გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ჭეშმარიტებაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს
19 ივნისი 11:00 საათი
19 წლის ახლაგაზრდა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს 11:00 საათზე შეატყობინა.
22 ივნისი
სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც შაქარაშვილის ცხედარი მყინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
26 ივნისი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა.
18-19 ივნისი (ანი გაბეჩავას დაბადების დღე)
შაქარაშვილის ტრაგედია 18-19 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში დაიწყო. როგორც ცნობილია, ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ წვეულებაზე შეკრებილებიდან ერთი ნაწილი ერთმანეთს იცნობდა, მეორე ნაწილი - არა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს შორის იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებაში შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება. თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დაპირისპირებისას შაქარაშვილიც იმყოფებოდა და მეგობარს აშველებდა.
19 ივნისი
საქმეში იკვეთება ერთი დეტალი, გიორგი შაქარაშვილის ჩანთა და წინდები, რომელიც მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდა მხოლოდ შავი ფერის სპორტული ჩანთა, რომელიც გამოძიებამ 19 ივნისს, მაშინ აღმოაჩინა ხიდის საყრდენ სვეტზე შემოდებული, როდესაც საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდა.
დადასტურებულია, რომ შავი ჩანთა სწორედ გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, როგორ აღმოჩნდა ჩანთა ხიდის საყრდენ სვეტზე, ამის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ჩანთა, ისევე როგორც წინდები, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენისა და დათვალიერების ოქმში დეტალურადაა აღწერილი, რა ეცვა და რა მდგომარეობაში იპოვეს ცხედარი მყვინთავმა-მაშველებმა.
მაშველებისა და ექსპერტების მიერ ხელმოწერილ ოქმში მითითებულია, რომ გიორგი შაქარაშვილს „აცვია შავი შორტი, მომწვანო ორნამენტებიანი მოკლესახელოებიანი დღის პერანგი, ჰკიდია მოყვითალო ფერის ძეწკვი და ასეთივე ფერის ჯვარი“, ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მას ფეხსაცმელი არ ეცვა და კიდურებზე აღენიშნებოდა წყალში დიდხანს ყოფნის კვალი.
ნაპოვნი შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე.
22 ივნისი
გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ 22 ივნისს „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დაბადების დღის შემდეგ დაპირისპირების მეორე ეპიზოდი საავტომობილო მაგისტრალზე მოხდა.
როგორც ის ამბობს, დაპირისპირების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილმა, სამ პირთან ერთად სახლი დატოვა და გზაზე ტაქსის გასაჩერებლად გავიდა. სამიდან ერთ-ერთი იყო შაქარაშვილის მეგობარი, გუკა ამირხანაშვილი, დანარჩენები კი ფეხბურთელმა წვეულებაზე გაიცნო. ნიკოლაძის თქმით, გზაზე მათ რამდენიმე პირი მანქანით წამოეწია.
მისივე თქმით, გაუჩინარებამდე გიორგი დედას ესაუბრა — ღამის პირველ საათზე, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ „საგანგაშო არაფერი იყო“.
უკვე დილის შვიდ საათზე, ოჯახში დარეკა გიორგის მეგობარმა, წვეულებიდან მასთან ერთად წამოსულმა გუკა ამირხანაშვილმა და დაინტერესდა, მივიდა თუ არა გიორგი სახლში. ოჯახმა პოლიციას რამდენიმე საათში მიმართა.
ოჯახის დროული ინფორმირება ვერ მოხდა, რადგან გუკა ამირხანაშვილი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„ყველაზე მეტი კითხვა იყო, რატომ არ მოხდა ოჯახის დროული ინფორმირება. პასუხი მივიღეთ ასეთი, რომ ბავშვი [გუკა ამირხანაშვილი] იყო ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, ურეკავდა გიორგის მობილურზე, რომელიც გათიშული იყო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ბავშვი არ ჩანდა, შეეხმიანა ოჯახს", - ჰყვება მირიან ნიკოლაძე.
როგორც შაქარაშვილის ბიძა ამბობს, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანება აღენიშნება, თუმცა ჯერ დასადგენია, რით და როდის არის დაზიანებები მიყენებული. ასევე ნიკოლაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილს წყლის ეშინოდა და საეჭვოა, თავად ჩასულიყო მდინარეში.
