x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
განწყობის როლი აზროვნების პროცესში

image

განწყობა აღწერს დროებით მენტალურ და ემოციურ მდგომარეობას, რომელსაც ჩვეულებრივ აქვს პოზიტიური ან ნეგატიური ვალენტობა. ითვლება, რომ განწყობის ცვლილება პიროვნებაში გავლენას ახდენს დიდი რაოდენობით სხვა ფსიქოლოგიურ ფენომენზე, აქედან ყველაზე აღსანიშნავია კოგნიტური ფენქციონირება (von Stumm, 2016). მტკიცებულებების უმრავლესობა კოგნიტურ ფუნქციონირებაზე განწყობის ეფექტის შესახებ, მომდინარეობს განწყობის ინდუქციის პარადიგმებიდან (e.g. Isen, Daubman, & Nowicki, 1987; Mitchell& Phillips, 2007; Storbeck, 2016) და კლინიკური კვლევებიდან (e.g. Joormann, 2008). ისინი ამტკიცებენ, რომ განწყობა გავლენას ახდენს აზროვნებაზე, თუმცა იგი დივერგენტულ და კონვერგენტულ აზროვნებაზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს. დივერგენტული, კრეატიული აზროვნება განწყობის პარალელურად უმჯობესდება, ხოლო კონვერგენტული აზროვნება პირიქით, განწყობის გაუმჯობესებასთან ერთად უარესდება.

განწყობასა და კრეატიულ აზროვნებას შორის განსაკუთრებით ახლო კავშირი არსებობს. უამრავმა ავტორმა დაასკვნა, რომ პოზიტიური განწყობა აძლიერებს კრეატიულობას (e.g., Isen, 1999; Hirt, Melton, McDonald, & Harackiewicz, 1996), და ბევრი კვლევა ამტკიცებს ამ იდეას (for reviews, see Baas, De Dreu, & Nijstad, 2008; Davis, 2009). თუმცა, ამავე დროს, კარგად არ გვესმის ამ კავშირის ტიპი და ხასიათი, ასევე შუამავალი ფაქტორები, მაგალითად ამოცანის ტიპი, (Davis, 2009), მოტივაცია (Baas et al., 2008) და ინდივიდუალური განსხვავებები, (Akbari Chermahini & Hommel, 2011) რომელთაც შეუძლიათ შეასრულონ გადამწყვეტი როლი. თუმცა, აშკარაა, რომ კავშირები არსებობს პოზიტიურ და ნეგატიურ განწყობასა და კრეატიულ აზროვნებას შორის. უამრავი კვლევა აჩვენებს პოზიტიური განწყობის ეფექტს კრეატიულ აზროვნებაზე (Grawitch, Munz, & Kramer, 2003; Isen, Daubman, & Nowicki, 1987; Phillips, Bull, Adams, & Fraser, 2002; Rowe, Hirsh, & Anderson, 2007; Topolinski & Deutsch, 2012; Vosburg, 1998; for reviews, see Bass, Carsten, Dreu, & Nijstad, 2008; Davis, 2009). კარგ განწყობაზე მყოფ ხალხს შეუძლია მოიფიქროს უფრო მეტი იდეა ალტერნატიული გამოყენების ამოცანაში (AUT, Guilford, 1967), რომლის დროსაც მონაწილეებს სთხოვენ მოიფიქრონ იმდენი უჩვეულო გამოყენება, რამდენიც შესაძლებელია, ისეთი საგნებისთვის როგორიცაა აგური ან კალამი (Grawitch et al., 2003; Phillips et al., 2002; Vosburg, 1998). მსგავსად ამისა, კარგ განწყობას შეუძლია ხელი შეუწყის პრობლემის გადაჭრას დისტანციური ასოციაციების ამოცანაში (RAT, Mednick, 1962), რომელიც მონაწილეებს სთხოვს ამოიცნოს კონკრეტულ სამ სიტყვასთან დაკავშირებული საერთო შინაარსი (მაგ: ყველი) (e.g., rat, blue, and cottage) (Isen et al., 1987; Rowe et al., 2007; Topolinski & Deutsch, 2012).

ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვეთ, როგორ შეიძლება განწყობა და კრეატიული აზროვნება უკავშირდებოდეს, განწყობა მიიჩნევა კრეატიულობის მიზეზად. მაგალითად, Ashby, Isen, and Turken-მა (1999) დაასკვნეს, რომ განწყობა ქმნის თავის ტვინის კონკრეტულ მდგომარეობას, რომელიც ხელს უწყობს ან ერევა გადამუშავების ოპერაციაში, რომელიც კრეატიული აზროვნებისთვისაა საჭირო. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ავტორებმა მხედველობაში მიიღეს ემოციურ და კოგნიტურ პროცესებს შორის უფრო რეციპროკული ურთიერთობის შესაძლებლობა (Bar, 2009; Gray, 2004; Gross, 2002; Salovey, Mayer, & Caruso, 2002), რომელიც კრეატიულ აზროვნებას საშუალებას აძლევს განწყობაზე მოახდინოს გავლენა. მაგალითად, Bar (2009) გვთავაზობს ინტერაქციული კავშირის შესაძლრბლობას განწყობასა და კოგნიტურ კონტროლს შორის. ფართო ასოციაციური აქტივაცია, რომელიც მოყვება პოზიტიურ განწყობას, შეიძლება დაგვეხმაროს უფრო ფართო პერსპექტივის მოპოვებაში, რომელმაც შესაძლოა, საპასუხოდ, ადამიანი უფრო ბედნიერი გახადოს.

აკავშირებეს რა ცვლილებებს განწყობასა და კოგნიტურ ფუნქციონირებაში, ორმაგი ამოცანის პერსპექტივა ამტკიცებს, რომ კოგნიტური რესურსები არის შეზღუდული და შეიძლება განაწილდეს ან მოცემულ ამოცანაზე, ან ემოციურ გამოცდილებასა და სხვა, ამოცანასთან დაუკავშირებელ კოგნიტურ პროცესზე (Ellis &Ashbrook, 1988; Goschke & Bolte, 2014). აქედან გამომდინარე, ემოციების რეგულაცია, განსაკუთრებით ექსტრემალურად ნეგატიურის, დამტკიცებულია, რომ კოგნიტურად ძვირი გვიჯდება და ასუსტებს მოკლე და გრძელვადიან კოგნიტურ შესრულებას (Goschke & Bolte, 2014; Joormann, 2008). მაგალითად, პირობის შესაბამისი მუსიკის თანხლებით, ნეგატიური, ნეიტრალური ან პოზიტიური ცხოვრებისეული მოვლენის გახსენების შემდეგ, მოზრდილებს, ვინც ნეგატიურ შემთხვევებს იხსენებდა, უუარესდებოდათ ხანმოკლე მეხსიერებისა და რეაქციის დროის დავალებების შესრულება, სხვა პირობების მოზრდილებთან შედარებით (Stanley& Isaacowitz, 2011).

კვლევები კრეატიულობაზე შეიძლება ინტერპრეტირდეს პოზიტიური განწყობის „გამაფართოებელი“ ჰიპოთეზით (Fredrickson, 2001), რომელიც ამტკიცებს, რომ კარგ განწყობაზე ყოფნა აფართოებს ადამიანის ყურადღების ფოკუსს, უზრუნველყოფს უფრო დიდი რაოდენობის და მრავალფეროვან აზრებსა და ქმედებებს, ვიდრე ჩვეულებრივ გენენრირდება ხოლმე (see also Fredrickson & Branigan, 2005). მსგავსად, დამტკიცებულია, რომ ინდივიდებს კარგი განწყობის პირობიდან ახასიათებთ სტიმულის გლობალური მახასიათებლების დამუშავება (Fredrickson & Branigan, 2005; Rowe et al., 2007) და განსხვავებული ასოციაციების პროდუცირება (Isen, Johnson, Mertz, & Robinson, 1985). ამიტომ, ადამიანის ფოკუსის გაფართოვებას, პოზიტიური განწყობის საშუალებით, შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს, ორივე, ვიზუალურ აღქმაში/კოგნიციაში და მაღალი დონის მენტალურ აქტივობაში, კრეატიულ აზროვნებაში. პოზიტიური განწყობის შედეგად უფრო მეტი იდეების გენერირება შეგვიძლია (Fredrickson, 2001; Isen et al., 1987).

