სიახლეები შოკისმომგვრელი სიახლე: მსოფლიოში პირველად რუს პაციენტს თავს გადაუნერგავენ 2016, 9 აგვისტო, 19:06 31 წლის ვალერი სპირიდონოვი, უკურნებელი სენით მიჯაჭვული ინვალიდის ეტლს, გახდება მსოფლიოში პირველი პაციენტი, რომელსაც თავის გადანერგვის ოპერაციას გაუკეთებენ. მიუხედავად დიდი რისკისა, ის მზადაა დაწვეს ქირურგის დანის ქვეშ, ოღონდ გახდეს ახალი, ჯანმრთელი სხეულის მფლობელი.
ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა რუსმა პროგრამისტმა ვალერი სპიროდონოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი წლისათვის დაგეგმილია მისთვის სხვისი სხეულის გადანერგვის ოპერაციის გაკეთება. ოპერაციას ჩაატარებს იტალიელი ქირურგი სერჯიო კანავერო. მიუხედავად იმისა, რომ კანავეროს სამეცნიერო წრეებში ეჭვის თვალით უყურებენ, სპირიდონოვი მზადაა მის ხელებს ანდოს თავისი თავი და სიცოცხლე. ოპერაციის დეტალებზე ჯერჯერობით არც ექიმი და არც პაციენტი არ საუბრობენ. სპირიდონოვის თქმით, უკვე სექტემბერში კანავერო დაწვრილებით ისაუბრებს ამ ფანტასტიკური პროცედურის შეახებ, მაგრამ ერთი რამ უკვე ცნობილია: ოპერაცია, რომელსაც სამეცნიერო სამყარო ასე მოუთმენლად ელოდება, ჩატარდება 2017 წლის დეკემბერში. ვალერი სპიროდონოვმა ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა გამხდარიყო კანავეროს საცდელი პაციენტი ანუ პირველი ადამიანი, ვისზეც ექიმი თავის თეორიას პრაქტიკად აქცევს. ვალერი იტანჯება ზურგის ტვინის ამოიტროფიით, რომელიც ასევე ცნობილია ვერდინგ-ჰოფმანის სინდრომის სახელწოდებით. ამ დაავადების დროს გადაგვარებას განიცდის ავადმყოფის კუნთები, მას ურთულდება ყლაპვა და სუნთქვაც კი, ავადმყოფობა განუკურნებელია და ის წლების განმავლობაში პროგრესირდება. ვერდინგ -ჰოფმანის სინდრომით დაავადებულთაგან უმეტესობა სიცოცხლის პირველსავე წლებში იღუპება. ვალერი იმ იღბლიან 10%-ში შედის, რომელთაც გაუმართლათ და ზრდასრულ ასაკამდე იცოცხლეს. ის ოცნებობს, რომ მიიღოს ახალი სხეული მანამ, სანამ ეს ავადმყოფობა მას მოკლავს. ახალგაზრდა კაცის სიტყვებით, ახლობლები და ნათესავები გვერდში უდგანან და მხარს უჭერენ მას. "მე ძალიან კარგად მესმის, თუ რა სასიცოცხლო რისკს შეიცავს ეს ოპერაცია, -ამბობს ვალერი, -არავინ იცის, რა გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეიძლება მოხდეს მისი მიმდინარეობის დროს, თუმცა ერთადერთი, რისაც მეშინია, ესაა ის, რომ ვერ ვიცოცხლო იმ დღემდე, როცა ოპერაციას გამიკეთებენ." სავარაუდოდ, ოპერაციისათვის გამოყენებული იქნება ჯანმრთელი სხეული დონორისა, რომელსაც დაუფიქსირდება თავის ტვინის სიკვდილი. კანავეროს თქმით, ოპერაცია 36 საათს გაგრძელება და ის ჩატარდება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საოპერაციოში. პროცედურის ღირებულება იქნება დაახლოებით 18, 5 მილიონი დოლარი. ექიმის სიტყვით, ასეთი ოპერაციისთვის