x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
კონფლიქტის დადებითი როლი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში
image
იმისათვის, რომ საზოგადოების ნაწილად ჩაითვალოთ აუცილებელია მის წევრებთან სისტემატური ურთიერთობა. ადამიანი არის სოციალური არსება, მისთვის აუცილებელია საზოგადოებასთან ყოფნა, მათთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, ადამიანების დიდი ნაწილი მოწადინებულია, კარგად ფლობდეს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს და უგებდეს ხალხს, ვისთანაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევს ურთიერთობა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია პიროვნულ ურთიერთობებს და სხვა ადამიანებისგან შემდგარ გარემოს. პიროვნული ურთიერთობები დიდ როლს თამაშობს ადამიანის ფუნცქციონირებაში, მის პროფესიულ და ყოველდღიურ საქმიანობაში.

აღსანიშნავია ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომლებიც ორ ადამიანს შორის სოციალური კავშირის დამყარებას გულისხმობს. ასეთ ურთიერთობებს შეუძლია ემოციური, ფიზიკური, სოციალური, ინტელექტუალური და ეკონომიკური მოთხოვნების შევსება (სუმბაძე & მახარაძე, 2010).

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები ადამიანისათვის საკმაოდ ღირებულია, საუკეთესო ურთიერთობებშიც კი გარდაუვალია კონფლიქტი (Holmes & Murray, 1996). ინტერპერსონალურ ურთიერთობაში კონფლიქტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია (სუმბაძე & მახარაძე, 2010) . ადამიანების ურთიერთობაში კონფლიქტს მაშინ აქვს ადგილი, როცა ერთი ადამიანის ქმედებები ხელს უშლის მეორის ქმედებებს. კონფლიქტი შესაძლოა მოხდეს კონკრეტული ქცევების, ნორმების და როლების, ან პიროვნული განწყობების გამო (Taylor et al., 2006) . ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია კონფლიქტის თავიდან არიდება, მაგრამ თავიდან არიდებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვახერხებდეთ მის გაკონტროლებას და ვიცოდეთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები, რათა ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას შევუწყოთ ხელი.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას. პირადად მე ამ მოსაზრებას ვეთანხმები, დიდია ვარაუდი იმისა, რომ კონფლიქტმა ურთიერთობას სარგებელი მოუტანოს, რადგან შესაძლოა ინდივიდმა დაშვებული შეცდომები და კონფლიქტის მიზეზი კარგად გააანალიზოს, ყველაფერი თავიდან აწონ-დაწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ პრობლემა მშვიდად კონფლიქტის გარეშე გადაჭრას.


კონფლიქტი არის ადამიანთა შორის ურთიერთობის ფორმა, რომელსაც ახასიათებს ერთმანეთთან შეუთავსებელი მიზნები, მოთხოვნები, დამოკიდებულებები და წინააღმდეგობები . მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია კონფლიქტის ძირითადი ელემენტები, ესენია :

  • კონფლიქტის მხარეები - სოციალური ურთიერთდამოკიდებულების სუბიექტები, რომლებიც მონაწილეობენ კონფლიქტში, ან აშკარად თუ ირიბად უჭერენ მხარს დაპირისპირებულ მხარეებს;
  • კონფლიქტის საგანი - ის, რის გამოც მოხდა კონფლიქტი;
  • კონფლიქტური სიტუაციის ხატი - კონფლიქტის საგნის ასახვა კონფლიქტის მონაწილე სუბიექტების ცნობიერებაში;
  • კონფლიქტის მოტივები - შინაგანი ფაქტორები, რომლებიც სოციალურ ურთიერთობაში სუბიექტებს უბიძგებენ კონფლიქტისაკენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოტივები მოთხოვნების, ინტერესების, მიზნების, რწმენის და იდეალების ფორმებს იღებენ) (ქაჯაია, 2002) .
პიროვნებათშორისი კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას ოჯახის წევრებს, შეყვარებულებს, მეგობრებს, თადამშრომლებსა და ა. შ. შორის . ურთიერთობაში კონფლიქტი გარდაუვალია, მაგრამ მან ხშირად შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს ურთიერთობაზე. თუ კონფლიქტის გადაწყვეტის პროდუქტიულ გზებს გამოიყენებთ, კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობები უფრო ძლიერდება. როცა ადამიანი პიროვნებათშორისი კონფლიქტის გადაწყვეტას ცდილობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს ურთიერთობა ძვირფასია და ცდილობს მის შენარჩუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონფლიქტურ სიტუაციას უბრალოდ განერიდება.


