x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
კონფლიქტის როლი ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაში
ინტერპერსონალური ურთიერთობები მნიშველოვანი ნაწილია ჩვენი ცხოვრებისა. ინტერპერსონალური ურთიერთობები მოიცავს ადამიანებს შორის სოციალურ კავშირს, რომელსაც შეუძლია შეგვივსოს და დაგვიკმაყოფილოს ემოციური, ფიზიკური და სოციალური მოთხოვნილებები. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ხშირია კონფლიქტები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვს ურთიერთბების ფორმირებაზე. ინტერპერსონალური კონფლიქტები არის უთანხმოება ინდივიდებს შორის, რომლებიც თავიანთ მიზნებსა და ღირებულებებს ერთმანეთთან შეუთავსებლად აღიქვამენ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი წარმოიშობა ძირითადად ხდება როდესაც ადამიანები არიან ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულები და ერთ-ერთი მათგანის ქცევა განაპირობებს მეორე ადამიანის ქცევას. ისინი ერთმანეთს აღიქვამენ როგორც ხელის შემშლელ ფაქტორად მიზნის მისაღწევად, ამიტომაც რაც მეტია ურთიერთდამოკიდებულებები, მით მეტი ხდება საკითხების რაოდენობა და სირთულე. მოცემული სიტუაცია დამახასიათებელია ადამიანური ურთიერთობის ნებისმიერი სტადიისთვის, სტატისტიკურად კი ყველაზე მეტი კონფლიქტი სწორედ ოჯახური ურთიერთობებში გვხვდება.კონფლიქტი როგორც წესი, მხოლოდ ურთიერთწინააღმდეგობის გაცნობიერების შემდეგ შეიძლება გახდეს იმდენად რეალური, რამდენადაც მხოლოდ სიტუაციის რეალურად გაცნობიერება იწვევს შესაბამის ქმედებას. „კონფლიქტის მიზეზების გამოყოფა რთულია. ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, შესაძლოა დადგინდეს მხოლოდ ის სპეციფიკურად პრობლემური მახასიათებლები, რომელიც ინტენსიურად ვლინდება და კონფლიქტის წარმომქმნელ ფაქტორებად მიიჩნევა. ესენია: ფინანსური საკითხები, თავისუფალი დროის გატარება, პიროვნული თვისებები, შვილების აღზრდა, საშინაო პასუხისმგებლობები, კარიერა, ახლო ნათესავები, მეგობრები და ინტიმური საკითხები (Knapp, 1984). ხშირად, პრობლემების იდენტიფიცირებისათვის მსგავსი მიდგომები ზერელე განსაზღვრებადაც კი მიიჩნევა, რადგანაც ჩამოთვლილი მიზეზები გადაუჭრელი კონფლიქტების სიღრმისეულ სიმპტომებს წარმოადგენს და ხშირად, გაუგებრობების ნადვილი წყარო დაფარული და უცნობია (Mace, 1987) .“


