x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
კრეატულობა, მისი კვლევის და შეფასების მეთოდები
კრეატიულობა არის ფენომენი, როდესაც რაღაც ახალი და ფასეული იქმნება (ეს შეიძლება იყოს იდეა, მეცნიერული თეორია, მუსიკალური კომპოზიცია, ხუმრობა) ან ფიზიკური ობიექტი (როგორიცაა გამოგონება, დაბეჭდილი ლიტერატურული ნიმუში, ნახატი). კრეატიულობას სხვადასხვა მეცნიერი განსხვავებულად განმარტავს, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ კრეატიულობა გულისხმობს, რაღაც ახლის, გამოსადეგის შექმნას. (Mumford, 2003, p. 110) ან კიდევ, რაღაც ორიგინალურის, ღირებულის. კრეატიულობა არის ისეთი იდეების გენერირებისა და პროდუქტების შექმნის უნარი, რომლებიც ახალი და აქტუალურია მოცემულ პირობებში (Sternbeg & Lubart, 1999).

ფორმალური ფსიქომეტრული მეთოდებით კრეატიულობის გაზომვის პიონერად მიჩნეულია Guilford. მან მისწერა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცას, რამაც კეატიულობის შესწავლის პოპულარულობა განაპირობა და მისი მეცნიერული კონცეპტუალიზაციის საჭიროება დააყენა.

P. Guilford-მა (1967) გამოყო კონვეტგენტული და დივერგენტული აზროვნება. კონვერგენტული აზროვნების მიზანია პრობლემის ერთი, სწორი გადაწყვეტის პოვნა, ხოლო დივერგენტულ აზროვნებაში იგულისხმება პრობლემის სხვადასხვაგვარი უჩვეულო გადაწყვეტა. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ტერმინი დივერგენტული აზროვნება ხანდახან კრეატიულობის სინონიმადაც კი გამოიყენება.

Guilford-ის ჯგუფმა კრეატიულობის გასაზომად შექმნა რამდენიმე ტესტი. მას შემდეგ კრეატიულობას უფრო და უფრო მეტი მკვლევარი შეისწავლის, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან რომელია კრეატიულობის შესაფასებლად ყველაზე ვალიდური და სანდო მეთოდი. ბევრი მიდგომა დივერგენტულ აზროვნებაზე ფოკუსირდება. კითხვები, რომლებიც ზომავენ დივერგენტულ აზროვნებას, საშუალებას აძლევენ ტესტის შემსრულებლებს ნათლად გამოავლინოს სხარტი და მოქნილი აზროვნება (Torrance, 1974; Wallah & Kogan, 1965):


დაასახელეთ ყველა საგანი, რომელიც, თქვენი აზრით, ოთხკუთხედია;

სამი წუთის განმავლობაშ დაასახელეთ რაც შეიძლება მეტი თეთრი ფერის საჭმელად ვარგისი საგნები;

დაასახელეთ აგურის გამოყენების ყველა შესაძლო ვარიანტი, რაც თავში აზრად მოგივათ.

პასუხები ფასდება ისეთი განზომილებების მიხედვით, როგორიცაა სისხარტე- განსხვავებული იდეების საერთო რაოდენობა; უნიკალურობა- იმ იდეების რაოდენობა, რომელიც შესაბამის შერჩევაში არავის გამოუთქვამს; უჩვეულობა- იმ იდეების რაოდენობა, რომელიც გამოთქვა მოცემული შერჩევის, ვთქვათ, 5%-ზე ნაკლებმა (Runco, 1991. ციტირებულია:ზიმბარდო 2005).

კრეატიულობის გაზომვა იმდენად პოპულარულია, რომ იქმნება მისი შეფასების ტესტები, რათა ხალხმა შეძლოს საკუთარი კრეატიულობის გაზუმვა, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. 1980-იან წლებში გამოთქმაც კი შეიქმნა „thinking outside the box“ როცა ოთხი ხის ამოცანა, რომელიც სლაიდზეა წარმოდგენილი, ფართოდ გავრცელდა. ამ ამოცანაში უნდა გაავლო 4 სწორი ხაზი, ისე რომ ცხრავე ხე მოიცვა და თანაც კალამი ფურცელს არ მოაშორო. ამ ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია 9 ხის კვადრატულ ყუთს „ზემოდან დახედო, “ მთლიანობაში აღიქვა. გთავაზობთ მსგავსი ტესტის რამდენიმე ნიმუშს, სადაც გვთხოვენ მწკრივში ზედმეტი სიმბოლოს ამორჩევას, ნაკლული სიმბოლოს ჩამატებას, მათ დაკავშირებას (Carter, pp.156 (2009). დაჯამებული ქულების მიხედვით კი ვითვლით ტესტში მიღებული ქულების საშუალოს და ვასკვნით ჩვენი კრეატიულობის ხარისხის შესახებ.