რა თქმა უნდა, კონფლიქტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, მაგრამ ასევე ბევრი სარგებელი მოუტანოს მას. ხშირ შემთხვევაში კი სარგებელი და დადებითი შედეგი ბევრად აღემატება უარყოფითს, სადაც იმის გათვალისწინებით, რომ უარყოფითი გავლენების თავიდან არიდება შეგვიძლია სხვადასხვა სტრატეგიების გამოვიყენებით. რაც შეეხება სარგებლის მოტანას, იმის გამო, რომ კონფლიქტი ძლიერ ემოციებს იწვევს, შესაძლოა ორივე მხარემ უთანხმოების შემდგომ კარგად აწონ-დაწონოს თავიანთი დანაშაული, რის შემდეგაც დიდია ვარაუდი იმისა, რომ ურთიერთობაში უთანხმოება შემცირდეს, გაიზარდოს სიახლოვე პარტნიორებს შორის და ყველაფერი ღია დისკუსიითა და ურთიერთიერთგაგებით დასრულდეს (სუმბაძე & მახარაძე, 2010) .

უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტები ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის გადამოწმების საშუალებაა. ნორმალური ურთიერთობის დროს პარტნიორები კონფლიქტს პოზიტიური ქცევების საშუალებით მართავენ. ისინი ცდილობენ დაპირისპირებამ სერიოზული აგრესიის სახე არ მიიღოს. მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთთან ითანამშრომლონ, მიმართავენ დესტრუქციული (ნორმალური სტრუქტურის დარღვევა) ქცევების, მოდელების, ციკლების შეცვლასა და თავიდან აცილებას. მაგალითად: ამ დროს პარტნიორები ცდილობენ ერთმანეთს მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ, გაიაზრონ მეორე ნახევრის გულისტკივილი, ანუგეშონ ის და ა.შ. ამასთანავე მაქსიმალურად შორს იჭერენ თავს ისეთი თემების განხილვისგან, რომელმაც შესაძლოა კონფლიქტი, ან რაიმე სახის გაუგებრობა გამოიწვიოს.

ამასთანავე, ინტერპერსონალური კონფლიქტი ურთიერთობაში და ინდივიდების განვითარებაში, საკმაოდ მნიშველოვან რგოლს წარმოადგენს. Shantz-ის (სტატიის ციტირება) აზრით, “კონფლიქტი მნიშვნელოვანი ეტაპია პიროვნების განვითარების შესახებ არსებულ ყველა ძირითად თეორიაში’’(Licht et al., 2008) . ზოგადად, სოციალური ურთიერთობის განვითარება დამოკიდებულია პარტნიორების მიერ ერთმანეთის გრძნობების აღქმაზე, ამასთანავე კომუნიკაციური სტრატეგიების და იმ ქცევების დემონსტრირებაზე, რომლებსაც ინტერპერსონალურ ურთიერთობებში გამოიყენებენ. მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება და ზოგჯერ კონფლიქტიც, რადგან როგორც ჩანს ხშირ შემთხვევაში სწორედ რომ ის ეხმარება პარტნიორებს ურთიერთობისა და ერთმანეთის დაფასებაში (ქაჯაია, 2002) .

გარდა ამისა, კონფლიქტი ადამიანს ეხმარება გახდნენ უფრო აქტიურები, ავტონომიურები და ინდივიდუალურები. ეს ყოველივე კი მათ ახალი ურთიერთობების წამოწყებაში და საზოგადოებაში უფრო მეტი ხალხის გაცნობაში ეხმარება . კონფლიქტი აღმოფხვრის “თავმდაბლის სინდრომს’’ და ხალხს აქტივობისაკენ უბიძგებს . პიროვნებისა და ინდივიდუალობის განვითარებას კონფლიქტი ასტიმულირებს, უზრუნველყოფს მომავალში სასარგებლო ცოდნის მიღებას კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასარიდებლად (Kuzmina, 2008). სწორედ ამიტომ, კონფლიქტს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს, რომელიც ადამიანს ავტონომიურობას სძენს და მას სჯერა, რომ იგი თავდაჯერებულია და მზადაა ახალი ნაბიჯების გადასადგმელად.