კონფლიქტების განხილვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მათი გამომწვევი მიზეზები და ჩავუღრმავდეთ ფსიქოლოგიური და სოციალური მხრიდან, აუცილებელია დავადგინოთ რა სიმწვავისაა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ კონფლიქტებს, რის დასადგენადაც უნდა განვსაზღვროთ და განვიხილოთ კონფლიქტამდელი ურთიერთობები, გამოვიკვლიოთ საწყისი ეტაპები, განვსაზღვროთ ინდივიდებს შორის ჩამოყალიბებული კონფლიქტის ტიპები და შედეგები, დავაკვირდეთ და შევისწავლოთ მათი ქცევის პატერნები და მხოლოდ ღრმა ანალიზის შედეგად გამოვიტანოთ დასკვნები.მოცემული პირობები კი დაგვეხმარება სწორად ვმართოთ კონფლიქტები. კონფლიქტების მართვის პროცესი შეგვიძლია რამდენიმე ეპატად დავყოთ, რაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დასარეგულირებლად, მოსაგვარებლად და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ამისათვის, პირველ რიგში საჭიროა სწორად განვსაზღვროთ კონფლიქტები. აუცლებელია, გავარკვიოთ რასთან გვაქვს საქმე, შევაფასოთ მოცემული პირობები, საკითხები და შევეცადით ჩავუყაროთ საფუძველი კონფლიქტების წარმოქმნის მიზეზების გადაჭრის და ჩამოყალიბებისკენ მიმავალ გზებს. კონფლიქტში მყოფმა პირებმა ნათლად უნდა გაიაზრონ ყოველივე და გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ ემპათია, რათა უკეთ გაიგონ კონფლიქტის მიზეზი მეორე ადამიანის მხრიდან, თვალი გაუსწორონ წარმომქმნელ მიზეზებს და დაიწყონ ფიქრი არსებულის გაუმჯობესებაზე და არა წარსულში წარმოქმნილ პრობლემებზე. მეორე ეტაპი არის კონკრეტული გზების შესწავლა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის გადაწყვეტას. სხვადასხვაგვარი კონფლიქტების გადაჭრა სხვადასხვაგვარ მიდგომას გულისხმობს და საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ რამოდენიმე ვარიანტი რომელიც დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში. მნიშვნელოვანია კონფლიქტში მყოფმა პირებმა ერთად მიმოიხილონ მოცემული პირობები და ვარიანტები, რის მიხედვითაც უნდა გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, განიხილონ ჯილდოები და დანაკარგები, გადაინაწილონ პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარებაზე, ამოარჩიონ საუკეთესო და ყველასთვის მისაღები ვარიანტი და იფიქრონ შესაბამის ნაბიჯებზე ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში.მესამე ეტაპად კი შეგვიძლია სწორედ გადადგმული ნაბიჯები განვიხილოთ, ამ ეტაპზე უკეთ უნდა შევავაფასოთ შერჩეული გზის დადებითი და უარყოფითი მხარეები, აღმოვფხვრათ მიუღებელი ნაწილები და რეალურად დავიწყოთ მოცემული კონფლიქტის აღმოფხვრა.მეოთხე ეტაპზე ვაანალიზებთ ჩვენი აჩეული გზის ეფექტურობას, აღმოვფხვრით კონფლიქტს, რაც მოგვცემს საშუალება გავამყაროთ ჩვენი ინტერპერსონალური ურთიერთობები და თავიდან ავირიდოთ არასასურველი კონფლიქტები.


ინტერპერსონალური კონფლიქტები შეგვიძლია ორი სახით განვიხილოთ, როგორც კონსტრუქციული, ისე დესტრუქციული. კონსტრუქციული კონფლიქტის დროს ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათი პოზიციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ისინი ორიენტირებულები არიან პრობლემის გადაჭრასა და თანამშრომლობაზე. მისი დადებითი მხარე შეიძლება იყოს ის რომ ორივე მხარე მოტივირებულია წინააღმდეგობის დაძლევაზე, აცნობიერებენ, რომ კონფლიქტს გადაჭრა და მოგვარება სჭირდება. ამ შემთხვევაში კონფლიქტი გაერთიანებას, სტაბილურობას და გაგებას უწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ დესტრუქციული კონფლიქტის დროს მხარეები ცდილობენ დაიკმაყოფილონ საკუთარი ინტერესები მეორე ადამიანის ხარჯზე, რაც ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ არ არის მიმართული, ისინი ორიენტირებულები არიან შეჯიბრზე და ვერ აცნობიერებენ რამდენად აუცილებელია ურთიერთობების მოგვარება. საბოლოო ჯამში, ურთიერთობები გადადის აგრესიაში, აპათიასა და პესიმიზმში.


როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერპერსონალური კონფლიქტების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, როგორებიცაა წყენა, ძალაუფლება, ურთიერთობების კონტროლის მოთხოვნამ, განსხვავებულმა ინტერესებმა, მიზნებმა, ღირებულებებმა და შეხედულებებმა. თითოეული კონფლიქტი გარკვეულ კვალს ტოვებს ურთიერთობებზე, რაც ხშირად ძალიან სტრესულია და უარყოფითი და არაჯანსაღი ურთოერთობებისა და ემოციების წარმოქმნას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, კონფლიქტს ბევრი დადებითი მხარეც გააჩნია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ, ინტერპერსონალურმა კონფლიქტებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ურთიერთობების განვითარებასა და გაუმჯობესებას. ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, რადგან ვფიქრობ, რომ ჯანსაღ ურთიერთობებში კონფლიქტების წარმოქმნა და მათი ეფექტური გადაჭრა უფრო მეტად ამყარებს და აუმჯობესებს ურთიერთობებს. მიმაჩნია რომ:

1.კონფლიქტები ააშკარავებს ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია ჯანსაღი ურთიერთობების შესანარჩუნებლად.

2.გვეხმარება იმის გარკვევაში თუ ვინ ვართ და კონკრეტულად რა როლი გვაქვს საკუთარ ურთიერთობებში.

3.ხანგრძლივს ურთიერთობებში ხშირია ემოციური სტრესისა და ემოციების დაგროვება, კონფლიქტი კი გამოკვეთს მათ წარმომქმნელ მიზეზებს და გვეხმარება გავიაზროთ პრობლემა და ვეძებოთ მათი გადაწრის გზები, რაც დაგვეხმარება ურთიერთობის განმტკიცებასა და გაუმჯობესებაში.იგი ერთ-ერთი საუკეთესო განმუხტვის სახეა უარყოფითი ენერგიისა და ემოციებისგან გათავისუფლებისათვის.

4.კონფლიქტმა ასევე შესაძლოა ურთიერთობებში ახალი მოტივაციები და მიზნები წარმოშვას, იყოს სტიმულის მიმცემი, ხელი შუწყოს ინოვაციებსა და ურთიერთობაში ახალი ეტაპების განვითარებას.


კონფლიქტების კიდევ ერთი დადებითი მხარეა ის რომ კონფლიქტი ურთიერთდამოკიდებულებისა და ხასიათის გადამოწმების ძალიან კარგი საშუალებაა. ნორმალური ურთიერთობის დროს პარტნიორები კონფლიქტს პოზიტიური ქცევების საშუალებით მართავენ, მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ, მიმართავენ დესტრუქციული ქცევებისა და მოდელების პოზიტიურად შეცვლას. Shantz-ის მიხედვით “კონფლიქტი მნიშვნელოვანი ეტაპია პიროვნების განვითარების შესახებ არსებულ ყველა ძირითად თეორიაში’’(Licht et al., 2008) . ამასთანავე, სოციალური ურთიერთობის განვითარება დამოკიდებულია პარტნიორების მიერ ერთმანეთის გრძნობების აღქმაზე, ამასთანავე კომუნიკაციის სტრატეგიების და იმ ქცევების დემონსტრირებაზე, რომლებსაც ისინი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში მათ დასარეგულირებლად გამოიყენებენ.

როგორც უკვე აღვნიშნე, კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტები, რაც დამოკიდებულია მასი მოგვარების სხვადასხვა გზებზე. პოზიტიურ ეფექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის რომ კონფლიქტისა და მისი რეზოლუციის განმავლობაში თითოეული მხარე ყურადღებას ამახვილებს და გამოთქვამს საკუთარ აუცილებელ საჭიროებებსა და მოთხოვნილებეზე, რისი აღიარება და ვერბალიზაცია პრობლემის მოგვარების ძირითადი საწყისი საფუძველია, ამასთანავე შესაძლებელია ურთიერთობა ამის შემდეგ უფრო დამაკმაყოფილებელი და პროდუქტიული გახდეს. კონფლიქტის მართვა შესაძლოა იცვლებოდეს რაციონალურ დისკუსიებში ვერბალური და არავერბალური აქტივობების ჩართვით. თეორიების დიდ ნაწილში, ფუნდამენტურ საკითხთა უმრავლესობა მიმართულია კოგნიტური და სოციალური განვითარებისკენ) და კონფლიქტები ცვლილებების, ადაპტაციურობისა და განვითარების აუცილებელი შემადგენელი კომპონენტად ითვლება. (i.e., Freud, Erikson, and Piaget).

