ფსიქოლოგია სუიციდი მოზარდებში: გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები 2020, 2 ივლისი, 16:18 “არავინ არასდროს უსმენს თინეიჯერს. ყველა ფიქრობს, რომ ბედნიერი უნდა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ხარ. ვერავინ ხედავს ომს, რომელშიც ყოველდღე ვიბრძვით“. - თავისუფლების მწერლები (Freedom Writers)
ახალგაზრდების რისკისშემცველი ქცევის მაკონტროლებელი სისტემის (YRBS) ანგარიშში ვკითხულობთ: სუიციდი არის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი 10-24 წლის ადამიანების სიკვდილისა (2017 CDC WISQARS) და მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი 12-18 წლის სკოლის მოსწავლეების სიკვდილისა (2017 CDC WISQARS). სუიციდით უფრო მეტი მოზარდი და მოზრდილი იღუპება, ვიდრე ონკოლოგიური ან გულის დაავადებებით, შიდსით, პნევმონიით, ინსულტით, ინფლუენციითა და ქრონიკული ფილტვის დაავადებებით ერთად. ხუთიდან ოთხი მოზარდი, რომლებმაც სუიციდის მცდელობა განახორციელეს, ღიად აჩვენებდნენ სუიციდის ნიშნებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, უმაღლესი სკოლის მოსწავლეების მაჩვენებელი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სერიოზულად უფიქრიათ სუიციდზე, 18%-დან 17%-მდე შემცირდა 2015-2017 წლებში. ეს მაჩვენებელი არსებითად დაეცა 1990-იანი წლების შემდეგ (29%-იანი მაჩვენებელი 1991 წელს და 14%-იანი მაჩვენებელი 2009 წელს). 2017 წელს, მოზარდ გოგონებში ორჯერ მეტი იყო სუიციდის მცდელობის და სუიციდის მცდელობისთვის სამედიცინო ზედამხედველობის საჭიროების შემთხვევები, ვიდრე ბიჭებში. სუიციდი ის სიტყვაა, რომელზეც ხშირად არ ლაპარაკობენ და რომელსაც უამრავი ადამიანი არიდებს თავს. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია გავექცეთ რელობას, რომელშიც სუიციდი მთელი მსოფლიოს გარშემო, ყველა ადამიანზე ახდენს გავლენას. სამწუხაროდ, იგი გავრცელებულია ყველა ააკობრივ ჯგუფში, თუმცა, ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის სუიციდის დამანგრეველ შედეგებს, არიან მოზარდები. მოზარდებში სუიციდს უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა უმთავრესად ის უნდა აღვნიშნოთ, რომ მოზარდობის ხანა ხასიათდება უამრავი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებებით, რომლებსაც შეიძლება თან სდევდეს სტრესი, დეპრესია, კვებითი აშლილობები და სხვა უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა. განვიხილოთ რა არის სუიციდი, რატომაა ის ასეთი ხშირი მოზარდებში და როგორ შეგვიძლია, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ. მოზარდობა გარდამავალი პერიოდია ბავშვობასა და მოზრდილობას, მომწიფებასა და სიმწიფეს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდობის ხანგრძლივობა დღითიდღე იზრდება, იგი დაახლოებით, 10-11-დან 16-19 წლამდე პერიოდს მოიცავს. მოზარდობის გარდამავალ ასაკს ახასიათებს უამრავი ცვლილება: ანატომიურ-ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ზნეობრივი. მოზარდები კომპლექსურ სამყაროში ცხოვრობენ, ძალზედ მგრძნობიარენი არიან სოციალური გარემოს მიმართ და გამუდმებით ცდილობენ, რომ ადაპტირდნენ მასში. ამიტომ, შეუძლებელია მოზარდობა განვიხილოდ სოციალური კონტექსტიდან მოწყვეტილად: იმისთვის, რომ მოზარდთა პრობლემები გავიგოთ და გავაცნობიეროთ, აუცილებელია, რომ მრავალი კუთხიდან განვიხილოთ ეს პროცესი. მოზარდის ორგანიზმში და ფსიქიკაში მიმდინარე მრავალი ცვლილების გამო, მოზარდთა უმრავლესობა მოწყვლადია ფსიქოლოგიური პრობლემების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობა სერიოზული გამოწვევაა მოზარდისთვის, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა მოზარდი არ იტანჯება მსგავსი პრობლემებით. მოზარდობასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ტრავმების