საზოგადოება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური კონფერენციის გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2017, 3 ნოემბერი, 9:32 2017 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინარული კონფერენცია გაიხსნა. აღნიშნული კონფერენცია ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის – აკად. გიორგი კვესიტაძის 75 წლისთავსა და მეცნიერების მსოფლიო დღეს. კონფერენცია გახსნა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერებათა საბჭოს თავმჯდომარემ - გიორგი სიორიძემ, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე და სხვები. როინ მეტრეველმა პირველ რიგში დიდი წარმატებები უსურვა ახალგაზრდა მეცნიერებს და აღნიშნა, რომ დღეს დიდი ვაჟკაცობა, სიმამაცეა ემსახურებოდე მეცნიერებას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კონფერენციის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ შესანიშნავი თემატიკაა წარმოდგენილი, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ დარგებში. ბატონმა როინმა პირობა მისცა კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერებს, რომ მათი შრომა არ დარჩება ყურადღების მიღმა. კერძოდ, საქართველოდ მეცნიერებათა აკადემია ხელს შეუწყობს კვლევის პოპულარიზაციას : "თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლით ხელს შეგიწყობთ, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდოს "მაცნეში". მან იმედი გამოთქვა, რომ მეცნიერებისადმი მოთხოვნილება გაიზრდება და ეს დამოკიდებულია ახალგაზრდა მეცნიერებზე. "თქვენი სახით არის საქართველოს მეცნიერების მომავალი"- როინ მეტრეველმა. კონფერენციის გახსნას ესწრებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე. ბატონმა ელგუჯამ დიდი წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ადამიანის მოთხოვნილებაა იკვლევდეს, მთავარი კი ენთუზიაზმი და სიყვარულია მეცნიერებისადმი. შესავალი სიტყვის ბოლოს ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ნიჭიერებას და დამსახურებას მსოფლიო მეცნიერების. და ბოლოს, ბატონმა ელგუჯამ, ისევე როგორც როინმა მეტრეველმა, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მეცნიერების განსაკუთრებულ როლზე მეცნიერების განვითარებაში: "მთავარი ძალა კი ახალგაზრდობაშია"- ელგუჯა ხინთიბიძე. კონფერენცია გაგრძელდება 3 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. სტატიის ავტორი: სოფიო მოდებაძე 23 1-ს მოსწონს
|