x
image
ქეთეონე
FACEBOOK–ის გაუქმების მიზეზები
image

Facebookსოციალური ქსელი, რომელსაც ფლობს კომპანია Facebook, Inc. მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ გზავნილები, შექმნან და განაახლონ პერსონალური პროფილები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით.

Facebook დააარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს.

2004 წელს ბოსტონში დაარსებული ამერიკული კომპანიის ფუძემდებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგია. 33 წლის მილიარდერის ქონება დღეს 64 მილიარდამდე ამერიკულ დოლარს შეადგენს. მისი იმპერია კი 2 მილიარდ 200 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს.


“ფეისბუქი” ნახევარ ტრილიონზე (500 მილიარდზე) მეტად არის შეფასებული. “ფორბსის” მონაცემებით, მსოფლიოს 25 უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, 15 ამერიკულია. ექსკლუზიურ კლუბში “ფეისბუქთან “ ერთად არიან სხვა ამერიკული კომპანიები, როგორიცაა “ეფლი”, “მაიკროსოფტი”, “ალფაბეტი”, “აი-ბი-ემი”, “ამაზონი”, “ინტელი” და სხვა.

“ფეისბუქს” 25 ათასზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს მენლო პარკში, კალიფორნიის შტატი.

მთავარი სკანდალი დეტალებით

სოციალური ქსელის “ფეისბუქის” მომხმარებელთა, დაახლოებით 87 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემები, ბრიტანულმა კომპანიამ “კემბრიჯ ანალიტიკა” მათი ნებართვის გარეშე მოიპოვა და ეს ინფორმაცია შემდეგ პოლიტიკური მიზნებით გამოიყენა. ყველაზე გახმაურებულ საქმეებს შორის სახელდება 2016 წელს ბრექსიტის (ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების) კამპანია, ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ასევე 2016 წელს მიმდინარეობდა და რამდენიმე სხვა, ძირითადად კონსერვატიული და რამდენიმე დემოკრატიული პოლიტიკური კამპანია.

ალბათ უნდა ვიცოდეთ იმ ადამიანის სახელი და გვარიც, რომელმაც პირველმა ატეხა აჟიოტაჟი ამ მოვლენების გამო. ეს არის 28 წლის ბრიტანელი მონაცემთა ანალიზის მეცნიერი კრისტოფერი უაილი. ტელეკომპანიასთან “ბი-ბი-სი” მან განაცხადა, რომ კომპანიის “კემბრიჯ ანალიტიკა” საქმიანობის გამო, ბრექსიტის (ბრიტანეთის ევროპის კავშირიდან გამოყოფის) თაობაზე, ხელმეორე რეფერენდუმი უნდა დაინიშნოს. მეორე რეფერენდუმს არც შოტლანდიის მთავრობა გამორიცხავს. ამაზე შოტლანდიის ბრექსიტის მინისტრი მაიკლ რასელი მედიაში ღიად საუბრობს.

“კემბრიჯ ანალიტიკა”, რომლის საქმიანობაზეც ბრიტანეთში გამოძიება გრძელდება, ბრექსიტის მოვლენებზე გავლენას უარყოფს. საეჭვო რეპუტაციის კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალეგზანდერ ნიქსი, რომელიც ტრამპის მიერ არჩევნების მოგებას საკუთარ დამსახურებად აცხადებდა და საარჩევნო კამპანიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობდა, რამდენიმე ხნის წინ ფარული კამერით გადაიღეს.

ბრიტანული მე-4 არხის ჟურნალისტურმა გამოძიებამ თავის გვერდზე გამოაქვეყნა მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კომპანიის “კემბრიჯ ანალიტიკა” ხელმძღვანელები პოლიტიკოსების წინააღმდეგ ქრთამის, ყალბი აი-დი ბარათების და სექსმუშაკების, ყოფილი ჯაშუშების, თუ სხვა სხვა არალეგალური მეთოდების გამოყენებაზე საუბრობენ. ამჯერად საუბარი შრი-ლანკის არჩევნებს ეხებოდა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ალეგზანდერ ნიქსმა თანამდებობა დატოვა.

საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელი ფიგურირებს. ეს არის კომპანიის “კემბრიჯ ანალიტიკა” თანამშრომელი ალექსანდრე კოგანი. ის ყოფილ საბჭოთა კავშირში დაიბადა. “ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, კოგანმა იმ პირველადი ინფორმაციის მიხედვით, თუ რა მოსწონდათ “ფეისბუქის მომხმარებლებს, შექმნა მონაცემთა ბაზა.

