სხვა წერა, როგორც გამამხნევებელი სამუშაო გოეთეს შემოქმედებაში 2017, 27 ნოემბერი, 11:58 1774 წლის თებერვალში გოეთე იწყებს „ვერთერის“ წერას ყოველგვარი შემუშავებული კონცეფციისა და გეგმის გარეშე. იგი წერს ერთ ამოსუნთქვაზე, როგორც ჩანს, მის გონებაში ყველაფერი ზუსტად არის დაწყობილი და გააზრებული. სამი თვის შემდეგ „ვერთერი“ მზად არის. გოეთეს ცხოვრებაში ეს ის პერიოდია, რომლის შესახებაც „პოეზიასა და სინამდვილეში“ ვკითხულობთ: „ჩემი შემოქმედებითი ღწვის ხალისი უსაზღვრო იყო“. გოეთე მოცულია თემებით, მოტივებით. ისინი თითქოს ეხვევიან მას. იგი მუშაობს დიდ გეგმებზე, პარალელურად მუშაობს დრამებზე მუჰამედის, პრომეთესა და ფაუსტის შესახებ. მაგრამ გოთეს მაინც არ ასვენებს ის გრძნობა, რომ მისი ნაწარმოებები ჯერ კიდევ არასაკმარისად ახლოს დგანან ცხოვრებასთან, რომ ისინი ჯერ არ შეიძლება მივიჩნიოთ ცხოვრების უშუალო ნაყოფად. ამის შესახებ გოეთე წერს 1773 წლის დასასრულს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე იგი „ვერთერის“ წერას დაიწყებდეს, იმ ნაწარმოებისა, რომლის შესახებაც იგი „პოეზიასა და სინამდვილეში“ წერს, რომ მან ამ რომანში მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები გაიმეორა და პირველად გამოიყენა საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება პოეტური და მწერლური განზრახვით. ცნობილია, რომ გოეთეს გარკვეული ხანი თვითმკვლელობის ახირებული იდეა აწუხებდა და რომ მას საწოლის თავთან კარგად გალესილი ხანჯალი ედო. დროთა განმავლობაში გოეთე შეეშვა ამ ჰიპოქონდრიულ ახირებებს და გადაწყვიტა ეცოცხლა. მოწიფული გოეთე იხსენებს, რომ მან თავი დაანება თვითმკვლელობაზე ფიქრს ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე რომანის წერას დაიწყებდეს თვითმკვლელობის შესახებ. ამდენად კრიზისი გადაულახავს. მაშ რაღატომ დასჭირდა კიდევ ამაზე წერა? პასუხი: იმისათვის, რომ არა მხოლოდ გაეგრძელებინა ცხოვრება, არამედ მხნედ და სისხლსავსედ ეცხოვრა. Taedium vitae -მ (სიცოცხლის ზიზღი, გულმოყირჭება) შემიპყროო, - წერს გოთე კარლ ფრიდრიხ ცელტერს. გოეთეს რეტროსპექტული შეფასებით Taedium vitae წარმოდგენილია პროზაულად, თითქმის კლინიკურად. ავადმყოფობის შემთხვევაში დეფექტი სამყაროში კი არა სუბიექტშია. სიცოცხლით გულმოყირჭება არაფერს გვეუბნება სიცოცხლის ღირებულების შესახებ, ის გვამცნობს მხოლოდ დისონანსზე ავადმყოფში, განმცდელში, რომელიც როგორც ჩანს ვერ პოულობს შესაბამის მიდგომას სიცოცხლესთან. „პოეზიასა და სინამდვილეში“ გოეთე წერს, რომ სიცოცხლით დატკბობა, სიამოვნება ეფუძნება მყარ და ჩვეულ წრე-ბრუნვას გარე საგნებისა, დღე-ღამის მონაცვლეობას, წელიწადის დროების მონაცვლეობას, საქმიანობის მონაცვლეობას და ადამიანთა მონაცვლეობას, შემუშავებული და შეჩვეულ ქცევის ფორმებსა და რუტინას. სწორედ ეს ხდის შესაძლებელს სამყაროს მოწესრიგებულობას. მაგრამ შესაძლებელია, რომ სწორედ ამგვარი ერთი და იგივეს წრე-ბრუნვა იქცეს ტანჯვად. თვით სიყვარულიც კი, რომელიც თავდაპირველად, როგორც რაღაც უნიკალური, გაუთვალისწინებელი გვევლინება, შემდგომ რეგულარულ წრე-ბრუნვად იქცევა. სიყვარული, რომელიც დასაწყისში ყველაფერს განაახლებს, მთავრდება, როგორც საყვარელი ჩვევა. ვისაც სიყვარული მობეზრდება, ის უარს ამბობს სიცოცხლის შემოთავაზებაზე და თავის თავში დარდით კვდება. მას ყველაფერი უჭირს. ამიტომ ადამიანი უნდა გამოვიდეს საკუთარი თავიდან, რათა ფეხი მოიკიდოს სიცოცხლეში, ისეთში, როგორიც ის არის: შეაბამისად, Taedium vitae-ს წინააღმდეგ გვშველის მხოლოდ ცალსახა გახსნილობა გარე სიცოცხლის მიმართ. როგორ უნდა გაეხსნას ადამიანს სიცოცხლე? ამაზე „პოეზიასა და სინამდვილეში“ გოეთეს ორი პასუხი აქვს: ინდივიდუუმი უნდა გამოვიდეს საკუთარი თავიდან და იმოქმედოს, როგორც ამას სამყაროს წესრიგი მოითხოვს, ყოველდღიურობის მოვალეობა უნდა შეასრულოს; თუ საკუთარი თავის მიმართ ინდივიდუუმს გადაჭარბებული მოთხოვნები გააჩნია, ამით იგი მხოლოდ განუწყვეტლივ მარცხს განიცდის და თავის თავს აკლებს სიცოცხლით ტკბობის შესაძლებლობას. „თუ გინდა შენი ღირებულებით გაიხარო, მაშინ სამყაროს ღირებულება უნდა შესძინო“. ეს იყო გოეთეს ძირითადი დებულება, რომელიც მან 1814 წელს ახალგაზრდა არტურ შოპენჰაუერს პირად ალბომში ჩაუწერა. (ეს დებულება შოპენჰაუერისთვისაც ძალზე საჭირო იყო). 35 1-ს მოსწონს
|