კონფლიქტები კარგი საშუალებაა ადამიანისთვის გახდნენ უფრო აქტიურები, ავტონომიურები და ინდივიდუალურები, რაც ურთიერთობებში სიახლეს და მრავალფეროვნებას იწვევს. ადამიანს სჯერა რომ იგი ავტონომიური თავდაჯერებული პიროვნებაა რაც მოქმედებს მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და იგი მზადაა გადადგას ახალი, მტკიცე ნაბიჯები ცხოვრებაში . ამასთანავე, გვეძლევა საშუალება მივიღოთ ახალი გამოცდილება და წარსულ შეცდომებზე დაყრდნობით და გავაუმჯობესოთ მომავალი ურთიერთობა.

მიუხედავად ამისა, აუცილებელია განვიხილოთ უარყოფითი ეფექტები, რომელსაც კონფლიქტი იწვევს. საზოგადოებაში გავრცელებულია რომ კონფლიქტები ანგრევს ურთიერთობებს, რადგან ამძაფრებს სტრესულ და ემოციურ ფონს, რაც ადამიანებისთვის დათრგუნვას და ზიანის მიყენებას გულისხმობს. ბევრ ადამიანი ეთანხმება მოსაზრებას, რომ კონფლიქტი არღვევს წესრიგს, რაც იწვევს მუდმივ სტრესს და მძაფრ ემოციებს. თუმცა მთავარია თავიდან ავიცილოთ კონფლიქტების უარყოფითი გავლენა, აუცილებელი და სასურველია რომ ეს კონფლიქტები პოზიტიური ცვლილებებისკენ მივმართოდ და სწორად გამოვიყენოთ. როდესაც კონფლიქტებს ეფექტურად ვუმკლავდებით, პრობლემასაც შედარებით მარტივადება, ძლიერდება ინტერპერსონალური და სოციალური უნარები, მცირდება სტრესული ფაქტორების რაოდენობა. ადამიანი ყოველთვის ცდილობს მიაღწიოს ჰარმონიასა და ბალანსს, ინტეპერსონალური კონფლიქტების გადაჭრა კი ერთგვარ ჰარმონიას ქმნის ურთიერთობაში.

საბოლოოდ, კონფლიქტების არსებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები ძირითადად ემოციურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობად განიხილება, შეუძლია გამოიწვიოს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი ფაქტორებიც, რომელთა არსებობა და დაბალანსება ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და კონფლიქტების მოგვარება ერთი საკმაოდ რთული და გრძელი გზაა, რომლის გავლა ასე თუ ისე ყველა ინდიდვიდს უწევს და განსაკუთრებით რთულია ცოლქმრული და ხალგრძლივი ურთიერთობების დროს, მიუხედავად იმისა რომ ამ გზას ტკივილი და ემოციურ დისბალანსი ახლავს თან, მაინც შეიძლება მისგან სწორი და პოზიტიური ინტერპრეტაციებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის სწავლა, რაც შემდგომში ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

2
39
3-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ტალახაძე
თინათინ ტალახაძე
39
  
2020, 25 სექტემბერი, 17:44
უღრმესი მადლობა ქალბატონო მირანდა :)
2020, 22 სექტემბერი, 21:03
აქტუალური თემაა,საინტერესო ხედვით! წარმატებები,თინანო!
0 1 2