x
image
მანჩო 777
"ზესტაფონო, გშორდები", "წყალტუბოდან ქუთაისში", "თბილისო" და სხვა ნაცნობი თუ უცნობი სიმღერები საქართველოს ქალაქებზე
განა არსებობს თბილისელი (ან ზოგადად ქართველი), ვისაც თბილისის სილამაზითა და სიყვარულით აღფრთოვანებულს, ერთხელ მაინც არ წაემღეროს გულში "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო..." ან გინახავთ ისეთი ქუთაისელი, მშობლიური ქალაქის ნოსტალგია მოძალებულს მთელი გრძნობით არ ამოსკდომოდეს გულიდან – "ქუთაისო, ქუთაისო, შენთან არის გული ჩემი"? - დიახ, უამრავი ლექსი და სიმღერაა დაწერილი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ კუთხეს ეძღვნება. პოეტებისა და კომპოზიტორების მიერ ბევრი საყვარელი და გულშიჩამწვდომი მელოდია შექმნილა, ზოგიერთი მათგანი კი ქალაქის ჰიმნადაც ქცეულა. მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საოცრად ნაცნობი, თბილი, მშობლიური სიმღერები, რომლებიც საქართველოს ქალაქებზეა დაწერილი.



image



ალბათ არავის ეწყინება, თუ მოგზაურობას ჩემი ქუთაისით დავიწყებ - ქალაქით, სადაც მართალია, არ დავბადებულვარ, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე. ქუთაისი - ეს ჭეშმარიტად ქართული ქალაქი ხომ ერთნაირად უყვარს ყველას - ქუთაისელსა და არაქუთაისელს, სტუმარსა და მასპინძელს. როცა საქმე სიმღერებზე მიდგება, რაღა თქმა უნდა, იმერეთის მთავარი ქალაქის სავიზიტო ბარათი "წყალტუბიდან ქუთაისში მიმავალო ქარო'' გაგვახსენდება პირველ რიგში. ამბობენ, რომ ეს ლექსი გალაკტიონმა წყალტუბოდან ქუთაისისკენ მგზავრობის დროს გაზეთის ნახევზე დაწერა და ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ ის შემთხვევით იპოვა ვიღაც გამვლელმა და მაშინვე ქალაქის გაზეთის რედაქციაში მიიტანა გამოსაქვეყნებლად. თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის: ვიღაც დარდიმანდი, ასე თუ ისე, პოეტური ნიჭის მქონე და პოეზიის მოყვარული გაეპაექრა დიდ გალაქტიოინს და ლექსს ერთი კუპლეტი დაამატა, რომელიც ისე ლამაზად ჩაჯდა ტექსტში, რომ დღესაც კი ბევრ ადამიანს ის გალაკტიონის დაწერილი ჰგონია:

"ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელი;


წყალტუბო კი მხარე არის მისი დამამშვენებელი."

წარმოუდგენელია, ქუთაისში ლხინის სუფრა გაიშალოს და ეს სიმღერა არ აჟღერდეს; მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებში ქუთაისის ინდუსტრია საპნის ბუშტივით გაქრა, მელოდია სამუდამოდ დარჩა ქალაქის არაოფიციალურ ჰიმნად (სიმღერის კომპოზიტორია ბიძინა ღოღობერიძე).





რახან იმერეთში ვიმყოფებით, ბარემ ქუთაისიდან ზესტაფონისკენ გადავინაცვლოთ და ქეიფიდან წამოსული იმერელი აზნაურების სიმღერა "ზესტაფონო, ზესტაფონო გშორდები" დავაგუგუნოთ. სიმღერა პირველად ქართულ მხატვრულ ფილმ "დაკარგულ სამოთხეში'' აჟღერდა. სხვა ვერსიით, ეს იყო თავადიშვილის სიმღერა, რომელიც მეფის არმიაში სამსახურისთვის გაიწვიეს და ის იძულებული იყო, შვიდი წლით დამშვიდობებოდა მშობლიურ ქალაქს, სახლ-კარსა და ვენახს (სამწუხაროდ, ვერსად მივაკვლიე ინფორმაციას, თუ ვინაა ამ სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი).





