობდა და დავრჩი ისევ მხოლოდ მე…

მოკვდავებმა შიზოიდ თვითმკვლელად შემრაცხეს, სუიციდსა და ხელოვნურ აბორტში დამადანაშაულეს და იქ ჩამკეტეს…

იქ კი ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. ზოგი თავს ნაპოლეონს, ჰიტლერს, თამარ მეფესაც კი უწოდებდა, არ გამკვირვებია და არც გიჟები მიწოდებია მათთვია, გულშიც კი არ გამცინებია. ანდაც, საერთოდ რა უფლება მქონდა? მე ხომ თავს ღმერთად ვთვლიდი? ვინ იყვნენ ეს ძალაუფლების მოტრფიალე მოკვდავები ღმერთთან შედარებით?

-არავინაც არ იყვნენ…

ის ადგილი ხელოვნების სავანე იყო… ღმერთების სამყოფელი. უკეთეს „სასჯელს“ ვერც მომიფიქრებდნენ… იქ კვლავ ვირწმუნე რომ ბედნიერება არსებობდა და რომ ბედნიერებაც მე ვიყავი სწორედ…

ერთი გოგო იყო ელიზაბეტი ერქვა, მაგრამ ყველა ბეტას ეძახდა. მხატვარი… მსოფლიო დონის. გალაქტიკათშორისიც კი შემიძლია ვუწოდო თამამად. ხატვას რომ ამთავრებდა ფუნჯს ტეხავდა ხოლმე, ასეთია წესიო, /თავს ამაყად სწევს/ ყველა მისი სურათი მატირებდა, ბოლო ხმაზე ვხაოდი ხოლმე იქამდე ვკიოდი სანამ განცალკევებულ ოთახში არ შემათრევდნენ და საწოლზე არ მიმაბავდნენ. გამჭყეპდნენ ხოლმე ათასგვარი საწამლავით, მაგრამ ვერ მკლავდნენ. ბეტას ყველა ნამუშევარი მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი, რადგან დასრულებისთანავე მისი ქმარი მოდიოდა და სათუთად შეფუთული სადღაც მიჰქონდა. მთავარი მედდა ამბობდა ვყრითო, თუმცა ვის სჯერა ზღაპრების? ისინი ბეტას ნამუშევრებს ყიდდნენ და მდიდრდებოდნენ… ბეტასთვის მაინც სულერთი იყო. ის ყველა სურათში საკუთარი სულის ნაწილს დებდა, აი ასე მოიწიწკნიდა ხოლმე და სურათებზე აწებებდა. ამას მხოლოდ მე ვხედავდი და ვიტანჯებოდი მისი ტკივილით.

ბოლოს სული გამოელია. ფუნჯი გადატეხა, თქვა მაგიური სიტყვები და სულის უკანასკნელი ნაწილიც დააწება ბოლო ნამუშევარზე.

იქვე მოკვდა. მოლბერტთან. სხვანაირად არც შეიძლებოდა.

სხვა გოგონაც იყო – მწერალი… მწერალი რომლის შესახებაც არავინ იცოდა. მან თავი მოიკლა. პირდაპირ კლინიკაში. სწორედ მისი თვითმკვლელობის შემდეგ აღმოვაჩინე რომ წერის ნიჭი ჰქონია. მისი დღიური ვიპოვე და როდესაც წავიკითხე კიდევ ერთხელ ვხაოდი. როგორც კლინიკის პერსონალმა თქვა მე კვლავ ისტერიკის შეტევა მქონდა. დებილები. რა ესმით ჭეშმარიტი ხელოვნების?

ის ისე ლამაზად აღწერდა სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას, რომ კინაღამ ცოდვა ჩამადენინა. თუმცა ის ცდებოდა, სიკვდილი ისეთი ლამაზე და ღვთაებრივი სულაც არაა როგორც მას წარმოედგინა. ეს უბრალოდ დასასრულია. ღმერთებმა გამოიგონეს რომ სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია და ნამდვილი ცხოვრება შემდეგ მოგელის. მოიგონეს ეს ტყუილი რომ ხალხს სიკვდილის აღარ შეშინებოდათ და გამოუვიდათ კიდეც… ამ გოგონას ნამდვილად გარომანტიკულებული ჰქონდა სიკვდილი. ის მას მეტემფსიქოზს უწოდებდა და სწამდა რომ ეს სხეული რომელიც მას „უჭერდა“ და უხერხულობას უქმნიდა უნდა მოეშორებინა. დარწმუნებული იყო რომ ამ მჭიდრო, დაპატარავებული სამოსის გახდისთანავე ულამაზეს და თავისუფალ პეპლად გადაიქცეოდა. იფარფატებდა ყვავილებზე და რამდენიმე დღეში თავის საყვარელ წიგნში დაკრძალავდნენ… წიგნში რომელიც არასოდეს დაუბეჭდავთ მისთვის…

მისი დღიურის ბოლო ჩანაწერი ახლაც თვალწინ მიდგას:

„სიკვდილიც კარგია ხანდახან…

ადიოს!“

იქ იმდენი ხნით ჩამკეტეს რამდენი ხნითაც ჩემი ნათესავები იხდიდნენ ხარკს. როდესაც ჩემზე ყველამ ხელი ჩაიქნია – გამომიშვეს… არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, რადგან იქ დრო გაყინული იყო და როდესაც ადამიანური სამოთხე დავტოვე, მე კვლავ 25 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ მტკიოდა ჭრილობები რომლებიც სარკისმიღმელმა მემ მომაყენა….

მე ისევ ღმერთი ვიყავი

და კვლავ ღმერთი ვარ,

უღმერთოთა ქვეყანაში – სამყაროა ათეისტების და ვერცერთხელ მიწამეს!

/ფარდა/

2
173
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
173
  
2020, 4 ოქტომბერი, 21:12
გმადლობ
2020, 4 ოქტომბერი, 19:04
სასწაულიაააა
0 1 2