სხვა ცეკვა, როგორც ადამიანთა სულის მოძრაობის გამომსახველი ხელოვნება 2020, 30 ივნისი, 18:18 ცეკვას შეიძლება რიტმული პოემა ეწოდოს, რომელიც მაყურებელს წარმოუდგენს პლასტიკური სილამაზის ცოცხალ სურათს, ფორმისა და მოძრაობის სრულყოფილებით. ეს ხელოვნება პოეზიით არის გამსჭვალული, მდიდარია სახეებით, რომლებსაც მუსიკის მსგავსად, ილუზიისა და ოცნების სამყაროში გადავყავართ. სიტყვა „ცეკვა“ ჩვენს ცნობიერებაში რაღაც გრაციოზულის, ნაზის და ჰაეროვანის წარმოდგენას იწვევს. აღსანიშნავია რომ ტერმინს „ცეკვა“ თავდაპირველად კერძო მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ადრინდელი როკვის სახეა. სულხან-საბა ორბელიანი ცეკვას ფეხის თითებზე როკვას უწოდებს. „ცეკვის“, როგორც ტერმინის ზოგად სახელწოდებად გადაქცევა უფრო მოგვიანებით მოხდა. საინტერესოა ცეკვის წარმოშობის ისტორია. აღსანიშნავია, რომ ცეკვა, როგორც სანახაობითი ხელოვნების საწყისი ფორმა, უძველესი ხელოვნებაა, რომელიც წარმოიშვა ნადირობასთან კავშირში. ცეკვა სხეულის ფიზიკური მოქმედებაა სულის კარნახით, რომელშიც აისახება ადამიანთა ცხოვრება, მათი შრომა, აზროვნება, განწყობილება და გრძნობა. ცეკვაში ადამიანი თავის ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს პლასტიკური მოძრაობით. ცეკვა წარმოშვა რიტმზე დაქვემდებარებულმა მოძრაობამ. ცეკვა არის რიტმულ მოძრაობათა კომპლექსი, რომელის საშუალებითაც ადამიანი გადმოგვცემს თავის შინაგან განცდებს და გრძნობებს. ამრიგად, ცეკვის ენა რიტმულ-პლასტიკურია. რაც შეეხება ქორეოგრაფიას. ტერმინი „ქორეოგრაფია“ წარმოშობით ბერძნულია და ნიშნავს ქორეო-ცეკვას, ცეკვას ფერხულში, გრაფია კი აღწერას, ჩაწერას. აქედან გამომდინარე, ქორეოგრაფია თავდაპირველად ნიშნავდა ცეკვის ჩაწერას გრაფიკული პირობითი ნიშნების საშუალებით. შემდეგში ამ ტერმინმა ცეკვის სახელწოდების ზოგადი მნიშვნელობა მიიღო და დღეისათვის საბალეტო სპექტაკლის დადგმის ხელოვნებას (ცეკვის დადგმასა და შესრულებას) ქორეოგრაფიას უწოდებენ. დღესდღეობით ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ვხვდებით ცეკვის შემდეგ სახეებს:
1. ხალხურ ცეკვას მიეკუთვნება ხალხის მიერ შექმნილი და შესრულებული ცეკვები დღესასწაულებზე. ეს არის იმპროვიზაციული ცეკვა, რომელსაც არ გააჩნია დამდგმელი ქორეოგრაფი. 2. სასცენო ხალხური ცეკვები შექმნილია ხალხური ცეკვების საფუძველზე, სპეციალურად არის დამუშავებული, სცენაზე გადატანილი და ითვალისწინებს მაყურებელს. იგი მოითხოვს ცეკვის შინაარსის გამოკვეთას, საცეკვაო ტექნოლოგიის დახვეწა-დამუშავებას, შესრულების მაღალ ოსტატობას. 3. თეატრალური ცეკვების სახეობას მიეკუთვნება საესტრადო ცეკვები, შესრულებული ესტრადაზე საკონცერტო ნომრების სახით და ბალეტი-ქორეოგრაფიული ხელოვნების ყველაზე უფრო დიდი ფორმა. 4. სამეჯლისო ცეკვას საფუძველი ეყრება შუა საუკუნეების ევროპაში მაღალი წოდების წარმომადგენელთა სალონებში. სამეჯლისო ცეკვებს შორის ყველაზე ადრინდელ ცეკვად მოიხსენიებენ ისტორიულ-ყოფით ცეკვებს, როგორიცაა: პოლონეზი, მაზურკა, პოლკა და სხვა. ბოლო ხანებში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ თანამედროვე სამეჯლისო ცეკვები: „სამბა“, „ჩაჩაჩა“, „რუმბა“, „ფოქსტროტი“, „ტანგო“, „ვალსი“ და სხვა. რაც შეეხება მუსიკას, მუსიკა ცეკვის განუყოფელი ნაწილია. მუსიკა ცეკვაში ხშირად გვევლინება, როგორც წყარო, რომელიც კვებავს ცეკვის განწყობილებას და ხასიათს. რაც მთავარია, გამოკვეთავს ცეკვის შინაარსს. დაბოლოს, ქორეოგრაფიული ხელოვნების სფეროში შემავალი ელემენტები მეტად მრავალფეროვანია. თავის პლასტიკური ფორმებით იგი იტევს სკულპტურასა და ფერწერას. ცეკვა ახლოსაა დრამატულ მოქმედებასთან. გარდა ამისა, იგი უწყვეტ კავშირშია რიტმთან. მიუხედავად ამისა, ცეკვას აქვს საკუთარი სპეციფიკა, მისი „ენა“ არაგამომსახველობითი ბუნებისაა და ამიტომ ცეკვა არქიტექტურისა და მუსიკის მსგავსად უარს ამბობს კონკრეტული საგნის, მოვლენის გამოსახვაზე და ადამიანთა სულის მოძრაობის გამომსახველია. ავტორი: სოფიო მოდებაძე
137 შეფასება არ არის
|