სისხლის სამართალი არბოშიკში ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20 და 17 წლით პატიმრობა მიესაჯა 2020, 6 სექტემბერი, 21:29 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მარტოხელა ქალის მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. თელავის რაიონული სასამართლოს 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ორ პირს 20-20 წლით, ერთს კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ექსკლუზიური ინფორმაციით, გარდაცვლილის თანაკლასელს, თავდასხმის ორგანიზატორს, ტარიელ ლამაზოშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, დავით ჯავახიშვილს ასევე 20 წლით, თორნიკე მანჯავიძეს კი 17 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, კიდევ ერთმა დამნაშავემ, დავით პაპუაშვილმა დამნაშავეთა იდენტიფიცირებამდე საქართველოს საზღვრები დატოვა და მიმალვა მოახერხა. მიმალვისა და საზღვრის კვეთის დროს, 2019 წლის 10 დეკემბერს თურქეთის საზღვართან დააკავეს ტარიელ ლამაზოშვილი და დავით ჯავახიშვილი. სამივე პირი წარსულში ნასამართლევია, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იცნობენ ერთმანეთს. „განაჩენით კმაყოფილი ვარ, რადგან 61 წლის ასაკის დამნაშავისთვის 20 წლიანი სასჯელი იგივე უვადო პატიმრობას ნიშნავს და როგორც თავიდანვე ვამბობდი, ის ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი დედოფლისწყაროს და კახეთის სამხარეო პოლიციას, პროკურატურას, ექსპერტ-კრიმინალისტებს და გამოძიებაში ჩართულ ყველა პირს. დაკავებისთანავე ვამბობდი, რომ ოპერატიულად და კარგად იმუშავა პოლიციამ, გვერდით გვედგნენ, ოპერატიულად დააკავეს და კრიმინალებს არ მისცეს შესაძლებლობა ქვეყანა დაეტოვებინათ, “ - განუცხადა ქიზიყიTV-ს მოკლულის შვილმა ირმა ბაღაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2019 წლის 6 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ სოფელ არბოშიკში მცხოვრებ, 1959 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად თ.ბ. გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ ორი ბრალდებული - ტ.ლ. და დ.ჯ. აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი - თ.მ. კი სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სოფელ არბოშიკში ამბობენ, რომ დაკავებულთა შორის არის გარდაცვლილის თანაკლასელი ტარიელ ლამაზოშვილი. ერთერთი ვერსიით, სავარაუდოდ, მსხვერპლმა თავდამსხმელები ამოიცნო, რის გამოც ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ცნობილია, რომ მარტოხელა ქალი ფულს აპროცენტებდა, ამიტომ სოფელში მომხდარს სწორედ ყაჩაღობას უკავშირებდნენ, რადგან თვითმხილველებს საცხოვრებელი სახლი არეული დახვდათ. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთები ამოღებულია. „გაოგნებულები ვართ ოჯახში... ოქრო ამოვიცანით ძალიან ბევრ სხვა ნივთთან ერთად, რომელიც პოლიციამ დაკავებულის სახლში აღმოაჩინა! რაც თავიდანვე გვქონდა ჩვენებაში დაფიქსირებული. ფოტოსურათებიც რომელიც საქმეში დისკზეა. ძალიან ძლიერი პოლიცია გვყავს! მთელი კახეთის სამხარეოა ჩართული და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თვითოეულ მათგანს, “ - აღნიშნავს გარდაცვლილის შვილი, ირმა ბაღაშვილი. შეგახსენებთ, ყაჩაღობა სოფელ არბოშიკში მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც, მარტოხელა ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახლობლებმა ე.წ. სკოჩით დაბმული გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
350 1-ს მოსწონს
|