შემდეგ მან 300 ათასამდე მომხმარებელს მცირე თანხის საფასურად ჩამოატვირთინა აპლიკაცია This is Your Digital Life (თარგმანში: ეს შენი ციფრული ცხოვრებაა), რომელიც მომხმარებელს გამოკითხვების სერიას სთავაზობდა. მათი მეგობრების და მეგობართა მეგობრების საშუალებით კოგანმა 87 მილიონიანი ქსელი შექმნა, რომლის მეშვეობითაც საარჩევნო კამპანიების დროს მომხმარებლების მიზნობრივ პოლიტიკურ მანიპულირებას ცდილობდა. ეს მეთოდი “ფსიქოგრაფიკული” დამიზნების და მოდელირების სახელითაც არის ცნობილი.

სკანდალის აგორებისთანავე “ფეისბუქმა” კოგანს აპლიკაციის წაშლა მოსთხოვა და მიზანს მიაღწია კიდეც. თუმცა, როგორც ამერიკული “ნიუ-იორკ თაიმსი” და ბრიტანული “ობზერვერი” იტყობინებიან, მონაცემთა ბაზა კვლავ კომპანიის “კემბრიჯ ანალიტიკა” განკარგულებაშია. 5 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში “ფეისბუქის” ტექნოლოგიების უმაღლესი ოფიცერი მაიკლ ჩროპფერი ადასტურებს, რომ მათ არ აქვთ იმის გარანტია, რომ მონაცემები განადგურებულია: “ზუსტად არც ვიცით, თუ რა აქვთ მათ დღეს ხელში”.

ჩემი მონაცემები გაყიდეს?

10 აპრილს ამერიკელი მომხმარებლების ნაწილმა ტელეფონზე “ფეისბუქის” აპლიკაციის გახსნისას, ნახა გზავნილი, რომელიც ამ სიტყვებით იწყება: “გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ შენახვა. ჩვენ ავკრძალეთ აპლიკაცია This Is Your Digital Life, რომელსაც თქვენი ერთ-ერთი მეგობარი “ფეისბუქში” შესვლისთვის იყენებდა”. გზავნილი ასე სრულდება: “მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ მოძალადისადმი წინააღმდეგობის გაწევის საქმის და თქვენთვის პირადი ინფორმაციის კონტროლის სადავეების გადმოცემის ერთგული ვრჩებით”.

როგორც ჩანს, კონგრესში დაგეგმილი მოსმენების პირველივე დღეს “ფეისბუქმა” უკვე დაიწყო იმ მომხმარებლებისთვის შეტყობინებების გაგზავნა, ვისი ინფორმაციაც სხვა კომპანიის ხელში მოხვდა. აქ ძირითადად საუბარია შეერთებული შტატების მოსახლეობაზე და “ფეისბუქის” ადგილობრივ მომხმარებლებზე.

“ფეისბუქისვე” ცნობით, თუ შეტყობინება ჯერ არ მიგიღიათ, ამ ბმულზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ, გადაეცა თუ არა თქვენი ინფორმაცია კომპანიას “კემბრიჯ ანალიტიკა”. თუ დაზარალებულთა სიაში მოხვდით, სისტემაში რამდენიმე ცვლილების გაკეთება მოგიწევთ და იმ აპლიკაციების წაშლა, რომელსაც აღარ ხმარობთ.

მილიარდობით ზარალი

შეერთებულ შტატებში და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში “ფეისბუქის” წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. სოციალური ქსელის ნდობის რეიტინგებმა მომხმარებლებში საგრძნობლად იკლო. რა თქმა უნდა, ფინანსურმა ზარალმაც არ დააყოვნა.

გამოცემა “ბლუმბერგის” მონაცემებით, მარტში ზაკერბერგმა სულ ცოტა, 15 მილიარდი დოლარით იზარალა. მთლიანობაში, მისი ლეგენდარული კომპანია 60 მილიარდით გაუფასურდა. აქციების ფასი კი მარტის მეორე ნახევარში თითქმის 18 პროცენტით დაეცა.

მდგომარეობის გამოსწორება

“ფეისბუქი” აცხადებს, რომ მათ გააუქმეს სოციალური ქსელის ის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს ტელეფონის ნომრების და ელექტრონული მისამართის შეყვანას სთხოვდა. იცვლება სისტემაში პირადი ინფორმაციის დაცვის მეთოდებიც.

ზაკერბერგი ასევე ცვლის პლატფორმის იმ ნაწილს, რომელიც “ფეისბუქის” აპლიკაციებს მონაცემთა შეგროვების საშუალებას აძლევდა. ეს ნაბიჯი მომავალში მესამე, დამოუკიდებელ კომპანიებს ინფორმაციის მოპოვების საშუალებას შეუზღუდავს. კომპანია ასევე აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს, რომელიც დეველოპერების მხრიდან “საეჭვო აქტივობებს” გამოავლენს.ვ

0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0