28 ივნისი (საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს)
საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებიც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეს უკავშირდება. კადრებში ჩანს რომ შაქარაშვილი დაპირისპირებაში მონაწილეობს და მეგობარს აშველებს.
ფეხბურთელის ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირების შემდეგ გიორგი შაქარაშვილმა რამდენიმე პირთან ერთად სახლი დატოვა და ავტობანზე ტაქსის გასაჩერებლად გავიდა, რათა თბილისში დაბრუნებულიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე ხიდის სიახლოვესაც გაგრძელდა, რის შემდგომაც შაქარაშვილის კვალი იკარგება. ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა ვერსია არსებობს.
მედიაში გავრცელდა ამირხანაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ამირხანაშვილი ამბობს, რომ აგარაკზე კონფლიქტის შემდეგ, ნაწილმა ლისზე წასვლა და დაბადების დღის აღნიშვნის გაგრძელება გადაწყვიტა, ამიტომ გზატკეცილზე ტაქსის გასაჩერებლად გავიდნენ. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც.
ჩანაწერში ის ასევე ჰყვება, რომ საავტომობილო გზაზე ყოფნის დროს, მათთან მანქანა მივიდა, საიდანაც გადმოსულმა პირებმა ერთ-ერთ ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გუკა ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ გაიქცნენ თვითონ, გიორგი და მათთან ერთად მყოფი სხვა ადამიანები. ასევე აღნიშნავს, რომ მანქანის წასვლის შემდეგ, ბიჭის დასახმარებლად მიბრუნდნენ, ამ დროს მანქანა კვლავ მიუახლოვდა და ისევ გაიქცნენ.
ამირხანაშვილის თქმით, შაქარაშვილი სწრაფად გარბოდა და ვერ დაეწია, რის გამოც სხვა გზით წავიდა.
იგი აღნიშნავს, რომ თვითონ ხევში გადავარდა და მანქანაში მყოფებმა იპოვეს. ბიჭი აღნიშნავს, რომ მანამდე დაინახა, შაქარაშვილი რომ ჩასახვევში ჩარბოდა, რის შემდეგაც აღარ უნახავს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამირხანაშვილი ცვლის ჩვენებს. თავდაპირველად ამირხანაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მანქანიდან გადმოსული პირები ერთ-ერთ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბიჭები გაიქცნენ, შემდეგ ჩვენებაში კი გუკა წერს, რომ მანქანიდან გადმოსული პირები მათზე ფიზიკურად არ ძალადობდნენ.
გუკა ამირხანაშვილის ჩვენებებთან დაკავშირებით, შაქარაშვილის დამ ანი შაქარაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ გიორგის მეგობარი ამირხანაშვილი არ იყო.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც „დაზარალებულად“ არის ცნობილი, პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა, შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში, შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია“, - წერს ანი შაქარაშვილი.
3 ივლისი
კიდევ ერთი პირი, რომელიც გუკა ამირხანაშვილთან და გიორგი შაქარაშვილთან ერთად მაგისტრალზე იყო, წვეულებიდან წამოსული ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეა, რომელიც შინაგანას საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის ნათესავია. როგორც მან ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან თქვა, აგარაკიდან არა ოთხი, არამედ ექვსნი წამოვიდნენ.
მისი მონაყოლის მიხედვით, მაგისტრალზე მანქანა მიუახლოვდათ, საიდანაც რამდენიმე უცნობი პირი გადმოვიდა, რომლებსაც რკინის ჯოხები ეჭირათ. ფოტოგრაფს ამის დანახვაზე შეეშინდა და გაიქცა. იგი ამბობს, რომ არ დაუნახავს რომელ მხარეს გაიქცა შაქარაშვილი. მისივე თქმით, ადგილიდან პოლიციამ წამოიყვანა, რომელიც თვითონ გამოიძახა.