სხვა შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს, რომ პოზიტიური განწყობა გავლენას ახდენს კონვერგენტული აზროვნებიდან დივერგენტულზე გადართვაზე. როგორც, Cropley (2006) ამბობდა, კრეატიულ პიროვნებას შეუძლია ცვალოს და ერთი სახის აზროვნებიდან მეორეში გადავიდეს. თუ ეს ასეა, იდეების მოფიქრების ამოცანაში, მოკლე დროის ზეწოლით, უჩვეულო იდეები უფრო ეფექტურად შეიძლება იქნეს პროდუცირებული კონვერგენტულიდან დივერგენტულზე გადართვით.

ამ თემაზე ჩატარებული თითქმის ყველა კვლევის ჰიპოთეზა იყო, რომ AUT-ის შესრულება ასახავს დივერგენტულ აზროვნებას და RAT-ის შესრულება კი კონვერგენტულ აზროვნებას (Akbari Chermahini & Hommel, 2012; Dewhurst, Thorley, Hammond, & Ormerod, 2011; Nielsen, Pickett, & Simonton, 2008) და გვთავაზობენ, რომ პოზიტიური განწყობა აძლიერებს ორივე ტიპის კრეატიულ აზროვნებას (Ashby, Isen, & Turken, 1999; but see also Kaufmann, 2003). თუმცა, amada & Nagai (2015) აღნიშნავენ, რომ ეს დაშვება გამოიყურება ზედმეტად მოუმწიფებლად, რადგან კონვერგენტული აზროვნება ეხმარება იდეების პროდუცირებას (Cropley, 2006) და დისტანციური ასოციაციებრის გენერირება მოითხოვს დივერგენტულ აზროვნებასაც (Lee & Therriault, 2013).

იმის დასადასტურებლად, რომ, ორივე, კონვერგენტული და დივერგენტული აზროვნება აუცილებელია იდეების პროდუცირებისთვის, Cropley და Cropley (2010) გვთავაზობენ იდეების პროდუცირების შვიდფაზიან მოდელს (see also Cropley, 2006 for an early phase model). ამ მოდელის მიხედვით, კონვერგენტული აზროვნება საჭიროა ძირითადად ორ სტადიაზე. ერთი არის მოსამზადებელი ფაზა, რომელიც დიდადაა დამოკიდებული ზოგადი და სპეციფიკური ცოდნის, ან ამოცანისთვის რელევანტური ინფორმაციის მოძებნაზე. მეორეა ვალიდაციის ფაზა, რომლის დროსაც ფასდება რელევანტურობა და ეფექტურობა იდეებისა, რომლებიც გენერირებულია დივერგენტული აზროვნების მიერ. კონვერგენტული აზროვნება აუცილებელია რაღაც ფაზებში, ხოლო დივერგენტული სხვაში.

მეორეს მხრივ, დისტანციური ასოციაციეების გენერირება ასევე მოითხოვს დივერგენტულ აზროვნებას (Lee & Therriault, 2013). მონაწილეები გამოთქვამენ დივერგენტულ სემანტიკურ ასოციაციებს, რომელიც აკავშირებს სამივე შინაარსს, ამავე დროს ინარჩუნებენ ტიპურ და კონვენციურ კავშირებს ყოველ კონკრეტულ შინაარსთან. ეს პროცესი დიდწილად დაკავშირებულია დივერგენტულ აზროვნებასთან. შემდეგ მონაწილეები ცდილობენ, რომ იპოვონ საერთო კონცეპტი, რომელიც აკავშრებს ამ სამ სიტყვას. ამაში ერთვება კონვერგენტული აზროვნება.

შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ, ორივე, კონვერგენტული და დივერგენტული აზროვნება გვჭირდება იდეების პროდუცირებისა და RAT ამოცანების შესრულებისთვის. თუ ასეა, ბუნდოვანია პოზიტიური განწყობა კრეატიულობის რომელ კომპონენტს უწყობს ხელს, დივერგენტულ თუ კონვერგენტულ აზროვნებას, თუ ორივეს. კვლევსთვის (Yamada & Nagai, 2015), რომელიც ეხმიანება ამ კითხვას, შეიქმნა იდეების პროდუცირების ამოცანა, სადაც წარმოებული შინაარსები დაყოფილია ორ ტიპად: კონვენციურ და არაკონვენციურ შინაარსებად. ამ ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები კარგ განწყობაზე გამოთქვამდნენ უფრო უჩვეულო ან დივერგენტულ იდეებს, ვიდრე ნეიტრალურ ჯგუფში. ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავებები არ აღმოჩნდა კონვენციურ ან კონვერგენტულ იდეებში. პოზიტიური განწყობა აუმჯობესებს დივერგენტულ აზროვნებას, მაგრამ არ ზემოქმედებს კონვერგენტულ აზროვნებაზე.

ასე რომ, განწყობა გავლენას ახდენს აზროვნებაზე, თუმცა იგი დივერგენტულ და კონვერგენტულ აზროვნებაზე განსხვავებულად ზემოქმედებს. დივერგენტული, კრეატიული აზროვნება განწყობის პარალელურად უმჯობესდება, ხოლო კონვერგენტული აზროვნება პირიქით, განწყობის გაუმჯობესებასთან ერთად უარესდება. ამ კავშრის ახსნას მეცნიერები სხვადასხვანაირად ცდილობენ. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვეთ, განწყობა მიიჩნევა კრეატიულობის მიზეზად. უკანასკნელ პერიოდში, ავტორები მხედველობაში იღებენ ემოციურ და კოგნიტურ პროცესებს შორის უფრო რეციპროკული ურთიერთობის შესაძლებლობას. ორმაგი ამოცანის პერსპექტივა ამტკიცებს, რომ კოგნიტური რესურსები არის შეზღუდული და შეიძლება განაწილდეს ან მოცემულ ამოცანაზე, ან ემოციურ გამოცდილებაზე. ემოციების რეგულაცია, განსაკუთრებით ექსტრემალურად ნეგატიურის, კოგნიტურად ძვირი გვიჯდება და ასუსტებს მოკლე და გრძელვადიან კოგნიტურ შესრულებას. განწყობის გავლენა კრეატიულობაზე შეიძლება ინტერპრეტირდეს პოზიტიური განწყობის „გამაფართოებელი“ ჰიპოთეზით, რომელიც ამტკიცებს, რომ კარგ განწყობაზე ყოფნა აფართოებს ადამიანის ყურადღების ფოკუსს, უზრუნველყოფს უფრო დიდი რაოდენობის და მრავალფეროვან აზრებსა და ქმედებებს. სხვა შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს, რომ პოზიტიური განწყობა გავლენას ახდენს კონვერგენტული აზროვნებიდან დივერგენტულზე გადართვაზე, რაც უჩვეულო იდეების პროდუცირებაში გვეხმარება. ასევე, გამოითქვა ვარაუდი, ექსპერიმენტებში გამოყენებული ამოცანები მიღებულ შედეგებზე ხომ არ ახდენს გავლენას. შექმნეს ახალი ამოცანა, რათა მასში კონვერგენტული და დივერგენტული აზროვნება მკაფიოდ დიფერენცირებული ყოფილიყო. თუმცა აქაც მსგავსი შედეგები მიიღეს, პოზიტიური განწყობა აუმჯობესებს დივერგენტულ აზროვნებას, ხოლო კონვერგენტულზე არ ზემოქმედებს.


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:შელია მარი
შელია მარი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0