გაზვიადებას ორი პრობლემა ახლავს: ითვლება, რომ ყოველი მოზარდი განიცდის ფსიქოლოგიურ დისტრესს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ხანდახან სერიოზულად არ მიიჩნევენ იმ მოზარდთა ჩივილებსა და დახმარების თხოვნებს, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება. ამის მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ დისტრესი მოზარდთა განვითარების ჩვეულ მოვლენად იყოს მიჩნეული. სწორედ იმ ფაქტმა, რომ ხშირად მოზარდთა პრობლემებს განიხილავენ, როგორც ასაკისთვის დამახასიათებელს, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ფატალური შედეგი, როგორიცაა თვითმკვლელობა. იმ ადამიანთა დაახლოებით 90%, რომლებმაც სუიციდი სცადეს, დიაგნოსტირებულნი იყვნენ ფსიქიკური აშლილობით (NAMI, 2012b). ფსიქიკური აშლილობა ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია სუიციდისთვის, სხვა რისკფაქტორები პიროვნულ მახასიათებლებს უკავშირდება. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი მოზარდები, ჩვეულებრივ, არ ასახელებენ სუიციდის ერთ კონკრეტულ მიზეზს. სუიციდი არის ხანგრძლივად მიმდინარე პროცესი, რომელიც პიროვნული, ოჯახური და სოციალური პრობლემების კონტექსტში მიმდინარეობს. სუიციდის კიდევ ერთ ფაქტორს “მიბაძვით სუიციდს“ უწოდებენ და მასში გარკვეულ როლს მასმედია ასრულებს. ცნობილია, რომ მოზარდებში თვითმკვლელობის მაჩვენებელი იზრდება, როდესაც მასმედია აშუქებს სუიციდის შემთხვევებს. სუიციდის ინტერპერსონალური თეორია, რომელიც თომას ჯოინერმა შეიმუშავა, ცდილობს, რომ ახსნას, რატომ ახორციელებენ ადამიანები სუიციდურ ქცევას და დაადგინოს, ვინაა სუიციდის რისკის ქვეშ. წიგნში “სუიციდის ინტერპერსონალური თეორია: სახელმძღვანელო სუიციდურ კლიენტებთან მუშაობისთვის“ (Joiner, Van Orden, Witte & Rudd, 2009), ავტორები აღნიშნავენ, რომ სუიციდის ყველაზე სახიფათო ფორმა გამოწვეულია ორი ინტერპერსონალური კონსტრუქტის ერთდროული არსებობით: არშემდგარი მიკუთვნებულობა (thwarted belongingness) და აღქმა, რომ ადამიანი სხვებისთვის ტვირთს წარმოადგენს (perceived burdensomeness) და უიმედობა ამ ორი მდგომარეობის შესახებ. თეორიაზე დაყრდნობით, სუიციდური ქცევა პასუხია ხშირ დაუცველობის შეგრძნებასა და ფიზიკურად მტკივნეულ ან შიშის შემცველ გამოცდილებაზე, რაც საკმაოდ ნაცნობი განცდებია ზოგიერთი მოზარდისთვის. კვლევაში: “მოზარდთა სუიციდის მცდელობები: რისკები და უსაფრთხოება“ (Borowsky, Ireland & Resnick, 2001), ავტორებმა გამოიყენეს მონაცემები ეროვნული ლონგიდიტური კვლევიდან, რომელიც 1995 და 1996 წელს ჩატარდა ამერიკაში. კვლევამ 13110 მე-7-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეები იკვლია დაახლოებით 11 თვის დაშორებებით. გამოიკვლიეს ინდივიდუალური, ოჯახური და საზოგადოებრივი ფაქტორები, რომლებიც სუიციდის მცდელობის სავარაუდო განმაპირობებლები იყვნენ. 1997 წელს სუიციდი 10-დან 19 წლამდე მოზარდების სიკვდილის მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კორელაცია ახალგაზრდების სუიციდს აქვს სუიციდის წინა მცდელობებთან. საზიანო სუიციდის მცდელობები მოზარდებში 100-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე განხორციელებული მცდელობები. სუიციდის მცდელობები დაკავშირებულია დეპრესიასთან, ოჯახის წევრის დაკარგვასთან, მეგობრის სუიციდთან და სხვა ტრავმულ გამოცდილებებთან. საბოლოოდ, გამოიყო რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც წინასწარმეტყველებენ მოზარდთა თვითმკვლელობას. ეს ფაქტორებია: სუიციდის წინა მცდელობა, ძალადობის მსხვერპლად ყოფნა, ძალადობის განხორციელება, ალკოჰოლის მოხმარება, მარიხუანის მოხმარება და სკოლის პრობლემები. დამატებით, გოგონებისთვის ეს ფაქტორები იყო სომატური სიმპტომები, მეგობრის ყოლა, რომელმაც სცადა ან განახორციელა სუიციდი, სხვა უკანონო ნარკოტიკების მიღება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ისტორია. ბიჭებში ეს ფაქტორია იარაღის ტარება სკოლაში. იგივე სქესთან რომანტიკული მიზიდულობა ორივე სქესისთვის დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდა. სხვა რისკ-ფაქტორებია: ოჯახის წევრის სუიციდური ქცევა, სახლში ცივ იარაღთან მარტივი წვდომა, წონით უკმაყოფილება, სკოლის გაცდენა, ჯანმრთელობის არასწორად აღქმა, ცუდი ნიშნები, კლასის გამოტოვება სკოლაში და ა.