7 ივლისი (შსს შაქარაშვილის საქმეზე იაკობ ბრეგვაძის ზარს ასაჯაროებს)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ფოტოგრაფი 112-ში რეკავს. ის ოპერატორს უზუსტებს ლოკაციას და ეუბნება, რომ იმყოფება არაგვის ხიდთან „ქებაბ ჰაუსთან“ ახლოს. მისივე თქმით, დაახლოებით 10 ადამიანი ჩხუბობდა და თან ჰქონდათ ცივი იარაღი რკინის ჯოხების სახით. აუდიოჩანაწერის მიხედვით, ოპერატორი კვლავ უკავშირდება, ბრეგვაძეს და ადგილის უფრო დაკონკრეტებას სთხოვს, რადგან პოლიციამ „ქებაბ ჰაუსის“ მდებარეობა ვერ განსაზღვრა. ამის შემდეგ ფოტოგრაფი ეუბნება ოპერატორს, რომ შეტყობინების გაუქმება სურს, რადგან ჩხუბი დამთავრა. მიუხედავად ფოტოგრაფის მოთხვოვნისა, ოპერატორი კვლავ ცდილობს ადგილის დაზუსტებას მისივე უსაფრთხოების მიზნით.
ასევე, 7 ივლისს, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს რამდენიმე მანქანა, ტოიოტა, მერსედესი და თეთრი ფურგონის ტიპის მიკროავტობუსი.
„მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნულ მიკროავტობუსში ჰყვადათ შაქარაშვილის ცხედარი, რის შემდეგაც ჩააგდეს მდინარეში. აღნიშნული ჰიპოთეზა ერთ-ერთმა ადვოკატმა დაადასტურა, რომელიც მიიჩნევს, რომ თუკი შაქარაშვილი მდინარეში ჩავარდა, ცხედარი 24 საათის განმავლობაში უნდა ამოტივტივებულიყო.
ასევე მედიაში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც გუკა ამირხანაშვილთან მიდის თეთრპერანგიანი მამაკაცი და დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება. მედიაში გაჩნდა უამრავი კითხვა, თუ ვინ იყო თეთრპერანგიანი პირი.
„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის საქმეში არსებული „ნახალოვკელების“ დაჯგუფებას მეთაურობდა ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, რომელიც ბერა ივენიშვილის ახლობელია. „კაწრო“ კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის ვაჟია.
8 ივლისი
„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეოკადრებში არსებული პირი ავთო ბილანიშვილი იგივე „კაწროა“. მათი თქმით, პირი ფიზიკურად ჰგავდა ბილანიშვილს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხა ავთანდილ ბილანიშვილი.
გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ თეთრპერანგიანი პირი „კაწრო“ კი არა, არამედ ხაშურელი ლაშა ლურსმანაშვილია. ლურსმანაშვილის თქმით, ის საქმესთან კავშირში არაა. უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას იმყოფებოდა.
9 ივლისი
მედიაში გავრცელდა პოლიციელის ჩვენება წვეულებაზე მყოფ ფოტოგრაფთან დაკავშირებით. პოლიციელი ჩვენებაში წერს, რომ ბრეგვაძემ საერთოდ არ იცოდა ვინ იყო ის ხუთი ახალგაზრდა, რომლებიც მერსედესის მგზავრებმა სცემეს. ეს იმ ეკიპაჟის პოლიციელია, რომელმაც, ჩვენების მიხედვით, იაკობ ბრეგვაძე თბილისში, გუდვილთან ჩამოიყვანა.
ასევე, 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, მეტალის დამუშავებისას შემთხვევით დაიწვა.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს ცეცხლი მოეკიდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“ - აცხადებს შსს.
შაქარაშვილის საქმეზე უამრავი მოსაზრება არსებობს, თუმცა თუ რა მოხდა რეალურად, საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
10 ივლისი
10 ივლისს ცნობილი გახდა, ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ შაქარაშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ასევე, ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
ოჯახის ახლობელის, მირიან ნიკოლაძის განმარტებით, საქმის კვალიფიკაცია, რომელიც შესტავაზა პროკურატურამ სწორია, თუმცა ითხოვს კონკრეტული დამნაშავეების დასჯას გიორგის განზრახ მკვლელობის გამო. ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ გიორგის მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდეგ გადააგდეს წყალში, რამაც გამოიწვია შაქარაშვილის ასფიქსიით სიკვდილი.