x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
მოტივაციის როლი წარმატებასა და მარცხზე

image

ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს მოტივაცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქცევას და სურვილებს. მისი დიდი გავლენა ყველას შეგვიმჩნევია და სურვილი გაგვჩენია გვქონოდა მისი გაკონტროლების შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე დიდ როლს თამაშობს წარმატებაზე, რომელიც ყველა ადამიანისთვის სასურველია. სწორედ ამიტომ საჭიროა ვიცოდით მისი განმარტება და ის საშუალებები, რომლითაც შევძლებთ მის შეცვლასა და გაკონტროლებას.
მოტივაცია ქცევის წინამორბედი ფსიქიკური მზაობის მდგომარეობაა, რომელიც აერთიანებს ისეთ პროცესებს, როგორებიცაა აზროვნება, ქცევა და ემოცია. ზოგიერთ მოტივაციის ფორმას უფრო მარტივი სახე აქვს, მაგალითად თუ გვშია, შევჭამთ, თუ გვწყურია, დავლევთ თუმცა ასეთი მაგალითისგან სრულიად განსხვავდება ის მოტივაცია, რომელსაც პიროვნული მიღწევის სურვილი იწვევს.
ალბათ ყველას გაგვჩენია კითხვა თუ რატომ ხდება რომ ზოგიერთი ადამიანი წარმატებას აღწევს, დანარჩენები კი წარუმატებლობისგან იტანჯებიან. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თავდაპირველად დაგვჭირდება გავიგოთ, თუ რა არის საერთოდ მიღწევის მოთხოვნილება, რომელიც გავლენას ახდენს როგორც წარმატების მიღწევაზე, ასევე მიღწეულის შეფასებაზე.
მიღწევის მოთხოვნილება შეიძლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნილებად ჩავთვალოთ, რომელიც ქმნის მოტივაციის საფუძველს, რაც აზრებსა და ქცევაში გამოიხატება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი გაზომვა შესაძლებელია ტესტებით, რომლის შესრულებაშიც მხოლოდ ფანტაზია დაგვჭირდება. ამ ტესტებს თემატური აპერცეპციის ტესტი ეწოდება და მის შესასრულებლად გარკვეული თანმიმდევრობით მოცემული ფოტოების მიხედვით მოთხრობა უნდა მოვიფიქროთ. სწორედ ჩვენი ნაამბობი გვიჩვენებს თუ რამდენად მაღალი მიღწევის მოტივაცია გვაქვს.
მკვლევრები დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ წარმოიქმნება მიღწევის მაღალი მოთხოვნილება და აღმოაჩინეს რომ ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება, და მასზე გავლენას ახდებს აღზრდის სტილი.
თუმცა, პიროვნულ წარმატებაზე გავლენას მხოლოდ მიღწევის მოთხოვნილება არ ახდენს. მოტივაციაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ატრიბუცია- ანუ მსჯელობა წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე.
ყველას გვქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც წარუმატებლობის მიუხედავად მაინც გაგვიგრძელებია იგივე საქმე მეტი მონდომებით. საინტერესოა, როგორ ახსნიდა ატრიბუციის კომპონენტები ამას. მისი მიხედვით, შედეგებზე მსჯელობისას ჩვენ ვითვალისწინებთ სამ კომპონენტს: შინაგანია თუ გარეგანი, ზოგადი თუ კონკრეტული და ცვალებადია თუ უცვლელი. სწორედ მათი დახმარებით შეგვიძლია გავცეთ პასუხი მრავალ ჩვენთვის ამოუცნობ მოვლენას მოტივაციის დაკარგვასთან ან შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
იმას თუ როგორ ინტერპრეტაციას მოვუძებნით მიღებულ შედეგს, იმოქმედებს ემოციაზე, შემდეგ კი მოტივაციაზე, წარმატებისა თუ მარცხის რეალური შედეგებისგან დამოუკიდებლად. თუ გამოცდაზე მიღებულ დაბალ შედეგს შესაძლებლობას დავაბრალებთ (შინაგანი-უცვლელი), მაშინ მოტივაცია უფრო ნაკლები გვექნება შემდეგი გამოცდისთვის იმ შემთხვევისგან განსხვავებით, თუ მას ჩვენს ძალისხმევას დავაბრალებდით (ცვალებადი-შინაგანი). თუ ჩავთვლით რომ ტესტი იყო რთული, მაშინ გვექნება უცვლელი-გარეგანი, ხოლო თუ ვიტყვით რომ მხოლოდ არ გაგვიმართლა, მაშინ ეს იქნება ცვალებადი-გარეგანი.

თუ როგორ გავლენას ახდენს ატრიბუციის სტილი ადამიანის აქტიურობაზე, რისკიანობაზე და მიზანმიმართულობაზე მარტინ სელიგმანმა შეისწავლა. მისი აღმოჩენა იმითაა საინტერესო, რომ ორი სტილი გამოყო: პესიმისტური და ოპტიმისტური. პესიმისტური სტილის თანახმად წარმატების ასახსნელად ვიყენებთ გარეგან-კონკრეტულ-ცვალებად ატრიბუციის სახეს, მარცხის დროს კი შინაგანი-გლობალური-უცვლელს. ოპტიმისტურის დროს კი წარმატებისას შინაგანი-გლობალური-უცვლელს და მარცხის დროს: გარეგანი-კონკრეტული-ცვალებადს.

სწორედ აქედან ჩანს, თუ როგორ შეგვიძლია ერთი შედეგის მრავალმხრივ დანახვა და გააზრება. იქნება და ჩვენს მარცხს ჩვენვე ვანიჭებთ მცდარ ატრიბუციას. იქნებ, სწორედ შედეგების სხვანაირი თვალით დანახვა დაგვეხმაროს მოტივაციის მომატებაში?

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი ლორთქიფანიძე
ქეთი ლორთქიფანიძე
92