x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ჯეფ ბეზოსი პირველი ადამიანია დედამიწაზე, რომლის ქონება 200 მილიარდ დოლარს ასცდა
კორონავირუსის კრიზისის დროს სამსახური დაკარგეთ და თქვენი ერთადერთი შემოსავალი დედის 220-ლარიანი პენსიაა? მაშინ იცოდეთ, რომ ყველა არ არის თქვენს დღეში და ამ უსამართლო პლანეტაზე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წამის მეათედებში შეუძლიათ იმაზე მეტი ფული იშოვონ, რაც თქვენ მთელი ცხოვრება არც კი დაგესიზმრებათ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ჯეფ ბეზოსია - კომპანია “ამაზონის” 56 წლის შეფი, რომლის ქონებამაც გუშინ 204 მილიარდ დოლარს (628 მილიარდი ლარი) გადააჭარბა. ეს მოხდა “ამაზონის” აქციების ფასის კიდევ ერთი რეკორდული მატების წყალობით, რამაც მხოლოდ ოთხშაბათს 2 % შეადგინა.


ამრიგად ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მას ჟურნალ “ფორბსის” სიაში უკან დიდი ჩამორჩენით მიყვება “მაიკროსოფტის” ხელმძღვანელი ბილ გეითსი. გეითსის ქონება “სულ რაღაც” 123 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილზე “ფეისბუკის” დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია, რომელსაც 96 მილიარდი დოლარი აქვს.


და ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში - იმ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსის კრიზისის პირობებში 40 მილიონ ადამიანს არ შეუძლია, ბინის ქირა იხადოს, ჰქონდეს ჯანდაცვის პოლისი და იშოვოს ღირსეული სამუშაო. სწორედ ამ უმწვავესი კრიზისის დროს გაიზარდა ჯეფ ბეზოსის ქონება 44 მილიარდი დოლარით.


ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლების მანძილზე კომპანია “ამაზონს” აშშ-ში თითქმის არ აქვს გადახდილი არავითარი გადასახადები.



შესაძლოა, ბევრი ვერც კი აცნობიერებდეს, თუ რამდენია 204 მილიარდი დოლარი. ამხელა თანხის კი არა, 1 მილიარდი დოლარის წარმოდგენაც კი ნებისმიერი ნორმალური ადამიანის ფანტაზიას გაუჭირდება. უბრალოდ გეტყვით, რომ ამ უზარმაზარი კაპიტალის სულ რაღაც ერთი მეათასედი ნაწილიც კი საკმარისია, რათა სამუდამოდ გადაგვეჭრა უბინაობის პრობლემა საქართველოში.


204 მილიარდი დოლარი საქართველოს მოქალაქეებისთვის რომ დაგვერიგებინა, თითოეული ჩვენთაგანი 1, 69 მილიონ ლარზე მეტს მიიღებდა. აი, ამხელა თანხაა 204 მილიარდი დოლარი.


ჯეფ ბეზოსს ახლა 204 კი არა, 268 მილიარდი დოლარიც კი ექნებოდა, მის ცოლს, მაკენზი ბეზოსს მისთვის თავი რომ არ დაენებებინა და გაყრის შედეგად 64 მილიარდი დოლარი რომ არ წაეღო.


საინტერესოა, რომ მთლიანად კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე უმდიდრესი ამერიკელების კაპიტალი 565 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი და კვლავაც გასაოცრად სწრაფად განაგრძობს ზრდას მსოფლიოს მოსახლეობის არანაკლებ სწრაფი გაღატაკების პარალელურად.


ჯეფ ბეზოსი

0
159
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0