სიახლეები ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი, რომელსაც სიმსუქნესთან ბრძოლა შეუძლია 2020, 15 ივლისი, 18:15 ზედმეტ წონასთან და სიმსუქნესთან ბრძოლაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი ნიგოზი ან თხილი, - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის გულის დაავადებების ასოციაციის მეცნიერები, რომლებიც დიდი ხანია ამ მიმართულებით ატარებდნენ კვლევებს. "ადამიანებს ჰგონიათ, რომ თხილეულ-ნიგვზეული კალორიული, მაღალ ცხიმიანი პროდუქტია და ის სიმსუქნეს იწვევს, ამიტომ იშვიათად მიირთმევენ მას, მაგრამ სინამდვილეში ეს ნუგბარი (ნიგოზი, თხილი, ნუში, გოგრის თესლი) ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის", -განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სიურან ლიუმ. ექსპერტების მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით ყოველდღიურად 30 გრამი კაკლეულის მიღება არათუ ნეგატიურად აისახება ჩვენს ფიგურაზე, არამედ დაგვეხმარება ზედმეტ წონასთან ბრძოლაში. ''თუ ჩვენ ყოველდღიური რაციონში წითელი ხორცის, კარტოფილი ფრის, დესერტის ან სხვა რომელიმე პროდუქტის ამ განსაზღვულ რაოდენობას ნიგვზით ან თხილით ჩავანაცვლებთ, საგრძნობლად გაგვიადვილდება ჭარბ წონასთან ბრძოლა და მასთან ერთად შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი", -ნათქვამია პორტალ EurekAlert-ზე გამოქვეყნებულ მასალებში. "ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ინტენსიურად იწყებენ წონაში მატებას, ეს მატება წელიწადში საშუალოდ შეადგენს 450 გრამს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ციფრია, მაგრამ თუ მას გავამრავლებთ 20 წელზე, საკმაოდ სოლიდურ ზედმეტ წონას მივიღებთ", - ნათქვამია ანგარიშში. ამერიკელი მეცნიერების კვლევაში მონაწილეობა მიიღო 126 ათასმა სხვადასხვა ასაკის ქალმა და მამაკაცმა, რომლებსაც არ აწუხებდათ არანაირი ქრონიკული დაავადება. საცდელი ადამიანები წელიწადში ოთხჯერ პასუხობდნენ კითხვაზე, თუ რა სიხშირით და რა რაოდენობით იღებდნენ თავიანთ რაციონში კაკლეულს. 328 8-ს მოსწონს
|