x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
პარიკი მელოტი დედოფლისთვის

image

ელისაბედის თმები, მისი მშვენიერი კულულები! როგორ უყვარდა მისი დახვევა... ახლა უყურებდა საფეთქლებთან ჩამოშლილ საცოდავად შეთხელებულ თმას და მზად იყო ეყვირა! ის, ანა ბოლეინის ქალიშვილი, მიჩვეული იყო ლამაზმანის სახელით მოხსენიებას. როგორ დაუძახებენ ახლა? მელოტი დედოფალი? სამეფო კარზე უსათუოდ დაიწყებენ ჭორაობას. 29 წლის ინგლისის დედოფალმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: ახლა გამუდმებით პარიკები უნდა ატაროს. იგი ვერ აიტანს დაცინვას.

image

"კეთილ დედოფალს", როგორც ხალხში ელისაბედ პირველს ეძახდნენ, ბევრის ატანა მოუწია, სანამ 25 წლის ასაკში მეფის ტახტს მიიღებდა. იგი სამი წლისაც არ იყო, როცა მამამისის ბრძანებით დედა სიკვდილით დასაჯეს. შემდეგ გოგონას, რომელიც ქორწინებაში მყოფი მშობლებისგან მოევლინა ქვეყანას, არასამართლიანად უკანონოდ შობილი უწოდეს. მისი ბოლო დედინაცვალი, ეკატერინა პარი, კეთილი კი იყო ელისაბედის მიმართ, მაგრამ დაქვრივდა თუ არა, თავისი ცხოვრების მოწყობა დაიწყო: სასწრაფოდ გათხოვდა. შემდეგ იყო სეიმურის შეთქმულება, ჯეინ გრეის "მეფობა" ცოტა ხნით და ნაღვლიანი ფინალით, და უფროსი დის, მარია პირველის პირქუში მმართველობა. ელისაბედი ტაუერის ციხე-სიმაგრეში ჰყავდათ გამოკეტილი, და პირდაპირ სასწაულია, როგორ გადარჩა.

მას არ ეგონა, რომ საკუთარი გარეგნობა ასეთ ვერაგულ დარტყმას მიაყენებდა, მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. დიახ, ელისაბედს უწევდა არაკეთილმოსურნეებთან, შეთქმულებთან და ა.შ. (სია დიდია) გამკლავება, მაგრამ ასეთი შეტევა?! ავადმყოფობის (სავარაუდოთ ჩუტყვავილის) შემდეგ დედოფალი, ტიუდორების გვარის შთამომავალი, გამელოტდა. მისი გრძელი, ბზინვარე, ცეცხლოვანი წითური თმებიდან საცოდაობა დარჩა.

ოსტატს, რომელსაც პარიკი შეუკვეთეს, მკაცრად უბრძანეს, რომ საიდუმლო უნდა შეენახა. დედოფალს უნდოდა, რომ მისი ახალი თმები წინა თმებზე უკეთესი ყოფილიყო, ამიტომ პარიკი უნდა გაეკეთებინათ ფუმფულა, უფრო ბზინვარე და რა თქმა უნდა წითური! მაშინდელი მოდის მიხედვით, შუბლი ღია უნდა ყოფილიყო, ამიტომ პარიკი იწყებოდა თმის ზრდის ბუნებრივი ხაზიდან ცოტა სიღრმეში.

image

ჩუტყვავილის გამო დედოფალი იძულებული იყო სახეზე ძალიან სქელი თეთრი გრიმი დაედო, რათა არავის დაენახა ნაიარევები. ელისაბედ პირველს ძალიან უყვარდა ლამაზი მრავალშრიანი სამოსი, და ოქროს არ იშურებდა თავისი გარდერობის გასაახლებლად (დედოფლის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე ათასი კაბა დარჩა). ყველაფერი ამის გათვალისწინებით 30 წლის ქალი ქანდაკებასავით გამოიყურებოდა. თუმცა უფრო თოჯინასავით. დროთა განმავლობაში ელისაბედი პარიკების აზარტში შევიდა. თუ თავიდან ოსტატები ცდილობდნენ, რომ პარიკი რაც შეიძლება მიახლოებული ყოფილიყო ნამდვილ თმასთან, შემდგომში ელისაბედი თანდათან წარმოუდგენელ ხელოვნურ თმებს უკვეთავდა.