განა გაგიძლებს გული, ბათუმის კოპწია, სუფთა, ლამაზ ქუჩებში ან წალკოტად ქცეულ ბულვარში გაისეირნო და გულში მაინც არ წაიღიღინო მშვენიერი მელოდია: " ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაცს.." კომპოზიტორ ლილი იაშვილის მიერ დაწერილი სიმღერა თავდაპირველად სულიკო კოროშინაძემ და ნანული აბესაძემ შეასრულეს. 55 წელზე მეტი გავიდა მისი შექმნიდან, თუმცა ის დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორც 1962 წელს. ამის შემდეგ კიდევ უამრავი კომპოზიცია შეიქმნა ბათუმისადმი მიძღვნილი, თუმცა ეს სიმღერა დღემდე დარჩა ქალაქის არაოფიციალურ ჰიმნად.





რახან საქართველოს ზღვისპირეთს ვესტუმრეთ, განა შეიძლება გვერდი ავუაროთ აფხაზეთს? სოხუმი - ჩვენი ტკივილი და დარდი ბოლო ათწლეულებში უამრავი შემოქმედის შთაგონების წყარო გახდა და მასზე ძალიან ბევრი ლექსი თუ სიმღერა დაიწერა. სეფას ბიჭების "სიმღერა სოხუმზე", თენგიზ კვანტალიანის მიერ შესრულებული "სოხუმი", გიორგი ბარამაშვილის "სოხუმელი ვარ", აკაკი სიორიძის "სიმღერა სოხუმზე'' და კიდევ ბევრი, ბევრი მელოდია....მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული, გულში ჩამწვდომი და ამაღელვებელი დიდი გალაკტიონის მიერ დაწერილ ტექსტზე შექმნილი სიმღერაა - "გამარჯობა, აფხაზეთო შენი". დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ საქართველოს ამ ძირძველ კუთხეს, კვლავაც გავისეირნებთ სოხუმის და გაგრის ქუჩებში და უსაშველო მონატრებით ავსილნი, თვალზე ცრემლმომდგარი მივესალმებით იქაურობას: " გამარჯობა, აფხაზეთო შენი"...





გურია - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. კრიმანჭულითა და ენამახვილი, სტუმართმოყვარე ხალხით განთქმული გურია არაერთი პოეტის მუზა გამხდარა....და ისევ გალაკტიონი და მისი "გურიის მთები" ამოტივტივდება მეხსიერებიდან. ჩოხატაურზე და ოზურგეთზეცაა სიმღერები დაწერილი, თუმცა ისინი ნაკლებად ცნობილია, ამიტომ გურიას სხვა, უფრო პოპულარული და ყველასათვის კარგად ნაცნობი მელოდიით წარმოვადგენ: ალბათ ჩოხატაურის მიხვეულ–მოხვეულ გზებზე მგზავრობისას, ნასაკირალის მშვენიერი გადასახედით აღტაცებულმა დაწერა კომპოზიტორმა სოსო ებრალიძემ გურულების ჰიმნი " რა ყოფილა გურია". ეს სიმღერა ყველას - გურულს თუ არაგურულს იმიტომ უყვარს, რომ აქ თბილი, საერთო ქართული მასპინძლური ხასიათი ჩანს. უსმენ და იმედს არ კარგავ, რომ ისევ დიდხანს შერჩება ქართველ ხალხს ეს სითბო, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.





უკვე დროა, აღმოსავლეთში გადმოვინაცვლოთ, თორემ მიკერძოებაში დამდებენ ბრალს, სულ დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და კუთხეებზე რომ ვსაუბრობ. სანამ "სკრა, ქარელი, აგარა, გორი"-ს წავიღიღინებთ, მანამდე ქართლის გულს - გორს ვეწვიოთ. ამ პატარა ქალაქს თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს სტალინის წყალობით. ზოგისთვის ეს კაცი ტირანია, ზოგისთვის მტარვალი და დესპოტი, სხვებისთვის კი - დიდი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ასეა თუ ისე, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ სტალინი ჩვენი თანამემამულე იყო და გორზე დაწერილი სიმღერის ძირითადი მოტივიც სწორედ სტალინის ქება-დიდებაა.