რაც შეეხება მეცნიერულ კვლევებს, აქ გამოყენებული 2 ყველაზე პოპულარული მეთოდია სუბიექტური და ობიექტური შეფასების მეთოდები. ხანდახან, კრეატიულობის შესაფასებლად, უკეთესი დიზაინის შექმნის მიზნით, სუბიექტურ და ობიექტურ მეთოდებს აერთიანებენ კიდევაც. კრეატიულობის შესაფასებელი მეთოდების ობიექტურობა-სუბიექტურობას იმის მიხედვით ადგენენ, თუ ვინ და როგორ ზომავს მას. ისიც შესაძლებელია, რომ განსხვავებები სუბიექტურ და ობიექტურ მეთოდებს შორის კონტინუუმის 2 პოლუსია და არა 2 სრულიად განსხვავებული მეთოდი. ობიექტური და სუბიექტური მეთოდები შეიძლება აღვწეროთ, სხვა მეთოდებთან შედარებით მათი ობიექტურობა/სუბიექტურობის ხარისხით. სუბიექტური შეფასების მეთოდები უფრო თვისობრვია და გულისხმობს პირდაპირ ველიდან მიღებული მონაცემების ანალიზს, აქ შედის: დაკვირვება, ინტერვიუ, წერილობითი დოკუმენტების ანალიზი. მეორეს მხრივ, ობიექტური მეთოდები გულისხმობს უფრო რაოდენობრივ ანალიზს, რომელიც უკავშირდება სისტემატურ ემპირიულ კვლევას, მათემატიურ, სტატისტიკურ, რიცხობრივ ანალიზს (Patton, 1990). კრეატიულობის ობიექტური საზომი მეთოდის ჩამოყალიბება ხშირად მნიშვნელოვან რესურსებთანაა დაკავშირებული, რადგან შეფასებითი სტრუქტურის შექმნის პროცესი შესაძლოა დროში გაჭიანურდეს. ასევე, ხარისხების მიმნიჭებელი სისტემის შექმნა, კვლევაზე პასუხისმგებელი პირების დატრენინგება და ხანდახან კომპიუტერული ალგორითმის შექმნაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ შეფასების მეთოდებს, რომლებიც კონტინიუმზე სუბიექტურობის ან ობიექტურობის მხარეს იხრებიან:

თვითანგარიში

თვითანგარიშის მეთოდის გამოყენებისას, პირდაპირ სთხოვენ სუბიექტს საკუთარი თავის შეფასებას. ისინი აფიქსირებენ რამდენად ახასითებთ კრეატიულობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები, აღქმები თუ კრეატიული მოქმედებები. თვითანგარიშები, როგორც წესი, ეყრდნობა შეუნიღბავ კითხვებს, მონაწილეებს შეუძლიათ დააფიქსიროს თუ რას ზომავს ის. თვითანგარიში ხანდახან ერთადერთი ხელმისაწვდომი და სანდო შეფასების მეთოდია კრეატიულობის კონკრეტული ასპექტების შესაფასებლად. (Amabile, 1996; Kaufman & Baer, 2004). მეთოდები, რომლებიც თვითანგარიშს იყენებენ: Gough’s (1979) Creative Personality Scale (CPS), Amabile’s (1996) KEYS (Assessing the Climate for Creativity) and Hocevar’s (1979) and Kirschenbaum’s (1989) Creative Behavior Inventory (CBI).

სუბიექტურობა/ობიექტურობის სკალაზე თვითანგარიში ყველაზე სუბიექტურია, რადგან მხოლოდ ინდივიდის სუბიექტურ შეფასებას ეყრდნობა. ბევრმა კვლევამ აჩვენა მნიშველოვანი კორელაცია თვითანგარიშსა და კრეატიულობის სხვა საზომებს შორის, როგორიცაა, მაგალითად, დივერგენტული აზროვნება (Barron, 1955; Batey & Furnham, 2006; Carson, Peterson, & Higgins, 2005; Gough, 1979). Axtell და კოლეგებმა (2000) აღმოაჩინეს, რომ კორელაცია კრეატიულობის მაჩვენებლებს შორის, გაზომილი თვითანგარიშით და დაკვირვებით, იყო მნიშვნელოვანი და მაღალი (0.62). თუმცა, თვითანგარიშის მეთოდებმაც დაიმსახურეს კრიტიკა, როგორიცაა მის შედეგად მიღებული „სუსტი მონაცემები“ და არასწორი ინტერპრეტაციისკენ მიდრეკილება (Podsakoff & Organ, 1986). ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ სოციალური სასურველობის ეფექტისა და ყველა შეკითხვისთვის ერთნაირი პასუხების გაცემისკენ მიდრეკილების გამო, მონაცემები მახინჯდება. (Podsakoff, MacKenzie, Lee, & Podsakoff, 2003).