image

დადგენილია, რომ დედოფალ ელისაბედ პირველის განკარგულებაში 200-მდე პარიკი იყო. დრო გადიოდა და დედოფლის გამელოტების შესახებ რა თქმა უნდა არ იცოდა მხოლოდ ზარმაცმა, მაგრამ დაცინვას ვერავინ გაბედავდა, ყველამ იცოდა, რომ დამნაშავე მკაცრად დაისჯებოდა.

დროსთან ერთად დედოფლის იმიჯიც დიდ ცვლილებებს განიცდიდა, თითქმის კარიკატურულს მიუახლოვდა. ელისაბედ პირველი, რომელიც არ გათხოვდა, არ გახდა დედა (თუმცა ბრიტანელი ისტორიკოსი პოლ დოერტი ამტკიცებს, რომ მას ვაჟიშვილი ჰყავდა), ცდილობდა თავისი ხელქვეითების წინაშე ერთგვარად ღვთაებად წარმსდგარიყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ჩვეულებრივ ქალთან. და აქედან დაუჯერებელი ჭორები, რომ იგი სულაც არ არის ქალი...

ელისაბედის შემდეგ პარიკები მოირგეს კონტინენტზეც: საფრანგეთში, ლუდოვიგ XIII "თმების შემცვლელის" მოხმარება დაიწყო 1624 წლიდან, რადგანაც გამელოტებას იწყებდა. მისმა შვილმა კი, ლუდოვიგ XIV, საერთოდაც კულტის დონეზე აიყვანა. ინგლისში, პირიქით, მოდის გარდერობის ეს ელემენტი გულგრილად მიიღეს: კუნძულზე ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, და ვიღაცამ ჭორი გაავრცელა, რომ თითქოს პარიკებს ავადმყოფობისგან გარდაცვლილი ქალების თმებისგან აკეთებდნენ.

გამელოტებული ელისაბედი ერთ-ერთი რეკორდსმენია სამეფოს მართვის ხანგრძლივობით-ტახტზე ავიდა 1558 წელს, გარდაიცვალა 1603 წელს. დასაფლავების წინ იგი იმავე კერპის როლში გამოაწყვეს, რომლის შენარჩუნებასაც მთელი მეფობის განმავლობაში ცდილობდა: თეთრი სახით და წითელი პარიკით.

image

52 წლის ინგლისელი, მეთ კოლიშოუ-თანამედროვე ხელოვნების აღიარებული ოსტატია. მისი ნამუშევრები გამოფენილია პარიზის ჟორჟ პომპიდუს ცენტრში, კატალონიის ეროვნულ მუზეუმში, ბრუკლინის და მსოფლიოს სხვა მუზეუმებში. 2018 წელს გრინვიჩის ერთ-ერთ სამეფო მუზეუმში კოლიშოუს გამოფენა გაიხსნა, რომელიც მიეძღვნა დედოფალ ელისაბედ პირველს. მან წარმოადგინა ექსპონატი სახელწოდებით "ახალგაზრდობის ნიღაბი"- დედოფლის სახის რობოტიზირებული ნიღაბი. ნამუშევრის ორიენტირია ცნობილი პორტრეტი "არმადა". სურათზე ელისაბედ პირველი ახალგაზრდაა და უდარდელი, მაგრამ ის ამ მომენტისთვის უკვე 55 წლის იყო. კოლიშოუმ დედოფლის სახის რობოტიზირებული მოდელი შექმნა ანიმატრონიკის, სამი დე და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით.

image


0
387
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0