შ. რადგან აღმოჩნდა, რომ იგივე სქესთან რომანტიკული მიზიდულობა სუიციდის რისკ-ფაქტორია გოგოებისთვისაც და ბიჭებისთვისაც, განვიხილოთ ამ თემაზე ჩატარებული კვლევა (Russell & Joyner, 1998). ხშირად ვხვდებით მოსაზრებას, რომ ჰომოსექსუალობის სტიგმასთან გამკლავების სირთულეებმა შეიძლება ადამიანი დეპრესიისკენ და თვითმკლელობისკენაც კი მიიყვანოს. ეს პროცესი კი უფრო გაზრდილი და გართულებულია მოზარდობის პერიოდში, როდესაც სექსუალობის გამორკვევა ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა მოზარდის ცხოვრებაში. შედეგების თანახმად, კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით 7%-მა აღიარა, რომ ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობები იგივე სქესის წარმომადგენლებთან. იგივე სქესისადმი მიზიდულობა უფრო ხშირი იყო ბიჭებთან, ვიდრე გოგონებთან. წარსულ კვლევებთან შეთანხმებით, რომლებიც მოზარდთა სუიციდს შეეხებოდა, გოგონათა 6.25%-მა აღნიშნა, რომ ჰქონდა მუდმივი სუიციდური ფიქრები და მცდელობები. ჰომოსექსუალ ახალგაზრდებში უფრო მეტია (თითქმის 2-ჯერ) სუიციდის შემთხვევები, ვიდრე მათ ტოლ ჰეტეროსექსუალებში. კვლევის 458 მონაწილეთგან, რომლებმაც სცადეს სუიციდი, დაახლოებით 15%-მა აღნიშნა, რომ ჰქონდათ მიზიდულობა იმავე სქესთან. ამ ახალგაზრდებმა ასევე მაღალი ქულები დააფიქსირეს რამდენიმე კრიტიკულ სუიციდის რისკთან მიმართებაში. მაგალითად, კვლევის ჰომოსექსუალ მონაწილეებში მეტად დაფისირდა ალკოჰოლის მოხმარება და დეპრესია. კვლევის საბოლოო მიგნება ის იყო, რომ ჰომოსექსუალი მოზარდები უფრო მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან სუიციდურ აზრებსა და მცდელობებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზარდთა სუიციდის ან სუიციდის მცდელობის მიზეზები კომპლექსურია. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის მაჩვენებელი პატარაა ბავშვებში, იგი დრამატულად იზრდება მოზარდების შემთხვევაში. სუიციდის რისკი იზრდება, როდესაც მოზარდებს აქვთ ცეცხლსასროლ იარაღებზე წვდომა სახლში და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირებული სუიციდის შემთხვევათა 60% იარაღითაა განხორციელებული. ასევე ხშირია სუიციდი ურეცეპტოდ გაცემული, ძველი ან რეცეპტით გაცემული წამლის ზედმეტი დოზით მიღება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ თვითდამაზიანებელი ქცევა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები ორჯერ უფრო მეტია გოგონებთან, ბიჭები ოთხჯერ უფრო ხშირად იღუპებიან სუიციდით. ამის მიზეზი შეიძლება ისაა, რომ ბიჭები უფრო ლეტალურ გზებს მიმართავენ სუიციდისთვის (სიმაღლიდან გადმოხტომა, ცეცხლსასროლი იარაღები, ჩამოხრჩობა და ა.შ.). მოზარდები, რომლებსაც აქვთ შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ბიპოლარული აშილობა, ინსომნია და სხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ასევე, ის მოზარდები, რომლებიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიან ცხოვრებაში (მშობლების განქორწინება, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, რომელიმე მშობლის სხლიდან წასვლა, ფინანსური ცვლილებები) და მოზარდები, რომლებიც ბულინგის მსხვერპლნი არიან. ფაქტორები, რომლებიც ზრდიან სუიციდის რისკს შემდეგია: ფსიქოლოგიური დარღვევები; ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება; დისტრესის, გაღიზიანებადობისა და აგიტაციის შეგრძნება; უიმედობისა და გამოუსადეგრობის განცდა, რომლებიც ხშირად დეპრესიასთან ერთად ვლინდება; სუიციდის ადრეული მცდელობა; სუიციდის ან დეპრესიის ოჯახური ისტორია; ემოციური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა; მხარდაჭერის სიმცირე; ურთიერთობების ნაკლებობა მშობლებთან ან თანატოლებთან; სოციალური იზოლაციის განცდა; ჰომოსექსუალიზმთან ან ბისექსუალიზმთან გამკლავება არამხარდამჭერ ოჯახში ან გარემოში; მოზარდები, რომლებიც ფიქრობენ სუიციდზე, შეიძლება ლაპარაკობდნენ ამაზე, იძლეოდნენ მინიშნებებს, რომ ისინი მალე აღარ იქნებიან, ლაპარაკობდნენ უიმედობაზე, ჩამოშორდნენ მეგობრებსა და ოჯახს, დაწერონ სიმღერები, პოემები ან წერილები სიკვდილზე, განშორებაზე და დანაკარგზე, დაკარგონ საყვარელ აქტივობებში ინტერესი, ჰქონდეთ ფიქრისა და კონცენტრაციის პრობლემები, შეიცვალონ ჭამისა და ძილის ჩვევები, განახორციელონ რისკის შემცველი ქმედებები, დაკარგონ ინტერესი სკოლაში ან სპორტში და სხვა. ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს, რომლებიც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ? მოზარდთა სუიციდი შეიძლება შემცირდეს შესაბამისი განათლებისა და მოქმედებების შემდეგ. მშობლებისთვის და თანატოლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, გააცნობიერონ ყველა ის საფრთხის შემცველი ქცევა, რომელსაც მოზარდი ახორციელებს. მოზარდები, რომლებსაც აქვთ სუიციდური ფიქრები, იძლევიან არაპირდაპირ მინიშნებებს, რომელთა ამოცნობა და შემდეგ მათი დახმარება შეგვიძლია. ზოგიერთი მოზრდილი ფიქრობს, რომ მოზარდები, რომლებიც ამბობენ, რომ თავს მოიკლავენ, ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა მაშინ, როცა ისინი ყურადღებას ითხოვენ. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სუიციდის რისკი. მშობლებს შეუძლიათ, რომ თვალი მიადევნონ თავიანთ შვილებს და მათ ქმედებებს. დეპრესიის გაგება და აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი სხვადასხვანაირადაა გამოხატული მოზარდებში. დეპრესია შეიძლება გამოიხატოს მეგობრებთან ჩხუბით, ქულების დავარნით, ძილით, ან გამაღიზიანებლად მოქცევით. დეპრესია აუცილებლად არ ნიშნავს ქრონიკულ მოწყენილობას და ტირილს. ამ შემთხვევაში, გასაღებია კომუნიკაცია: მშობლებმა უნდა შეუქმნან შვილებს გარემო, რომელშიც ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და დაიწყებენ მათი პრობლემების გაზიარებას, საპასუხოდ კი მხარდაჭერასა და სიყვარულს მიიღებენ მშობლებისგან. მოზარდებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ პრობლემებს სერიოზულად აღიქვამენ. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ჰკითხონ მოზარდ შვილებს, როგორ გრძნობენ თავს. იმ შემთხვევაში, თუ შვილს არ სურს მშობელთან ლაპარაკი, საქმეში ჩავრთოთ ნეიტრალური პიროვნება, მაგალითად, ნათესავი, სკოლის მასწავლებელი, ექიმი და ა.შ. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუიციდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მოზარდთა ასაკობრივ კატეგორიაში. მოზარდობის პერიოდი ხასიათდება მრავალი ცვლილებით. მოზარდებს უწევთ, რომ ადაპტირდნენ იმ გარემოში, რომელსაც ისინი ბავშვობიდან მოზრდილობისკენ მიჰყავს. მათი საცხოვრებელი გარემო კომპლექსურია, ისინი შეიძლება განიცდიდნენ მრავალი სახის დისტრესს, არაკომფორტულობას, ჰქონდეთ იდენტობის პრობლემები, პუბერტატით გამოწვეული პრობლემები და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავებას, გაუჩნდებათ უიმედობის განცდა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ისინი სცდიან თვითმკლელობას. მნიშვნელოვანია, რომ გავუგოთ მოზარდებს, სერიოზულად აღვიქვათ მათი პრობლემები და მივაქციოთ მათ საჭირობებს სათანადო ყურადღება. 83 2-ს მოსწონს
|