საჭირო ყველა მეთოდიკა და ხელსაწყოები უკვე მზადაა. ოპერაციის მსვლელობისას პაციენტს და დონორს ერთდროულად გადაუჭრიან ზურგის ტვინს. შემდეგ სპირიდონოვის თავს შეუთავსებენ დონორის სხეულს და ერთმანეთს გადააბამენ მასალით, რომელსაც ექიმი მაგიურ წებოს უწოდებს. ეს არის პოლოეთილენგლიკოლი, რომლითაც ხდება ზურგის და თავის ტვინის შეერთება. შემდეგ ქირურგი ერთმანეთს მიაკერებს კუნთებსა და ძარღვებს და ვალერის ოთხკვირიან ხელოვნურ კომაში ჩაძირავს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ პაციენტი გაუნძრევლად იწვეს, თორემ ერთი უნებლიე მოძრაობით მან შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს. გეგმის მიხედვით, როცა ოთხი კვირის მერე სპირიდონოვი გაიღვიძებს, მას უკვე შეეძლება გადაადგილდეს დამოუკიდებლად და ილაპარაკოს. ძლიერი იმუნოსუპრესორები პაციენტს საშუალებას მისცემს შეეგუოს უცხო სხეულს. კანავეროს მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ის ვერ აფასებს მოსალოდნელი ოპერაციის სირთულეს, განსაკუთრებით პაციენტის და დონორის ზურგის და თავის ტვინის შეერთებას. ისინი იტალიელი ექიმის გეგმას სუფთა წყლის ფანტაზიას უწოდებენ, მაგრამ წარმატების შემთხვევაში ათასობით ინვალიდს და უკურნებელი სენით დაავადებულს გაუჩნდება იმედი განკურნებისა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პირველი თავის ტრანსპლანტაცია გაკეთდა 1970 წელს. ის განახორციელა ამერიკელმა ტრანსპლანტოლოგმა რობერტ უაიტმა კლივლენდის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში: მან ერთი მაიმუნის თავი მეორის სხეულს შეუერთა. მაიმუნმა რვა დღე იცოცხლა. შემდეგ ის მოკვდა უცხო სხეულის შეუთავსებლობის გამო. ამ რვა დღის განმავლობაში მას შეეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა და მოძრაობა. სავარაუდოდ, მაიმუნი გარდაიცვალა იმის გამო, რომ ქირურგმა ვერ შეძლო ზუსტად შეეერთებინა ზურგის ტვინის ორი ნაწილი. 2578 14-ს მოსწონს |
მიუხედავად ამ ადამიანის იმედისა, მგონია, რომ რადგანაც ის "იღბლიანების" 10 % მოხვდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ბედნიერია. ის თვითონაც აღნიშნავს, რომ ყველაფერი უჭირს. განა შეიძლება ასეთი ადამიანი ბედნიერი იყოს? ოპერაცია კი... რაღაც უცნაურივით მეჩვენება, ცოტა არ იყოს და გიჟურია...
თანაც თუ ეს ოპერაცია "ჩაიშლება", (რაც მგონია, რომ ასე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტი ვარ...) გამოდის: თვითონ პაციენტი მოკვდება, დონორიც (თუ ცოცხალია და ჟანმრთელი), ამხელა ფული "განადგურდება" და ექიმებსაც თავი მოეჭრებათ.
ეს ჩემი პირადი აზრია...
ყველაფერი შესაძლებელი და ახლა ტუ არა ის დრო შორსს აღარაა ასეტი რამე რომ იქნება შესაზ;ლებ;ლი, დიახ!
ადრე წავიკითხე ორიგინალში ეს სტატია, მაგრამ მეეჭვება წარმატებით დასრულდეს, ზურგის ტვინის გაწყვეტა და მორჩა მომავლის იმედიც...