x
რა არის მოიამოიას დაავადება და არსებობს თუ არა მისი მკურნალობის გზები?

image

მოიამოია არის დაავადება, გამოწვეული თავის ტვინის ბაზალური არტერიების ბლოკირებით.არტერიების შევიწროვება იწვევს იშემიის განვითარებას.არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც შეაჩერებს ან შეამცირებს დაავადების პროგრესირებას, მკურნალობა მიმართულია ინსულტის განვითარების რისკის შემცირებისა და თავის ტვინში ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენისაკენ.
იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა არის მოიამოიას დაავადება, საჭიროა ვიცოდეთ სისხლის ცირკულაცია თავის ტვინსა და კისრის მიდამოში.საძილე არტერია არის ყველაზე დიდი არტერია, რომლის პულსაცია შეიგრძნობა კისრის ორივე, მარჯვენა და მარცხენა მხარეს.საერთო საძილე არტერია ხორხის დონეზე იყოფა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიებად, აქედან გარეთა საძილე არტერია სისხლით ამარაგებს სახესა და სკალპს, ხოლო შიგნითა საძილე არტერია ამარაგებს თავის ტვინის ფრონტალურ და გვერდით ნაწილებს.
სისხლი თავის ტვინამდე მიდის ორი წყვილი არტერიით : შიგნითა საძილე და ვერტებრალური არტერიებით.როგორც აღვნიშნეთ, შიგნითა საძილე არტერია ამარაგებს ტვინის ფრონტალურ, ანუ წინა ნაწილს, რაც შეეხება ვერტებრალურ არტერიას ის უზრუნველყოფს სისხლის მიწოდებას თავის ტვინის უკანა მიდამოში.მას შემდეგ, რაც მარჯვენა და მარცხენა ვერტებრალური არტერიები გაივლის თავის ქალას, ისინი ერთიანდებიან და ქმნიან ბაზილარულ არტერიას, ეს უკანასკნელი კი შიგნითა საძილე არტერიასთან ერთად ქმნის ვილიზიის წრეს.
მოიამოია არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს შიგნითა საძილე არტერიის შევიწროვება, სწორედ იქ სადაც ის გამოეყოფა წინა და შუა ვერტებრალურ არტერიას.სისხლძარღვების კედელი სქელდება, რაც იწვევს არტერიის დიამეტრის შემცირებას და შედეგად ვითარდება სისხლძაღრვების სრული ბლოკადა და ინსულტი.
მდგომარეობის კომპენსირებისთვის, ტვინს ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიეწოდება კოლატერალური სისხლძარღვების მეშვეობით, ეს სისხლძარღვები არის მცირე ზომის და ადვილად მტვრევადი, რის გამოც ხშირად ხდება სისხლის გაჟონვა და ჰემორაგიის ჩამოყალიბება.
image
ჩვეულებრივ, მოიამოია ტვინის ორივე ჰემისფეროს მოიცავს და ხშირად ახლავს ანევრიზმა.
დაავადების განვითარებაში გამოიყოფა რამდენიმე სტადია :
I-შიგნითა საძილე არტერიების შევიწროვება
II-მოიამოიას სისხლძარღვების განვითარება თავის ტვინის ფუძეზე
III-მოიამოიას სისხლძარღვების წარმოქმნის გაძლიერება და შიგნითა საძილე არტერიის მომატებული შევიწროვება
IV-მოიამოას სისხლძარღვების შემცირება და კოლატერალური სისხლძარღვების რაოდენობის მატება
V-მოიამოას სისხლძარღვების შემცირება და შიგნითა საძილე არტერიის გამოხატული შევიწროვება
VI-აღინიშნება მოამოას სისხლძარღვების სრული გაქრობა, შიგნითა საძილე არტერიის ბლოკადა და გამოხატული კოლატერალური სისხლძარღვების არსებობა
image