დაკვირვება

დაკვირვება კარგი საშუალებაა კონკრეტულ ტერიტოზიაზე კრეატიულობის გასაზომად. დაკვირვება საერთო შეფასებისთვის ხშირად გამოიყენებოდა საველე კვლევებში, ორგანიზაციის ტერიტორიაზე(George & Zhou, 2002; Oldham & Cummings, 1996; Scott & Bruce, 1994). მაგალითად, Oldham and Cummings (1996) შეადგინეს 3 ასპექტიანი კითხვარი, იმსიათვის, რიმ შეეფასებინათ კრეატიული აქტივობა და დასვეს შეკითხვები, როგორიცაა „რამდენად ორიგინალური და პრაქტიკულია ამ ადამიანის ნამუშევარი?“ (p. 634) 7 ქულიან ლაიკერტის სკალაზე. მსგავსად, Zhou and George (2001) შეადგინეს 13 კითხვიანი სკალა და დასვეს შეკითხვები, როგორიცაა „არის თუ არა ეს ადამიანი კრეატიული იდეების წყარო?“ ან „ეს პიროვნება პრობლემის კრეატიული გადაწყვეტის გზას პოულობს ხოლმე?“ (p. 696) Zhou and Shalley (2003) აღნიშნეს, თუმცა ამ ტესტებს შორის ბევრია საერთო, ამავე დროს ისინი განსხვავდებიან კიდევაც, განსხვავებულ ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა ინოვაცია, კრეატიული იდეები და სხვ.

სუბიექტურ/ობიექტურ შეფასების სკალაზე დაკვირვება თვითშეფასებაზე ობიექტურია, თუმცა მას სუბიექტურობის ხარისხიც გააჩნია, ის ეყრდნობა დამკვირვებლის სუბიექტურ შეფასებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლის შეფასებები მნიშვნელოვნად კორელილებს საარქივო კვლევებთან (Scott & Bruce, 1994). თუმცა, დამკვირვებლის ჩანაწერები არ არის თავისუფალი მიკერძებებისაგან, დემოგრაფიული თავისებურებები, მოწონება, შარავანდედის ეფექტი, სისტემური მიკერძოება, სოციალური სასურველობა (Gilson, Mathieu, Shalley, & Ruddy, 2005; Landy & Farr, 1980; Madjar et al., 2002). ზოგმა მკვლევარმა გააკრიტიკა ეს მეთოდი, იმაზე დაყრდნობით, რომ დამკვირვებლებს არ შეუძლიათ დაახარისხონ კომპლექსური კრეატიული პროცესი ან ნიშნები, რადგან ისინი არ არიან იმდენად აშკარა, რამდენადაც დაკვირვებადი კრეატიული მოქმედებები (Janssen, 2000; Organ & Konovsky, 1989).


ექსპერტული შეფასება:

ექსპერტია ადმიანი, ვისაც სპეციალური ცოდნა აქვს კონკრეტულ სფეროში და ამავე დროს არა აქვს ურთიერთობა კვლევის მონაწილესთან. აგრეთვე, სასურველია, ექსპერტი იყოს დატრენინგებული, რათა მიჰყვეს მკაცრ სტანდარტულ მითითებებს, რათა დარწმუნდეს კრეატიულობის ობიექტურად შეფასებაში.

სუბიექტურ/ობიექტურ სკალაზე, ამ სამიდან, ექსპერტული შეფასება ყველაზე ობიექტურია. ექსპერტული შეფასება, ჩვეულებრივ, ეყრდნობა რაოდენობრივ მონაცემებს, როგორიცაა, მაგალითად, ქულები დივერგენტული აზროვნების ტესტიდან. ეს გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად ობიექტუარად შევაფასოთ კრეატიულობა, შეგვიძლია მარტივად შევადაროთ სხვადასხვა მონაწილეების შედეგები და აღმოვფხვრათ სუბიექტური შეფასების მეთოდის მიკერძოებები. (e.g., Madjar et al., 2002; Perry-Smith, 2006; Zhou & Shalley, 2003). სტანდარტული ტესტები კრეატიულობის, როგორც კოგნიტური პროცესის, შეფასების ერთ-ერთ ყველაზე ადეკვატურ მეთოდად მიიჩნევა(e.g., Guilford, 1965; Plucker & Runco, 1998). დივერგენტული აზროვნება, შეფასებული სტანდარტული ტესტებით, კრეატიულობის კვლევებში ყველაზე ფართოდ შესწავლადი საკითხია (Runco, 2010). თუმცა, ექსპერტული შეფასებაც გახდა კრიტიკის საგანი. მაგალითად, კვლევებმა გააჩინა შეკითხვა ექსპერტის განმარტების შესახებ „კონკრეტულად ვინ შეგვიძლია მივიჩნიოთ რაღაც სფეროს ექსპერტად?“ (Kaufman & Baer, 2012, pg. 84).

ასე რომ, კრეატიულობის შეფასების მეთოდები Guilford-ის შემდეგ უფრო და უფრო ვითარდება და იხვეწება. უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა განაწილებაც სუბიექტურ და ობიექტურ პოლუსებს შორის შეიძლება, თუმცა ყველას მოეძებნება რაღაც ხარვეზი.



0
77
შეფასება არ არის
ავტორი:შელია მარი
შელია მარი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0