x
image
მადამ ფისუნია
თეატრის ისტორიიდან...
imageთეატრალურ ხელოვნებას საფუძველი უძველეს სახალხო დღესასწაულებსა და თამაშობებზე ჩაეყარა. ამ სანახაობებში უხვად იყო ჩართული დიალოგები, სიმღერები, ცეკვები. მონაწილეები იყენებდნენ ნიღბებს და ამ ნიღბების შესაბამის სამოსს.


თეატრი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა ძველ საბერძნეთში. თითქმის ყველა ქალაქს ჰქონდა თავისი თეატრი, რომელიც ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი.


წარმოდგენისთვის გათვალისწინებული წრიული მოედანი ბორცვს ან მთის ძირს ებჯინებოდა, მოედანი ორხესტრად იწოდებოდა. მას ნალისებურად ერტყმოდა მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილი – თეატრონი. ორხესტრას უკან მიდგმულ სვეტებიან ამაღლებულ ადგილს, რომელშიც მსახიობები სამოსს იცვლიდნენ, სკენეს უწოდებდნენ. სწორედ ამ სვეტების წინ თამაშდებოდა წარმოდგენები.



ბერძნული თეატრის აგებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აკუსტიკას: ხმა ყველა მაყურებელს თანაბრად კარგად უნდა გაეგონა.



აკუსტიკა – ფიზიკის დარგი, რომელიც ბგერის გავრცელებას შეისწავლის; არქიტექტურაში აკუსტიკა ეწოდება ამა თუ იმ შენობაში ბგერის გავრცელებისა და შთანთქმის თავისებურებას.


თეატრის საწყისი ძველ საბერძნეთში დაკავშირებულია ღვინისა და ნაყოფიერების ღვთაების დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულთან, რომლებსაც დიონისიებს უწოდებდნენ. საზეიმო პროცესებს, პოეტთა პაექრობებს თან ახლდა თეატრალური სანახაობებიც.


ძველი ბერძნული თეატრისთვის პიესებს ანტიკური სამყაროს უდიდესი დრამატურგები წერდნენ: ტრაგედიებს – სოფოკლე, ესქილე, ევრიპიდე, კომედიებს – არისტოფანე. მათი პიესები ძირითადად ანტიკური მითოლოგიის თემაზე იყო დაწერილი.


მსახიობები სცენაზე ნიღბებით გამოდიოდნენ. ნიღბებს პირისა და თვალებისთვის ჭრილი ჰქონდა გაკეთებული. გმირს რომ უფრო მედიდური იერი ჰქონოდა, მსახიობები ნიღბის ზემოდან გრძელ თავსაბურავს “იდგამდა”, მაღალი რომ გამოჩენილიყო, ფეხზე კოთურნებს (ხის ქოშებს) იცვამდა.


კომედიის მსახიობებსაც ჰქონდა ნიღაბი. მსახიობის საერთო იერი, სასაცილო ქცევები ამხიარულებდა მაყურებელს.


შუა საუკუნეებში თეატრალური დადგმები ხშირად ბაზრის მოედნებზე მოწყობილ ღია სცენებზე იმართებოდა . იქ მოხეტიალე მსახიობები, მომღერლები, აკრობატები, მასხარები თეატრალიზებულ და საცირკო წარმოდგენებს მართავდნენ. დასავლეთ ევროპაში ძალიან პოპულარული იყო აგრეთვე ე.წ. მისტერიები. მათში ბიბლიურ თემებზე დადგმულ ეპიზოდებს წარმოადგენდნენ. მისტერიები როგორც ქუჩებსა და მოედნებზე, ასევე თავად ეკლესიებშიც თამაშდებოდა.


მისტერიების მონაწილეები ცდილობდნენ გამოეყენებინათ სასცენო ეფექტები – რეალურად წარმოედგინათ სპექტაკლში მომხდარი სცენები. ასე მაგალითად, როდესაც სამყაროს წარღვნას გამოსახავდნენ, მოედანს წყლით ტბორავდნენ.


