საბუნებისმეტყველო ქათამმა დადო კვერცხი, რომლის მსგავსი 25 მილიონიდან მხოლოდ ერთხელ გვხვდება 2020, 27 აგვისტო, 16:24 ჯადოსნურმა ქათამმა დარლინმა კვერცხის დება მხოლოს ორიოდე კვირის წინ დაიწყო და დღეს ის უკვე იმდენად ცნობილი და პოპულარულია თავისი უცნაური კვერცხებით, რომ შესაძლებელია გინესის რეკორდსმენიც კი გახდეს. რა თქმა უნდა, ორგულიანი კვერცხი საკმაოდ ხშირი შემთხვევაა და არაერთხელ გვინახავს, მაგრამ სამგულიანი კვერცხი მართლაც რომ იშვიათობაა და 25 მილიონიდან შანსი მხოლოდ ერთია. სწორედ ამ უნიკალურ შემთხვევას განეკუთვნება ქათამი დარლინი.
48 წლის მონალიტა კერმა 7 ქათამი, მათ შორის რეკორდსმენი დარლინი კორონავირუსის თვითიზოლაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იყიდა. ქალი ნამდვილად არ ელოდა, რომ ამ 7 ქათმიდან ერთ-ერთი მას საქვეყნოდ ცნობილს გახდიდა. მონალიტა ოთხი წლის წინ გადასახლდა ინგლისის ქალაქ იორკშირიდან ესპანეთში მეუღლესთან ერთად და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა ქათმების მოშენებით დაკავებულიყო. ასე რომ, მას ამ საქმეში გამოცდილება საერთოდ არ აქვს და საკვირველია, როგორ გაუმართლა ქალს, როცა სულ შემთხვევით შეიძინა უცნაური კვერცხების მდებელი დარლინი. მონალიტა ამბობს: "კაცმა რომ თქვას, დარლინი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ქათამია მსოფლიოში. როცა პირველად გავტეხე მის მიერ დადებული კვერცხი, სიურპრიზისაგან ისე განვცვიფრდი, რომ ტაფაზე შესაწვავად დადებული ბეკონი სულ გადამავიწყდა და დამინახშირდა. არც კი ვიცოდი, რომ ქათმებს შეეძლოთ სამგულიანი კვერცხის დადება. ვიფიქრე, რომ რაღაც ჯადოქრობასთან მქონდა საქმე და გაშტერებულმა ჩავიბურტყუნე: ღმერთმა დალახვროს, ეს რა ჯანდაბაა?" დარლინი ნამდვილად ნაყოფიერი დედალი გამოდგა: როცა მან კვერცხის დება დაიწყო, პირველი 6 კვერცხიდან ყველა ორგულიანი აღმოჩნდა, მეშვიდე კი სამგულიანი. კვერცხის ამგვარი სტრუქტურა ყალიბდება იმ შემთხვევაში, როცა ორი ან მეტი კვერცხის გული ერთდროულად ხვდება ქათმის კვერცხსავალში და ერთიანდება საერთო ნაჭუჭის ქვეშ. დარლინის და მისი ექვსი ფრთოსანი თანამოძმის გარდა, ესპანეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში მდებარე მონალიტას ფერმაში კიდევ ცხოვრობს: ხუთი ძაღლი, ოთხი კატა, ორი თხა და ორი ცხენი. 269 7-ს მოსწონს
|