ახლა კი კახეთს ვეწვიოთ. გურჯაანელების და თელაველების მუდმივი ქიშპობა და დაპირისპირებულება იმის გამო, თუ რომელია კახეთის მთავარი ქალაქი - გურჯაანი თუ თელავი, ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ეს ფაქტი უამრავი ანეკდოტის თუ სახუმარო ამბის თემა გამხდარა. ალბათ არ მიწყენენ თელაველები, თუ კახეთს ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერით - " გურჯაანო, შენ კახეთის გული ხარ" წარმოვადგენ:





ზაფხული ძალაში შევიდა და მთის გრილ კურორტებზე დასვენება ბევრი ჩვენგანის ოცნების საგანს წარმოადგენს. მართალია, ბაკურიანი ძირითადად ზამთრის კურორტია, თუმცა არანაკლებ ლამაზი და თვალწარმტაცია ის ზაფხულშიც. დიახ, დროა ბაკურიანსაც ვესტუმროთ "თეთრი რელსებით'' და ''კუკუშკა მატარებლიდანაც'' დავატკბოთ თვალი მშვენიერი კურორტის ულამაზესი ხედებით. ალბათ მიმიხვდით: ''ვია-75 "-ის ცნობილი სიმღერა "თეთრი რელსები" მინდა გავიხსენო - მხიარული, მელოდიური და ნოსტალგიის მომგვრელი:






სანამ გუგლში დავბორიალებდი და საქართველოს ქალაქებზე სიმღერებს ვეძებდი, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როცა ჩემ მშობლიურ ქალაქ თერჯოლაზე დაწერილ მელოდიას წავაწყდი. სიმღერას ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე ასრულებს. ა, ბატონო, მოუსმინეთ და დატკბით! არ ვყოფილვართ თერჯოლელები მთლად ხელწამოსაკრავი ხალხი (ეს ისე, ხუმრობით). მართალია, ვიდეოკლიპი დიდი ვერაფერი შვილია და თერჯოლის შესასვლელიც დღეს სულ სხვაგვარად გამოიყურება, მაგრამ მაინც მიხარია, რომ კომპოზიცია ჩემ მშობლიურ ქალაქს ეძღვნება.


თითქმის არ არსებობს საქრთველოში ქალაქი და რაიონი, რომ მასზე სიმღერა არ იყოს დაწერილი, თუნდაც ნაკლებად ცნობილი. აი რამდენიმე მათგანი:
"სიმღერა ბოჯომზე"
''სიმღერა ჭიათურაზე"
"სიმღერა ასპინძაზე"


და მაინც, რაღა თქმა უნდა, არც სტუმართმოყვარე ზესტაფონი მიწყენს, არც ქათქათა ბათუმი და მით უმეტეს, არც ჩემი ქუთაისი, თუ ვიტყვი, რომ საქართველოს ქალაქებიდან ყველაზე მეტი სიმღერა ჩვენ ლამაზ, თბილ, მზის და ვარდების დედაქალაქ - თბილისზეა დაწერილი, მაგრამ მათგან ყველაზე ცნობილი და პოპულარული, რაღა თქმა უნდა, "თბილისოა", რომელიც დედაქალაქის არაოფიციალურ ჰიმნად მიიჩნევა. სიმღერის ავტორია გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, ხოლო ტექსტი პეტრე გრუზინსკის ეკუთვნის. მუსიკა დაიწერა 1959 წელს ფილმისთვის, რომელიც თბილისის 1500 წლისთავის იუბილეს ეძღვნებოდა.

„თბილისოს“ შექმნიდან სიმღერა უამრავჯერ შესრულდა, შესრულდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით, სხვადასხვა ვარიანტით და შეასრულა სრულიად სხვადასხვა შემსრულებელმა, თუმცა პირველი საყოველთაო პოპულარობა მან ბერძენი მომღერლის, იოვანას შესრულებით მოიპოვა. 1974 წელს ხმის ჩამწერმა სტუდიამ „მელოდია“ გამოუშვა ორი გრამფირფიტა ანსამბლ „ორერას“ მონაწილეობით, რომელშიც შევიდა სიმღერა „თბილისო". ამის შემდეგ სიმღერა იქცა საკავშირო ჰიტად. 1976 წელს ნანი ბრეგვაძემ ის შეასრულა ფესტივალზე „სიმღერა-76". ნანი ბრეგვაძე დღემდე სამართლიანად ითვლება ამ კომპოზიციის ყველაზე საუკეთესო, უბადლო შემსრულებლად.





კიდევ უამრავი, ნაცნობი და ნაკლებადცნობილი სიმღერაა შექმნილი საქართველოს სხვა ქალაქებზე და ნუ მიწყენთ, თუ ვერ მოვიძიე და სტატიაში ვერ შევიტანე ხაშურზე, ახალციხეზე, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებზე დაწერილი კომპოზიციები. ვეცადე, რომ სიაში ყველასათვის ნაცნობი, ახლობელი და საყვარელი სიმღერები შესულიყო.







0
171
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0