x
image
intermedia.ge
Mediator image
ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...
image


ორშაბათიდან, 6 ივლისიდან, „ბიბლიის განმარტებების“ მე-11 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:


აი, თითქოს მოგვეხსნა შეზღუდვები, თითქოს უნდა დავუბრუნდეთ ისევ იმას, რაც მანამდე იყო, მაგრამ რაღაც ტკივილია გულში, ტკივილი შეშინებული კაცობრიობის გამო, ტკივილი და დიდი სიცარიელე... მსოფლიოს უღმერთობის ტკივილია ეს... უერთმანეთობის... და კიდევ იმაზე ფიქრის - რა იქნება ხვალ?
ხვალ დიდი სიყვარული უნდა იყოს! დიდი სიკეთის დღეები უნდა იყოს ხვალ აუცილებლად! ეს ტკივილი რომ გაქრეს და ეს სიცარიელე რომ შეივსოს! უფალი შეგვეწიოს!


***



ყველა საყვედურს იმის გამო, რაც არ გვაქვს, ერთადერთი მიზეზი აქვს - უმადურობა იმისადმი, რაც გვაქვს (დანიელ დეფო).
და თუ ვერ შევძლებთ მადლიერებას იმის გამო, რაც გვაქვს, არა თუ არ მოგვეცემა ის, რაზეც ვოცნებობდით, არამედ იმასაც აუცილებლად დავკარგავთ, რისადმი მადლიერებაც არ გვქონდა! დაკარგვის მერე კი მოვა დიდი სინანული, რომელიც შეიძლება გვიანიც იყოს ამქვეყნიურ საქმეთა გამოსასწორებლად! თუმცა სინანული არასოდეს არის გვიანი! და მაინც, დავაფასოთ ის, რაც გვაქვს! - ასე აჯობებს! მადლიერება რადიკალურად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას!


***


როცა ქება-დიდებას გვიძღვნიან, უნდა შევძლოთ და გულისა და გონების მიღმა გავატაროთ ყოველი სიტყვა... თუ შეცდი და დაიჯერე, ნებისმიერი სულიერი სიმაღლიდან ძირს დაენარცხები... სულიერი წარმატების საზომი საკუთარი არარაობის განცდაა და თუკი თავი რამე გვგონია, ჯერ ამ წარმატებისგან ძალიან შორს ვართ! ამ განცდის აუცილებლობის თეორიულად ცოდნა არ არის საკმარისი - გული უნდა გვესერებოდეს საკუთარი დაცემულობის შეგრძნებით!
როცა ბოროტი ქება-დიდების ენით ვერაფერს დაგვაკლებს, კიდევ ერთ განსაცდელს გვიმზადებს - ახლა ჩვენ წინააღმდეგ გაახელებს ადამიანებს და ისინი, ვინც გუშინ ხოტბას გვასხამდნენ, სწორედ ისინი მიწაში ჩაგვდებენ ლანძღვა-გინებით, როგორც უკანასკნელ ნაძირალას. ესეც ღირსეულად, სიყვარულით უნდა გადავიტანოთ, ისე, რომ წყენა და ტკივილი გულში არ დავიტოვოთ! ძალიან ვიწრო - საცალფეხოა ჩვენი სავალი ბილიკი, ბეწვის ხიდივითაა, ერთი თუ ფეხი დაგიცდა...... ღმერთო, გვასწავლე, როგორ ვიაროთ! შეგვეწიე, უფალო!


***


როცა დიდი განსაცდელი ეწვევა კაცს, ისეთი დიდი, რომ ბრძოლის თავი კი არა, იმის უნარიც აღარ აქვს, უფალს შესთხოვოს შეწყალება, ასეთ დროს მას აუცილებლად უნდა გამოუჩნდეს გვერდით ადამიანი, რომელიც ფარად გადაეფარება, მთელ სიმძიმეს ამ განსაცდელისას თავის თავზე აიღებს, ყველა ბრძოლას მის მაგივრად მოიგერიებს, ვიდრე დაცემული ფეხზე არ წამოდგება... ეს არის სრული თავგანწირვა მოყვასისათვის, უანგაროდ, დიდი სიყვარულით და უფალი აუცილებლად შეიწირავს ხოლმე ასეთ თავდადებას...
თუკი ჩვენ გვერდით არიან დიდ განსაცდელში მყოფი ადამიანები, ნუ შეგვეშინდება, ნურასოდეს ჩავიქნევთ ხელს და ნუ ვიტყვით, რომ უკვე ვერაფერს ვუშველით... ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღწეველი ღვთისთვის შესაძლებელია, ოღონდ წრფელი გული და რწმენა დავანახოთ - ჩვენი თავგანწირვა მოყვასისთვის - და შედეგი ჩვენვე გაგვაოცებს...
შეგვეწიოს უფალი!


***


ის რომ მოვიდა და შემოგჩივლა თავისი ტკივილი და გასაჭირი, შენ რომ თითქოს ვერაფრით დაეხმარე, მაგრამ რომ გეტკინა მასავით, რომ აგევსო გული მასზე დარდით, გონება - მის გასაჭირზე ფიქრით, აი ეგ ფიქრი და დარდი შეიწირა ღმერთმა, შენმა გულწრფელმა თანაგრძნობამ შეცვალა მის გარშემო არსებული რეალობა და უცებ უკუღმა წასული საქმე წაღმა დაუტრიალდა... მას კი ეგონა, რომ ვერ დაეხმარე, მაგრამ უჩინოთა და დაფარულთა საქმეებს ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ? ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...


***


„ბიბლიის განმარტებების“ მე-11 ტომში ესაია და იერემია წინასწარმეტყველთა წიგნების განმარტებებს გავეცნობით. ემ ორი ეპოქალური მნიშვნელობის ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ჩვენთვის საინტერესო ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს:


ესაია იყო უზომოდ ნიჭიერი მქადაგებელი. თავისი პოეტური ნიჭის ძალისხმევით, ის ამხილებდა მათ სიგიჟეს, ვინც ეყრდნობა ცოდვისმიერ ადამიანურ დადგენილებებს და მათ იმ ადამიანთა სიბრძნეს უპირისპირებდა, ვინც ღვთის სამეფოსაა მინდობილი. მისი წინასწარმეტყველებები იმ მიზნით ჩაიწერა, რომ გამოხმაურება ეპოვა ადამიანთა გულებში. და თუ უკეთურნი ვერ შეისმენენ და გაისასტიკებენ თავიანთ გულებს ღმერთის წინააღმდეგ (ეს. 6.10), მაშინ კეთილმორწმუნენი წინასწარმეტყველის სიტყვებს მოკრძალებული შიშითა და ღვთისკენ მოქცევით გამოეხმაურებიან.


საეკლესიო გარდამოცემის თანახმად, როდესაც იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონელთა შემოჭრა ეგვიპტეში და იქ მცხოვრები ებრაელების ამოჟლეტა, იუდეველებმა წინასწარმეტყველი ქვებით ჩაქოლეს. იმავე წელს იერემიას წინასწარმეტყველება აღსრულდა.


იერემიას ქვებით ჩაქოლვა საკუთარი თვალით იხილა მისმა ერთგულმა მოწაფემ, ბარუქ წინასწარმეტყველმა და მისი წმინდა ცხედარი მიწას მიაბარა.


6 ივლისიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-11 ტომი! არ გამოგრჩეთ!

0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0