საზოგადოების მცირედი ნაწილი შესაძლოა არ დაგვეთანხმოს და თქვას, რომ მიუხედავად მცირედი სარგებლისა კონფლიქტს უარყოფითი შედეგები აქვს ურთიერთობაში, რაც ყველაზე ხშირად მონაწილეთა შორის უარყოფითი ემოციების გამძაფრებას უკავშირდება. ხალხის ეს კატეგორია თვლის, რომ ხშირად კონფლიქტი სწორედ რომ უსამართლო მეთოდებს და მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას გულისხმობს, რაც ანგრევს ურთიერთობებს (სუმბაძე & მახარაძე, 2010) . მაგრამ, რეალურად, კონფლიქტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს, მაგრამ ამავდროულად ბევრად ძლიერი გახადოს ურთიერთობა, ვიდრე ის დასაწყისში იყო, რადგან არსებობს კონფლიქტის მართვის ეტაპები, რომლითაც შეგვიძლია უთნხმოების მოგვარება, ეს კი კომუნიკაციას და ორ (ან მეტ) ადამიანს შორის ურთიერთობას სძენს მნიშვნელოვან გამოცდილებას.

კონფლიქტის მართვის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან, რომლებსაც საბოლოო ჯამში კონფლიქტის გაქრობისა და ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ მივყავართ. იმისათვის, რომ კონფლიქტი ნულამდე დავიყვანოთ და ურთიერთობა დანგრევისაგან ვიხსნათ გამოყოფილია კონფლიქტის მართვის ოთხი ეტაპი:

  • პირველ რიგში კონფლიქტის განსაზღვრაა საჭირო. ის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია კონფლიქტის განსასაზღვრად და იმის გასაგებად, თუ რასთან გვაქვს საქმე. აქ განისაზღვრება ისეთი საკითხები, რომლებიც ურთიერთობასთანაა კავშირში. ადამიანებმა ამ შემთხვევაში ყურადღება აწმყოზე უნდა გაამახვილონ და დაივიწყონ მეორე მხარის მიერ წარსულში დაშვებული შეცდომები, რადგან ეს კონფლიქტის აღმოფხვრას კი არა, პირიქით უთანხმოების გაზრდას შეუწყობს ხელს; ასევე საჭიროა ემპათიის გამოყენება, რაც იმას გულისხმობს, რომ პარტნიორმა ყველაფერს მეორე მხარის პოზიციიდან უნდა შეხედოს და უნდა გაუგოს მას;
  • მეორე ეტაპს კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლო გზების შესწავლა წარმოადგენს, რადგან ზოგადად, კონფლიქტის გადაწყვეტა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მთავარია ურთიერთგაგება, პარტნიორებმა ერთად უნდა მიმოიხილონ კონფლიქტის გადაჭრის ყველა შესაძლო ვარიანტი, ამოირჩიონ ის საუკეთესო, რომელშიც თანაბრად იქნება გადანაწილებული როგორც ჯილდო, ასევე დანახარჯი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნა.
  • კონფლიქტის გადაწყვეტის შერჩეული გზის შეფასება არის მესამე ეტაპი, სადაც ჯერ გონებაში უნდა მოვსინჯოთ მოცემული გზა და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ყველაფერი კარგად დავგეგმეთ ამის შემდგომ ვიწყებთ რეალურად კონფლიქტის აღმოფხვრას;
  • საბოლოო ეტაპს ეწოდება - კონფლიქტის გადაწყვეტის შერჩეული გზის მიღება (ან უარყოფა) ამ დროს, მას შემდეგ, რაც ვაანალიზებთ, რომ ჩვენს მიერ არჩეული გზა ეფექტურია ვიწყებთ მუშაობას და ვანადგურებთ კონფლიქტს, რის შედეგადაც ინტერპერსონალური ურთიერთობა უფრო მყარი და ძლიერი ხდება.

ყველაფერი ზემოთხსენებული რომ შევაჯამოთ, კონფლიქტი დადებით როლს თამაშობს ადამიანთა ინტერპერსონალური ურთიერთობების განვითარებაში. იგი აუცილებელი პირობაა და დიდ გავლენას ახდენს ჩვენი გადაწყვეტილებებისა და მიზნების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, კონფლიქტის დროს ადამიანები სწავლობენ, რომ ერთსა და იმავე საკითხზე ყველას მსგავსი შეხედულებები, აზრები და გრძნობები ვერ ექნება, ამიტომ აანალიზებენ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ნახევარწილად დათმობაზეცაა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ინტერპერსონალური ურთიერთობისათვის კონფლიქტი ერთ-ერთი განუყოფელი და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან იგი ურთიერთობას უფრო ძლიერს, მყარს და ჯანსაღს ხდის .



0
29
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯაბიძე მარიამი
გუჯაბიძე მარიამი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0