სხვა ცეკვა „ქართული“ -სიყვარულის აპოთეოზი 2017, 30 ნოემბერი, 20:37 ქართულ ცეკვას შეიძლება რიტმული პოემა ეწოდოს, რომელიც მაყურებელს წარმოუდგენს პლასტიკური სილამაზის ცოცხალ სურათს, ფორმისა და მოძრაობის მთელი სრულყოფილებით. ეს ხელოვნება პოეზიით არის გამსჭვალული, მდიდარია სახეებით, რომლებსაც მუსიკის მსგავსად ილუზიისა და ოცნების სამყაროში გადავყავართ. თვით სიტყვა „ცეკვა“ ჩვენს ცნობიერებაში რაღაც გრაციოზულის, ნაზის და ჰაეროვანის წარმოდგენას იწვევს. მაგალითად, ცეკვა „ქართულში“ ქალის ცეკვა ნარნარია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის გედივით ცურავს, მოცეკვავე ქალის პლასტიკური მოძრაობის შესანიშნავი სურათი პოეტური გზნებით დახატა სახელგანთქმული მოცეკვავის დარია ბექთაბეგაშვილის შესრულებით მოხიბლულმა გიორგი ერისთავმა: „ერთი შეხედეთ, ვით ყარყატი ყელმოღერებით, მოსცურავს ეგრე, მშვენივრად და ნარნარებით. უყურეთ ფერხთა, თვალს ვერ ასწრებს როგორა ხმარობს, ჰაერთა ზვირთთა თვისის ფრთებით, ვითა განაპობს? ხედავთ მაგ ტანსა, გულ წარმტანსა, ნორჩსა, მრხეველსა; შეჰხედეთ თმათა, ხშირთა, შავთა, -შვენობენ წელსა, მკლავს მე ხელების, ზესთა ფრთების უცხოდ მხარება, აგრე მოჰფრინავს, თითქოს მიწას არ ეკარება“. „ქართულში“ ხელების გამომსახველი მოძრაობა მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ცეკვის ცხოველმყოფობას. გიორგი ერისთავი ამიტომ უმღეროდა ამ ცეკვაში „ხელების, ზესთა ფრთების უცხოდ მხარებას“. აღსანიშნავია, რომ ხალხური ცეკვების გამომსახველობით საშუალებებს საცეკვაო ილეთებთან ერთად მიეკუთვნება: ჟესტი, პოზა, მიმიკა, შესრულების მანერა, ცეკვის კომპოზიციური მონახაზი ანუ შემსრულებელთა განლაგება. ცეკვა ვითარდება და იშლება დრამატურგიის კანონების შესაბამისად. მას გააჩნია: 1. შესავალი (ექსპოზიცია), 2. დასაწყისი (კვანძის შეკვრა), 3. მოქმედების განვითარება, 4. კულმინაცია, 5. დასასრული (კვანძის გახსნა). ცეკვა "ქართული" სიყვარულის აპოთეოზია. ამ ულამაზეს ცეკვაში ქალისა და ვაჟის წრეში შესვლა და წრიდან გამოსვლა გამოხატავს მიჯნურთა ტრფიალს, -მათს გულნატკენობას, მცირეზე გულდაწყვეტას, ერთიმეორისაგან პირქუშად განშორებას და შემდეგ, ჩაუქრობელი სიყვარულის ძალით ერთიმეორისაკენ მისწრაფებას, შერიგებას. „ქართული“ გამოირჩევა ცეკვაში ვაჟის ქალისადმი თავაზიანი და მოკრძალებული მოპყრობით. ამ წარმტაც ცეკვაში ვაჟი ფარვანასავით გარს უვლის, თავს დასტრიალებს თავის სატრფოს, ვერ მიჰკარებია და ვერც დაშორებია. ქალი ცეკვავს კეთილშობილების, პატიოსნებისა და უმანკოების გრძნობით, კდემამოსილი და მოკრძალებული გამომეტყველებით. ამრიგად, ქართული ცეკვა, რომელშიც ქართველის სული იხატება, მთელი სამყაროა უმდიდრესი, ნატიფი და ულამაზესი. ქართულ ცეკვას შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა ლადო კახაძემ: ცეკვა ქართული ც ცაში დავეძებ სულმნათების უკვდავ ნაკვალებს, ე ერთგულ შვილების ნუ მოშალოს ქვეყნად დიდება, კ კარგი ილეთის დამფასებელს ღმერთი არ დალევს, ვ ვამაყობ, ნიჭი უცილობლად წარმოჩინდება. ა ამობრწყინდება, ვიცი მალე ამობრწყინდება.
ქ ქართველთა გენი, ნაფერები მხოლოდ უფალის, ა ადიდგორება, აზვირთება ისე გვჭირდება, რ რომ ოცნებების გავაგზავნე ცაში უსტარი. თ თერგს ყალყზე დამდგარს, არაგვს მგრგვინავს, ენგურს გულზვიადს, უ უიმედობის არ ატყვიათ, არცა მისხალი, ლ ლამაზ ასულებს ვაჟკაცების გრძნობა უგრძვნიათ, ი იბერთა მოდგმა, რომ გრძელდება ცეკვით მითხარი. 266 1-ს მოსწონს
|