x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ინფორმაციის დამახსოვრება-აღდგენის ხერხები მეხსიერების გასაუმჯობესებლად
image

“მასალა სწრაფად გვავიწყდება, თუ ის არ არის გააზრებული და მიმართებაში მოყვანილი სხვა მასალასთან, ხოლო შემდეგ განმეორებით არ არის განმტკიცებული’’- წერდა ჰერმან ებინგჰაუსი. ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ თუ რას გულისხმობდა ებინგჰაუსი თავის ნათქვამში. როგორ შეუძლია მეხსიერებას მასალის დამახსოვრება-აღდგენა? როგორც ცნობილია, ხანგრძლივი მეხსიერება მოიცავს მთლიან ცოდნას პიროვნებასა და სამყაროზე, თუმცა, ყველა ინფორმაცია ერთნაირად და ზუსტად არ გვახსოვს, ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს:


1.კოდირების სპეციფიკურობა - კონტექსტს ძალიან დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ინფორმაციის დასწავლა-აღდგენაზე. მაგალითად, მყვინთავები სიტყვათა წყვილებს სწავლობდნენ ზღვის ნაპირზე და წყალქვეშ, გარკვეული დროის შემდეგ მათ ამ ინფორმაციის გახსენებას სთხოვდნენ იმავე კონტექსტში, სადაც დაისწავლეს და აღმოჩნდა, რომ დახსომების ეფექტურობა 50%- ით მეტი იყო, როდესაც კონტექსტი ორივე პირობაში(დასწავლა-აღდგენა) ერთმანეთს დაემთხვა. (Gooden & Baddeleyi, 1975) . გავლენა შეიძლება მოახდინოს ასევე მაგალითად, მუსიკამ თუ დახსომება და აღდგენის დროს თანმხლები მუსიკა ერთი და იგივეა. ასევე, მაგალითად, მკვეთრმა სუნმა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ფიზიოლოგიასთან, მისი ფიზიოლოგიური მახასიათებლები დიდხანს ინახება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რაც გვეხმარება აღდგენის პროცესში.


2. მასალის დახსომება-აღდგენაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რიგში ადგილმდებარეობის ეფექტს. ამ ეფექტის მიხედვით ადამიანი უკეთ დაისწავლის და ასევე აღიდგენს იმ მასალას, რაც დასაწყისში (დასაწყისის ეფექტი) და ბოლოშია მოცემული (დაბოლოების ეფექტი). ამ დროს შუა ნაწილს ადამიანი უფრო რთულად იმახსოვრებს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე რა დღეა დღეს? კვირის დასაწყისს და ბოლოს 1 წამით უფრო სწრაფად ვუპასუხებთ, ვიდრე შუა კვირაში. (Koriat & Fischoff, 1974) ეს ეფექტი ირღვევა, როდესაც ადამიანს შუა მონაკვეთი უკეთ ახსოვს, ვიდრე დასაწყისი ან დასასრული. რითი შეიძლება ეს ფაქტორი აიხსნას? კონტექსტუალური გამოკვეთით, როდესაც შუაში მყოფი ინფორმაცია გამოიკვეთა და ეს შეიძლება იყოს წარსულ თუ პირად გამოცდილებასთან შესაბამისობით გამოწვეული. როდესაც რამე მოვლენას ვუკავშირებთ პირადად განცდილ მოვლენებს, უკეთ გაგვახსენდება მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. სწორედ, კონტექსტუალური გამოკვეთის გამოყენება ეხმარება ადამიანს ყურადღება გაამახვილოს ტექსტის შუაში არსებულ ინფორმაციაზე, რომელიც არადიფერენცირებულია.



3.მოგონების მიმნიშნებლები გვეხმარება გარკვეული ინფორმაციის მოძებნაში. იმისათვის, რომ მოგონების მიმნიშნებელმა სრულყოფილად შეასრულოს თავისი საქმე, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას. ის არ უნდა იწვევდეს ბევრ ასოციაციას, უნდა იყოს მკაფიო და ჩანიშვნის დროს აუცილებლად მასზე უნდა ფოკუსირდეთ, რომ გაგახსენდეთ რა იგულისხმეთ კონკრეტული სიმბოლოს მიღმა.


4. ინფორმაციის დამახსოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ასევე გადამუშავების დონეებს, რაც უფრო ღრმად გავიაზრებთ მოცემულ მასალას, მით უფრო დიდხანს დაგვამახსოვრდება. აღბეჭდვის განსამტკიცებლად იყენებენ გადამამუშავებელ განმეორებას. ამ დროს საჭიროა დავამყაროთ აზრიანი ასოციაციები. მაგალითად, თუ გვთხოვენ დავიმასხსოვროთ სიტყვათა წყვილი თაგვი-ხე, ამ დროს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და მოთხრობის სახე მივცეთ მას, რაც შემდეგ გახსენებაში დაგვეხმარება. მხედველობითი წარმოდგენები ძალიან ეფექტურია ინფორმაციის დასამახსოვრებლად.


5. მნემონიკური ხერხები მეხსიერების გაუმჯობესების კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც ეხმარება ადამიანს გრძელი მწკრივის დამახსოვრებაში ნაცნობ, ადრე ნასწავლ მასალასთან დაკავშირებით. სიტყვა მნემონიკა ბერძნულად “მოიგონე’’-ს ნიშნავს. მნემონიკურ ხერხებს წესრიგში მოჰყავთ სხვადასხვა შემთხვევითი ინფორმაცია. მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ ლოკუსის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებისას სიტყვას ან მოვლენას ადგილის მიხედვით ვიმახსოვრებთ. იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს რა გვაქვს სხვადასხვა სუპერმარკეტში საყიდელი, გონებაში სათითაოდ უნდა განვალაგოთ გასავლელ გზაზე რიგითობა და ასე უფრო გაგვიმარტივდება საყიდლების სიის დამახსოვრება. მნემონიკური ხერხებიდან მნიშვნელოვანია ასევე მიმნიშნებელი სიტყვის მეთოდი, ამ დროს სიტყვები ერითმება ერთმანეთს. მაგალითად, ერთი-სკვერი, ორი - ლორი, სამი -სკამი და ასე შემდეგ.


ეს ხერხები ინფორმაციის დამახსოვრება-აღდგენაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდებით ნავარჯიშები და გაწვრთნილი გონება კარგი მახსოვრობის საწინდარია.

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბოკუჩავა
ნინო ბოკუჩავა
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0