სიახლეები ჯანმო და მსოფლიო ბანკი: პლანეტის ეკონომიკამ კორონავირუსის შედეგად უპრეცედენტო ნგრევა განიცადა 2020, 17 სექტემბერი, 17:50 მსოფლიო ბანკის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი ქვეუწყების შეფასებით, კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას არნახული ნგრევა დაატეხა თავს. უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, პანდემიის შედეგად პლანეტისთვის მიყენებული ზარალი 11 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ორგანიზაციის დასკვნით კორონავირუსის შედეგად მოტანილი სოციალური და ეკონომიკური შედეგები კატასტროფულია.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, კორონავირუსის შედეგად მოტანილ ნგრევის შედეგებს ათწლეულების მანძილზე ვიგრძნობთ.
მსოფლიო ბანკის ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი მომავალ წლებში ახალგაზრდა თაობის მიერ დაკარგული შემოსავლები, რასაც პანდემიის შედეგად გამოწვეული განათლების დეფიციტი წარმოქმნის, 10 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტი იქნება.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, პანდემიამ 100 მილიონ ადამიანზე მეტი გააღატაკა და უკანასკნელი საარსებო სახსრების გარეშე დატოვა. განსაკუთრებით დაზარალდნენ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები. 1 მილიარდ ბავშვზე მეტი სკოლაში ვერ დადის და განათლებას ვერ იღებს. მკვეთრად მოიმატა ალკოჰოლის და ნარკოტიკის ბოროტად მოხმარებამ. გახშირდა ძალადობა. ექსპერტებისგან შემდგარ 15-კაციან გუნდში, რომელმაც ზემოხსენებული დასკვნა დადო, შედის ამერიკელი იმუნოლოგი ენტონი ფაუჩი, რომელიც თეთრი სახლის მრჩეველია. აქვეა ასევე ნორვეგიის ყოფილი პრემიერი და ჯანმოს ყოფილი შეფი გრო ჰარლემ ბრუნდტლანდი. მათი თქმით მსოფლიო სახელმწიფოები არასათანადოდ იყვნენ მომზადებულები პანდემიისთვის, რამაც მსგავსი უმძიმესი შედეგები მოიტანა. ექსპერტები მსოფლიო მთავრობებს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. 60 1-ს მოსწონს
|