კახეთი დედოფლისწყაროში მარტოხელა მამაკაცს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა 2020, 22 აგვისტო, 22:20 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში აღმაშენებლის ქუჩაზე უნარშეზღუდული მარტოხელა მამაკაცი მომვლელმა ქალმა ელექტროღუმელზე დაცემული, უგონო მდგომარეობაში ნახა. წინასწარი ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, რის შემდეგაც დაშავებული დედოფლისწყაროს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც მეზობლები ჰყვებიან, 63 წლის მამაკაცი სათნოების სახლის ბენეფიციარია და სიარული უჭირდა: „თენგიზს ოჯახი არ აქვს, პირველი ჯგუფის სტატუსი აქვს და მარტო ცხოვრობს, კასტილებით გადაადგილდებოდა და სათნოების სახლიდან საკვებს სხვები უზიდავდნენ. მომვლელი რომ შესულა, უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდა. ელექტროსადენი ისევ ნაპერწკლებს ყრიდა. კიდევ კარგი ცეცხლი არ გაჩნდა და სულ არ გადაიწვა, “ - ყვებიან მეზობლები. შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მორიგე ექიმის, ზინაიდა ძელურის განმარტებით, მამაკაცი ღრმა კომაში იმყოფება. "პაციენტი არის უმძიმესი, ამ დროისთვის შეერთებულია მართვით სუნთქვაზე. ესაჭიროება გამოკვლევა, შეიძლება სასუნთქი გზებიც იყოს დამწვარი, შესაძლოა დენის დარტყმა არ იყო, ცუდად გახდა და ისე დაეცა ელექტროღუმელზე." - აღნიშნავს ძელური დედოფლისწყაროს ახალ ამბებთან საუბარში. დაზარალებულის ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტი წლებია არ სვამდა და არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. დაზარალებულის მეზობელი ამბობს, რომ როდესაც მომვლელმა ქალმა დაუძახა და ფანჯარაში შეიხედა, ელექტროსადენი ნაპერწკლებს ყრიდა, მან სასწრაფოდ მოიტანა სახლიდან ხელსაწყო, რითაც ელექტროსადენები გადაჭრა. ანუ, მისი აზრით, სავარაუდოდ, დაზარალებულს დენმა დაარტყა. დედოფლისწყაროს რაიონულ პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. 103 შეფასება არ არის
|