დაავადების სიმპტომები კლინიკურად ვლინდება პირველი იშემიური, ჰემორაგიული ან მიკრო ინსლუტის დროს.იშემიური ინსულტი ვითარდება სისხლძარღვების დაცობის, ჰემორაგიული კი მათი გაგლეჯისა და სისხლჩაქცევის შემთხვევაში.თუმცა, ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია სისუსტე და მგრძნობელობის დაკარგვა კიდურებში, მეტყველების გართულება ან პარალიზი სხეულის როგორც ცალ, ასევე ორივე მხარეს.სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება გულყრა და კოგნიტური უნარების დარღვევა.ჰემორაგიული ინსულტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი.
მოიამოიას გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არ გამოირიცხება დაავადების მემკვიდრული ხასიათი, განსაკუთებით იაპონელებში.რამდენიმე დაავადება დაკავშირებულია მოიამოიასთვის დამახასიათებელ მსგავს ცვლილებებთან, ესენია ნეიროფიბრომატოზის I ტიპი და დაუნის სინდრომი, ასევე მსგავსი ცვლილებები აღინიშნება იმ პირებშიც, ვისაც ჩაუტარდათ თავისა და კისრის მიდამოს რადიოთერაპია.
დაავადება ფართოდ არის გავრცელებული იაპონიაში, თუმცა აღმოჩენილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.ვლინდება ნებისმიერ ასაკში, უფრო ხშირად კი 5-15 და 30-40 წლის პირებში.
დიაგნოზის დასასმელად გამოიყენებენ MRI, CT, CTA (Computed Tomography Angiography) და ანგიოგრამას.
არ არსებობს შევიწროვებული სისხლძარღვების საწინააღმდეგო მედიკამენტი.ასპირინმა შესაძლოა შეამციროს ინსლუტის განვითარების რისკი, თუმცაღა მხოლოდ ასპირინი არ არის საკმარისი მოიამოიას სამკურნალოდ.მეტად ეფექტურია ქირურგიული ჩარევა, რომელიც უზრუნველყოფს რევასკულარიზაციას თავის ტვინის დაზიანებულ უბნებში და იყოფა ორ ჯგუფად : პირდაპირი და არაპირდაპირი.
რევასკულარიზაციას პირდაპირ მეთოდს მიეკუთვნება ცერებრალური შუნტირების პროცედურა, რა დროსაც ხდება ტვინის გარეთ მდებარე სისხლძარღვის დაკავშირება შიგნით არსებულთან, რათა აღდგეს ნორმალური სისხლის მიმოქცევა შევიწროვებულ ან დაზიანებულ არტერიასთან.ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის STA-MCA (superficial temporal artery - middle cerebral artery) - საფეთქლის ზედაპირული არტერიის დაკავშირება შუა ცერებრალურ არტერიასთან.იმ შემთხვევაში თუ საფეთქლის ზედაპირული არტერია არ არის საკმარისად დიდი შუნტირებისთვის, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნას სხვა არტერია.
EDAS (encephalo-duro-arterio-synangiosis)- მიეკუთვნება არაპირდაპირ მეთოდს, საფეთქლის ზედაპირული არტერიის ქვეშ, ქალას ზედაპირზე ტარდება ძვლის ტრეპანაცია, არტერია თავსება ტვინის ზედაპირზე და შემდეგ ხდება ამოკვეთილი ძვლის უკან დაბრუნება.დროთა განმავლობაში, ანგიოგენეზის შედეგად თავის ტვინში ფორმირდება წვრილი სისხლძარღვები.
EMS (encephalo-myo-synangiosis)- ასევე მიეკუთვნება არაპირდაპირ მეთოდს, პროცედურის ეტაპები EDAS-ის მსგავსია, თუმცა საფეთქლის ზედაპირული არტერიის ნაცვლად ტვინის ზედაპირზე თავსდება საფეთქლის კუნთი, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ყალიბდება ახალი სისხლძარღვები.
EDAMS (encephalo-duro-arterio-myo-synangiosis)- არაპირდაპირი მეთოდი, წარმოადგენს EDAS-ისა და EMS-ის ტექნიკის კომბინირებულ ვარიანტს.
ბადექონის ტრანსპოზიცია- არაპირდაპირი მეთოდია, ხდება ბადექონის განთავსება ტვინის ზედაპირზე, რევასკულარიზაციის მიზნით.

პაციენტის საერთო მდგომარეობის პროგნოზი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის რამდენად სწრაფად ვითარდება სისხლძარღვების შევიწროვება და დახშობა, რამდენად ეფექტურია კოლატერალური ცირკულაცია, ასაკი, რა დროსაც გამოვლინდა პირველი სიმპტომები და ნევროლოგიური მდგომარეობა.

0
237
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0