საზოგადოება „ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება“ - გაიცანით „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ტრიუმფატორი სოლომონ მძინარაშვილი 2020, 22 სექტემბერი, 12:19 „შენ წინსაფარს არ იმსახურებ... აი, იმ წინსაფარს იმსახურებ!“ - სანამ ლევან კობიაშვილი წინადადებას დაასრულებდა და „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ოქროსფერი წინსაფრის პირველ მფლობელს დაასახელებდა, მაყურებელმა ბევრი ინერვიულა. რა თქმა უნდა, ჩვენი ნერვიულობა თავად სოლომონ მძინარაშვილის ნერვიულობას ვერ გაუტოლდებოდა. ჟიურიმ სწორედ მას გადასცა ოქროს წინსაფარი, შედეგად სოლომონმა მეოთხე სეზონის დიდ თორმეტეულში გარანტირებული ადგილი დაიკავა. მეოთხე სეზონის პირველი გადაცემის ტრიუმფატორის ნერვიულობა ამით არ დამთავრებულა, ოქროს წინსაფრით ხელდამშვენებული საცოლესთან მივიდა და მას ხელი სთხოვა. როგორ აღმოჩნდა „მასტერშეფში“ და რა გეგმები აქვს სოლომონ მძინარაშვილს, წაიკითხეთ ინტერვიუში. - როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი? - ბავშვობიდან მქონდა კულინარიისადმი სიყვარული და ინტერესი. ვფიქრობ, ნიჭი ბაბუისა და მამისგან გამომყვა. ბაბუა სამხედრო მზარეული იყო, მამაც ძალიან კარგად ამზადებს. შორეულ ბავშვობაში მამაჩემს ვეხმარებოდი ხოლმე. დამოუკიდებლად მომზადება ცოტა მოგვიანებით დავიწყე. პირველი კერძი, რომელიც მოვამზადე იყო კარტოფილი ოჯახურად, ჩემი საყვარელი კერძი. მახსოვს, დიდი შექება დაიმსახურა და ამან დიდი სტიმული მომცა, რომ პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა კულინარია. - პროფესიის არჩევისას რამე დაბრკოლება ხომ არ შეგხვდათ? ხომ იყო (და დღესაც არის შემორჩენილი) სტერეოტიპები მზარეულის პროფესიასთან დაკავშირებით. - სტერეოტიპები ჩემს ოჯახში არ იყო, თუმცა სანამ კულინარიის შესწავლას დავიწყებდი, არჩევანის წინაშე დავდექი. უნივერსიტეტში, ერთ-ერთ ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას, გამოცდებისთვისაც სერიოზულად ვემზადებოდი. გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა კულინარის პროფესიას დავუფლებოდი, ამიტომ გამოცდებამდე ოჯახში გამოვაცხადე, რომ მე კულინარიის სწავლა მინდოდა. კულინარიული კოლეჯი დავამთავრე და მას შემდეგ ჩემი პროფესიით ვმუშაობ. - „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება ვისი იდეა იყო? - ჩემი საცოლის. სხვადასხვა ქვეყნის „მასტერშეფს“ უყურებდა, ქართულსაც და მეუბნებოდა, მეც მეცადა ბედი. სიმართლე გითხრათ, თავადაც მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ აქამდე ვერ ვრისკავდი. - რა მოლოდინები გქონდათ? ფიქრობდით, რომ ოქროს წინსაფარს აიღებდით? - საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ჟიურისთან გასვლამდე ნამდვილად ვფიქრობდი, რომ წინსაფარს ვიმსახურებდი. მოვისმინე მათი შეფასება - დადებითიც, უარყოფითიც... ძალიან ავნერვიულდი და ეჭვები გამიჩნდა, უკვე აღარ ვფიქრობდი, რომ იქიდან წინსაფრით გამოვიდოდი. შეფ ლევანი ჩემთან რომ მოვიდა და მითხრა, წინსაფარი არ გეკუთვნისო, ეგ იყო პიკი - ფსიქოლოგიური სტრესი! ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა. როცა მითხრეს, ოქროს წინსაფარი აიღეო, მაგის მერე აღარაფერი აღარ მესმოდა, შოკში ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ მე ეს შევძელი და ოქროს წინსაფარი მოვიპოვე. - ასეთი ნერვიულობის შემდეგ როგორ მოიკრიბეთ ძალა, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ და შეყვარებულს ხელი სთხოვეთ? - არანაკლებ ვნერვიულობდი, ხელის თხოვნის გადაწყვეტილება რომ მივიღე. როგორც გითხარით, „მასტერშეფში“ მისი ინიციატივით მივედი და არ მინდოდა იმედი გამეცრუებინა. ვიფიქრე: „მე თუ დღეს წინსაფარს მივიღებ, გავაკეთებ იმას, რაც დიდი ხანია მინდა.“ ყველაფერი იდეალურად მიეწყო: ჟიურის წინაშე გამოვედი, ჩემი კერძი მოეწონათ, ჩვეულებრივის ნაცვლად ოქროს წინსაფარი მომცეს... ამ დღეს იდეალურამდე მხოლოდ ერთი რამ აკლდა და ის ერთიც გავაკეთე - საყვარელ ადამიანს ხელი ვთხოვე. - თქვენი საცოლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა... - დიახ, ვერ მიხვდა, რატომ გამოვიქეცი უკან, რას ვაპირებდი... ბეჭედი რომ ვაჩვენე, საოცრად გაუკვირდა. ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება - ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება. - რას უნდა ველოდოთ სოლომონ მძინარაშვილისგან „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონში? - ჩემებური ხედვა მაქვს ქართულ და ევროპულ სამზარეულოზე. შევეცდები, მეოთხე სეზონი განსაკუთრებული იყოს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! მინდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს, შემდეგ - ჩემს საყვარელ ადამიანებს - გავუმართლო იმედები. ცხოვრებისეული გამარჯვება უკვე მოვიპოვე - საყვარელ ადამიანს ხელი ვთხოვე და დამთანხმდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „მასტერშეფში“ გავიმარჯვო! 224 4-ს მოსწონს
|