ხალხური სანახაობებიდან XV-XVIსს.-ში იტალიაში წარმოიშვა ევროპული პროფესიული თეატრი – კომედია დელ არტე. მასში მსახიობები ნიღბებს ატარებდნენ და წინასწარ დაწერილი პიესა არ ჰქონდათ, ისინი თავად თხზავდნენ ტექსტს წარმოდგენის მსვლელობისას. ჰყავდათ უცვლელი პერსონაჟები, რომელთა ურთიერთობებიც წინასწარ იყო განსაზღვრული, ყოველივე ამის საფუძველზე იქმნებოდა იმპროვიზებული დიალოგები და მთლიანად სპექტაკლი. ამ თეატრის პირმშოა კარგად ცნობილი არლეკინი, პიერო, კოლომბინა.


თეატრს უდიდესი ადგილი უჭირავს კაცობრიობის სულიერ ცხოვრებაში. დრამატურგების – უილიამ შექსპირის, ლოპე დე ვეგას, ჟან ბატისტ მოლიერის, კარლო გოლდონის, ფრიდრიხ შილერის პიესები დღესაც წარმატებით იდგმება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თეატრალურ სცენაზე.


ქართული თეატრიც შორეულ წარსულში იღებს სათავეს : არქეოლოგებმა თეატრალური ნიღბები აღმოაჩინეს ქ. ვანში. ცნობილია, რომ კოლხეთის სამეფოში ქ. აფსაროსს ჰქონდა სათეატრო ნაგებობა, კლდეში გამოკვეთილ უძველეს ქალაქ უფლისციხეში კი სცენაც ყოფილა, ორხესტრაც და მაყურებელთა დარბაზიც. ხალხურ თეატრალიზებულ წარმოდგენებს შორის აღსანიშნავია ნიღბოსანთა სანახაობა – ბერიკაობა, რომელიც გაზაფხულის დღესასწაულს ეძღვნებოდა, და ყეენობა – სახალხო დღესასწაული (კარნავალი).


ქართული თეატრის დაარსების დღედ 1850წ. 14 იანვარი ითვლება, როდესაც პირველ ქართულ პროფესიულ სცენაზე დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია “გაყრა”.


თეატრის მრავალი სახეობა არსებობს.


დრამატულ თეატრებში დრამები, ტრაგედიები, კომედიები იდგმება.


მუსიკალურ და საოპერო თეატრში წამყვან როლს მუსიკა თამაშობს. მათში ოპერები, ბალეტები, ოპერეტები, მუსიკალური კომედიები, მიუზიკლები იდგმება.


არსებობს საბავშვო და მოზარდ მაყურებელთა თეატრებიც, მათში სპეციალურად ნორჩი მაყურებლისთვის განკუთვნილი პიესები იდგმება.


თეატრის კიდევ ერთი, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საყვარელი სახეობაა თოჯინების თეატრი. ეს თეატრი სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ვის არ სმენია იტალიური და ფრანგული მხიარული თოჯინების – არლეკინის, პიეროს, კოლომბიანას შესახებ! უდიდესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა აგრეთვე თოჯინების თეატრი შორეულ აღმოსავლეთში.


მარიონეტების თეატრი ძალიან პოპულარულია ჩვენს ქვეყანაშიც: რევაზ გაბრიაძის თეატრმა, მისმა არაჩვეულებრივმა თოჯინებმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა.


მარიონეტი განსაკუთრებული საახეობის თოჯინაა. მას სპეციალური ძაფები აქვს მიმაგრებული, რომლის საშუალებითაც მსახიობები მათ ზევიდან მართავენ. თავად მსახიობი მაყურებლისგან დაფარულია და სცენაზე მხოლოდ თოჯინა ჩანს.


არსებობს ასევე თოჯინები, რომელსაც კიდურებზე სპეციალური ღეროები აქვთ დამაგრებული და მათ მსახიობები ქვემოდან მართავენ.


კიდევ ერთი სახეობის თოჯინა ხელთათმანივით ეცმება ხელზე და მსახიობს ისინი თითებით მოჰყავს მოძრაობაში.


თეატრის ერთ-ერთი სახეობაა აგრეთვე პანტომიმა. იგი ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში წარმოიშვა. პანტომიმის თეატრში მსახიობი უსიტყვოდ, მხოლოდ მოძრაობებისა და ჟესტების საშუალებით გადმოსცემს თავის სათქმელს.


0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0